რა არის და როგორ მუშაობს NFT თამაშები?

რა არის და როგორ მუშაობს NFT თამაშები?

განახლებული Apr 7, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • NFT თამაშებში გამოყენებული აქტივები წარმოადგენს არაჩანაცვლებად ტოკენებს, რაც მოთამაშეებს აძლევს ბლოკჩეინზე განთავსებული ამ აქტივების ფლობის, ვაჭრობაში გამოყენების და მათთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას.

  • თამაშში გამოყენებული NFT-ების შექმნის, ფლობის და გადაგზავნის წესები გაწერილია სმარტ კონტრაქტებში, ამიტომ ამ ნივთების მფლობელობის კონტროლისთვის არ არის საჭირო თამაშის ცენტრალური სერვერის გამოყენება.

  • როგორც კრიპტო აქტივობის უმეტესობის შემთხვევაში, NFT თამაშები დაკავშირებულია როგორც ფნანსურ, ასევე უსაფრთხოების რისკებთან, ამიტომ თამაშის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოთ მათი მუშაობის წესებს.

NFT თამაშები აერთიანებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას და თამაშის ინტერაქტიულ პროცესს, რაც მონაწილეებს სთავაზობს თამაშში გამოყენებული ნივთების ციფრულ აქტივებად გარდაქმნის და მათი რეალურად ფლობის შესაძლებლობას. ტრადიციული ვიდეო თამაშებისგან განსხვავებით, რა დროსაც ნივთები მხოლოდ იზოლირებულ სათამაშო გარემოში არსებობს და კონტროლდება თამაშის გამომცემლის მიერ, NFT თამაშები მოთამაშეებს ამ ნივთების სათამაშო გარემოს გარეთ ფლობის, გადაცვლის ან გაყიდვის საშუალებას აძლევს. 

ზოგადად ამ სივრცეს ეწოდება GameFi, რაც წარმოადგენს „თამაშების“ და „დეცენტრალიზებული ფინანსების“ კომბინაციას. ეს ტერმინი აღნიშნავს არა მხოლოდ NFT ნივთებს, არამედ ასევე ტოკენის ეკონომიკას და ჯილდოების სტრუქტურას, რომლებსაც ბევრი ბლოკჩეინ-თამაში იყენებს.

რა არის NFT?

არაჩანაცვლებადი ტოკენი (NFT) წარმოადგენს უნიკალურ ციფრულ აქტივს, რომელიც ბლოკჩეინზე ინახება. კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, როგორიცაა Bitcoin ან Ether, თითოეულ NFT-ს აქვს განსხვავებული მახასიათებლები და არ შეიძლება მათი ჩანაცვლება მსგავსი ტოკენით. თქვენ შეგიძლიათ 1 BTC გადაცვალოთ სხვა 1 BTC-ზე, რის შემდეგაც თქვენს ხელში იდენტური აქტივი აღმოჩნდება. NFT-ების შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია, რადგან თითოეული ტოკენი უნიკალურ მეტამონაცემებს შეიცავს. გეიმინგის სფეროში, ეს უნიკალურობა იძლევა სხვადასხვა იშვიათობის დონის ან მახასიათებლების მქონე პერსობაჟების, ნივთების, ბარათების, სკინების და სხვა საკოლექციო ნივთების NFT-ების სახით წარმოდგენის შესაძლებლობას. NFT-ების ტიპების და გამოყენების გზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს სტატიას NFT-ების კატეგორიების გზამკვლევი.

