მთავარი დეტალები
შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი წარმოადგენს სხვაობას შეკვეთების წიგნში არსებულ ყველაზე მაღალ შემოთავაზების ფასსა და ყველაზე დაბალ მოთხოვნის ფასს შორის. მისი მეშვეობით შესაძლებელია თითოეული ვაჭრობის ფარგლებში მოსალოდნელი ფარული ხარჯების დადგენა.
ფასის ცურვას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ვაჭრობის აღსრულება ხდება მოსალოდნელისგან განსხვავებულ ფასად, რისი მიზეზიც დაბალი ლიკვიდურობა ან ბაზრის არასტაბილურობაა.
როგორც წესი, მცირე ზომის სპრედი და დაბალი ფასის ცურვა ჩვეულებრივ ბაზრის სიჯანსაღის და მაღალი ლიკვიდურობის ნიშანია.
ავტომატური მარკეტ-მეიკერების (AMM-ები) და დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX-ები) შემთხვევაში, შესაძლებელია ცურვის დასაშვები დონის დაყენება, ფასების მოულოდნელი ცვლილებების ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა, ზედმეტად მაღალი დონის დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა წინმსწრებ შეკვეთებთან დაკავშირებული რისკების წინაშე აღმოჩნდეთ.
ფასების ცურვის უარყოფითი ზეგავლენის შემცირების პრაქტიკული გზებია ლიმიტ-შეკვეთების გამოყენება, დიდი მოცულობის ვაჭრობების დაყოფა და ლიკვიდური ბაზრების არჩევა.
შესავალი
კრიპტო აქტივის ყიდვის ან გაყიდვის დროს, თქვენ მიერ გადახდილი საბოლოო ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს ვაჭრობის დასაწყისში მითითებული ფასისგან. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ორ ძირითად მიზეზს შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი და ფასის ცურვა წარმოადგენს. ამ კონცეფციების მნიშვნელობის გააზრება გეხმარებათ რეალური სავაჭრო ხარჯების უკეთ შეფასებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განათავსებთ დიდი მოცულობის შეკვეთებს ან დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე ვაჭრობთ.
აღნიშნული იდეები ვრცელდება როგორც ცენტრალიზებულ (CEX), ისე დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე. შესაბამისად, მათი მუშაობის პრინციპის შესწავლა დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, შეკვეთების წიგნის გამოყენებისას.
რა არის შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი?
შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი არის სხვაობა ყველაზე მაღალ შემოთავაზების ფასსა (მყიდველის მიერ გადასახდელი თანხა) და ყველაზე დაბალ მოთხოვნის ფასს (გამყიდველის მიერ დადასტურებული თანხა) შორის. კრიპტოვალუტების ბაზრებზე, სპრედის მიზეზს მყიდველების და გამყიდველების ლიმიტ-შეკვეთებს შორის ფასების სხვაობა წარმოადგენს.
თუ გსურთ აქტივის მომენტალურად შეძენა, ვაჭრობა უნდა აღასრულოთ გამყიდველის მიერ მოთხოვნილ უმცირეს ფასად. თუ გსურთ აქტივის მომენტალურად გაყიდვა, ვაჭრობა უნდა აღასრულოთ მყიდველის მიერ შეთავაზებულ უმაღლეს ფასად. მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივების შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი უფრო მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეები ვაჭრობენ მიმდინარე ფასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფასებით. შედარებით დაბალი ლიკვიდურობის აქტივების შემთხვევაში, შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი დიდია, შესაბამისად, მსხვილი შეკვეთების აღსრულებამ შესაძლოა ფასის მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს.
მარკეტ-მეიკერები და შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი
მარკეტ-მეიკერები ლიკვიდურობას ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთების ერთდროულად განთავსებით უზრუნველყოფენ. ისინი სარგებელს იღებენ სპრედის მეშვეობით, რისთვისაც ხდება შედარებით დაბალ შემოთავაზების ფასად ყიდვა და მაღალ მოთხოვნის ფასად გაყიდვა, მუდმივი, განმეორებადი პრინციპით. დიდი მოცულობით ვაჭრობის შემთხვევაში, მცირე ზომის სპრედიც კი მნიშვნელოვანი მოგების შესაძლებლობას იძლევა.
