ტოკენი

ზოგადად, ტოკენები წარმოადგენს ბლოკჩეინებზე რეესტრის ჩანაწერების სახით არსებულ ღირებულების ციფრულ ერთეულებს, რომელთა დამზადება მაინინგის მეშვეობით არ ხდება. 
ტოკენები სხვადასხვა დანიშნულებისაა – ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული ეკოსისტემების კრიპტოვალუტის სახით ან უნიკალური მონაცემების დაშიფვრისთვის (იხილეთ კრიპტო საკოლექციო ნივთებისა და არაჩანაცვლებადი ტოკენების სახელმძღვანელო). გარდა ამისა, ზოგიერთი ტოკენი შესაძლოა გადაიცვალოს off-chain აქტივებზე (მაგ., ოქროზე, ქონებაზე, აქციებზე).
როგორც წესი, ტოკენებს უშვებენ კომპანიები, რისთვისაც ისინი იყენებენ არსებულ მესამე მხარის ბლოკჩეინებს, როგორიცაა Ethereum-ის ბლოკჩეინი. ამის მაგალითია უამრავი ERC-20 ტოკენი, რომელთა გამოშვება და გაყიდვა მოხდა 2017 წელს ICO-ების მეშვეობით. Bitcoin-ის ან ether-ისგან განსხვავებით, ტოკენები არ ითვლება კრიპტოვალუტად, თუმცა ისინი წარმოადგენს ბლოკჩეინზე გაშვებულ ღირებულების ერთეულებს, რომელთა გადარიცხვაც შესაძლებელია. 

არსებობს ტოკენების კლასიფიკაციის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც ტოკენების სხვადასხვა მახასიათებლებზეა დაფუძნებული. კლასიფიკაციის ძირითადი მეთოდი ეფუძნება ტოკენების ფუნქციებს და მათ ყოფს utility ტოკენებად და security ტოკენებად. ზოგადად, utility ტოკენები გვთავაზობს სერვისებზე წვდომას, ან შეიძლება ისინი ეკოსისტემაში გამოყენებულ იქნეს, როგორც გადახდის საშუალება. 

utility ტოკენის მაგალითია BNB, რომელიც ძირითადად გამოიყენება, როგორც ფასდაკლების ტოკენი Binance-ის სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრობის საკომისიოების გადახდის დროს. თუმცა ის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ საქონლის ან სერვისების საფასურის გადასახდელად.

Security ტოკენები ფინანსურ აქტივებს წარმოადგენს. მაგალითად, კომპანიას შეუძლია ICO-ს მეშვეობით გამოუშვას ტოკენიზებული აქციები, რომლებიც მათ მფლობელებს სთავაზობს საკუთრების უფლებებსა და დივიდენდებს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს პროცესი აქციების გამოშვების ტრადიციული პროცესის ანალოგიურია.

არსებობს კლასიფიკაციის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ტოკენებს ყოფს ჩანაცვლებად და არაჩანაცვლებად ტოკენებად. თუ ერთდოლარიან ბანკნოტს გადაცვლით სხვა ერთდოლარიან ბანკნოტზე, თქვენი თანხის ოდენობა არ შეიცვლება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ბანკნოტს ფლობთ, მათი დანიშნულება ერთი და იგივეა. მეორე მხრივ, თქვენ არ შეგიძლიათ ერთი უნიკალური ხელოვნების ნიმუში მეორეთი ჩაანაცვლოთ.
ანალოგიური პრინციპი გამოიყენება ტოკენებთან მიმართებით. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, თუ BNB-ის რომელ ერთეულს ფლობთ. ისინი ყველა ურთიერთჩანაცვლებადია. თუმცა ისეთ ტოკენს, როგორიცაა CryptoKitty, აქვს უნიკალური მახასიათებელი, შესაბამისად ის განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებს.