სპოტ ბაზარი და სპოტ ვაჭრობის პრინციპები

სპოტ ბაზარი და სპოტ ვაჭრობის პრინციპები

განახლებული Aug 11, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • სპოტ ვაჭრობა გულისხმობს აქტივის ყიდვას ან გაყიდვას მიმდინარე საბაზრო ფასად, სადაც მიწოდება, როგორც წესი, ხორციელდება მომენტალურად ან ანგარიშსწორებიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

  • სპოტ ბაზრები შეიძლება იყოს სავაჭრო ბირჟაზე დაფუძნებული (ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული) ან არასაბირჟო (OTC). თითოეული ტიპი ხასიათდება განსხვავებული შეზღუდვებით, ფასების გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და შემხვედრი მხარის რისკის თვალსაზრისით.

  • ცენტრალიზებული ბირჟები უზრუნველყოფენ თანმხვედრი შეკვეთების მოძიების, კასტოდიალური სერვისების, შესაბამისობის კონტროლის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს, ხოლო დეცენტრალიზებული ბირჟები იყენებენ სმარტ კონტრაქტებს, რაც მომხმარებლებს პირდაპირ საკუთარი საფულეების მეშვეობით ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

  • სპოტ ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული აქტივების გაყიდვა, რაც განასხვავებს მას მარჟით ან დერივატივებით ვაჭრობისგან, სადაც შესაძლებელია აქტივების სესხება უფრო დიდი სავაჭრო პოზიციებზე ვაჭრობის შესაძლებლობის მოპოვების მიზნით.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

სპოტ ვაჭრობა ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც გულისხმობს აქტივის ყიდვას ან გაყიდვას მიმდინარე საბაზრო ფასად, სადაც მიწოდება, როგორც წესი, ხორციელდება მყისიერად ან ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული მოკლე ვადის ფარგლებში. კრიპტოვალუტების ბაზარზე ახალბედა ტრეიდერების უმეტესობის შემთხვევაში, პირველ ტრანზაქციას სწორედ საბაზრო შეკვეთის მეშვეობით განხორციელებული სპოტ ვაჭრობა წარმოადგენს.

სპოტ ბაზრები მოიცავს აქტივების მრავალ სხვადასხვა კლასს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია წამყვანი საფონდო ბირჟები (აქციებისთვის) და გლობალური სავალუტო ბაზარი სავალუტო წყვილებისთვის.

რა არის სპოტ ბაზარი?

სპოტ ბაზარი არის ფინანსური ბაზარი, სადაც აქტივების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება მომენტალური მიწოდების პირობით. მყიდველი იხდის აქტივის სრულ ღირებულებას წინასწარ, ფიატ ვალუტის ან გადახდის სხვა მეთოდის გამოყენებით, ხოლო გამყიდველი გადასცემს აქტივს, ხშირად იმავე სავაჭრო სესიის ფარგლებში. სწორედ ამის გამო, სპოტ ბაზრებს ხშირად ნაღდი ანგარიშსწორების ბაზრებსაც უწოდებენ.

სპოტ ბაზრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის და რამდენიმე ფორმით გვხვდება. ვაჭრობა ყველაზე ხშირად ორგანიზებულ ბირჟებზე მიმდინარეობს, თუმცა აქტივების ფლობის უფლებების გადაცემა შესაძლოა უშუალოდ მონაწილე მხარეებს შორის, არასაბირჟო (OTC) ტრანზაქციების ფარგლებშიც განხორციელდეს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ აღნიშნული ტიპის ტრანზაქციებს, სპოტ ვაჭრობის არსს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და უპირატესობებს.

რა არის სპოტ ვაჭრობა?

სპოტ ვაჭრობის ფარგლებში ხდება აქტივების ყიდვა და გაყიდვა მიმდინარე საბაზრო ფასად, რომელსაც სპოტ ფასი ეწოდება. სავაჭრო ბირჟაზე საბაზრო შეკვეთის განთავსებისას, ვაჭრობის აღსრულება საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად ხდება. საბოლოო ფასი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ეკრანზე ასახული სპოტ ფასისგან, თუკი ტრანზაქციის დამუშავებისას საბაზრო პირობები შეიცვლება, ან თუ ბაზარზე არ არის საკმარისი მოცულობა, რათა თქვენი მთლიანი შეკვეთა ერთ კონკრეტულ ფასის დონეზე შეივსოს.

