Binance Academy-ის სარედაქციო პოლიტიკა

Binance Academy-ის სარედაქციო პოლიტიკა

განახლებული Sep 15, 2026
6m

Binance Academy არის Binance-ის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანია კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის, ეკონომიკის, დეცენტრალიზებული ფინანსებისა (DeFi) და სხვა საკითხების შესახებ უფასო, ხელმისაწვდომი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. წინამდებარე გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია ჩვენ მიერ კონტენტის შექმნის, გადახედვისა და შენარჩუნების შესახებ.

ჩვენი მისია

Binance Academy-ის მისია განათლების ხელშეწყობაა. ჩვენი მიზანია, მკითხველებს დავეხმაროთ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის კონცეფციების ნათლად გაგებაში, მათი გამოცდილების დონის მიუხედავად. განვიხილავთ თემების ფართო სპექტრს - საბაზისო განმარტებებიდან დაწყებული, ვაჭრობის მოწინავე სტრატეგიებით, პროტოკოლების მუშაობის მექანიზმებითა და მარეგულირებელ სფეროში მიმდინარე ცვლილებებით დამთავრებული.

სარედაქციო დამოუკიდებლობა

Binance Academy საქმიანობას Binance-ის კომერციული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს. ჩვენი სარედაქციო გუნდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა თემები განიხილოს, რა ინფორმაცია შეიტანოს ან გამორიცხოს და როგორ გააშუქოს ისინი.

ჩვენი კონტენტი ნეიტრალური და ინფორმაციული ხასიათისაა. მის მიზანს არ წარმოადგენს პროდუქტების რეკლამირება ან კონკრეტული სავაჭრო გადაწყვეტილებების წახალისება. აღნიშნულ კონტენტში ალტკოინები, ბლოკჩეინ პროექტები და Binance-ის პროდუქტები ან სერვისები მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნითაა ნახსენები.

ჩვენს სარედაქციო გუნდს უფლება აქვს, უარყოს, გადახედოს ან წაშალოს მასალები, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება.

კონტენტის შექმნის პროცესი

Binance Academy-ზე გამოქვეყნებული ნებისმიერი კონტენტი მომზადების სტრუქტურირებულ პროცესს გადის:

1. თემის შერჩევა

თემების შერჩევა ხდება მკითხველთა ინტერესის, ძიების ტენდენციების, ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებისა და საგანმანათლებლო ღირებულების გათვალისწინებით. უპირატესობას ვანიჭებთ თემებს, რომლებიც მკითხველებს კონცეფციების, პროდუქტებისა და პოპულარული Web3 სერვისების შესწავლაში ეხმარება. ძირითად ყურადღებას ვუთმობთ საგანმანათლებლო მასალებს, რომლებიც აქტუალობას გრძელვადიან პერსპექტივაში ინარჩუნებს.

2. მოკვლევა და საწყისი ვერსიის მომზადება

ავტორები თითოეულ თემას პირველწყაროებზე დაყრდნობით იკვლევენ, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტაციის, აკადემიური ნაშრომების, მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტებისა და სანდო ინდუსტრიული გამოცემების გამოყენებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, წყაროების სახით პირდაპირ ბმულებს წარმოვადგენთ, რათა მკითხველებმა ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეძლონ.

საწყისი ვერსიები იწერება მკაფიო და ადვილად გასაგები ენით. უპირატესობას ვანიჭებთ სიმარტივეს და არა პროფესიულ ჟარგონებს, ასევე ლაკონურობას და არა მოცულობას. სტატიები სტრუქტურირებულია სათაურების, სიებისა და მოკლე შეჯამებების გამოყენებით, მათი სწრაფად გადახედვის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით.

