მთავარი დეტალები
წარმოიდგინეთ ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM), როგორც სმარტ კონტრაქტით მხარდაჭერილი სისტემა, რომელიც მუდმივად ახდენს ფასების კოტირებას ორ ან მეტ ციფრულ აქტივს შორის ალგორითმული ფორმულების დახმარებით.
AMM-ები შესაძლებელს ხდის ნდობის საჭიროების არმქონე ვაჭრობას ტრადიციული შეკვეთების წიგნების გარეშე და ნებისმიერს შეუძლია გახდეს მარკეტ-მეიკერი, თუ ის უზრუნველყოფს ლიკვიდურობას პულებში, გამოიმუშავებს ვაჭრობის საკომისიოების წილს და სხვა წახალისებებს.
ამ პროტოკოლებმა გარდაქმნეს დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), „მარკეტ-მეიკინგის“ ყველასათვის უფრო ხელმისაწვდომად გადაქცევით.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) სწრაფად იზრდება მრავალ ბლოკჩეინის ქსელზე Ethereum-ის, BNB Chain-ის, Polygon-ის, Avalanche-ის ჩათვლით და ასევე მე-2 დონის ტექნოლოგიებზე, როგორიცაა Arbitrum და Optimism. ასეთმა ზრდამ გამოიწვია AMM-ების ფართოდ გავრცელება, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ღრმა ლიკვიდურობის პულებს და მილიარდამდე ოდენობის მოცულობის თანხებს ამუშავებენ.
AMM-ები ნებისმიერ ადამიანს აძლევს უფლებას შექმნას და მონაწილეობა მიიღოს ბაზრებში ნებისმიერი ტოკენის სანაცვლოდ და უზრუნველყოფს ვაჭრობას ცენტრალიზებული შუამავლების გარეშე. მაგრამ რეალურად როგორ მუშაობს AMM-ები? რა განსხვავებაა მათსა და ტრადიციულ შეკვეთების წიგნს შორის? მოდით ერთად გავიგოთ.
რას წარმოადგენს ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM)?
AMM არის პროტოკოლი, რომელსაც დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები) იყენებენ. ის დაფუძნებულია ალგორითმულ ფასების განმსაზღვრავ მოდელებზე, რათა უზრუნველყოს ტოკენებით ვაჭრობა შეკვეთების წიგნების გარეშე. შესაბამისად, მყიდველებისა და გამყიდველების ერთმანეთთან დაკავშირების ნაცვლად, AMM-ები იყენებენ ლიკვიდურობის პულებს, სადაც ფასები პულში არსებული ტოკენების რაოდენობების მიხედვით განისაზღვრება.
კლასიკური AMM ფორმულა, რომელიც Uniswap-ის მიერ გავრცელდა, წარმოადგენს მუდმივი პროდუქტის ფორმულას: x * y = k, სადაც x და y არის ტოკენების რეზერვები, ხოლო k – მუდმივი პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების მიერ ტოკენებით ვაჭრობისას, მათი რაოდენობები პულში იცვლება ისე, რომ პროდუქტი k მუდმივი დარჩეს, რასაც ფასებზე დინამიური გავლენა აქვს.
Uniswap-ის ტრადიციული ფორმულის გარდა, არსებობს AMM-ების სხვა ტიპებიც. მაგალითად:
Curve იყენებს სტეიბლ სვოპის ფორმულას, რომელიც ოპტიმიზებულია მსგავსი ფასის მქონე ტოკენებით ვაჭრობისთვის (როგორც სტეიბლკოინები), რაც ამცირებს ფასის ცურვას.
Uniswap v3 გვთავაზობს კონცენტრირებულ ლიკვიდურობას, რაც ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს გაანაწილონ თანხები კონკრეტული ფასის დიაპაზონებში კაპიტალის ეფექტურობისა და პოტენციური შემოსავლების გასაზრდელად.
ტრადიციული მარკეტ მეიკერები, ზოგადად კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც რთულ სტრატეგიებს იყენებენ შეკვეთების წიგნებისა და მცირე ზომის სპრედის შესანარჩუნებლად სმარტ კონტრაქტების მეშვეობით.
როგორ მუშაობს ავტომატური მარკეტ-მეიკრები?
შეკვეთების წიგნის ნაცვლად, AMM-ები ტოკენებით სავსე ლიკვიდურობის პულების მეშვეობით მუშაობენ. მომხმარებლებს, რომლებიც ლიკვიდურობის პროვაიდერების (LP-ები) სახელით არიან ცნობილი, ამ პულებში დეპოზიტის სახით შეაქვთ ორი ან მეტი ტოკენის თანაბარი მნიშვნელობები. ტრეიდერებს კი ტოკენების სვოპის განსახორციელებლად შეხება პირდაპირ პულთან აქვთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვაჭრობთ კომპიუტერულ პროგრამასთან, რომელიც ფასებს ფორმულის გამოყენებით ადგენს. AMM ფასებს მომენტალურად ასწორებენ, ვაჭრობის განხორციელებისა და ტოკენების ბალანსების ცვლილებისთანავე. მაღალი ლიკვიდურობის მქონე პულები, როგორც წესი, უფრო შეუფერხებელ ვაჭრობას უზრუნველყოფენ ნაკლები ფასის ცურვით (განსხვავება მოსალოდნელ და რეალურ ფასს შორის).