მაგალითად, თუ მარკეტ-მეიკერი ყიდულობს BNB-ს 600 აშშ დოლარად და ამავდროულად ყიდის BNB-ს 601 აშშ დოლარად, ნებისმიერს, ვისაც სურს ვაჭრობის მომენტალურად განხორციელება, იძულებულია დაეთანხმოს მის მიერ განსაზღვრულ ფასებს. ამ აქტივი სპრედი, რომლის მეშვეობითაც მარკეტ-მეიკერი მიიღებს სარგებელს, იქნება 1 აშშ დოლარი. მაღალი მოთხოვნის მქონე აქტივები უფრო მეტ მარკეტ-მეიკერს იზიდავს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უფრო მცირე სპრედების შეთავაზების გზით უწევენ.
სიღრმის დიაგრამები და შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი
Binance-ის სავაჭრო ინტერფეისზე მოცემული სიღრმის დიაგრამების მეშვეობით შესაძლებელია შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედის ვიზუალიზაცია. დიაგრამაზე ყიდვის შეკვეთები მოცემულია მწვანედ, ხოლო გაყიდვის შეკვეთები - წითლად, ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა კი წარმოადგენს შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედს. ამ მოცულობაზე დაფუძნებული ვიზუალური დიაგრამის მეშვეობით შეძლებთ უკეთ განსაზღვროთ ბაზრის მიმდინარე ლიკვიდურობა, ნებისმიერი შეკვეთის განთავსებამდე.
რაფ უფრო მაღალია შეკვეთების წიგნში მითითებული მოთხოვნისა და შემოთავაზების ფასი, მით უფრო მცირეა სპრედი. იმ აქტივების სპრედი, რომელთა მეშვეობითაც ვაჭრობა ყველაზე ხშირად ხორციელდება, როგორც წესი, მცირეა. შედარებით ნაკლებ პოპულარული ტოკენების შემთხვევაში კი - პირიქით.
შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედის პროცენტული მაჩვენებელი
სხვადასხვა კრიპტოვალუტის ან აქტივის შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედის ერთმანეთთან შესადარებლად, ეფექტურია მისი პროცენტული მაჩვენებლის სახით გამოსახვა, რისთვისაც შემდეგი ფორმულა გამოიყენება:
(მოთხოვნის ფასი - შემოთავაზების ფასი) / მოთხოვნის ფასი x 100 = შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედის პროცენტული მაჩვენებელი
მაგალითისთვის, დავუშვათ, რომ ტოკენის მოთხოვნის ფასია 10,00 აშშ დოლარი, ხოლო შემოთავაზების ფასი - 9,99 აშშ დოლარი. მათ შორის სხვაობა, ანუ შემოთავაზება მოთხოვნის სპრედი არის 0,01 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტული მაჩვენებელი 0,10%. ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ Bitcoin-ის სპრედი, რომელიც 1 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი ბევრად დაბალია, რადგან მასზე ზეგავლენას Bitcoin-ის მაღალი ღირებულება ახდენს და რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ერთეულისთვის დამახასიათებელ მაღალ ლიკვიდურობასთან.
როგორც წესი, უფრო მცირე ზომის შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედის მქონე აქტივის ლიკვიდურობა სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება, რაც ამარტივებს აღნიშნული აქტივით ვაჭრობას და ამცირებს ფასების მკვეთრი ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს.
რა არის ფასის ცურვა?
ფასის ცურვას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ვაჭრობების აღსრულების ფასი განსხვავდება მოსალოდნელი ფასისგან. ფასის ცურვა ძირითადად დამახასიათებელია მაღალი მერყეობის ან დაბალი ლიკვიდურობის ბაზრებისთვის და განსაკუთრებით ხშირია ავტომატური მარკეტ-მეიკერების (AMM-ები) და დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX-ები) შემთხვევაში, რის მიზეზსაც ფასების მათემატიკური ფორმულების საფუძველზე განსაზღვრა წარმოადგენს, ნაცვლად შეკვეთების წიგნის გამოყენებისა.
დავუშვათ თქვენ გსურთ განათავსოთ დიდი ზომის საბაზრო შეკვეთა და შეიძინოთ აქტივი 100 აშშ დოლარად, თუმცა ბაზარს არ აქვს საკმარისი ლიკვიდურობა იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა ამ ფასად აღსრულდეს. შედეგად თქვენ მოგიწევთ მომდევნო დონის შეკვეთების მიღება (რომელთა ფასი 100 აშშ დოლარზე მეტია), სანამ თქვენი შეკვეთა სრულად არ შეივსება. ამის გამო თქვენ მიერ შეძენილი აქტივის საშუალო ფასი 100 აშშ დოლარზე მაღალი იქნება. ამ ფაქტორს ფასის ცურვას ვუწოდებთ. დაბალი ლიკვიდურობის მქონე პულების შემთხვევაში, დიდი მოცულობით ვაჭრობის დროს, ფასების ცურვის მაჩვენებელი შესაძლოა 10%-ს აღემატებოდეს.