როგორ მუშაობს NFT თამაშები

NFT თამაშებში ბლოკჩეინ-აქტივების მართვისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები, რომლებიც წარმოადგენს ბლოკჩეინზე შენახულ თვითაღსრულებად პროგრამებს, რომლებშიც ჩაწერილია თამაშში გამოყენებული NFT-ების შექმნის, ფლობის და გადაგზავნის წესები. როდესაც მოთამაშე გამოიმუშავებს ან შეიძენს NFT-ის სახით წარმოდგენილ თამაშში გამოყენებულ ნივთს, მისი მფლობელობის მტკიცებულება ჩაიწერება არა მხოლოდ თამაშის შიდა მონაცემთა ბაზაში, არამედ ასევე ბლოკჩეინზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ საკუთარი NFT-ები გადაიტანონ გარე საფულეებში, გაყიდონ NFT-ებით სავაჭრო ბირჟაზე ან გამოიყენონ სხვა თავსებად პლატფორმებზე. ზუსტი წესები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თამაშში გამოყენებული NFT-ებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და განისაზღვრება თითოეული თამაშის სმარტ-კონტრაქტებით. CryptoKitties, რომელიც ერთ-ერთ პირველ NFT თამაშს წარმოადგენდა, იყენებდა სმარტ კონტრაქტს, სახელწოდებით geneScience კონტრაქტი, რომელიც განსაზღვრავდა ახალი კატის თვისებებს შემთხვევითობის მექანიზმის გამოყენებით. მოთამაშეებს შეეძლოთ გამოეთვალათ კონკრეტული თვისების განვითარების ალბათობა და მიეღოთ გადაწყვეტილება მისი იშვიათობის დონის გათვალისწინებით. ამან საფუძველი ჩაუყარა ბლოკჩეინ-თამაშების ეკონომიკის კონცეფციას.

NFT თამაშის მოდელების ტიპები

NFT თამაშებში გამოიყენება რამდენიმე განსხვავებული მიდგომა თამაშის პროცესთან და ეკონომიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ განსხვავებების ცოდნა დაგეხმარებათ რეალისტურად შეაფასოთ თითოეული მოდელის შესაძლებლობები.

Play-and-earn თამაშები

Play-and-earn ტიპის თამაშებში მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიმუშაონ თამაშში გამოყენებული ტოკენები ან NFT-ები თამაშის აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა მისიების შესრულება, ბრძოლების მოგება და განვითარების დონეების მიღწევა. ეს ტოკენები შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშის ეკოსისტემაში ან გაყიდოთ გარე სავაჭრო ბირჟებზე, თუმცა მათი ფასი შესაძლოა მერყევი იყოს და დამოკიდებულია მათზე მოთხოვნის დონეზე.

ამ მოდელის ადრეულმა ვერსიებმა, რომელთაც play-to-earn (P2E) თამაშებს უწოდებენ, პოპულარობა მოიპოვა დაახლოებით 2021 წელს. ამ დროს შეიქმნა ისეთი თამაშები, როგორიცაა Axie Infinity. თუმცა, პირველი თაობის P2E თამაშებს შეექმნა გრძელვადიან პერიოდში ტოკენის ეკონომიკის დაბალანსების პრობლემები, რაც ძირითადად ახალი მოთამაშეების რაოდენობის შემცირებასთან იყო დაკავშირებული. შედარებით ახალ თამაშებში გამოყენებულია play-and-earn სტრუქტურა, სადაც ეკონომიკაში მონაწილეობის პარალელურად უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თამაშის პროცესის ხარისხს.

თამაშში არსებული NFT კოლექციონირებადი ნივთები

ზოგიერთი NFT თამაში ძირითადად ორიენტირებულია არა იმდენად ტოკენების გამომუშავებაზე, არამედ თამაშში გამოყენებული აქტივების ფლობასა და შეგროვებაზე. მოთამაშეები ყიდულობენ NFT-ებს, რომლებიც წარმოადგენს პერსონაჟებს, ბარათებს ან ნივთებს, რომელთა ღირებულება დამოკიდებულია იშვიათობის დონეზე, გარეგნულ მახასიათებლებზე და თამაშში მათ დანიშნულებაზე. ამ მოდელის მაგალითს წარმოადგენს Gods Unchained, რომელიც Immutable X ბლოკჩეინზე გაშვებული საკოლექციო ბარათების სტილის თამაშია. მოთამაშეები აგროვებენ NFT-ების სახით წარმოდგენილ ბარათებს, რომლებიც შეუძლიათ გადაცვალონ თამაშის გარეთ. ბარათის ღირებულება დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და იშვიათობის დონეზე.