LP-ები ჯილდოვდებიან ვაჭრობის საკომისიოებით და ხანდახან დამატებითი წახალისებებით, როგორიცაა ლიკვიდურობის მაინინგის ჯილდოები. თუმცა, ისინი ასევე აწყდებიან დროებითი ზარალის რისკებს, რაც ტოკენების ფასების ერთმანეთთან მიმართებაში იცვლება
ლიკვიდურობის პულები
ლიკვიდურობის პული არის ორი ან მეტი ტოკენის რეზერვის მქონე სმარტ კონტრაქტი, და რომელთა ერთმანეთში სვოპის განხორციელებაც ტრეიდერებს თავისუფლად შეუძლიათ. ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, LP-ები ამ ტოკენების თანაბარი ღირებულების ოდენობებს დებენ. მაგალითად, 1000 დოლარის შეტანა შეიძლება ნიშნავდეს 500 დოლარის ღირებულების მქონე ETH-ის ან 500 დოლარის ღირებულების USDC-ის დადებას.
პულში განხორციელებული ვაჭრობებიდან მიღებული საკომისიოები LP-ებს უნაწილდებათ მთლიანი ლიკვიდურობიდან მათი წილის პროპორციულად. საკომისიოების სტრუქტურა სხვადასხვა პლატფორმებზე განსხვავდება. მაგალითად, Uniswap v3 გვთავაზობს საკომისიოების მრავალ დონეს, ვაჭრობის რისკის დონიდან გამომდინარე და მოიცავს მცირეოდენ პროტოკოლის საკომისიოს, რომელიც მმართველობისთვისაა განსაზღვრული.
რაც უფრო მეტია ლიკვიდურობა პულში, მით უფრო ნაკლები ფასის ცურვა დახვდებათ ტრეიდერებს იქ. ფასის ცურვა უფრო მაღალია პულის ზომასთან მიმართებაში დიდი მოცულობით ვაჭრობისთვის, რადგან ფასების განმსაზღვრავი ფორმულა აკორექტირებს ტოკენების ბალანსებსა და ფასებს.
დროებითი ზარალი
დროებითი ზარალი გულისხმობს დოლარის ღირებულების შემცირებას, რომელსაც ლიკვიდურობის პროვაიდერები შესაძლოა გადააწყდნენ ტოკენების უბრალოდ შენახვასთან შედარებით, თუ ამ ტოკენების ფასები ერთმანეთთან მიმართებაში შეიცვლება.
Uniswap v3-ის კონცენტრირებული ლიკვიდურობის მსგავსი ინოვაციები და Curve-ის სტაბილური პულები ამცირებს დროებითი ზარალს, ლიკვიდურობის განთავსებისა და ფასის განსაზღვრის ოპტიმიზაციით. მაღალი კორელაციის მქონე ტოკენებისგან შემდგარი პულები, როგორიცაა სტეიბლკოინები ან იგივე აქტივის შეფუთული ვერსიები, ხშირ შემთხვევაში, ბევრად ნაკლებ დროებით ზარალთანაა დაკავშირებული.
გახსოვდეთ, თუ თანხას ფასის ცვლილების შემდეგ გამოიტანთ, ზარალი მუდმივი გახდება. ვაჭრობის საკომისიოებმა და წახალისებებმა შეიძლება ეს ზარალი აანაზღაუროს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. LP-ები უნდა ითვალისწინებდნენ რისკებს თანხების დეპოზიტზე შეტანამდე.
რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
მიუხედავად იმისა, რომ AMM-ები ხელმისაწვდომობასა და დეცენტრალიზაციას გვთავაზობს, მომხმარებლებმა რამდენიმე რისკი უნდა გაითვალისწინონ:
სმარტ კონტრაქტების სისუსტეები, რამაც შესაძლოა ზარალი გამოიწვიოს.
დროებითი ზარალი (ტოკენების ფასებს შორის სხვაობის დაფიქსირების შემთხვევაში).
წინმსწრები შეკვეთების და მაქსიმალური ამოღებადი ღირებულების (MEV) შეტევები, როდესაც ბოტები ან მაინერები ხელახლა აწყობენ ან „სენდვიჩ“ შეტევებს ახორციელებენ ჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე მოგების მისაღებად.
რეგულაციების გაურკვევლობა, რომელსაც გავლენა აქვს DeFi პლატფორმებზე.
რისკის შესამცირებლად, აირჩიეთ სანდო AMM პლატფორმები და ვაჭრობამდე ან ლიკვიდურობის უზრუნველყოფამდე დარწმუნდით, რომ კარგად გესმით მათი მექანიკა.
დასკვნა
AMM-ებმა შეცვალეს DeFi, რადგან ვაჭრობა და მარკეტ-მეიკინგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადეს. დღესდღეობით AMM-ები უფრო მაღალი დონისაა და მოიცავს კომპლექსურ მოდელებს, ახალ ფუნქციებს და მრავალ ბლოკჩეინზეა გაშვებული.
თუ გსურთ გამოსცადოთ AMM-ები, პლატფორმები, როგორიცაა Uniswap, Curve და PancakeSwap გთავაზობთ მარტივ ინტერფეისებს, რათა განახორციელოთ ათასობით ტოკენის სვოპი შეუფერხებლად თქვენი საფულიდან.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.