მთავარი დეტალები
Binance გთავაზობთ თანხის შეტანის სხვადასხვა ვარიანტს, როგორიცაა Binance P2P, კრიპტოს შეძენა ნაღდი ფულით, კრიპტო დეპოზიტები და საბანკო გადარიცხვები.
მომხმარებლებს შეუძლიათ Binance-იდან თანხა კრიპტო ან ფიატ ვალუტის სახით გაიტანონ. თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული საფეხურებისა და უსაფრთხოების ვერიფიკაციის გავლაა საჭირო.
ყოველთვის გადაამოწმეთ შეყვანილი დეტალები, როგორიცაა თანხის შეტანისთვის შერჩეული ქსელი და თანხის გატანისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები, რათა თავიდან აირიდოთ თანხის შემთხვევითი დაკარგვა.
შესავალი
როდესაც საქმე კრიპტოს ეხება, თანხის შეტანა და გატანა შესაძლოა საკმაოდ დამაბნეველ პროცესებად მოგვეჩვენოს. ბევრ მომხმარებელს უჭირს თანხის შეტანის/გამოტანის სხვადასხვა ვარიანტისა და უსაფრთხოების ზომების გააზრება, რაც ხშირად თანხის შემთხვევით დაკარგვას იწვევს.
ამ სტატიაში განვიხილავთ Binance-ზე ხელმისაწვდომ თანხის შეტანისა და გატანის ვარიანტებს. შეიტყობთ, თუ როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა Binance P2P-ის, საბანკო დეპოზიტის და კრიპტოს დეპოზიტის მეშვეობით და როგორ შეიძინოთ კრიპტო ნაღდი ფულით. გარდა ამისა, გაიგებთ, თუ როგორ უნდა გაიტანოთ Binance-იდან როგორც ფიატ ისე კრიპტო ვალუტები, ყოველგვარი სირთულის გარეშე.
როგორ ხდება Binance-ზე თანხის შეტანა?
Binance მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიტანონ თანხა Binance P2P-ის, კრიპტოს ნაღდი ფულით შეძენის, კრიპტო დეპოზიტის და საბანკო დეპოზიტის მეშვეობით. მოდით სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მეთოდის მუშაობის პრინციპი.
როგორ შევიტანოთ თანხა Binance P2P-ის მეშვეობით:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე [დეპოზიტი] და აირჩიეთ [P2P ვაჭრობა].
2. აირჩიეთ კრიპტოვალუტა, რომლის შეძენაც გსურთ, ვალუტა, რომლითაც შეიძენთ მას და გადახდის მეთოდი, რომელსაც გამოიყენებთ.
3. დაათვალიერეთ ხელმისაწვდომი გამყიდველების ჩამონათვალი, შეამოწმეთ მათი ტარიფები და პირობები.
4. აირჩიეთ გამყიდველი და მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციებს გადახდის შეთანხმებული მეთოდით განხორციელებისთვის.
5. მას შემდეგ, რაც გამყიდველი დაადასტურებს თანხის მიღებას, კრიპტოვალუტა აისახება თქვენს Binance-ის საფულეში.
როგორ შევიძინოთ კრიპტო ნაღდი ფულით Binance-ზე:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე [დეპოზიტი] და აირჩიეთ [კრიპტოს შეძენა].
2. მიუთითეთ კრიპტოვალუტა, რომლის შეძენაც გსურთ, ვალუტა, რომლითაც შეიძენთ მას და თანხა, რომლის დახარჯვაც გსურთ.
3. აირჩიეთ სხვადასხვა გადახდის მეთოდიდან ერთ-ერთი, როგორიცაა საკრედიტო/სადებეტო ბარათები ან მესამე მხარის გადახდის სერვისების პროვაიდერები.
4. თუ თანხის შეტანა საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებით გსურთ, საჭიროა თქვენი ბარათის დეტალების მითითება, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე [ახალი ბარათის დამატება] და შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია.
5. შემდეგ კი მიჰყევით ინსტრუქციებს ტრანზაქციის დასასრულებლად. შეძენილი კრიპტო დაირიცხება თქვენს Binance-ის საფულეში.
როგორ შევიტანოთ კრიპტო Binance-ზე:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე [დეპოზიტი] და აირჩიეთ [კრიპტოს შეტანა].
2. აირჩიეთ კრიპტოვალუტა, რომლის შეტანაც გსურთ.
3. აირჩიეთ თანხის შეტანის ქსელი და დარწმუნდით, რომ ის ემთხვევა იმ ქსელს, რომლიდანაც კრიპტოს გზავნით.
