ERC-20 ტოკენების გაცნობა

ERC-20 ტოკენების გაცნობა

განახლებული Apr 23, 2026
12m

მთავარი დეტალები

  • ERC-20 არის ტექნიკური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება Ethereum ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისთვის. ის განსაზღვრავს ტოკენის ექვს სავალდებულო ფუნქციას, რაც უზრუნველყოფს ტოკენების თავსებადობას საფულეებთან, ბირჟებთან და აპლიკაციებთან.

  • ERC-20 ტოკენები ინახება სმარტ კონტრაქტებში და არა თავად მომხმარებლის ანგარიშებზე; ეს კონტრაქტი უზრუნველყოფ ბალანსების ჩანაწერების წარმოებას და გადარიცხვების დამუშავებას მომხმარებლების მიერ ტრანზაქციის განხორციელების დროს.

  • ERC-20 ტოკენის გავრცელებული ტიპებია სტეიბლკოინები, utility ტოკენები, governance ტოკენები და ლიკვიდურობის პულის (LP) ტოკენები, რომლებიც DeFi პროტოკოლებში გამოიყენება.

  • ERC-20 ტოკენების შესაქმნელად მაინინგი არ გამოიყენება; ახალი ტოკენების დამზადება ხდება კონტრაქტის გაშვების დროს, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO) ან ტოკენის გენერირების ღონისძიებებთან.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Ethereum შეიქმნა 2014 წელს ვიტალიკ ბუტერინის მიერ. ის წარმოადგენს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომლის დანიშნულებაა დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გაშვება. ბუტერინის მიზანს წარმოადგენდა შეექმნა ახალი ბლოკჩეინი, რომელიც აღმოფხვრიდა Bitcoin-ის პროტოკოლისთვის დამახასიათებელ მოქნილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მისი გაშვების შემდეგ Ethereum-მა მიიპყრო უამრავი დეველოპერის, კომპანიის და მეწარმის ყურადღება, რამაც ხელი შეუწყო სმარტ კონტრაქტების და განაწილებული აპლიკაციების მზარდი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

ამ სტატიაში განხილულია ERC-20 სტანდარტი: Ethereum-ზე ჩანაცვლებადი ტოკენების გაშვების მნიშვნელოვანი სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ის სპეციალურად Ethereum-ის ქსელისთვის არის შექმნილი, ამ სტრუქტურამ საფუძველი ჩაუყარა სხვა ბლოკჩეინების ტოკენების სტანდარტების შემუშავებას, რომელთა შორისაა BNB Smart Chain-ის ტოკენის სტანდარტი, სახელწოდებით BEP-20.

რა არის ERC-20 სტანდარტი?

Ethereum-ის კონტექსტში, ERC აღნიშნავს Ethereum-ის კომენტარების მოთხოვნას. ეს წარმოადგენს ტექნიკურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს პროგრამირების სტანდარტებს Ethereum-ზე. ის არ უნდა აგერიოთ Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებაში (EIP)! ეს უკანასკნელი წარმოადგენს თავად პროტოკოლის გაუმჯობესებების შემოთავაზებას. ERC-ების დანიშნულებაა წესების შემუშავება, რაც აპლიკაციებს და კონტრაქტებს ერთმანეთთან ურთიერთქმედებას გაუმარტივებს.

ERC-20 შეიქმნა 2015 წელს ვიტალიკ ბუტერინის და ფაბიან ვოგელსტელერის მიერ. ის გვთავაზობს შედარებით მარტივ ფორმატს Ethereum-ზე გაშვებული ტოკენებისთვის. მისი წყალობით დეველოპერებს აღარ უწევთ ბორბლის ხელახლა გამოგონება, რადგან მათ ახალი პროგრამების შექმნა ინდუსტრიაში დანერგილი სტრუქტურის გამოყენებით შეუძლიათ.

ახალი ERC-20 ტოკენის შექმნის შემდეგ მას ავტომატურად შეუძლია ERC-20 სტანდარტთან თავსებად სერვისებთან და პროგრამებთან, მაგალითად პროგრამულ და აპარატურულ საფულეებთან და სავაჭრო ბირჟებთან ურთიერთქმედება.

გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით ERC-20 ჩამოყალიბდა, როგორც EIP (კერძოდ, EIP-20). ეს მოხდა შემოთავაზებიდან რამდენიმე წელიწადში, რაც მისი პოპულარობის ზრდასთან არის დაკავშირებული, თუმცა მას ჯერ კიდევ „ERC-20“-ის სახელით მოიხსენიებენ.

Ethereum ტოკენების მოკლე შეჯამება

ETH-ისგან განსხვავებით, რომელიც Ethereum-ის ადგილობრივ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ERC-20 ტოკენები არ ინახება უშუალოდ მომხმარებლის ანგარიშზე. ეს ტოკენები მხოლოდ კონტრაქტში არსებობს, რომელიც ავტონომიური მონაცემთა ბაზის ფუნქციას ასრულებს. მასში გაწერილია ტოკენების მუშაობის წესები (სახელი, სიმბოლო და ათწილადი). ის ასევე შეიცავს Ethereum-ის მისამართებზე არსებული ბალანსების სიას.

ტოკენის გადასარიცხად, მომხმარებელმა კონტრაქტს უნდა გაუგზავნოს ტრანზაქცია, რაც შეიცავს ტოკენის საკუთარი ბალანსიდან სხვაგან გადატანის მოთხოვნას. მაგალითად, თუ ელისს სურს ბობისთვის 5000 ტოკენის გაგზავნა, ის სმარტ კონტრაქტს უგზავნის შესაბამისი ფუნქციის გააქტიურების მოთხოვნას.

მისი მოთხოვნა ჩაწერილია Ethereum-ის სტანდარტულ ტრანზაქციაში, რომელიც ტოკენის კონტრაქტს უხდის 0 ETH-ს. ეს მოთხოვნა ასევე შეიცავს ტრანზაქციის დამატებით ველს, სადაც იწერება, თუ რისი გაკეთება სურს ელისს. მიუხედავად იმისა, რომ ის ether-ს არ აგზავნის, მან მაინც უნდა გადაიხადოს ტრანზაქციის საკომისიო ETH-ში, რათა მისი ტრანზაქცია ბლოკჩეინის ბლოკში დაემატოს. თუ ელისს არ აქვს ETH, მას მოუწევს მისი შეძენა, რათა შეძლოს საკუთარი ტოკენების გადარიცხვა.

როგორ იქმნება ERC-20 ტოკენები?

ERC-20 სტანდარტთან თავსებადობისთვის კონტრაქტი უნდა შეიცავდეს ექვს სავალდებულო ფუნქციას: totalSupply, balanceOf, transfer, transferFrom, approve, და allowance. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ არასავალდებულო ფუნქციები, როგორიცაა სახელი, სიმბოლო და ათწილადი.

totalSupply

function totalSupply() public view returns (uint256)

ეს ფუნქცია აგზავნის კონტრაქტში არსებული ტოკენების საერთო მარაგის მონაცემებს.

balanceOf

function balanceOf(address _owner) public view returns (uint256 balance)

totalSupply-სგან განსხვავებით, balanceOf ამოწმებს კონკრეტულ პარამეტრს (მისამართს). მოთხოვნის მიღებისას, ის აგზავნის ტოკენის ბალანსს კონკრეტულ მისამართზე. რადგან Ethereum-ის ანგარიშები საჯაროა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი მომხმარებლის ბალანსი, თუ ამ მომხმარებლის მისამართი თქვენთვის ცნობილია.

transfer

function transfer(address to, uint256 value) public returns (bool success)

transfer ფუნქციის მეშვეობით ხდება ტოკენის გადატანა მომხმარებლების ანგარიშებს შორის. თქვენ აგზავნით დანიშნულების მისამართს და გადასარიცხი თანხის ოდენობა. მოთხოვნის მიღების შემდეგ, transfer ააქტიურებს გადარიცხვის პროცესს, რითაც ის მიუთითებს ბლოკჩეინს, რომ დაამატოს ეს მონაცემი ტრანზაქციაში.

transferFrom

function transferFrom(address from, address to, uint256 _value) public returns (bool success)

transferFrom არის transfer-ის ალტერნატივა, რომელიც აუმჯობესებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების პროგრამირებადობის უნარს. transfer-ის მსგავსად, მისი დანიშნულებაა მონეტების გადარიცხვა, თუმცა ეს ტოკენები შეიძლება არ ეკუთვნოდეს ამ კონტრაქტისთვის მოთხოვნის გამგზავნ პირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახელით თანხის გადარიცხვის უფლება მისცეთ სხვა მისამართს (ან კონტრაქტს). ეს ფუნქცია ძირითადად გამოიყენება გამოწერის სერვისებში, სადაც პროგრამა ახდენს რეგულარული გადახდების ავტომატიზაციას, რაც გამორიცხავს თითოეული ტრანზაქციის ხელით განხორციელების საჭიროებას.

