რა არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX)?
მთავარი
სტატიები
რა არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX)?

რა არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX)?

გამოქვეყნებული Sep 28, 2020განახლებული Oct 25, 2024
10m

მთავარი დეტალები

  • დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას განახორციელონ ვაჭრობა პირდაპირ მათი საფულეების მეშვეობით და შეინარჩუნონ სრული კონტროლი საკუთარ აქტივებზე.

  • AMM-ები, მაგალითად Uniswap, ტრადიციული შეკვეთების წიგნების ნაცვლად იყენებენ ლიკვიდურობის პულებს. ამ სისტემის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ვაჭრობების მომენტალურად განხორციელება, თანმხვედრი ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთების მოძიების საჭიროების გარეშე, რაც დეცენტრალიზებულ ვაჭრობას უფრო ეფექტურს და ხელმისაწვდომს ხდის.

  • დეცენტრალიზებული ბირჟების მუშაობის პრინციპის შესწავლა შესაძლოა შედარებით რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ახალბედა მომხმარებლებისთვის. თქვენ გევალებათ თქვენი საფულის მართვა, თქვენი seed ფრაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გაზის საკომისიოების და ბლოკჩეინების მუშაობის პრინციპის შესწავლა.

შესავალი

Bitcoin-ის განვითარების საწყისი ეტაპიდანვე, ბირჟები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კრიპტოვალუტების მყიდველების და გამყიდველების ერთმანეთთან დაკავშირებაში. ამ ფორუმების გარეშე, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მომხმარებელთა გლობალური ბაზა, შეუძლებელი იქნებოდა ლიკვიდურობის მაღალი დონის უზრუნველყოფა და აქტივების ფასებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.

როგორც წესი, ამ სივრცეში დომინირებენ ცენტრალიზებული სუბიექტები. თუმცა, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით იქმნება და ინერგება უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი დეცენტრალიზებული ვაჭრობებისთვის.

ამ სტატიაში განვიხილავთ დეცენტრალიზებულ ბირჟებს (DEX-ებს), სავაჭრო სივრცეებს, სადაც არ არსებობს პროცესებში შუამავლის ჩართვის აუცილებლობა.

რა არის DEX?

დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) გახლავთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტებით პირდაპირი ვაჭრობების განხორციელება, პროცესებში შუამავლის ჩართვის საჭიროების გარეშე. თეორიულად, აქტივების ნებისმიერი peer-to-peer სვოპი შესაძლოა ჩაითვალოს დეცენტრალიზებულ ვაჭრობად. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ძირითად ყურადღებას დავუთმობთ პლატფორმას, რომელსაც აქვს ცენტრალიზებული ბირჟების ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები.

ცენტრალიზებული ბირჟებისგან განსხვავებით, DEX მომხმარებლებს აძლევს საკუთარი აქტივების სრული კონტროლის საშუალებას. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სმარტ კონტრაქტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ვაჭრობების ავტომატურად განხორციელება კონკრეტული პირობების საფუძველზე.

ცენტრალიზებული ბირჟის სერვისებით სარგებლობისას თქვენი კრიპტოვალუტების დამუშავებას კონკრეტულ კომპანიას მიანდობთ, როგორც ეს საბანკო სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში ხდება. DEX-ების შემთხვევაში, თქვენი აქტივები თავად უნდა აკონტროლოთ. ნაცვლად ამისა, თქვენ აწარმოებთ პირდაპირ პროცესებს სხვა ტრეიდერებთან, ბლოკჩეინის ქსელის მეშვეობით.