3. სარედაქციო შემოწმება

Binance Academy-ზე გამოქვეყნებამდე, ნებისმიერი კონტენტი გადის ჩვენი სარედაქციო გუნდის მიერ შემოწმების, რედაქტირებისა და ფაქტების გადამოწმების პროცესებს, რაც მოიცავს შემდეგს:

  • სიზუსტის შემოწმება: ფაქტობრივი მტკიცებების, თარიღების, რიცხვითი მონაცემებისა და ტექნიკური აღწერილობების პირველადი წყაროების მეშვეობით გადამოწმება.

  • სიცხადის შემოწმება: იმის უზრუნველყოფა, რომ გამოყენებული ენა იყოს მკაფიო, ლაკონური და სამიზნე აუდიტორიისთვის ადვილად გასაგები.

  • შესაბამისობის შემოწმება: იმის დადასტურება, რომ კონტენტი არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას, არ უწევს პოპულარიზაციას კონკრეტულ საინვესტიციო პროდუქტებს და მოიცავს პასუხისმგებლობაზე უარის შესაბამის განცხადებებს.

  • ორიგინალურობის შემოწმება: მასალის ორიგინალურობისა და მესამე მხარის ნებისმიერი მასალის წყაროს სათანადოდ მითითების უზრუნველყოფა.

  • ტონის შემოწმება: იმის დადასტურება, რომ მასალა ნეიტრალური და საგანმანათლებლო ხასიათისაა და არ არის სარეკლამო ან მიკერძოებული.

4. გამოქვეყნება

სარედაქციო შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება კონტენტის გამოქვეყნება ბოლო განახლების თარიღის თვალსაჩინოდ მითითებით.

განცხადება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ

Binance Academy იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს კონტენტის შექმნის პროცესის ცალკეული ეტაპების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის საკითხის მოკვლევის, საწყისი ვერსიების მომზადებისა და არსებული სტატიების განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

რა უნდა იცოდეთ:

როგორ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს

  • კვლევა: AI ინსტრუმენტები გვეხმარება საჯარო წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვებასა და სისტემატიზაციაში, შესაბამისი თემების განსაზღვრასა და მოცულობითი დოკუმენტების შეჯამებაში.

  • თარგმნა: AI ინსტრუმენტები გვეხმარება მასალების მრავალ ენაზე თარგმნაში, რათა ისინი ჩვენი გლობალური აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

  • კურსები: გარდა ზემოაღნიშნულისა, AI ინსტრუმენტებს საგანმანათლებლო კურსების შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნითაც ვიყენებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ავტორები, მთარგმნელები და რედაქტორები პროცესის ყველა ეტაპში უშუალოდ არიან ჩართულნი. AI მათ საქმეს უმარტივებს, თუმცა საბოლოო შედეგს სპეციალისტები ამოწმებენ, აუმჯობესებენ და ამტკიცებენ.

რისთვის არ ვიყენებთ AI-ს

  • AI არ არის ჩვენი კონტენტის ავტორი. Binance Academy-ზე გამოქვეყნებული ყველა სტატია გამოქვეყნებამდე გადის ჩვენი სარედაქციო გუნდის მიერ განხილვის, რედაქტირებისა და ფაქტების გადამოწმების პროცესებს.

  • AI არ იღებს სარედაქციო გადაწყვეტილებებს განსახილველი თემებისა თუ კონტენტში წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ.

  • AI არ ამოწმებს ინფორმაციის სიზუსტეს. ფაქტების შემოწმებას ადამიან რედაქტორები ახორციელებენ.

  • AI არ განსაზღვრავს, არის თუ არა კონტენტი გამოქვეყნებისთვის შესაფერისი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენი სარედაქციო გუნდი იღებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო პროცესს საგრძნობლად ამარტივებს, თუმცა იგი არ ანაცვლებს ადამიანებს შეფასების, პროფესიული ცოდნისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. სტატიაში გამოყენებული AI კონტენტი გადაიხედება და მოწმდება ადამიანი რედაქტორის მიერ, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მის სიზუსტესა და ხარისხზე.