approve

function approve(address spender, uint256 value) public returns (bool success)

approve საშუალებას გაძლევთ სმარტ კონტრაქტს დაუწესოთ ლიმიტი თქვენი ბალანსიდან გადასარიცხი ტოკენების ოდენობაზე. ამ ფუნქციის გარეშე, ხარვეზის ან ექსპლოიტის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა სრულად დაკარგოთ თქვენს ბალანსზე არსებული თანხა. მაგალითად, თუ სერვისის გამოწერის ღირებულებაა კვირაში ერთი ტოკენი და თქვენ განსაზღვრეთ ლიმიტი 20 ტოკენის ოდენობით, DApp შეძლებს მაქსიმუმ 20 კვირის გადასახადის დამუშავებას. თუ DApp შეეცდება მეტი ტოკენის გატანას ან კონტრაქტში ბაგი აღმოჩნდება, თქვენ დაკარგავთ მხოლოდ ლიმიტით განსაზღვრულ თანხას.

allowance

function allowance(address owner, address spender) public view returns (uint256 remaining)

allowance გამოიყენება approve ფუნქციასთან ერთად. როდესაც თქვენ კონტრაქტს მისცემთ თქვენი ტოკენების მართვის ნებართვას, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ allowance ფუნქცია, რათა შეამოწმოთ დარჩენილი ლიმიტი. მაგალითად, თუ გამოწერისთვის დაიხარჯა ოცი ტოკენიდან თორმეტი, allowance ფუნქციის პასუხი იქნება რვა.

არასავალდებულო ფუნქციები

ზემოთ მოცემული ფუნქციები სავალდებულოა, ხოლო სახელის, სიმბოლოს და ათწილადის ფუნქციების გამოყენება ნებაყოფლობითია, რომელთა დანიშნულებაა ERC-20 კონტრაქტი გახადოს მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი. შესაბამისად, მათი მეშვეობით შეგიძლიათ დაამატოთ ადამიანისთვის მარტივად დასამახსოვრებელი სახელი, ტიკერის სიმბოლო და განსაზღვროთ, თუ რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს ეს ტოკენი. ტოკენები, რომლებიც ვალუტებს წარმოადგენს, სასურველია უფრო მეტ ნაწილად იყოფოდეს, ვიდრე ის ტოკენები, რომლებიც ფიზიკური აქტივის მფლობელობის მტკიცებულებას წარმოადგენს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ ERC-20 ტოკენებით?

ERC-20-ის ტოკენების მთავარი უპირატესობა მათი მოქნილობაა. სტანდარტის წესები არ ზღუდავს ტოკენის შესაძლებლობებს, რისი წყალობითაც პროექტებს შეუძლიათ დაამატონ საკუთარ საჭიროებაზე მორგებული ფუნქციები და კონკრეტული პარამეტრები. 2025 წელს ERC-20 ტოკენები რამდენიმე კატეგორიის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში გამოიყენებოდა, რომელთა შორისაა სესხების გაცემის და აღების პროტოკოლები, დეცენტრალიზებული ბირჟები და სარგებლის ფარმინგის პლატფორმები.

სტეიბლკოინები

სტეიბლკოინების (ფიატ-ვალუტებზე მიბმული ტოკენების) შესაქმნელად ხშირად გამოიყენება ERC-20 სტანდარტი. ფიატ-ვალუტით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების ემინენტი რეზერვების სახით ინახავს დოლარს, ევროს ან სხვა ვალუტას. თითოეული გამოშვებული ტოკენი შეესაბამება რეზერვში არსებული ვალუტის ერთ ერთეულს. თუ ემინენტის რეზერვის ოდენობაა 10 000 აშშ დოლარი, მას შეუძლია გამოუშვას 10 000 ტოკენი, თითოეული მათგანი ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიცვალოს 1 აშშ დოლარზე. მომხმარებელს შეუძლია ეს ტოკენები დახარჯოს დახარჯვა საქონლის ან სერვისების შესაძენად, გამოიყენოს DApp-ებში ან გაანაღდოს ემინენტთან. განაღდების შემთხვევაში, ემინენტი წვავს დაბრუნებულ ტოკენებს (სამუდამოდ იღებს მიმოქცევიდან) და გასცემს რეზერვებში არსებული ფიატ-ვალუტის შესაბამის ოდენობას.