CEX და DEX

როგორ მუშაობს ცენტრალიზებული ბირჟა (CEX)

სტანდარტულ ცენტრალიზებულ ბირჟაზე თქვენ შეგაქვთ თანხა – ფიატ ვალუტის (საბანკო გადარიცხვა ან საკრედიტო/სადებეტო ბარათი) ან კრიპტოვალუტის სახით. კრიპტოვალუტების შეტანის შემდეგ თქვენ აღარ გაქვთ მათი კონტროლის შესაძლებლობა. თუმცა ეს არ გულისხმობს ამ ერთეულებით სარგებლობის შეზღუდვას, რადგან მათი მეშვეობით ვაჭრობა თქვენ კვლავ შეგეძლებათ, საუბარია უფრო მეტად ტექნიკურ ასპექტებზე. თქვენი თანხების სხვა სივრცეში გამოყენებისთვის საჭირო იქნება მათი გატანა.

თქვენ არ ფლობთ ამ თანხების განკარგვისთვის საჭირო პირად გასაღებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გასატანად თქვენ უნდა გააგზავნოთ მოთხოვნა ბირჟაზე, რომ მოხდეს ტრანზაქციაზე ხელმოწერა თქვენი სახელით. CEX-ზე ვაჭრობის დროს არ ხდება ტრანზაქციების on-chain განხორციელება. ნაცვლად ამისა, ბირჟა ანაწილებს მომხმარებლების ბალანსებს საკუთარ მონაცემთა ბაზაში.

CEX-ებზე ძირითადი პროცესები მაქსიმალურად გამარტივებულია, რადგან ვაჭრობების განსახორციელებლად არ არის საჭირო ამ ოპერაციების ბლოკჩეინზე დადასტურება და ყველა პროცესი ხორციელდება ერთი სუბიექტის სისტემის ფარგლებში. კრიპტოვალუტების გაყიდვა და ყიდვა უფრო მარტივად არის შესაძლებელი და გარდა ამისა, ხელმისაწვდომია უფრო მეტი პროდუქტი და ინსტრუმენტი.

თუმცა ამ ყველაფრის სანაცვლოდ საჭიროა, რომ თქვენი თანხები სრულად მიანდოთ თქვენ მიერ არჩეულ ბირჟას. შედეგად, თქვენ საკუთარ თავზე იღებთ შემხვედრ მხარესთან ასოცირებულ რისკებს. რა მოხდება, თუ გუნდი თქვენს BTC-ებთან ერთად გადაწყვეტს გაუჩინარებას? რა მოხდება, თუ სისტემაზე განხორციელდება ჰაკერული თავდასხმა და ჰაკერები სრულად მიითვისებენ თანხებს?

ბევრი მომხმარებლისთვის ეს რისკები სრულიად მისაღებია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მომხმარებლები ირჩევენ კარგი ისტორიის და სანდო რეპუტაციის მქონე ბირჟებს, რომელთაც შემუშავებული და მიღებული აქვთ მონაცემთა გაჟონვის და ფინანსური დანაშაულის თავიდან აცილებისთვის საჭირო ყველა ზომა.

როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX)

დეცენტრალიზებული ბირჟების მუშაობის პრინციპი გარკვეული თვალსაზრისით ჰგავს ცენტრალიზებული ბირჟების მუშაობის პრინციპს, თუმცა მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის დეცენტრალიზებული ბირჟა. მათი საერთო მახასიათებელი გახლავთ ის, რომ შეკვეთების განხორციელება ხდება on-chain (სმარტ კონტრაქტების მეშვეობით) და მომხმარებლებს არ უწევთ საკუთარი ფინანსების განკარგვის უფლების სხვა მხარისთვის გადაცემა.

პროცესების ნაწილი კროს-ჩეინ DEX-ებზე განხორციელდა, თუმცა ყველაზე პოპულარული ბირჟები ორიენტირებულნი არიან ცალკეულ ბლოკჩეინზე არსებულ აქტივებზე (მაგალითად Ethereum ან BNB Chain).

On-chain შეკვეთების წიგნები

ზოგიერთ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ყველა პროცესი on-chain ხორციელდება (ჰიბრიდულ მიდგომებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ). ყველა შეკვეთის (მათ შორის ამ შეკვეთების გაუქმების ან ცვლილებების შეტანის პროცესების) ჩაწერა ხდება ბლოკჩეინზე. ეს ყველაზე გამჭვირვალე მიდგომადაა მიჩნეული, რადგან არ არის საჭირო მესამე მხარის ნდობა თქვენთვის შეკვეთების გადმოსაგზავნად და ასევე არ არსებობს მათი არევის ალბათობაც. 