Tap-to-earn და casual თამაშები

უფრო ახალი კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია მობილურ პლატფორმებსა და მესენჯერებში ამ კატეგორიის თამაშებში გამოიყენება გამარტივებული მექანიკა და მოთამაშეებს ტოკენების გამომუშავება შეუძლიათ საბაზისო ურთიერთქმედებების მეშვეობით. როგორც წესი, ამ თამაშებზე წვდომის ბარიერები დაბალია, ამიტომ მონაწილეების რაოდენობა საკმაოდ დიდია. 2024 წელს რამდენიმე Tap-to-earn თამაშმა მობილურ და მესენჯერის პლატფორმებზე ათობით მილიონი მონაწილე მიიზიდა, რითაც ბლოკჩეინ-თამაშების პოპულარობა ტრადიციული კრიპტო აუდიტორიის ფარგლებს გასცდა. NFT თამაშების სხვა მოდელების მსგავსად, მათი ტოკენის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა განსხვავდება პროექტის მიხედვით.

რომელი ბლოკჩეინები გამოიყენება NFT თამაშებისთვის?

NFT თამაშები აღარ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ ბლოკჩეინზე. ეს ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეისათვის უამრავი გეიმინგის ქსელი და მე-2 დონის სისტემაა გაშვებული, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ტრანზაქცის ხარჯები და გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება:

  • Ethereum: ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინი NFT თამაშებისთვის. თამაშის აქტივებისთვის ის ძირითადად იყენებს ERC-721 და ERC-1155 ტოკენის სტანდარტებს.

  • BNB Chain: იყენებს BEP-721 და BEP-1155 სტანდარტებს და აქვს მრავალი ტიპის გეიმინგის ბლოკჩეინ-აპლიკაციის მხარდაჭერა.

  • Ronin: გეიმინგზე ორიენტირებული ბლოკჩეინი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა Axie Infinity-სთვის, თუმცა ამჟამად მასზე გაშვებულია უამრავი თამაში, მათ შორის Pixels.

  • Immutable X და Immutable zkEVM: სპეციალურად გეიმინგისთვის შექმნილი მე-2 დონის ქსელები, რომლებიც გვთავაზობს NFT ტრანზაქციებს გაზის საკომისიოების გარეშე და აქვს ისეთი თამაშების მხარდაჭერა, როგორიცაა Gods Unchained და Illuvium.

  • სხვა მე-2 დონის ქსელები და აპჩეინები: ახალი სტუდიები საკუთარ თამაშებს უშვებენ სპეციალურ აპჩეინებზე ან ზოგადი დანიშნულების მე-2 დონის ქსელებზე, რაც მათ აძლევს ტრანზაქციის ხარჯების მართვის და თამაშის ეკონომიკის უკეთ კონტროლის შესაძლებლობას.

შეიძლება თუ არა NFT თამაშებში ფულის ან NFT-ების დაკარგვა?

NFT თამაშებში მონაწილეობის დროს შესაძლოა განიცადოთ ფინანსური ზარალი. თამაშში გამოყენებული ტოკენების და NFT-ების ღირებულება დამოკიდებულია საბაზრო მოთხოვნაზე, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თამაშში გამოყენებული აქტივების ფასებზე გავლენას ახდენს მოთამაშეების რაოდენობის შემცირება, თამაშის მექანიკაში ცვლილებების შეტანა და ზოგადად კრიპტო ბაზრის მდგომარეობის ცვლილება. როგორც კრიპტოსთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში, მსგავს თამაშებში მონაწილეობისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.

ბაზრის რისკების გარდა, ასევე არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გახდეს NFT-ებზე წვდომის დაკარგვის მიზეზი:

  • NFT-ის იმ საფულეში გადარიცხვით, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ტოკენის სტანდარტის მხარდაჭერა, შესაძლოა დაკარგოთ მასზე წვდომა.

  • შესაძლოა თაღლითებმა შეცდომაში შეგიყვანონ და გაიძულონ NFT-ების ყალბ მისამართებზე გაგზავნა ან მავნე კოდის შემცველი სმარტ კონტრაქტების დადასტურება, რაც მათ თქვენი საფულიდან თანხის მოპარვის საშუალებას მისცემს.

  • ზოგიერთი თამაშის მექანიკაში გათვალისწინებულია NFT-ების ხარჯვის, მოხმარების ან სამუდამოდ დაკარგვის შესაძლებლობა, რაც თამაშის ნორმალური პროცესის ნაწილს წარმოადგენს.