დადებითი ფასის ცურვა
ფასის ცურვა ყოველთვის თქვენს საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს. დადებით ფასის ცურვას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ფასი მცირდება ყიდვის შეკვეთის განთავსების შემდეგ ან იზრდება გაყიდვის შეკვეთის განთავსების შემდეგ. პოზიტიური ფასის ცურვა შეიძლება დაფიქსირდეს სწრაფად ცვალებად ბაზრებზე, სადაც ფასები თქვენს სასარგებლოდ იცვლება შეკვეთის განთავსებიდან შევსებამდე, თუმცა ეს მოვლენა საკმაოდ იშვიათია.
ფასის ცურვისგან დაცვა
ბევრი DEX, მაგალითად PancakeSwap გაძლევთ საშუალებას დააყენოთ დააყენოთ ფასის ცურვის დასაშვები დონე, რითაც პროტოკოლში მიუთითებთ, რა არის თქვენთვის მისაღები მაქსიმალური ფასის გადახრა. თუ ფასის ცურვის მაჩვენებელს ძალიან დაბალ დონეზე დააყენებთ, თქვენი შეკვეთა შესაძლოა არ შეივსოს ფასების მცირედი ცვლილების შემთხვევაში. ხოლო თუ ფასის ცურვის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიუთითებთ, შესაძლოა წინმსწრებ შეკვეთებთან დაკავშირებული რისკების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც თქვენს მომლოდინე შეკვეთას სხვა ტრეიდერი ან ბოტი შეამჩნევს და თქვენ მიერ მითითებული დასაშვები დონის მეშვეობით სარგებლის მიღების მიზნით, განათავსებს თქვენი შეკვეთის წინმსწრებ შეკვეთას.
„2025 და 2026 წლებში, MEV დაცვის ხელსაწყოები უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა წამყვან DEX-ებზე. ეს ხელსაწყოები ამცირებს წინმსწრებ შეკვეთებთან დაკავშირებულ რისკებს ტრანზაქციების პირად არხებზე გადატანის გზით. ფასის ცურვის დასაშვები დონის მაღალი მაჩვენებლის დაყენებამდე, გირჩევთ, გადაამოწმოთ, გააჩნია თუ არა კონკრეტულ DEX-ს MEV უსაფრთხოების ერთეულების მხარდაჭერა.
ფასის ცურვის მინიმუმამდე შემცირება
ფასის ცურვის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს გარკვეული სტრატეგიები, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ ის მინიმუმამდე შეამციროთ
დიდი შეკვეთები დაყავით ნაწილებად
ერთი, დიდი ზომის საბაზრო შეკვეთის განთავსების ნაცვლად ეცადეთ ის დაყოთ რამდენიმე მცირე ზომის ნაწილად. ეს ამცირებს ფასების ცვალებადობის ზემოქმედების რისკს შეკვეთების წიგნის ნებისმიერ დონეზე და გაძლევთ თქვენი შეკვეთის შევსების საშუალო ფასის მეტი კონტროლის საშუალებას.
გამოიყენეთ ლიმიტ-შეკვეთები
საბაზრო შეკვეთებისგან განსხვავებით, ლიმიტ-შეკვეთების აღსრულება ხდება მხოლოდ სასურველ ან უკეთეს ფასად. შესაძლოა, თქვენი შეკვეთის შევსებას მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა ეს საიმედო გზაა ფასის მოულოდნელი ცვლილებების დიდი მოცულობის საბაზრო შეკვეთებზე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.
აირჩიეთ უკეთესი ლიკვიდურობის მქონე ბაზრები
მაღალი სავაჭრო მოცულობისა და ღრმა შეკვეთების წიგნის მქონე აქტივებით ვაჭრობით შეძლებთ ფასების ცურვის მნიშვნელოვანი ზეგავლენის თავიდან აცილებას. მოერიდეთ დიდი მოცულობის შეკვეთების განთავსებას დაბალი სიღრმის შეკვეთების წიგნის მქონე ბაზრებზე და დაბალი ლიკვიდურობის მქონე DEX პულებში.
შეამოწმეთ დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟების ტრანზაქციების საკომისიოები
დეცენტრალიზებულ ქსელებზე გაზის საკომისიოები ხშირად იცვლება, რაც დამოკიდებულია ქსელის დატვირთვის დონეზე. აუცილებელია, ხარჯების გაანგარიშებისას აღნიშნული თანხების გათვალისწინება, რადგან მაღალი საკომისიოები, შესაძლოა ვერ აბალანსებდეს მოგებას, განსაკუთრებით, შედარებით მცირე მოცულობის შეკვეთების შემთხვევაში.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ფასების ცურვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში?