სამწუხაროდ, გამჭვირვალობასთან ერთად ეს მიდგომა არაპრაქტიკულობითაც გამოირჩევა. გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროა შეკვეთის სამუდამოდ ჩაწერის მოთხოვნის ქსელის ყველა ნოდისთვის გაგზავნა, აუცილებელია გარკვეული საკომისიოს გადახდა. უნდა დაელოდოთ მაინერის მიერ თქვენი შეტყობინების ბლოკჩეინზე დამატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი სხვა ყველაფერთან ერთად საკმაოდ დამღლელიც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.

Off-chain შეკვეთების წიგნები

დეცენტრალიზებული ბირჟები, რომლებიც იყენებენ off-chain შეკვეთების წიგნებს, საკმაო პოპულარობით სარგებლობდნენ DeFi-ს განვითარების საწყის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით მოხდა მათი ჩანაცვლება სხვა ალტერნატივებით. გარკვეული თვალსაზრისით, ისინი კვლავ შეგვიძლია მივიჩნიოთ დეცენტრალიზებულ ბირჟებად, სადაც თითოეული შეკვეთის ბლოკჩეინზე განთავსების ნაცვლად ხდებოდა მათი სხვა სივრცეში გადატანა.

მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს ცენტრალიზებული ერთეული, რომელსაც აკისრია სრული პასუხისმგებლობა შეკვეთების წიგნთან დაკავშირებით, რაც მას სხვა ტიპის DEX-ებთან შედარებით „ნაკლებად დეცენტრალიზებულს“ ხდის. გარდა ამისა, ამ ტიპის მოდელთან ასოცირებულია გარკვეული რისკებიც. თუ პასუხისმგებელი სუბიექტი გადაწყვეტს არაკეთილსინდისიერად მოქმედებას, მას შეუძლია ბაზრის მანიპულირება საკუთარი სურვილისამებრ (მაგალითად, წინმსწრები ტრანზაქციების განთავსების ან ტრანზაქციები არასწორად წარმოდგენის გზით).

ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM)

ავტომატური მარკეტ მეიკერების (AMM) მუშაობის პრინციპი მკვეთრად განსხვავდება შეკვეთების წიგნების მუშაობის პრინციპისგან. Maker-ების და Taker-ების ნაცვლად, ამ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ სტანდარტული მომხმარებლები, თამაშების თეორია და ფორმულების მეშვეობით ცოტაოდენი ჯადოსნობის განხორციელება. 

დღესდღეობით DEX-ების სივრცეში ეს ფენომენი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეკვეთების წიგნის ნაცვლად AMM-ები იყენებენ ლიკვიდურობის პულებს. ეს პულები იქმნება მომხმარებლების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების საზიარო პულში შეტანისას, ხოლო ვაჭრობები ხორციელდება იმ ფორმულის საფუძველზე, რომლითაც ხდება ფასის განსაზღვრა. რაც შეეხება უპირატესობებს: თქვენ შეგიძლიათ ვაჭრობის ნებისმიერ დროს განხორციელება, თქვენი შეკვეთის თანმხვედრი ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთის მოძიებისთვის ლოდინის გარეშე.

მაგალითად, Uniswap, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი AMM, ფასების განსაზღვრისთვის იყენებს მუდმივი ნამრავლის ფორმულას (x * y = k). ლიკვიდურობის პროვაიდერები მოიპოვებენ საკომისიოებს ამ პულის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანით, რაც ხელს უწყობს სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.