Ethereum-ზე გაშვებული თამაშების NFT-ებისთვის ძირითადად გამოიყენება ERC-721 და ERC-1155 სტანდარტები, ხოლო BNB Chain-ზე გაშვებული თამაშებისთვის - BEP-721 და BEP-1155 სტანდარტები. აქტივების გადაგზავნამდე ყოველთვის შეამოწმეთ, რომელი სტანდარტებია მხარდაჭერილი თქვენი საფულის და მიმღები პლატფორმის მიერ.

რჩევები NFT თამაშებში უსაფრთხო მონაწილეობისთვის

  • NFT-ების პლატფორმებს შორის გადატანამდე შეამოწმეთ, რომელი სტანდარტებია მხარდაჭერილი თქვენი საფულის მიერ.

  • სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებამდე თავად შეამოწმეთ მისი შემქმნელი პროექტის სანდოობა და ლეგიტიმურობა ოფიციალური არხების მეშვეობით.

  • გამოიჩინეთ სიფრთხილე საეჭვო შეთავაზებების, უცნობი წარმოშობის NFT airdrop-ების და უცნობი საიტიდან საფულის დაკავშირების მოთხოვნების მიღების შემთხვევაში.

  • თამაშში გამოყენებული ხარჯვადი ან დაკარგვადი ნივთის შეძენამდე ყურადღებით გაეცანით NFT თამაშების წესებს.

  • თამაშებისთვის გამოიყენეთ ცალკე საფულე, სადაც გექნებათ მხოლოდ თამაშის აქტივობებისთვის საჭირო ოდენობის თანხა, მაღალი ღირებულების NFT-ები შეინახეთ უკეთ დაცულ საფულეში.

  • შექმენით აღდგენის ფრაზის სარეზერვო ასლი და შეინახეთ ის ოფლაინ, დაცულ ადგილას. თქვენ საფულეზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ მასში შენახულ NFT-ებზე წვდომას.

რომელია ყველაზე პოპულარული NFT თამაში?

NFT თამაშების პოპულარობა დროთა განმავლობაში იცვლება. იმ თამაშებს შორის, რომლებმაც შეძლეს მოთამაშეთა მნიშვნელოვანი რაოდენობის შენარჩუნება, არის Axie Infinity, Gods Unchained, Sorare, Pixels და Illuvium. ახალი თამაშები რეგულარულად ჩნდება სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელზე. თამაშების პოპულარობის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცემთა პლატფორმები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს ბლოკჩეინის აქტივობებზე და აქტიურ საფულეებზე.

NFT თამაშების და ტრადიციული თამაშების შედარება

ტრადიციულ ვიდეო თამაშებში, თამაშში გამოყენებული ნივთების მფლობელია თამაშის გამომცემელი და ეს ნივთები დაკავშირებულია გამომცემლის სისტემაში შექმნილ მოთამაშის ანგარიშთან. NFT თამაშებში კი NFT-ების სახით წარმოდგენილი ნივთები ინახება ბლოკჩეინზე და მათი გადატანა, გადაცვლა ან გაყიდვა თამაშისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მოთამაშეების მიერ ამ ნივთების ფლობის ვერიფიცირებადი მტკიცებულება ინახება ბლოკჩეინზე, თუმცა ამ მფლობელობის პრაქტიკული ღირებულება დამოკიდებულია თამაშის პოპულარობაზე და ამ აქტივების ბაზარზე.

შეჯამება
NFT თამაშები აერთიანებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და თამაშის პროცესს, რაც მოთამაშეებს აძლევს NFT-ების სახით წარმოდგენილი თამაშში გამოყენებული ნივთების ფლობის და მათი მეშვეობით ვაჭრობის შესაძლებლობას. ეს ეკოსისტემა მოიცავს მრავალ თამაშის მოდელს, ტოკენის სტანდარტს და ბლოკჩეინს, თითოეული მათგანი დაკავშირებულია განსხვავებულ მექანიზმთან და რისკებთან. მონაწილეობის მიღებამდე მოთამაშე ყურადღებით უნდა გაეცნოს თამაშის წესებს და პოტენციურ ფინანსურ საფრთხეებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.