სარედაქციო სტანდარტები

სიზუსტე

ჩვენი მიზანია ფაქტობრივი სიზუსტის უზრუნველყოფა ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ კონტენტში. ავტორები და რედაქტორები ფაქტებს პირველადი წყაროების საფუძველზე ამოწმებენ, რაც მოიცავს ოფიციალურ დოკუმენტაციას, რეცენზირებულ სამეცნიერო კვლევებს, მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და სანდო საინფორმაციო გამოცემებს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მას ოპერატიულად ვასწორებთ და მივუთითებთ შესაბამის ინფორმაციას შესწორების შესახებ.

კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება. ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის ზუსტი იყო, დროთა განმავლობაში შესაძლოა მიმდინარე მონაცემებს აღარ შეესაბამებოდეს. თითოეულ სტატიაში მივუთითებთ ბოლო განახლების თარიღს, რათა მკითხველებმა შეძლონ წარმოდგენილი ინფორმაციის დროსთან შესაბამისობის შეფასება.

წყაროები და ციტატები

შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველთვის მივუთითებთ პირველწყაროებს. კერძოდ, წარმოვადგენთ ოფიციალური დოკუმენტაციის, აკადემიური ნაშრომების, მარეგულირებელი ორგანოების განცხადებების, on-chain მონაცემებისა და ინდუსტრიული გამოცემების ბმულებს. მეორეულ წყაროებზე დაყრდნობის შემთხვევაში, ამას შესაბამისი მითითებით აღვნიშნავთ და შესაძლებლობისამებრ წარმოვადგენთ პირველწყაროების ბმულებსაც.

არ ვციტირებთ და არ მივუთითებთ იმ წყაროების ბმულებს, რომელთაც არასანდოდ, სარეკლამო ხასიათის მატარებლად ან შეცდომაში შემყვანად მივიჩნევთ.

მკითხველებს მოვუწოდებთ, დამოუკიდებლად გადაამოწმონ ინფორმაცია.

ნეიტრალური, საგანმანათლებლო ტონი

Binance Academy-ის კონტენტი ნეიტრალური და საგანმანათლებლო სტილით შესრულებულ ტექსტებს მოიცავს. ჩვენ განვმარტავთ კონცეფციებს, აღვწერთ მუშაობის პრინციპებს და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოვადგენთ სხვადასხვა მოსაზრებას. ჩვენ არ:

  • მოვუწოდებთ მკითხველებს რაიმე აქტივის შეძენის, გაყიდვის ან შენახვისკენ.

  • წარმოვადგენთ ფასების ან ბაზრის პირობების ცვლილებებთან დაკავშირებულ პროგნოზებს.

  • წარმოვადგენთ მოსაზრებებს ფაქტების სახით.

სადავო თემების ან მიმდინარე დისკუსიების განხილვისას წარმოვადგენთ სხვადასხვა პერსპექტივას და აღვნიშნავთ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც კონსენსუსი არ არის მიღწეული.

ინფორმაციის აქტუალურობა და განახლება

სიზუსტისა და აქტუალობის უზრუნველყოფის მიზნით რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს კონტენტს. შემოწმების განრიგი დამოკიდებულია კონტენტის ტიპზე:

  • ლექსიკონის ჩანაწერები: მოწმდება სულ მცირე ყოველ 8 თვეში ერთხელ.

  • ვრცელი სტატიები (სახელმძღვანელოები, სასწავლო მასალები, განმარტებითი სტატიები): მოწმდება სულ მცირე 6 თვეში ერთხელ.

  • სტატიები კონკრეტული ტოკენების ან პროექტების შესახებ: მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში (პროტოკოლის განახლებები, ტოკენების მიგრაცია, ლისტინგის გაუქმება, მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ზომები) მოწმდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

თითოეულ სტატიაში მითითებულია „ბოლო განახლების“ თარიღი. თუ რომელიმე სტატიაში მოძველებულ ინფორმაციას შენიშნავთ, ამის შესახებ შეგიძლიათ Binance-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით აცნობოთ ჩვენს სარედაქციო გუნდს.

