TL;DR
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) გახლავთ უსაფრთხოების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ანგარიშზე ან სისტემაზე წვდომის მოსაპოვებლად მომხმარებლებმა უნდა გაიარონ ორი სხვადასხვა ტიპის ვერიფიკაცია.
როგორც წესი, ეს ფაქტორები გახლავთ მხოლოდ მომხმარებლისთვის ცნობილი ინფორმაცია (პაროლი) და მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ერთეული (სმარტფონით გენერირებული ერთჯერადი კოდი), ამ პროცესით ხდება უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფა არაავტორიზებული წვდომის წინააღმდეგ.
2FA-ის ტიპებია SMS კოდები, ავთენტიფიკაციის აპლიკაციები, აპარატურული გასაღებები (YubiKey), ბიომეტრიული მონაცემები (მაგალითად თითის ანაბეჭდით, ან სახით ამოცნობა) და ელ. ფოსტაზე მიღებული კოდები.
2FA მექანიზმი აუცილებელია თქვენი ფინანსური და საინვესტიციო ანგარიშების, მათ შორის, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ანგარიშების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
შესავალი
ონლაინ უსაფრთხოების ეფექტური სისტემის მნიშვნელობა უფრო და უფრო იმატებს, განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც ჩვენი ცხოვრება თანდათან უფრო ეჯაჭვება ონლაინ სივრცეს. ჩვენ მუდმივად შეგვყავს ჩვენი პირადი მონაცემები, იქნება ეს მისამართი, ტელეფონის ნომერი, ID ბარათის, თუ საკრედიტო ბარათის ინფორმაცია, მრავალ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.
მიუხედავად ამისა, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი საშუალება, ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლია, რაც, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, არც ისე ეფექტური საშუალებაა ჰაკერების თავდასხმებისა და მონაცემთა ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლისას. სწორედ ამიტომ გახლავთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური საშუალება მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეტად ეფექტური საშუალება, რომელიც ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე სტანდარტული პაროლისა და მომხმარებლის სახელის მოდელი. მისი მეშვეობით ხდება უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფა: დამატებითი ბარიერის, რომელიც ონლაინ სივრცეში თქვენი მოღვაწეობის არეალის გარშემო აგებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბარიერებს ბევრად უფრო რთულად დასაძლევს ხდის.
თავისი არსით, 2FA არის ფარი, რომელიც ჩვენს ონლაინ საქმიანობასა და პოტენციურ მავნებლური სქემებით მოქმედ ძალებს შორის დგას, რომლებიც ამ ბარიერების გადალახვას და თქვენამდე მოღწევას ცდილობენ.
რა არის 2FA ავთენტიფიკაცია?
2FA გახლავთ მრავალ დონიანი უსაფრთხოების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, სისტემაზე წვდომის მოსაპოვებლად, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ვინაობის ვერიფიკაცია. ტრადიციული, მომხმარებლის სახელისა და პაროლის მოდელისგან განსხვავებით, 2FA-ს ფარგლებში ხდება უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფა - მომხმარებლებს ევალებათ ორი სხვადასხვა ტიპის საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა:
1. მხოლოდ მომხმარებლისთვის ცნობილი ინფორმაცია
როგორც წესი, ეს გახლავთ მომხმარებლის პაროლი, საიდუმლო კომბინაცია, რომელიც მხოლოდ მომხმარებელმა უნდა იცოდეს. ის ითავსებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირველი დონის როლს, მომხმარებლის ციფრული იდენტობის დასაცავად.
2. მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ერთეული
მეორე ფაქტორი გახლავთ გარე ელემენტი, რომელსაც ფლობს მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე მომხმარებელი. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური მოწყობილობა (მაგალითად სმარტფონი, ან ისეთი აპარატურული გასაღებები, როგორიცაა YubiKey, RSA SecurID ტოკენები და Titan-ის უსაფრთხოების გასაღები), ავთენტიფიკაციის აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი, ან ბიომეტრიული მონაცემები (მაგალითად თითის ანაბეჭდით, ან სახით ამოცნობა).