სპოტ ფასების განახლება რეალურ დროში ხდება, ყიდვისა და გაყიდვის თანმხვედრი შეკვეთების მოძიების პარალელურად. OTC ბაზრებზე მონაწილე მხარეებს შეუძლიათ პირდაპირ შეთანხმდნენ ფიქსირებულ ფასსა და რაოდენობაზე, სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნის გამოყენების გარეშე.

აქტივის მფლობელმა ტრეიდერებმა, ბაზრის ვარდნის მოლოდინის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დახურონ სავაჭრო პოზიცია, რათა იგი მოგვიანებით, უფრო დაბალ ფასად ხელახლა შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ სპოტ ბაზარზე მხოლოდ მფლობელობაში უკვე არსებული აქტივების გაყიდვაა შესაძლებელი, რაც წარმოადგენს ძირითად განსხვავებას სპოტ ვაჭრობასა და მარჟით ან დერივატივების მეშვეობით short პოზიციაზე ვაჭრობას შორის, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია „ნასესხები“ აქტივების გაყიდვა.

ანგარიშსწორების ვადები განსხვავდება აქტივების კლასის მიხედვით. ტრადიციული საფონდო ბაზრები ისტორიულად T+2 პრინციპით (ვაჭრობის თარიღს დამატებული ორი სამუშაო დღე) ოპერირებდა. წამყვანი ბაზრები, მათ შორის აშშ და კანადა, 2024 წლის მაისში T+1 ანგარიშსწორების სტანდარტზე გადავიდნენ, რამაც ციკლი ერთ სამუშაო დღემდე შეამცირა. კრიპტოვალუტების სპოტ ბაზრებზე კი ანგარიშსწორება, როგორც წესი, რეალურ დროში ხორციელდება, რაც ბლოკჩეინზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემების 24/7 მუშაობის რეჟიმს შეესაბამება.

ბირჟები და არასაბირჟო ვაჭრობა

ცენტრალიზებული ბირჟები

ცენტრალიზებული ბირჟა მოქმედებს, როგორც შუამავალი მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და მომხმარებლებს სთავაზობს თანმხვედრი შეკვეთების მოძიების, კასტოდიალურ, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, KYC (იცნობდე შენს კლიენტს) პროცედურებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ვაჭრობის დაწყებამდე მომხმარებლები ახორციელებენ თანხის დეპოზიტს სავაჭრო ბირჟაზე და ვაჭრობების აღსრულებისთვის შეკვეთების წიგნებს იყენებენ.

ზემოხსენებული სერვისების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, სავაჭრო ბირჟები აწესებენ ტრანზაქციებთან, ლისტინგთან და სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ საკომისიოებს. ვინაიდან მათი შემოსავალი ვაჭრობის მოცულობაზეა დამოკიდებული და არა ფასის მიმართულებაზე, ცენტრალიზებულ ბირჟებს სარგებლის გენერირება როგორც ბაზრის ზრდის, ისე ვარდნის პირობებში შეუძლიათ, თუმცა, აუცილებელია სავაჭრო აქტივობის საჭირო დონის შენარჩუნება.

დეცენტრალიზებული ბირჟები

დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) მომხმარებლებს სთავაზობს იმავე ძირითად სავაჭრო ფუნქციებს, რასაც ცენტრალიზებული ბირჟა, თუმცა ცენტრალური შუამავლის ნაცვლად ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ფუნქციონირებს. DEX-ების უმეტესობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვაჭრობა პირდაპირ საკუთარი საფულეების მეშვეობით, ანგარიშის გახსნისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებული უფლებების მესამე მხარისთვის გადაცემის გარეშე განახორციელონ.