AMM-ების სპეციფიკა განისაზღვრება პროცესების განხორციელების თავისებურებების მიხედვით. როგორც წესი, ხდება მათ მიერ გარკვეული რაოდენობის სმარტ კონტრაქტების გაერთიანება და მომხმარებელთა ჩართულობის დონის გაუმჯობესების მიზნით წახალისების ეფექტური საშუალებების გამოყენება.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი AMM-ზე დაფუძნებული DEX-ები გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით. აქ ინტეგრირებულია ისეთი საფულეები, როგორიცაა MetaMask ან Trust საფულე. თუმცა, ვაჭრობების ანგარიშსწორების მიზნით, სხვა DEX-ების მსგავსად, აქაც საჭიროა ტრანზაქციების on-chain განხორციელება.

პოპულარული DEX-ები

ჩვენ უკვე განვიხილეთ მუშაობის პრინციპები, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე პოპულარულ დეცენტრალიზებულ ბირჟებზეც:

  • Uniswap: Uniswap გახლავთ საკმაოდ პოპულარული AMM, რომელიც გამოირჩევა ვაჭრობის გამარტივებული შესაძლებლობებით და დეცენტრალიზაციის მაღალი დონით. ლიკვიდურობის პულის გამორჩეული მოდელი, მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერა და გამოყენების სიმარტივე განაპირობებს მის განსაკუთრებულ პოპულარობას DEX-ების სივრცეში.

  • SushiSwap: SushiSwap-მარომელიც თავდაპირველად Uniswap-ის fork-ს წარმოადგენდა, კიდევ უფრო გააუმჯობესა საწყისი მოდელი ისეთი დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, როგორიცაა Governance ტოკენები და ლიკვიდურობის მაინინგის ჯილდოები. წახალისების ეს უნიკალური მეთოდები დღემდე არა ერთი მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს.

  • PancakeSwap: BNB Smart Chain-ზე დაფუძნებული (BSC) PancakeSwap ცნობილია Ethereum-ზე დაფუძნებულ DEX-ებთან შედარებით მკვეთრად შემცირებული საკომისიოებით, რაც მას განსაკუთრებით პოპულარულს ხდის ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.

DEX-ის გამოყენების უპირატესობები

DEX გვთავაზობს არაერთ საინტერესო უპირატესობას, რომელიც ცენტრალური ბირჟებისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი:

  • არაკასტოდიალურობა: ბირჟასთან დაკავშირება და ვაჭრობის განხორციელება შესაძლებელია პირდაპირ თქვენი საფულის მეშვეობით. გარდა ამისა, თქვენ ფლობთ სრულ კონტროლს თქვენს ფინანსებზე. არ არსებობს სხვა მხარისთვის თქვენი ფინანსების მართვის პროცესების გადაცემის აუცილებლობა.

  • გლობალური წვდომა: DEX-ის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს კრიპტო საფულე და ინტერნეტ-კავშირი.

  • სიაში არარსებული ტოკენების გამოყენების შესაძლებლობა: DEX-ებზე შესაძლებელია ვაჭრობის იმ ტოკენების მეშვეობით განხორციელება, რომლებიც არ არის დამატებული ცენტრალიზებული ბირჟების სიაში, თუმცა აუცილებელია მიწოდების და მოთხოვნის საჭირო დონის არსებობა ამ ტოკენებისთვის.

  • გამჭვირვალობა: ხდება თითოეული ვაჭრობის და აქტივობის ჩაწერა ბლოკჩეინზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციების ვერიფიკაციის განხორციელება ნებისმიერ პირს შეუძლია. ეს ქმნის ნდობის მაღალ დონეს.

DEX-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები და რისკები

თუმცა ზემოხსენებულ უპირატესობებთან ერთად, DEX-ებისთვის გარკვეული ნაკლოვანებებიცაა დამახასიათებელი. აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  • სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკები: DEX-ები იყენებენ სმარტ კონტრაქტებს, რომელთა ეფექტურად ფუნქციონირებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორადაა დაწერილი კოდი. რაიმე შეცდომის ან ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ჰაკერები მარტივად მოიპოვებენ წვდომას მათზე, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

  • ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები: შესაძლოა შედარებით მცირე DEX-ებს არ გააჩნდეთ ლიკვიდურობის საკმარისი დონე, რაც ართულებს თქვენი ვაჭრობის თანმხვედრი ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთის მოძიებას. ეს შესაძლოა გახდეს ფასის ცურვის გამომწვევი მიზეზი, რის შედეგადაც შესაძლოა მოგიწიოთ იმაზე მეტი თანხის გადახდა, ვიდრე თავდაპირველად გქონდათ განსაზღვრული.

