მთავარი დეტალები
კრიპტოვალუტის სფეროში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ პრობლემის მოსაგვარებლად ბანკთან დაკავშირებას.
ონლაინ მუშაობისას კონფიდენციალურობის დაცვა დაგეხმარებათ ჰაკერული თავდასხმების რისკის შემცირებაში.
ძლიერი პაროლები, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და თაღლითობების შესახებ ინფორმაციის ფლობა წარმოადგენს სათანადო კრიპტო უსაფრთხოების საფუძველს.
პირადი გასაღებების ოფლაინ შენახვა თქვენი აქტივების დაცვის ყველაზე საიმედო გზას წარმოადგენს.
უსაფრთხოება არა ერთჯერადი მოქმედება, არამედ უწყვეტი პროცესია.
შესავალი
კრიპტოვალუტები გვთვაზობს ფინანსურ თავისუფლებას და ახალ შესაძლებლობებზე წვდომას, თუმცა ამ დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მომხმარებელს ეკისრება. ტრადიციული ბანკინგისგან განსხვავებით, სადაც ინსტიტუტებს შეუძლიათ ყალბი ტრანზაქციების გაუქმება და დეპოზიტების დაზღვევა, კრიპტოვალუტის ტრანზაქციები შეუქცევადია და თქვენი თანხების უსაფრთხოება მხოლოდ თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული.
ქვემოთ მოცემულია სამი პრინციპი, რომლებიც კრიპტო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს: უზრუნველყავით თქვენი კონფიდენციალურობა, დაიცავით თავი გარე საფრთხეებისგან და თავად მართეთ თქვენი აქტივები. ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს სამი რჩევა, რაც დაგეხმარებათ თქვენი აქტივების უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
უზრუნველყავით თქვენი კონფიდენციალურობა
ინფორმაცია ინტერნეტში ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომ თქვენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი მონაცემი შეიძლება არასასურველ პირებს ჩაუვარდეთ ხელში. კრიტო თავდასხმების უმეტესობის სამიზნეს ფართო აუდიტორია წარმოადგენს. თაღლითობების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი უყურადღებო ან არაინფორმირებული ადამიანი, თუმცა თუ თქვენ გაავრცელებთ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ოდენობის აქტივებს ფლობთ, შეიძლება აღმოჩნდეთ უფრო ფოკუსირებული და დახვეწილი თავდასხმების სამიზნე.
ჩვევები, რომლებიც კონფიდენციალურობის დაცვაში დაგეხმარებათ:
თუ აპირებთ სოციალური მედიის ან საჯარო ფორუმების მეშვეობით გაავრცელოთ ვაჭრობის დროს მიღწეული წარმატებები ან ინფორმაცია თქვენი პორტფოლიოს ბალანსის შესახებ, შესაბამისად შეცვალეთ თქვენი ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრები, რათა თავიდან აიცილოთ საჭიროზე მეტი ინფორმაციის გაზიარება.
არ გამოიყენოთ ერთი საფულის მისამართი რამდენჯერმე. მისამართის მრავალჯერადი გამოყენება თაღლითებს გაუმარტივებს თქვენი ტრანზაქციის ისტორიის შესწავლას და თქვენი ჰოლდინგების ოდენობის განსაზღვრას.
მოერიდეთ თქვენი ონლაინ იდენტობის დაკავშირებას თქვენი საფულის აქტივობებთან.
თქვენს ჰოლდინგებთან დაკავშირებული საკითხების სხვა პირებთან განხილვის დროს გამოიყენეთ დაშიფრული კომუნიკაციის აპლიკაციები.
იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში: თქვენ მიერ დღეს გაზიარებული ინფორმაცია შესაძლოა აქტუალური წლების შემდეგ გახდეს, რადგან თქვენი აქტივების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
დაიცავით თავი
კრიპტო მომხმარებლებს და ტრადიციული ბანკების კლიენტებს თითქმის ერთი და იმავე საფრთხეებთან უწევთ გამკლავება, თუმცა კრიპტო სფეროში დაცვის მექანიზმები გაცილებით ნაკლებია. რადგან ქსელში დადასტურების შემდეგ ტრანზაქციის გაუქმება შეუძლებელია, ერთმა შეცდომამ ან წარმატებულმა თავდასხმამ შესაძლოა შეუქცევადი ზარალი გამოიწვიოს.
იცნობდეთ საფრთხეებს
გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს ფიშინგის შეტევები, რა არის keylogger და რომლებია ყველაზე გავრცელებული კრიპტო თაღლითობები. ამ საფრთხეების შესწავლა თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
დაიცავით თქვენი ანგარიშები
თითოეული ანგარიშისთვის გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლი. პაროლების გენერირებისა და შენახვისთვის გამოიყენეთ პაროლების მენეჯერი.
ყველა ანგარიშზე გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA). ავთენტიფიკატორი აპლიკაციები (როგორიცაა Google Authenticator ან Authy) გაცილებით მაღალი დონის უსაფრთხოებას გთავაზობთ, ვიდრე SMS-ზე დაფუძნებული 2FA მეთოდი, რომელიც დაუცველია SIM-სვოპინგის ტიპის შეტევებისგან.
რეგულარულად განაახლეთ თქვენი მოწყობილობები. ოპერაციულინ სისტემის და აპლიკაციის განახლებების მეშვეობით ხდება ხარვეზების გამოსწორება და თავდამსხმელებისგან დაცვის დონის გაუმჯობესება.
გამოიყენეთ უახლესი ანტივირუსი და ანტიმალვეარი და რეგულარულად ჩაატარეთ მოწყობილობების სკანირება.
დაიცავით თავი საკუთარი შეცდომებისგან
კრიპტოს დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ადამიანური შეცდომებია. თანხის გაგზავნამდე ყოველთვის გადაამოწმეთ საფულის მისამართი. აღდგენის ფრაზის ჩაწერისას დაუკვირდით თითოეულ სიმბოლოს. გაიხსენეთ ძველი ანდაზა: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. დაუთმეთ შემოწმებას რამდენიმე წამი, რაც შეუქცევადი ზარალის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თავად შეასრულეთ ბანკირის ფუნქცია
კრიპტოს ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს თვითმეურვეობა წარმოადგენს: პირველად ისტორიაში, ციფრული აქტივების მართვა ფიზიკური ფულის მსგავსად, შუამავალი ორგანიზაციების გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, ამ ავტონომიურობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. თუ თქვენ არ აკონტროლებთ თქვენს პირად გასაღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ვერ აკონტროლებთ თქვენს თანხებს და დამოკიდებული ხართ თქვენი აქტივების განმკარგავ ორგანიზაციაზე.
კრიპტო საფულის არჩევანი დამოკიდებულია თქვენი აქტივების ოდენობაზე, თქვენ მიერ ტრანზაქციების განხორციელების სიხშირესა და თქვენ ტექნიკურ გამოცდილებაზე: ვარიანტების ძირითადი ტიპებია:
პროგრამული და მობილური საფულეები
პროგრამული საფულეების ინსტალაცია მარტივია და მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუმცა რადგან მათი გაშვება ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებიდან ხდება, არსებობს მალვეარის, ფიშინგის და მოწყობილობის ინფიცირების საფრთხე. მათი გამოყენება რეკომენდებულია მცირე ოდენობის თანხების შენახვისთვის და რეგულარული გადარიცხვებისთვის. თუ მნიშვნელოვანი ოდენობის აქტივების ხანგრძლივი პერიოდით შენახვას აპირებთ, ამ ტიპის საფულის გამოყენება არ არის სასურველი.