ზოგიერთი დეცენტრალიზებული ბირჟა შეკვეთების წიგნის ტრადიციულ მოდელს იყენებს. სხვები კი ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მეშვეობით ფუნქციონირებს, სადაც მყიდველები ტოკენების სვოპს ახორციელებენ ლიკვიდურობის პულის და არა კონკრეტულ შემხვედრ მხარესთან თანხვედრის უზრუნველყოფის მეშვეობით ახორციელებენ. ლიკვიდურობის პროვაიდერები, რომელთა მიერაც ხდება აღნიშნულ პულებში თანხების შეტანა, გენერირებული ტრანზაქციების საკომისიოების წილს იღებენ.

DEX-ის არქიტექტურა მუდმივად იცვლება. AMM-ების შედარებით ახლებურ ვერსიებში წარმოდგენილია ნებართვის საჭიროების არმქონე პულები, რომლებიც გვთავაზობს შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობებს, რომელსაც ზოგიერთი პროექტი ტოკენიზებულ და რეგულირებად აქტივებთან მიმართებაში იყენებს. DEX-ები, როგორც წესი, გვთავაზობს უფრო მეტ არაკასტოდიალურ სერვისს, ვიდრე მათ ცენტრალიზებულ ალტერნატივებს, თუმცა, მათთვის ძირითადად დამახასიათებელია მეტი კომპლექსურობა და მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების ნაკლებობა.

არასაბირჟო (OTC) ვაჭრობა

OTC ვაჭრობის ფარგლებში აქტივების ყიდვისა და გაყიდვის პროცესები უშუალოდ მონაწილე მხარეებს შორის მიმდინარეობს, სავაჭრო ბირჟის შუამავლობის გარეშე. ვაჭრობების აღსრულება ბროკერებს, დილერებს ან ტრეიდერებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით ხდება. არასაბირჟო ბაზრები განსაკუთრებით ეფექტურია დიდი მოცულობის ტრანზაქციების შემთხვევაში, რადგან დიდი მოცულობის შეკვეთის სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნის განთავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ცურვა, რაც გულისხმობს პროცესს, როდესაც აღსრულების ფასი არასასურველი მიმართულებით იცვლება იმის გამო, რომ შეკვეთის მოცულობა აჭარბებს საუკეთესო მიმდინარე ფასთან მიმართებაში არსებული ლიკვიდურობის დონეს.

პირდაპირი მოლაპარაკების გზით, OTC ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ უზრუნველყონ სტაბილური ფასი ვაჭრობის სრული მოცულობისთვის. დღესდღეობით, OTC პროცესები კრიპტოვალუტების ბაზრების მეტად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს: 2026 წლის ინდუსტრიული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში ორგანიზაციული დონის ინვესტორებზე მოდიოდა სპოტ OTC ბრუნვის რეკორდული 72%-იანი მაჩვენებელი, რაც ხაზს უსვამს დიდი მოცულობის შეკვეთების საბირჟო სისტემის გვერდის ავლით შესრულების უპირატესობას.

რა განსხვავებაა სპოტ ბაზრებსა და ფიუჩერსების ბაზრებს შორის?

სპოტ ბაზარზე ვაჭრობების აღსრულება ხდება მიმდინარე ფასით, აქტივის თითქმის მომენტალური გაგზავნის პირობით. ფიუჩერსების ბაზარზე კი მყიდველები და გამყიდველები მიმდინარე დღეს თანხმდებიან ფასზე იმ აქტივისთვის, რომლის მიწოდებაც (ან ფულადი ანგარიშსწორება) მომავალში, კონკრეტულ თარიღში განხორციელდება. ფიუჩერსების კონტრაქტები გამოიყენება როგორც ფასების მოსალოდნელ რყევებთან მიმართებაში ჰეჯირებისთვის, ისე აქტივის უშუალოდ ფლობის გარეშე ფასების ცვლილებების მეშვეობით სარგებლის გენერირების მიზნით. უფრო დეტალური შედარებისთვის იხილეთ ფორვარდული და ფიუჩერსების კონტრაქტები.

რა განსხვავებაა სპოტ ვაჭრობასა და მარჟით ვაჭრობას შორის?