2FA-ს ჯადოსნურობა მდგომარეობს სწორედ ამ ორი ფაქტორის კომბინაციაში, რითაც იქმნება ეფექტური უსაფრთხოების მექანიზმი არაავტორიზებული წვდომის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მავნებლური სქემით მოქმედი პირი მოახერხებს თქვენი პაროლის მოპოვებას, ის სისტემაში შესვლას ვერ მოახერხებს მეორე ტიპის ფაქტორის გარეშე.
ეს ორსაფეხურიანი მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის თავდამსხმელების წინააღმდეგ შექმნილი ბარიერის ეფექტურობას და უფრო მეტად ართულებს მომხმარებლის უსაფრთხოების ხელყოფას.
რისთვის არის საჭირო 2FA ავთენტიფიკაცია?
დიდი ხანია, რაც პაროლების სისტემა ავტორიზაციის მეთოდის სახით გამოიყენება და საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა, უსაფრთხოების ამ, ერთი შეხედვით ეფექტურ საშუალებას საკმაოდ ბევრი ხარვეზი ახასიათებს. ისინი შესაძლოა არც ისე ეფექტური იყოს სხვადასხვა ტიპის თავდასხმის წინააღმდეგ, მათ შორისაა უხეში ძალის მეთოდი, სადაც თავდამსხმელს სისტემატურად შეყავს პაროლის სხვადასხვა კომბინაცია, მანამ, სანამ წვდომას არ მოიპოვებს.
გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ არჩეული პაროლები ხშირ შემთხვევაში სუსტი, ან მარტივად გამოსაცნობია, რაც კიდევ უფრო მეტ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე. მონაცემთა ხელყოფისა და უხეში ძალის მეთოდით მოპოვებული პაროლების სხვადასხვა ონლაინ სერვისების ფარგლებში გაზიარების შემთხვევების ზრდა კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ პაროლების სისტემა არც თუ ისე საიმედო უსაფრთხოების მექანიზმია.
მსგავსი შემთხვევა არც ისე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა, როდესაც განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა Ethereum-ის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის X-ის ანგარიშზე (ყოფილი Twitter), სადაც მოხდა ფიშინგის მავნებლური ბმულის გამოქვეყნება, რასაც მოყვა მომხმარებლების კრიპტო საფულეებიდან დაახლოებით $700,000-ის მითვისება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერული თავდასხმის სპეციფიკა დღემდე უცნობია, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წვდომის შეზღუდვის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის სრულიად მდგრადი ჰაკერული თავდასხმების მიმართ, 2FA მნიშვნელოვნად ზღუდავს არაავტორიზებული პირების თქვენს ანგარიშებზე წვდომას.
სად არის შესაძლებელი 2FA ავთენტიფიკაციის გამოყენება?
2FA ავთენტიფიკაცია ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
1. ელ. ფოსტის ანგარიშები
შემოსული შეტყობინებების საქაღალდის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 2FA-ის გამოყენება რეკომენდებულია ისეთი წამყვანი ელ. ფოსტის პროვაიდერების მიერ, როგორიცაა Gmail, Outlook და Yahoo.
2. სოციალური ქსელები
საკუთარი პროფილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლებს 2FA-ს გამოყენებისკენ მოუწოდებენ ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორიცაა Facebook, X (ყოფილი Twitter) და Instagram.
3. ფინანსური სერვისები
ბანკები და საფინანსო დაწესებულებები ხშირად იყენებენ 2FA-ს ონლაინ ბანკინგისთვის, თქვენი ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
4. ელექტრონული კომერცია
ონლაინ ვაჭრობის ისეთი პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon და eBay, 2FA გამოიყენება თქვენი გადახდის ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
5. სამუშაო ადგილი და ბიზნესი
უამრავი კომპანია იყენებს 2FA-ს კონფიდენციალური კორპორატიული მონაცემებისა და ანგარიშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2FA ავთენტიფიკაციის მეთოდი თანდათან უფრო ფართოდ გავრცელებული და შეუცვლელი ხდება, მისი მეშვეობით ხდება უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფა ონლაინ სივრცის მრავალ სხვადასხვა ასპექტზე.
2FA-ს სხვადასხვა ტიპი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები
არსებობს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) სხვადასხვა ტიპი, თითოეულ მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.
1. მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე დაფუძნებული 2FA
მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე დაფუძნებული 2FA-ს ფარგლებში ხდება ერთჯერადი კოდის მიღება მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, თქვენ მიერ დარეგისტრირებულ მობილურ ტელეფონზე, პაროლის შეყვანის შემდეგ.
ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მარტივად ხელმისაწვდომია, რადგან თითქმის ყველა ფლობს ისეთ მობილურ ტელეფონს, რომელზეც შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინების მიღება. გარდა ამისა, მისი გამოყენება მარტივია, რადგან არ არის საჭირო დამატებითი აპარატურის ან აპლიკაციების გამოყენება.
თუმცა, ამ ყველაფრის მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ ვერიფიკაციის ეს ტიპი არ არის მდგრადი ისეთი თავდასხმების მიმართ, რომლის ფარგლებშიც ხდება SIM ბარათების გადაცვლა, როდესაც თავდამსხმელი მიითვისებს თქვენს ტელეფონის ნომერს და მოიპოვებს წვდომას თქვენს მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე. გარდა ამისა, ამ ტიპის 2FA-ის ეფექტურობა დამოკიდებულია ფიჭურ ქსელებზე, რადგან მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღება შესაძლოა დაგვიანდეს, ან ვერ მოხერხდეს ქსელის არასათანადო დაფარვის არეალში.
2. 2FA ავთენტიფიკაციის აპლიკაციებით
ისეთ ავთენტიფიკაციის აპლიკაციებზე, როგორიცაა Google Authenticator და Authy, იქმნება დროში შეზღუდული ერთჯერადი პაროლები (OTP-ები), ინტერნეტ-კავშირის საჭიროების გარეშე.
ამ მეთოდის უპირატესობები მდგომარეობს იმაში, რომ წვდომის მოპოვება შესაძლებელია ოფლაინ რეჟიმში, რადგან ეს აპლიკაციები მუშაობს ინტერნეტ-კავშირის გარეშეც. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ რამდენიმე ანგარიშის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აპლიკაციაში შესაძლებელია OTP-ების სხვადასხვა ანგარიშისთვის გენერირება.
ამ მეთოდის უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ საჭიროა პარამეტრების განსაზღვრა და დაყენება, რაც ოდნავ უფრო რთული პროცესია მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე დაფუძნებულ 2FA-სთან შედარებით. გარდა ამისა, ამ მეთოდის გამოყენება არ არის შესაძლებელი ნებისმიერი ტიპის მოწყობილობით, რადგან საჭიროა აპლიკაციის ჩამოტვირთვა თქვენს სმარტფონში, ან სხვა მოწყობილობაზე.
3. 2FA აპარატურული გასაღებებით
აპარატურული გასაღებები გახლავთ ფიზიკური მოწყობილობები, რომლითაც ხდება OTP-ის გენერირება. მათ შორის, ზოგიერთი ყველაზე პოპულარული გასაღებია YubiKey, RSA SecurID ტოკენები და Titan-ის უსაფრთხოების გასაღები.
ეს აპარატურული გასაღებები, როგორც წესი, კომპაქტური და პორტატულია და წააგავს გასაღების საკიდს, ან USB მოწყობილობას. მომხმარებლებმა მუდმივად თან უნდა იქონიონ ისინი და გამოიყენონ ავთენტიფიკაციისთვის.
მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ გააჩნიათ უსაფრთხოების უმაღლესი დონე, რადგან ფუნქციონირებენ ონლაინ და შესაბამისად, არ არსებობს ონლაინ თავდასხმების რისკიც. როგორც წესი, ამ გასაღებების ბატარეა მეტად მძლავრია და რამდენიმე წლის განმავლობაში ძლებს.
მათი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ საჭიროა მომხმარებლების მიერ მათი შეძენა, რაც შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, შესაძლებელია ამ მოწყობილობების დაკარგვა, ან დაზიანება, რაც შემდგომში მათ ჩანაცვლებას მოითხოვს.
4. 2FA ბიომეტრიული მონაცემებით
2FA-ის ბიომეტრიული მონაცემებით გავლისას, ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა ისეთი უნიკალური ფიზიკური მონაცემების წარდგენა, როგორიცაა თითის ანაბეჭდი, ან სახით ამოცნობა.
მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილია სიზუსტის მაქსიმალური დონე და მარტივია გამოსაყენებლად. შესაბამისად, ამ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომელთაც კოდების დამახსოვრება არ სურთ, ან უჭირთ.
პოტენციური რისკები მოიცავს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემების ბოროტად გამოყენება, რის თავიდან ასაცილებლადაც, საჭიროა ამ მონაცემების უსაფრთხო და დაცულ ადგილას შენახვა. გარდა ამისა, ბიომეტრიულ სისტემებში ზოგჯერ ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები და შეცდომებიც.
5. ელ. ფოსტაზე დაფუძნებული 2FA
ელ. ფოსტაზე დაფუძნებული 2FA-ის ფარგლებში ხდება ერთჯერადი კოდის მიღება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. ეს მეთოდი ნაცნობია მომხმარებელთა უმეტესობისთვის და არ არის საჭირო რაიმე დამატებითი აპლიკაცია, ან მოწყობილობა. თუმცა, ამ მეთოდის ფარგლებში, უსაფრთხოების ხელყოფა ხდება ელ. ფოსტის გატეხვის შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში, გვიანდება ელ. წერილის მოსვლაც.
როგორ უნდა ავირჩიოთ 2FA-ის სწორი ტიპი?
2FA-ის მეთოდის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უსაფრთხოების საჭირო დონე, მოხერხებულობა მომხმარებლისთვის და გამოყენების კონკრეტული შემთხვევა.
ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭიროა უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფა, მაგალითად საფინანსო ანგარიშებთან, ან კრიპტო ბირჟის ანგარიშებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას, უპირატესობა ენიჭება ავთენტიფიკაციის აპლიკაციებს.
ისეთ შემთხვევებში, სადაც აუცილებელია გარკვეული წვდომის მოპოვება, უფრო მოსახერხებელი მეთოდია მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე დაფუძნებული 2FA ან ელ. ფოსტაზე დაფუძნებული 2FA. ამ პროცესის ბიომეტრიული მონაცემების მეშვეობით გავლა შესანიშნავი ვარიანტია, თუ იყენებთ სენსორულ მოწყობილობებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში კონფიდენციალურობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს.
2FA-ს პარამეტრების განსაზღვრის დეტალური გზამკვლევი
მოდით გადავხედოთ, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) სხვადასხვა პლატფორმაზე გააქტიურების მთავარ საფეხურებს. ეს საფეხურები სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვანაირია, თუმცა პროცესი ძირითადად ერთიდაიმავე პრინციპით მიმდინარეობს.
1. აირჩიეთ 2FA-ის თქვენთვის სასურველი მეთოდი
თქვენ მიერ შერჩეული პლატფორმიდან და თქვენი პრეფერენციებიდან გამომდინარე, უნდა აირჩიოთ 2FA მეთოდი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ თქვენ, იქნება ეს მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე, ავთენტიფიკაციის აპლიკაციაზე, აპარატურულ გასაღებზე დაფუძნებული, თუ სხვა ტიპის ავთენტიფიკაცია. თუ ავთენტიფიკაციის აპლიკაციის ან აპარატურული გასაღების გამოყენებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში საჭირო იქნება მათი შეძენა და დაინსტალირება.
2. გაააქტიურეთ 2FA თქვენი ანგარიშის პარამეტრებში
გაიარეთ ავტორიზაცია იმ პლატფორმაზე ან სერვისზე, რომელზეც გსურთ 2FA-ს გააქტიურება, შემდეგ გადადით თქვენი ანგარიშის პარამეტრებში, ან უსაფრთხოების პარამეტრებში. იპოვეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ფუნქცია და გაააქტიურეთ ის.