აპარატურული საფულეები
აპარატურული საფულე წარმოადგენს სპეციალურ ფიზიკურ მოწყობილობას, რომელშიც პირადი გასაღებები ინახება ოფლაინ, ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერისგან იზოლირებულად. თქვენი კომპიუტერის ინფიცირების შემთხვევაშიც კი, აპარატურული საფულე ტრანზაქციის ხელმოწერისთვის მოითხოვს ფიზიკურად დადასტურებას, რისი წყალობითაც თავდასხმების განხორციელება ძალიან რთული ხდება. აპარატურული საფულეების ღირებულება 50-დან 200 აშშ დოლარამდე მერყეობს.
უფრო დიდი ოდენობის აქტივების მართვისთვის, გაეცანით სტატიას 10 რჩევა აპარატურული საფულის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის, რაც დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში. ძალიან დიდი ოდენობის აქტივების მართვისთვის ან მათი ხანგრძლივად შენახვისთვის გამოიყენეთ multi-signature (multi-sig) ფუნქცია, რომელიც ტრანზაქციის დადასტურებისთვის საჭიროებს რამდენიმე გასაღებს, რაც ზრდის უსაფრთხოების დონეს.
ქაღალდის საფულეები
ქაღალდის საფულე წარმოადგენს ფურცელს, რომელზეც ჩაწერილია პირადი გასაღებები ნაბეჭდი ტექსტის ან QR კოდის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ის დაცულია ონლაინ შეტევებისგან, მას გააჩნია უარყოფითი მხარეები, მაგალითად ძნელია მისი გამოყენება განმეორებადი ტრანზაქციებისთვის და არსებობს ფიზიკური ასლის დაკარგვის, დაზიანების ან უცხო პირების ხელში ჩავარდნის საფრთხე. უფრო საიმედო ალტერნატივას წარმოადგენს seed ფრაზის ამოტვიფვრა ლითონის ფირფიტაზე, რაც მისი ხანგრძლივად შენახვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ცივი საფულის მართვის საუკეთესო პრაქტიკა
შეინახეთ seed ფრაზები (აღდგენის ფრაზები) ოფლაინ. არასდროს შეინახოთ ის ქლაუდ-მეხსიერებაში, ელ. ფოსტაში ან თქვენი მოწყობილობის ფოტოების საქაღალდეში.
სარეზერვო ასლები შეინახეთ რამდენიმე უსაფრთხო ფიზიკურ ადგილას.
სავაჭრო ბირჟებზე შეინახეთ მხოლოდ თანხის ის ოდენობა, რაც აქტიური ვაჭრობისთვის გჭირდებათ. დანარჩენი ყველაფერი გადაიტანეთ ცივ საფულეში.
ხშირად დასმული კითხვები
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემი კრიპტოს დასაცავად?
დიდი ოდენობის აქტივების ცივ საფულეში, კერძოდ კი აპარატურულ საფულეში გადატანა მომხმარებელთა უმეტესობისთვის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ითვლება. ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ამ აქტივების იზოლირება ინტერნეტისგან და პროგრამულ გარემოსგან, სადაც მაღალია ჰაკერული და მალვეარ-შეტევების საფრთხე. გარდა ამისა, სავაჭრო ბირჟების ანგარიშებზე 2FA ავთენტიფიკაციის და ძლიერი პაროლების გამოყენება კიდევ უფრო გააუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს.
არის თუ არა SMS ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია საკმარისად უსაფრთხო?
SMS-ზე დაფუძნებული 2FA მეთოდის გამოყენება უკეთესია, ვიდრე 2FA-ის გამოყენებაზე საერთოდ უარის თქმა, თუმცა ეს მეთოდი საკმაოდ სუსტ დაცვას გთავაზობთ. SIM-სვოპინგის ტიპის შეტევების დროს, კრიმინალები ახერხებენ მობილურის ოპერატორის შეცდომაში შეყვანას და თქვენი ტელეფონის ნომრის საკუთარ მოწყობილობაზე გადამისამართებას, რის გამოც SMS კოდებს საერთოდ ვეღარ იღებთ. ავთენტიფიკატორი აპლიკაციების ან აპარატურული უსაფრთხოების გასაღებების გამოყენება წარმოადგენს უფრო საიმედო ალტერნატივას.