სპოტ ვაჭრობის შემთხვევაში, აუცილებელ პირობას წარმოადგენს თქვენ მიერ ვაჭრობისთვის გამოყენებული აქტივების სრული ღირებულების ფლობა, სესხების შესაძლებლობის გარეშე. მარჟით ვაჭრობა კი საშუალებას გაძლევთ, ისესხოთ თანხა მესამე მხარისგან და გახსნათ თქვენს მფლობელობაში არსებულ კაპიტალთან შედარებით ბევრად დიდი სავაჭრო პოზიციები. ეს ზრდის როგორც პოტენციურ მოგებას, ისე ზარალს და აჩენს ლიკვიდაციის რისკს, თუკი ბაზარი თქვენს საწინააღმდეგოდ, განსაზღვრულ ზღვარს მიღმა დაიწყებს მოძრაობას.

სპოტ ვაჭრობა არც ერთ ზემოაღნიშნულ მექანიზმს არ მოიცავს. თქვენ მიერ სარგებლის გენერირების შესაძლებლობა მხოლოდ თქვენს საკუთრებაში უკვე არსებულ აქტივებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, არ არსებობს მარჟინ ქოლებისა და იძულებითი ლიკვიდაციის ალბათობა.

სპოტ ბაზრების უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები

  • ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა: სპოტ ფასები უშუალოდ ასახავს მიწოდებისა და მოთხოვნის მაჩვენებლებს რეალურ დროში და შესაბამისად, მარტივია მათზე დაკვირვებაც. ადვილად დასაკვირვებელია. აღნიშნული მახასიათებელი მკვეთრად განასხვავებს მას დერივატივების ბაზრებისგან, სადაც მარკირების ფასები შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დამატებით ფაქტორებს, როგორიცაა ფინანსირების განაკვეთები, ფასების ინდექსები ან საპროცენტო განაკვეთების კორექტირებები.

  • სიმარტივე: სპოტ ვაჭრობის მექანიზმი შედარებით მარტივია: ყიდულობთ აქტივს მიმდინარე ფასად, ინახავთ მას და ყიდით მაშინ, როდესაც თავად მოისურვებთ. შესაბამისად, არ გიწევთ ისეთ სირთულეებთან გამკლავება, როგორიცაა ანგარიშსწორების რთული პირობები ან კონტრაქტის ვადის ამოწურვის თარიღები.

  • ლიკვიდაციის რისკის არარსებობა: სპოტ ვაჭრობა არ ითვალისწინებს ნასესხები კაპიტალის გამოყენებას, შესაბამისად, ნებისმიერ სპოტ პოზიციაზე თქვენი მაქსიმალური ზარალი მხოლოდ უკვე ინვესტირებული თანხის მოცულობით შემოიფარგლება.

უარყოფითი მხარეები

  • ფლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ვალდებულებები: ზოგიერთი სპოტ აქტივის ფლობა გარკვეულ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. საქონლის სპოტ შესყიდვების ფარგლებში, შესაძლოა, საჭირო იყოს აქტივის ფიზიკურად მიწოდება, ხოლო კრიპტოვალუტის სპოტ აქტივების შემთხვევაში საჭიროა მათი განკარგვის მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდების გამოყენება, არაკასტოდიალური საფულის, ან სანდო მეურვის მეშვეობით.

  • დაგეგმილი საფინანსო პოზიციების ნაკლები მოქნილობა: კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ წინასწარ განსაზღვრული სავალუტო ან სასაქონლო საჭიროებები, შესაძლოა სპოტ ფასები ცვალებადობის გამო საიმედო ფინანსური გეგმის შედგენის მიზნით გამოსაყენებლად ნაკლებად ეფექტურად მიიჩნიონ. ასეთი ფიქსირებული ფასების რისკების აღმოფხვრისთვის როგორც წესი, უფრო ეფექტურ მეთოდად ფიუჩერსების და ფორვარდული კონტრაქტების გამოყენება მიიჩნევა.

  • კაპიტალის დაბალი ეფექტურობა: სპოტ ვაჭრობის ფარგლებში თითოეული პოზიციის გახსნისას საჭიროა კაპიტალის სრულად დაბანდება. დერივატივებითა და მარჟით ვაჭრობის შემთხვევაში კი, ტრეიდერებს იგივე ოდენობის კაპიტალით ბაზარზე ბევრად ფართო წვდომის მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ეს შესაბამისად ზრდის თანმდევ რისკებსაც.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს სპოტ ვაჭრობა?

