
მოგესალმებით კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების მართვის კურსზე! ეს კურსი შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების და მართვის შესწავლა - იქნება ეს ინდივიდუალური მფლობელები, თუ კორპორაციული გუნდები.
კურსი მონაწილეებს ცნობიერებიდან მოქმედებამდე მიუძღვება. თითოეული მოდული ჯერ პირადი რისკების მართვას ეხება, ხოლო ორგანიზაციებისა და საწარმოებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები ცალკე სექციებადაა წარმოდგენილი. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე ოდენობით კრიპტოვალუტას ფლობთ სავაჭრო ბირჟაზე თუ კორპორაციულ ხაზინას განაგებთ, წინამდებარე კურსი იდეალურად ერგება თქვენს საჭიროებებს.
ამ კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ:
იდენტიფიცირება: კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკების სრული სპექტრის განსაზღვრას (საბაზრო, კასტოდიალური, პროტოკოლის, ქცევითი და მარეგულირებელ პროცესებთან დაკავშირებული რისკები), მათი წარმოშობის მიზეზების გაგებას და მათ შორის კავშირის გაანალიზებას.
უსაფრთხოება: გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას საფულეებთან, შენახვის ტექნოლოგიებთან და უსაფრთხოების მოდელებთან დაკავშირებით.
თავდაცვა: იმ თაღლითური სქემების, სოციალური ინჟინერიის მეთოდებისა და ტექნიკური თავდასხმების ამოცნობასა და თავიდან აცილებას, რომლებიც კრიპტოაქტივების მფლობელების წინააღმდეგაა მიმართული.
შესაბამისობა: რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, მართვის მოდელების გააზრებას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე ეფექტურად რეაგირებას.
კურსის გასავლელად არ არის საჭირო კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გამოცდილების ან ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ცოდნის ფლობა. უპირატესობად ჩაითვლება მხოლოდ საბაზისო ფინანსური ცნებების ცოდნა. მასალა მარტივად აღსაქმელია დამწყებთათვის, თუმცა ამავდროულად სთავაზობს სიღრმისეულ ცოდნას გამოცდილ მფლობელებსა და ორგანიზაციებს.
კურსი შედგება ოთხი სექციისა და 15 მოდულისგან. თითოეული მოდულის ხანგრძლივობა დაახლოებით ხუთიდან რვა წუთამდეა.
პირველი სექცია, „რისკების იდენტიფიცირება“, რისკების საბაზისო კლასიფიკაციას ეთმობა: აქ განხილულია, თუ რატომ არის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები სტრუქტურულად განსხვავებული, როგორ იქმნება საფრთხეების მოდელი და მოცემულია ინფორმაცია საბაზრო, პორტფოლიოებთან, პროტოკოლებთან და DeFi სივრცესთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
მეორე სექცია, „აქტივების დაცვა“, უსაფრთხოების ყველაზე კრიტიკულ გადაწყვეტილებებს ეთმობა: შენახვის არქიტექტურას, ცხელ და ცივ საფულეებს, Multi-sig სქემებსა და პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებს.
მესამე სექციაში, „შეტევებისგან თავდაცვა“, განხილულია აქტიური თავდაცვის მეთოდები, თაღლითობის კლასიფიკაცია, სოციალური ინჟინერიის კონცეფცია, DeFi თავდასხმების მოდელები და საეჭვო ნიშნების ამოცნობის სტრუქტურირებული სისტემები.
მეოთხე სექცია, „შესაბამისობა და მმართველობა“, კურსის ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს. მასში განხილულია: მარეგულირებელი ჩარჩოები, ორგანიზაციული დონის რისკების მართვის მეთოდები, ინციდენტებზე რეაგირების ტიპები, რისკების მართვის კულტურა და ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობა.