ფასების ცურვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში წარმოადგენს სხვაობას ვაჭრობის მოსალოდნელ და რეალურ ფასს შორის. აღნიშნულ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც თქვენი შეკვეთის შევსებისთვის საჭირო ლიკვიდურობა არ არის ხელმისაწვდომი და ვაჭრობის განხორციელება ფასის სხვადასხვა დონეზე ხდება.
რა არის შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი?
შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი არის სხვაობა ყველაზე მაღალ შემოთავაზების ფასსა (მყიდველის მიერ გადასახდელი თანხა) და ყველაზე დაბალ მოთხოვნის ფასს (გამყიდველის მიერ დადასტურებული თანხა) შორის. მისი მეშვეობით ხდება თითოეულ ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების ასახვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თანხები არ არის პირდაპირ მითითებული, საკომისიოების სახით.
როგორ მუშაობს ფასის ცურვა დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე?
ავტომატური მარკეტ-მეიკერების მეშვეობით მოქმედ DEX-ებზე ვაჭრობის ღირებულება განისაზღვრება მათემატიკური ფორმულით, რომელიც ეფუძნება ლიკვიდურობის პულში არსებული აქტივების თანაფარდობას. პულის ზომასთან შედარებით დიდი მოცულობის ვაჭრობები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფასებზე, რაც ფასების ცურვის გამომწვევი მიზეზი ხდება. ფასის ცურვის დასაშვები დონის მაჩვენებლის დაყენება საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ, ფასის რა მოცულობის ცვლილებაა თქვენთვის მისაღები.
მოქმედებს თუ არა ფასის ცურვა ჩვენს საწინააღმდეგოდ, ნებისმიერ შემთხვევაში?
არა. უარყოფითი ფასის ცურვის შემთხვევაში, თქვენ იღებთ მოსალოდნელზე დაბალ ფასს, რაც დამატებით ხარჯებთან ასოცირდება. ამის საპირისპიროდ, დადებითი ფასის ცურვის შემთხვევაში თქვენი შეკვეთის აღსრულება მოსალოდნელზე უკეთესი ფასით ხდება. ორივე შემთხვევის დადგომა სრულიად მოსალოდნელია, თუმცა ფასის უარყოფითი ცურვის შემთხვევები უფრო ხშირია დიდი მოცულობის საბაზრო შეკვეთების დაბალი ლიკვიდურობის მქონე ბაზარზე განთავსებისას.
როგორ არის შესაძლებელი ფასის ცურვის ზეგავლენის შემცირება კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას?
ფასის ცურვის ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია საბაზრო შეკვეთების ნაცვლად ლიმიტ-შეკვეთების გამოყენება, დიდი მოცულობის შეკვეთების შედარებით მცირე ნაწილებად დაყოფა, მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით და დაბალი ლიკვიდურობის პირობებში ვაჭრობა. დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე ვაჭრობის შემთხვევაში, ეფექტურია ფასის ცურვის მისაღები დონის რეალისტური მაჩვენებლის დაყენება და MEV მხარდაჭერის მქონე პლატფორმების არჩევა.
შეჯამება
შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი და ფასის ცურვა გახლავთ ორი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ვაჭრობაზე, მიუხედავად იმისა, ცენტრალიზებულ ბირჟას იყენებთ თუ DEX-ს. მათი არსის გაგება დაგეხმარებათ ვაჭრობის რეალური ღირებულების განსაზღვრაში და თავიდან აგარიდებთ გადაწყვეტილებების მხოლოდ უშუალოდ მითითებული საკომისიოების საფუძველზე მიღებით გამოწვეულ რისკებს. მაღალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე მცირე მოცულობებით ვაჭრობის დროს, აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენა,, როგორც წესი, უმნიშვნელოა, თუმცა დიდი მოცულობებით ვაჭრობისას ან დაბალი ლიკვიდურობის მქონე აქტივების გამოყენების შემთხვევაში, მათი ზეგავლენით გამოწვეული ზარალი შესაძლოა საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდეს.
DeFi-ის განვითარების პარალელურად, ფასის ცურვის მართვის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა მისაღები დონის მაჩვენებლები და MEV უსაფრთხოების ინსტრუმენტები, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აღნიშნული კონცეფციების საფუძვლიანად შესწავლა დაგეხმარებათ ეფექტური სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.