არავითარი ფინანსური რჩევა

Binance Academy-ის კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ფინანსურ, იურიდიულ ან საინვესტიციო რჩევას. Binance Academy-ზე წარმოდგენილი კონტენტი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რჩევა რომელიმე კრიპტოვალუტის ან სხვა აქტივის შეძენის, გაყიდვის ან შენახვის შესახებ.

კრიპტოვალუტებში ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ საბაზრო რისკთან. ფასები შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს და შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოთ თქვენ მიერ ინვესტირებული თანხა. საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებამდე რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა კვალიფიციურ ფინანსურ მრჩეველთან.

თითოეულ სტატიაში წარმოდგენილია პასუხისმგებლობაზე უარის შესაბამისი განაცხადი, რომელიც შედგენილია ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ და რომლის ტექსტის წაშლა ან შეცვლა დაუშვებელია წინასწარი თანხმობის გარეშე.

შესწორებების პოლიტიკა

მიუხედავად ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევისა, არსებობს შეცდომების დაშვების რისკი. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მას შეძლებისდაგვარად სწრაფად ვასწორებთ და, საჭიროების შემთხვევაში, სტატიის ბოლოს მივუთითებთ ინფორმაციას შეტანილი შესწორების შესახებ.

თუ Binance Academy-ის რომელიმე სტატიაში შეცდომას აღმოაჩენთ, შეგვატყობინეთ ამის შესახებ Binance-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით. ჩვენი რედაქტორთა გუნდი განიხილავს ყველა შეტყობინებას და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს.

კონტენტის განახლება

სტატიებს განვაახლებთ ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მკითხველთა უკუკავშირის საფუძველზე ინფორმაციის ნაკლებობის ან შეცდომების გამოვლენის ან სარედაქციო სტანდარტების ცვლილების შემთხვევაში. სტატიის განახლებისას იცვლება „ბოლო განახლების“ თარიღიც.

სტატიები შესაძლოა წაიშალოს, თუ მათში წარმოდგენილი ინფორმაცია აღარ არის მიჩნეული, როგორც ზუსტი ან აქტუალური, ან თუ ისინი აღარ შეესაბამება ჩვენს სტანდარტებს. წაშლილ სტატიაზე გადასვლისას მომხმარებლები გადამისამართდებიან დაკავშირებულ სტატიაზე ან მთავარ გვერდზე.

ავტორისა და რედაქტორის გამჭვირვალობა

Binance Academy-ის კონტენტს ავტორთა გუნდი ქმნის, ხოლო შემოწმების პასუხისმგებლობა რედაქტორებს ეკისრებათ, რომლებიც ფლობენ შესაბამის გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, ეკონომიკის, ტექნიკური ანალიზის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსების მიმართულებით.

თუ ავტორის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, სტატიის მომზადებისა და შემოწმების ვალდებულება Binance Academy-ის რედაქტორთა გუნდს ეკისრება.

უკუკავშირი

მკითხველთა უკუკავშირი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Binance Academy-ს კონტენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Binance-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით. ჩვენ გამონაკლისის გარეშე განვიხილავთ მიღებულ უკუკავშირს და შესაძლოა ის ჩვენი მასალების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ.

წინამდებარე პოლიტიკის შესახებ

წინამდებარე სარედაქციო პოლიტიკის ბოლო განახლების თარიღია 2026 წლის სექტემბერი. ჩვენი სამუშაო პოლიტიკის განვითარების შესაბამისად, შესაძლოა წინამდებარე პოლიტიკაც გადაიხედოს. აღნიშნული თვალსაზრისით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე გვერდზე განახლებულ თარიღთან ერთად აისახება.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება Binance Academy-ზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ კონტენტზე, მათ შორის სტატიებზე, ლექსიკონის ჩანაწერებზე, სახელმძღვანელოებზე, სასწავლო მასალებსა და ნებისმიერ სხვა საგანმანათლებლო მასალაზე.