სპოტ ვაჭრობა გულისხმობს აქტივის ყიდვას ან გაყიდვას მის მიმდინარე საბაზრო ფასად, მომენტალურად ან ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული მოკლე ვადის ფარგლებში მიწოდების პირობით. თქვენ წინასწარ იხდით სრულ ღირებულებას და ვაჭრობთ მხოლოდ იმ აქტივებით, რომლებსაც უკვე ფლობთ.

რა განსხვავებაა სპოტ და ფიუჩერსებით ვაჭრობას შორის?

სპოტ ვაჭრობის ფარგლებში ვაჭრობის აღსრულება ხდება მიმდინარე ფასით, თითქმის მომენტალური მიწოდების პირობით. ფიუჩერსებით ვაჭრობის შემთხვევაში კი, მხარეები მიმდინარე დროში თანხმდებიან იმ აქტივის ფასზე, რომლის მიწოდება ან ფულადი ანგარიშსწორება მომავალში განხორციელდება. სპოტ ვაჭრობა უზრუნველყოფს აქტივის პირდაპირ მფლობელობას, ხოლო ფიუჩერსები გამოიყენება ჰეჯირების ან სარგებლის მიღების შესაძლებლობის მოპოვების მიზნით, აქტივის უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე.

არის თუ არა საჭირო უშუალოდ აქტივის ფლობა სპოტ ბაზარზე ვაჭრობისთვის?

დიახ. სპოტ ბაზრებზე ვაჭრობისთვის მხოლოდ თქვენს მფლობელობაში უკვე არსებული აქტივების გამოყენება შეგიძლიათ. თანხის სესხება შედარებით დიდი სავაჭრო პოზიციის გახსნისთვის ან აქტივის short პოზიციაზე გაყიდვა შესაძლებელია მარჟით ან დერივატივებით ვაჭრობის შემთხვევაში, თუმცა, სპოტ ბაზარზე აღნიშნული შესაძლებლობა ხელმისაწვდომი არ არის.

რა დრო სჭირდება ანგარიშსწორებას?

ეს დამოკიდებულია აქტივზე. კრიპტოვალუტის სპოტ ბაზრებზე ანგარიშსწორება, როგორც წესი, რეალურ დროში ხორციელდება. ტრადიციული აქციების ბაზრები ისტორიულად იყენებდნენ T+2 ანგარიშსწორების სისტემას, ხოლო ისეთი მსხვილი ბაზრები, როგორებიცაა აშშ და კანადა, 2024 წლის მაისში გადავიდნენ T+1 (ერთი სამუშაო დღის) სტანდარტზე.

რა განსხვავებაა ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ სპოტ ბირჟას შორის?

ცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (CEX) თქვენს ნაცვლად წარმართავს თანმხვედრი შეკვეთების მოძიების, კასტოდიალურ, შესაბამისობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებს. დეცენტრალიზებულ ბირჟები (DEX) კი სმარტ კონტრაქტებს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობის განხორციელება პირდაპირ თქვენი საფულის მეშვეობით შეგიძლიათ. გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის სავაჭრო ბირჟები უზრუნველყოფს უფრო მეტ არაკასტოდიალურ სერვის, თუმცა მცირეა მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების რაოდენობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ Academy-ს გზამკვლევი CEX-სა და DEX-ს შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ. 

შეჯამება

სპოტ ვაჭრობა წარმოადგენს ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში ჩართვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ გზას, განსაკუთრებით ახალბედა ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის. მისი მარტივი მექანიზმი (ყიდვა მიმდინარე ფასად, შენახვა და გაყიდვა) მას დამწყებთათვის მოსახერხებელ საწყის წერტილად აქცევს. ამ საბაზისო ცოდნის ტექნიკური ანალიზის, ბაზრის სტრუქტურისა და რისკების მართვის მეთოდების შემდგომში შესწავლილ ინფორმაციასთან გაერთიანება კი, დროთა განმავლობაში უფრო გააზრებული და საფუძვლიანი სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

დამატებითი საკითხავი

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.