4. დააკოპირეთ Binance-ის მიერ მოწოდებული დეპოზიტის მისამართი.
5. გადადით პლატფორმაზე, რომელზეც თქვენი კრიპტო ინახება, ჩასვით Binance-ის დეპოზიტის მისამართი და დაიწყეთ გადარიცხვა.
როგორ შევიტანოთ თანხა Binance-ზე საკუთარი საბანკო ანგარიშიდან:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე [დეპოზიტი] და აირჩიეთ [საბანკო დეპოზიტი].
2. აირჩიეთ ფიატ ვალუტა, რომლის შეტანაც გსურთ და აირჩიეთ საბანკო გადარიცხვის მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი.
3. შეიყვანეთ თანხის ოდენობა, რომლის შეტანაც გსურთ.
4. შეასრულეთ გადარიცხვა თქვენი საბანკო ანგარიშიდან Binance-ის მიერ მოწოდებული საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით. დარწმუნდით, რომ თქვენს საბანკო ანგარიშზე მითითებული სახელი და გვარი ემთხვევა თქვენ მიერ Binance-ის ანგარიშის შექმნისას მითითებულ სახელს და გვარს.
როგორ გავიტანოთ თანხა Binance-იდან?
Binance მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიტანონ თანხა კრიპტო ან ფიატ ვალუტის სახით. მოდით სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ვარიანტის მუშაობის პრინციპი.
როგორ გავიტანოთ კრიპტო Binance-იდან:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, მოათავსეთ კურსორი ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ანგარიშის ხატულაზე და აირჩიეთ [აქტივები].
2. დააწკაპუნეთ ღილაკზე [გატანა] და აირჩიეთ კრიპტოვალუტა, რომლის გატანაც გსურთ.
3. შეიყვანეთ მისამართი, სადაც კრიპტოს გაგზავნა გსურთ და აირჩიეთ სწორი ქსელი. მიუთითეთ გასატანი თანხის ოდენობა.
4. თანხის გატანის დეტალების გადამოწმების შემდეგ გაიარეთ უსაფრთხოების ვერიფიკაცია, მაგალითად ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA). Binance ასევე გამოგიგზავნით დადასტურების ელ. წერილსაც. დააწკაპუნეთ აღნიშნულ ელ. წერილში მოცემულ ბმულზე თანხის გატანის დასასრულებლად.
როგორ გავიტანოთ ფიატ ვალუტა Binance-იდან:
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, მოათავსეთ კურსორი ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ანგარიშის ხატულაზე და აირჩიეთ [აქტივები].
2. დააწკაპუნეთ ღილაკზე [გატანა] და გახსნილ გვერდზე აირჩიეთ [ფიატის გატანა].
3. აირჩიეთ ფიატ ვალუტა, რომლის გატანაც გსურთ (მაგ., USD, EUR).
4. აირჩიეთ გატანის მეთოდი. Binance გატანის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ, როგორიცაა SWIFT, SEPA და სხვა, თქვენი რეგიონის მიხედვით.
5. შეიყვანეთ თქვენი საბანკო დეტალები, მათ შორის თანხის ოდენობა, რომლის გატანაც გსურთ. მიჰყევით ინსტრუქციებს საჭირო ინფორმაციის შესაყვანად.
6. გადახედეთ გატანის დეტალებს, დაადასტურეთ ისინი და გაიარეთ უსაფრთხოების ყველა სავალდებულო შემოწმება.
7. არჩეული მეთოდიდან გამომდინარე, თანხის გატანის დამუშავებას შესაძლოა რამდენიმე წუთი ან რამდენიმე დღე დასჭირდეს.
შეჯამება
ხელმისაწვდომი ვარიანტების ნახვისა და გააზრების შემდეგ Binance-ზე თანხის შეტანა და გატანა მარტივ პროცესად მოგეჩვენებათ. შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა P2P ვაჭრობის, კრიპტოს ნაღდი ფულით შეძენის, საბანკო გადარიცხვების ან კრიპტოს პირდაპირი დეპოზიტის მეშვეობით. თანხის გატანის ორი ვარიანტი გაქვთ - გაიტანოთ კრიპტო ბლოკჩეინის კონკრეტულ მისამართზე ან გაიტანოთ ფიატი თქვენს საბანკო ანგარიშზე.
ყოველთვის გადაამოწმეთ ყველა შეყვანილი დეტალი და მიჰყევით ოფიციალურ ინსტრუქციებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი და თავიდან აიცილოთ თანხების შემთხვევითი დაკარგვა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.