  • მომხმარებელთა გამოცდილება: DEX-ებით სარგებლობა შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდეს ახალბედა მომხმარებლებისთვის. თქვენ გევალებათ თქვენი კრიპტო საფულის მართვა, თქვენი seed ფრაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გაზის საკომისიოების და ბლოკჩეინ ტრანზაქციების მუშაობის პრინციპის შესწავლა. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ანგარიშზე ავტორიზაცია, როგორც ეს ცენტრალიზებული ბირჟების შემთხვევაში ხდება.

  • წინსმწრები შეკვეთები: DEX-ებზე ვაჭრობის განთავსებისას სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ვაჭრობის ნახვა მის დამუშავებამდე. თუ ვინმე, ვისაც გააჩნია ტრანზაქციების უფრო სწრაფი საკომისიოები, შეძლებს ვაჭრობის თქვენზე წინ განთავსებას, ისინი მიითვისებენ თქვენს ვაჭრობას უფრო უკეთეს ფასად.

  • საკომისიოები: თქვენ მიერ გამოყენებული ბლოკჩეინის მიხედვით, შესაძლოა საჭირო იყოს საკმაოდ მაღალი საკომისიოს გადახდა, განსაკუთრებით ქსელის მაღალი დატვირთვის პერიოდებში.

როგორ გამოიყურება DEX-ების მომავალი?

ისეთი გაუმჯობესებებით, როგორიცაა მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები (მაგალითად როლაფები და საიდჩეინები), მოსალოდნელია ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება და მათი განხორციელების სისწრაფის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მართვის პროცესების დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO-ების) მეშვეობით განხორციელების მოდელები. მრავალი DEX ახდენს Governance ტოკენების ინტეგრირებას, რომლებიც მომხმარებლებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ეს საზოგადოების წევრებს პლატფორმის სამომავლო განვითარების კურსის განსაზღვრის პროცესების მართვის მეტ შესაძლებლობას აძლევს.

კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტია კროს-ჩეინ ვაჭრობა, რომელიც მომხმარებლებს აქტივების მეშვეობით ვაჭრობების სხვადასხვა ბლოკჩეინზე განხორციელების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, ის საკმაოდ მნიშვნელოვანია DEX-ების უნივერსალურობის დონის გაუმჯობესების და გამოყენების გამარტივების თვალსაზრისით.

შეჯამება

DEX-ები ცვლის ჩვენს აღქმას კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. შუამავლების ჩარევის საჭიროების გაქრობით, მომხმარებლებისთვის საკუთარი აქტივების სრული კონტროლის შესაძლებლობის და ფინანსურ სერვისებზე საერთაშორისო წვდომის უზრუნველყოფით ისინი გვთავაზობს ცენტრალიზებული ბირჟების საკმაოდ ეფექტურ ალტერნატივას. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არა ერთი სირთულის გადალახვაა საჭირო, მომავალი საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. რაც უფრო იზრდება დეცენტრალიზებული ფინანსების მომხმარებელთა ბაზა, მით უფრო პოპულარული ხდება DEX-ებიც და შესაბამისად იზრდება მათი ზეგავლენაც ვაჭრობის და ციფრული აქტივების მართვის პროცესებზეც.

თუ დაინტერესებული ხართ დეცენტრალიზებული ვაჭრობით, გირჩევთ გაეცნოთ DEX-ების კონცეფციას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საჭიროა საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, თქვენი პირადი გასაღებების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არსებული რისკების გათვალისწინება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.