Governance ტოკენები

Governance ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა საკომისიოების სტრუქტურა, განახლებები და ხაზინის განაწილება. ეს ტოკენები ფართოდ გამოიყენება DeFi პროტოკოლებში და დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებში (DAO-ები). ERC-20 ტოკენების მოქნილობა და სტანდარტული ინტერფეისი იძლევა Governance ტოკენების ბლოკჩეინის ხმის მიცემის სისტემაში მარტივად ინტეგრირების შესაძლებლობას.

ლიკვიდურობის პულის (LP) ტოკენები

აქტივების DeFi ლიკვიდურობის პულში განთავსების სანაცვლოდ მომხმარებელი იღებს LP ტოკენებს, რომლებიც წარმოადგენს მათ წილს პულში. მოგვიანებით ეს ERC-20 ტოკენები შეგიძლიათ უკან გადაცვალოთ საბაზისო აქტივებზე, რასაც დაემატება დაგროვილი საკომისიოები. 2025 წლის მონაცემებით, LP ტოკენები წარმოადგენს DeFi სივრცეში გამოყენებული ERC-20 ტოკენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ტიპს.

Security ტოკენები

კონტრაქტის დონეზე, Security ტოკენების მუშაობის პრინციპი სტეიბლკოინების მსგავსია. განსხვავება მათი გამოშვების დანიშნულებაშია: Security ტოკენები წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა აქციები და ობლიგაციები, ან ფიზიკურ აქტივებს და ხშირად ისინი ბიზნესის ან აქტივის წილის ფლობის მტკიცებულების სახით გამოიყენება. უფრო ახალი სტანდარტები, როგორებიცაა ERC-1400 და ERC-3643, დაფუძნებულია ERC-20 სტანდარტზე, რომელზეც დამატებულია ფასიანი ქაღალდების რეგულაციებთან შესაბამისობისთვის საჭირო ფუნქციები.

Utility ტოკენები

Utility ტოკენები წარმოადგენს ტოკენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ტიპს. აქტივით უზრუნველყოფილი ტოკენებისგან განსხვავებით, ისინი არ არის მიბმული რომელიმე გარე აქტივზე. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თამაშის ვალუტა, დეცენტრალიზებული აპლიკაციების „საწვავი“, ლოიალობის ქულები ან კონკრეტულ სერვისებზე წვდომის ტოკენი.

შესაძლებელია თუ არა ERC-20 ტოკენების მაინინგი?

ether-ის (ETH) გამომუშავება სტეიკინგის მეშვეობით შეგიძლიათ, თუმცა ERC-20 ტოკენების შექმნა მაინინგით არ ხდება. ახალი ტოკენების შექმნის პროცესს დამზადებას ვუწოდებთ. კონტრაქტის გაშვების დროს დეველოპერები საწყის მარაგს ანაწილებენ მათი გეგმების და გრაფიკის მიხედვით. როგორც წესი, ამ პროცესს ეწოდება მონეტის პირველადი შემოთავაზება (ICO), ბირჟის პირველადი შემოთავაზება (IEO) ან Security ტოკენების შემოთავაზება (STO). ინვესტორები ether-ს აგზავნიან კონტრაქტის მისამართზე და სანაცვლოდ იღებენ ახალ ტოკენებს. ჩვეულებრივ, ამ გზით მოზიდული თანხა პროექტის შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენება.

ტოკენების განაწილების პროცესი ყოველთვის ავტომატიზებული არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ქრაუდფანდინგის ღონისძიებების დროს მიიღება სხვადასხვა ტიპის ციფრული ვალუტა, ხოლო ტოკენის მარაგი ნაწილდება მონაწილეების მიერ მითითებულ მისამართებზე.

ERC-20 ტოკენების დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • ჩანაცვლებადობა: ERC-20 ტოკენები ჩანაცვლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ერთეული შეიძლება ჩანაცვლდეს იმავე ტოკენის სხვა ერთეულით. ეს იდეალური ვარიანტია ვალუტებისთვის, სტეიბლკოინებისთვის და governance ტოკენებისთვის, რადგან ამ დროს თითოეულ ტოკენს არ უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური მახასიათებლები.

  • მოქნილობა: ERC-20 ტოკენები შეიძლება მოდიფიცირდეს კონკრეტული დანიშნულებით გამოყენების მიზნით, მაგალითად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს თამაშის ვალუტის სახით, ლოიალურობის პროგრამებში, DeFi ინსტრუმენტებში ან რეალური სამყაროს აქტივების (RWA) რეპრეზენტაციის მიზნით.

  • თავსებადობა: ERC-20-ის პოპულარობა უზრუნველყოფს ამ სტანდარტით შექმნილი ტოკენის თავსებადობას კრიპტო საფულის აპლიკაციებთან, ბირჟებთან და სმარტ კონტრაქტებთან. ამჟამად ხელმისაწვდომია დეველოპერების უამრავი დოკუმენტაცია და ინსტრუმენტი.

უარყოფითი მხარეები

  • მასშტაბირებადობა: Ethereum-ის მთავარ ქსელს შეუძლია წამში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტრანზაქციის დამუშავება, მისმა გადატვირთვამ კი შესაძლოა გამოიწვიოს საკომისიოების გაზრდა და შეფერხებები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენება მე-2 დონის ქსელები, როგორებიცაა Arbitrum, Optimism და zkSync. მათი მეშვეობით, ტრანზაქციების დამუშავება ხდება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ, ხოლო დასრულებული ტრანზაქციები იგზავნება Ethereum-ზე, თუმცა მე-2 დონის ქსელის გამოყენება ართულებს ტოკენის გამოყენებას როგორც ტოკენის ემინენტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

  • თაღლითობები: ERC-20 ტოკენის გაშვების სიმარტივეს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მისი შექმნისთვის მინიმალური ძალისხმევის საჭიროება იმას ნიშნავს, რომ ყალბი პროექტების გაშვება ისეთივე მარტივია, როგორც ლეგიტიმურის. ტოკენის შემოთავაზების აქციებში მონაწილეობამდე ყოველთვის დამოუკიდებლად ჩაატარეთ მოკვლევა (DYOR) და თავად გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს შემოთავაზება რეალური.

ERC-20, ERC-721, ERC-1155 და ERC-404: რა განსხვავებაა მათ შორის?

ERC-20 იყო Ethereum-ის ტოკენის პირველი სტანდარტი და ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე სტანდარტი შეიქმნა, რომელთა დანიშნულება ტოკენის გაუმჯობესება ან მისი განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებაა.

ERC-721 წარმოადგენს არაჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (NFT) შექმნილ სტანდარტს: თითოეულ ტოკენს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი და შეუძლებელია ერთი მათგანის მეორეთი ჩანაცვლება. ERC-721 გამოიყენება ციფრულ ხელოვნებაში, საკოლექციო ნივთების და თამაშში გამოყენებული ნივთების შესაქმნელად, სადაც საჭიროა უნიკალური მახასიათებლები.

ERC-1155 სტანდარტის მეშვეობით, ერთ კონტრაქტში შეიძლება განთავსდეს როგორც ჩანაცვლებადი, ისე არაჩანაცვლებადი ტოკენები. ერთი ERC-1155 კონტრაქტით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ტიპის ტოკენის მართვა, ამიტომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს თამაშების აპლიკაციებში, სადაც გამოიყენება როგორც თამაშის ვალუტა, ისე უნიკალური ნივთები.

ERC-404 წარმოადგენს ექსპერიმენტულ სტანდარტს, რომელიც შეიქმნა 2024 წლის დასაწყისში და მიზნად ისახავდა ERC-20-ის ფრაქციებად გადარიცხვის შესაძლებლობის და ERC-721-ის „ნახევრად ჩანაცვლებადი“ ტოკენების შექმნის უნიკალური ფუნქციის გაერთიანებას. ოფიციალურად ის არ არის აღიარებული, როგორც EIP, ასევე მას არ აქვს მთლიანი ეკოსისტემის მხარდაჭერა, თუმცა მისი შექმნა იმის ილუსტრაციაა, რომ ERC-20 სტრუქტურა კვლავ რჩება ახალი მიდგომების ინსპირაციად.

კიდევ ერთი სტანდარტი, სახელწოდებით ERC-223, მიზნად ისახავს დამატებითი დაცვის მექანიზმების დანერგვას ტოკენების შემთხვევითი გადარიცხვის პრევენციის მიზნით, რაც წარმოადგენს ERC-20-ის საწყისი დიზაინის ნაკლოვანების აღმოფხვრის მცდელობას.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ERC-20 ტოკენი?