რა მოხდება, თუ ჩემს აპარატურულ საფულეს დავკარგავ?
აპარატურული საფულის დაკარგვა არ ნიშნავს თქვენი აქტივეის დაკარგვას, თუ თქვენ უსაფრთხოდ გაქვთ შენახული seed ფრაზა (აღდგენის ფრაზა). ეს ფრაზა გძლევთ თქვენი საფულის ახალ მოწყობილობაზე გადატანის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, seed ფრაზის უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი აპარატურული საფულის დაცვა.
შეიძლება თუ არა კრიპტოს შენახვა სავაჭრო ბირჟაზე?
სავაჭრო ბირჟები აქტიური ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი. ისინი თქვენი სახელით აკონტროლებენ თქვენს პირად გასაღებებს. სავაჭრო ბირჟაზე ჰაკერული თავდასხმის, მათი გადახდისუუნარობის ან გაყინვის ფუნციის შეჩერების შემთხვევაში შეიძლება ვეღარ შეძლოთ თქვენს აქტივებზე წვდომა. რეკომენდებული მიდგომა გულისხმობს სავაჭრო ბირჟაზე მხოლოდ აქტიური ვაჭრობისთვის საჭირო თანხების განთავსებას, ხოლო გრძელვადიანი შენახვისთვის აქტივების იმ საფულეზე გადატანა, რომელსაც სრულად აკონტროლებთ.
რამდენად ხშირად უნდა შევამოწმო უსაფრთხოების პარამეტრები?
უსაფრთხოება არ არის ერთჯერადი მოქმედება. უსაფრთხოების პარამეტრების შემოწმება სასურველია რამდენიმე თვეში ერთხელ განახორციელოთ: განაახლეთ თქვენი ანგარიშების პაროლები, შეამოწმეთ, რომ თქვენს ანგარიშზე 2FA მეთოდი კვლავ აქტიურია, დარწმუნდით, რომ seed ფრაზა უსაფრთხოდაა შენახული და მოიძიეთ ინფორმაცია საფრთხის ახალი ტიპების შესახებ. თაღლითები მუდმივად აუმჯობესებენ მოქმედების მეთოდებს, ამიტომ საჭიროა რეგულარულად განაახლოთ თავდაცვის მექანიზმები.
შეჯამება
კრიპტო უსაფრთხოება საჭიროებს არა ტექნიკურ უნარებს, არამედ შესაბამისი ჩვევების ჩამოყალიბებას. ზემოთ აღწერილი სამი პრინციპი: კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, გარე საფრთხეებისგან დაცვა და საკუთარი აქტივების თავად განკარგვა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. რომელიმე მათგანის უგულვებელყოფა მთელი სტრუქტურის ჩამოშლას გამოიწვევს.
კრიპტო სფეროში უსაფრთხოების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია, რადგან კრიპტოვალუტის ტრანზაქციები შეუქცევადია. თაღლითმა შეიძლება გამოიყენოს ფიშინგ-შეტევა თქვენი პაროლის მოსაპარად ან keylogger თქვენი seed ფრაზის ხელში ჩასაგდებად, ასევე შეიძლება უყურადღებობის გამო თანხა სხვა მისამართზე გაგზავნოთ, რაც გამოიწვევს აქტივების სამუდამოდ დაკარგვას. უსაფრთხოების წესების თავიდანვე დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე ინციდენტის შედეგების აღმოფხვრა.
გამონახეთ დრო და გაეცანით თქვენთვის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, აირჩიეთ საფულის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთაა მორგებული თქვენს საჭიროებაზე და ჩვევად აქციეთ უსაფრთხოების პარამეტრების რეგულარული შემოწმება. ამ მოქმედებების მიზანი არა უსაფრთხოების სრულყოფილი დონის მიღწევა, არამედ რისკის შემცირებაა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.