3. აირჩიეთ სარეზერვო ასლის შექმნის მეთოდი
პლატფორმების უმეტესობა გთავაზობთ სარეზერვო ასლის შექმნის ფუნქციებს, ისეთი შემთხვევებისთვის, თუ დაკარგავთ წვდომას თქვენს ძირითად 2FA მეთოდზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეზერვო ასლის შექმნის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სარეზერვო კოდები ან მეორეული ავთენტიფიკაციის აპლიკაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. პარამეტრების განსაზღვრის დასადასტურებლად, მიჰყევით პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუქციებს
მიჰყევით თქვენ მიერ არჩეული 2FA მეთოდის პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუქციებს. როგორც წესი, ეს პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ავთენტიფიკაციის აპლიკაციის მეშვეობით QR კოდის დასკანერება, თქვენი ტელეფონის ნომრის მიბმა მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე დაფუძნებული 2FA-ს შემთხვევაში, ან აპარატურული გასაღების დარეგისტრირება. პარამეტრების განსაზღვრის პროცესის ბოლო საფეხურია თქვენ მიერ არჩეული 2FA-ის მეთოდით მიღებული ვერიფიკაციის კოდის შეყვანა.
5. შეინახეთ სარეზერვო კოდები
სარეზერვო კოდის მიღების შემთხვევაში, შეინახეთ ისინი უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ადგილას, უმჯობესია ოფლაინ სივრცეში. შეგიძლიათ ამობეჭდოთ, ან ჩაიწეროთ ისინი და შეინახოთ დალუქულ საცავში, ან უსაფრთხოდ შეინახოთ ისინი პაროლების მენეჯერში. ამ კოდების გამოყენება დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავთ წვდომას თქვენს ძირითად 2FA მეთოდზე.
2FA-ს პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელია მისი ეფექტურად გამოყენება, შესაძლო შეფერხებებისა და ხარვეზების თავიდან არიდება და თქვენი სარეზერვო კოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რჩევები 2FA-ს ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით
თქვენ მიერ არჩეული 2FA-ს პარამეტრების განსაზღვრა თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხოლოდ საწყისი ეტაპია. მათი გამოყენებისას უნდა გამოიყენოთ საუკეთესო შესაძლო პრაქტიკა.
ეს მოიცავს თქვენ მიერ არჩეული ავთენტიფიკაციის აპლიკაციის რეგულარულად განახლებას, 2FA-ს გააქტიურებას ნებისმიერ შესაძლო ანგარიშზე, თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებზე უსაფრთხოების საჭირო დონის ხელყოფის თავიდან არიდების მიზნით და ძლიერი, უნიკალური პაროლების გამოყენებას.
გარდა ამისა, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე პოტენციურ ხარვეზებთან და შეცდომებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს იმ ფაქტების გათვალისწინებას, რომ არასდროს არავის უნდა გაუზიაროთ თქვენი OTP-ები, უნდა უფრთხილდეთ ფიშინგის თაღლითურ სქემებს და ყოველთვის უნდა შეამოწმოთ მიღებული მოთხოვნების ავთენტურობა.
2FA-სთვის გამოყენებული მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეზღუდოთ წვდომა მასზე და განაახლოთ თქვენი 2FA-ის პარამეტრები ნებისმიერ შესაბამის ანგარიშზე.
შეჯამება
ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეს სტატია გვასწავლის, გახლავთ ის, რომ 2FA არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.
უსაფრთხოების ხელყოფის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა და ჩვენ მიერ ყოველდღიურად განცდილი თანმდევი დანაკარგი კარგი შეხსენებაა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გააქტიურება ჩვენს ნებისმიერ შესაბამის ანგარიშზე. ეს აუცილებელია თქვენი ფინანსური და საინვესტიციო ანგარიშების, მათ შორის, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ანგარიშების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ასე რომ, მიდით თქვენს კომპიუტერთან, აიღეთ ტელეფონი ან შეიძინეთ აპარატურული გასაღები და დააყენეთ თქვენი 2FA ახლავე. ეს არის საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ციფრული უსაფრთხოების დონე და უზრუნველყოთ თქვენი ფასეული აქტივების უსაფრთხოება.
თუ უკვე დაყენებული გაქვთ 2FA, არ დაგავიწყდეთ, რომ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა დინამიური პროცესია. მუდმივად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და ახალი ტიპის თავდასხმები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოთ ინფორმირებული მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე.
დამატებითი საკითხავი
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული 5 ყველაზე გავრცელებული თაღლითობა და როგორ ავირიდოთ თავიდან ისინი
Bitcoin-თან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული თაღლითობის ტიპები და როგორ ავიცილოთ თავიდან ისინი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.