ERC-20 ტოკენი წარმოადგენს Ethereum-ის ბლოკჩეინზე შექმნილ ჩანაცვლება ტოკენს, რომელიც მუშაობს ERC-20 ტექნიკური სტანდარტის შესაბამისად. ამ სტანდარტით განსაზღვრულია ექვსი სავალდებულო ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ტოკენის თავსებადობას საფულეებთან, სავაჭრო ბირჟებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან.

რით განსხვავდება ERC-20 ERC-721-ისგან?

ERC-20 ტოკენები ჩანაცვლებადია: ტოკენის თითოეული ერთეული იდენტური და ურთიერთჩანაცვლებადია, რაც იძლევა ამ სტანდარტის ვალუტებისთვის, სტეიბლკოინებისთვის და governance ტოკენებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. ERC-721 ტოკენები კი არაჩანაცვლებადია: თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ციფრული ხელოვნების სფეროში, საკოლექციო საგნების და თამაშში გამოყენებული ნივთების შესაქმნელად, სადაც საჭიროა ინდივიდუალური და უნიკალური მახასიათებლები.

შეიძლება თუ არა ERC-20 ტოკენების მაინინგი?

არა. ERC-20 ტოკენები მზადდება (იქმნება) სმარტ კონტრაქტების გაშვების და არა მაინინგის მეშვეობით. საერთო მარაგი და პირველადი განაწილების გრაფიკი დეველოპერების მიერ განისაზღვრება. როგორც წესი, ახალი ტოკენების განაწილებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მექანიზმები, როგორიცაა ICO, IEO ან ლიკვიდურობის მაინინგის პროგრამები.

რატომ არის საჭირო ERC-20 ტრანზაქციებისთვის ETH?

ERC-20 ტოკენების გადარიცხვები ხორციელდება Ethereum-ის ქსელში. Ethereum-ის ოპერაციებისთვის შესრულებისთვის საჭიროა ტრანზაქციის (ეგრეთწოდებული გაზის) საკომისიოების გადახდა, რომლისთვისაც ETH გამოიყენება. ნული ოდენობის ETH-ის გადარიცხვის შემთხვევაშიც კი საჭიროა, რომ თქვენს საფულეში იყოს გარკვეული ოდენობის ETH, რომელიც დაიხარჯება ტოკენის კონტრაქტთან ურთიერთქმედებისთვის გამოყენებული გაზის საფასურის გადასახდელად.

რისთვის გამოიყენება approve ფუნქცია ERC-20-ში?

approve ფუნქცია ტოკენის მფლობელს საშუალებას აძლევს კონკრეტული მისამართისთვის ან სმარტ კონტრაქტისთვის განსაზღვროს ხარჯვის ლიმიტი. ჩვეულებრივ ეს ფუნქცია DeFi-ში გამოიყენება: პროტოკოლისთვის თქვენს ტოკენებზე ულიმიტო წვდომის უფლების მიცემის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმალური თანხა. კონტრაქტში ბაგის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, თქვენი პოტენციური ზარალი მითითებული თანხით შემოიფარგლება.

შეჯამება

დღეისათვის ERC-20 სტანდარტი წარმოადგენს Ethereum-ზე გაშვებული ჩანაცვლებადი ტოკენების დომინანტურ სტანდარტს. მისი სიმარტივე, თავსებადობა და მოქნილობა საფუძვლად დაედო უამრავი სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინის, governance ტოკენის, DeFi ინსტრუმენტის და utility ტოკენის შექმნას.

Ethereum-ის მთავარი ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა მე-2 დონის ქსელების მეშვეობით. დღეისათვის ახლად გაშვებული DeFi აქტივობების უმეტესობის დამუშავება სწორედ მე-2 დონის ბლოკჩეინზე ხორციელდება. ამავდროულად იქმნება ტოკენის ახალი სტანდარტები, რომლებიც ორიენტირებულია უფრო სპეციალიზებულ დანიშნულებაზე. თავად ERC-20 სტანდარტი უცვლელი რჩება, რადგან ის არის მარტივი, შემოწმებადი სტანდარტი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს Ethereum-ის მთელს ეკოსისტემაში.

დამატებითი მასალები

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.