მთავარი დეტალები
დეი-ტრეიდინგი გთავაზობთ მოგების მიღების შესაძლებლობას მოკლევადიანი ფასის მოძრაობების კაპიტალიზაციის მეშვეობით, თუმცა ამ დროს მაღალია რისკი და ეს პროცესი საჭიროებს დიდ დროსა და დისციპლინას.
HODLing წარმოადგენს გრძელვადიანი ინვესტიციის სტრატეგიას, რაც ნაკლებ სტრესთან და ტრანზაქციის ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა საჭიროებს მოთმინებას და სიმშვიდის შენარჩუნების უნარს ბაზრის ვარდნის პერიოდების დროს.
სტრატეგიის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტული პირის პროფილზე და რისკის დასაშვებობის დონეზე. ჰიბრიდული მიდგომა ინვესტორებს სთავაზობს ორივე სტრატეგიის ერთდროულად გამოყენების საშუალებას: მათ შეუძლიათ აქტივების ძირითადი ნაწილი შეინახონ და დაელოდონ მათი ფასის ზრდას, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყენონ ვაჭრობისთვის.
შესავალი
კრიპტოვალუტაში ინვესტირება საინტერესო პროცესია, თუმცა ამ დროს საჭიროა მრავალი გადაწყვეტილების მიღება. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ინვესტორს მოუწევს, არის არჩევანი დეი-ტრეიდინგსა და HODLing-ს (აქტივის ხანგრძლივად შენახვას) შორის. თითოეული სტრატეგია სხვადასხვა უპირატესობასთან და რისკთანაა დაკავშირებული, რომელთა ცოდნა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
მოდით განვიხილოთ დეი-ტრეიდინგის და HODLing-ის საბაზისო კონცეფციები.
დეი-ტრეიდინგი კრიპტოს ბაზარზე
დეი-ტრეიდინგი მოკლევადიან სტრატეგიას წარმოადგენს, რომლის დროსაც ტრეიდერები კრიპტოვალუტას ყიდულობენ და ყიდიან იმავე დღეს. ამ სტრატეგიის მიზანია მოგების მიღება ფასის რყევების მეშვეობით. რისკების შესამცირებლად და წარმატების შანსის გასაზრდელად, ტრეიდერები ხშირად იყენებენ ტექნიკურ ანალიზს, ბაზრის ტენდენციებს და ვაჭრობის სხვა ინსტრუმენტებს.
დეი-ტრეიდინგის მოკლე მიმოხილვა
ბაზრის ანალიზი: ფასის მოკლევადიანი ცვლილებების პროგნოზირებისთვის დეი-ტრეიდერები იყენებენ დიაგრამებს, ტენდენციების და ფასის მოძრაობის მონაცემებს.
სწრაფი ტრანზაქციები: ვაჭრობების განხორციელება ხდება სწრაფად, ხშირად წუთებში ან საათებში.
ლევერიჯით და მარჟით ვაჭრობა: მოგების დონის გასაზრდელად ზოგიერთი ტრეიდერი ვაჭრობისთვის იყენებს ნასესხებ თანხებს, თუმცა ეს მეთოდი ასევე ზრდის ზარალის ოდენობას და საერთო რისკების დონეს.
მონიტორინგი: დეი-ტრეიდერებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალყური ბაზრებს, რათა შეძლონ რისკების მართვა და პოტენციურად მომგებიანი შანსების გამოყენება
დეი-ტრეიდინგის დადებითი მხარეები
მოგების მოკლე პერიოდში მიღების შესაძლებლობა: დეი-ტრეიდინგი გვთავაზობს სწრაფი მოგების მიღების შესაძლებლობას. სწორად მოქმედების შემთხვევაში, ტრეიდერებს შემოსავლის მიღება საათებში ან სულაც წუთებში შეუძლიათ.
არასტაბილურობა: კრიპტოვალუტების ბაზრის არასტაბილურობის გამო მათი ფასები სწრაფად იცვლება, რაც იძლევა ხშირი ტემპით ვაჭრობის და მოგების მოკლე პერიოდში მიღების შესაძლებლობას.
სწავლა: ვაჭრობის სწრაფი ტემპი ტრეიდერებს საშუალებას აძლევს კარგად შეისწავლონ ბაზრის ტენდენციები და ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები, რაც ეხმარება მათ ვაჭრობის უნარების გაუმჯობესებაში.
დეი-ტრეიდინგის უარყოფითი მხარეები
მაღალი რისკი: როდესაც ვაჭრობები დროის მოკლე პერიოდში ხორციელდება, არსებობს ალბათობა, რომ ფასი მოულოდნელად შეიცვალოს, რამაც შეიძლება მომენტალური ზარალი გამოიწვიოს. რეალურად, გრძელვადიან პერიოდში დეი-ტრეიდერების დიდი უმრავლესობა ზარალს განიცდის.
საჭიროებს ყურადღებას და დისციპლინას: ტრეიდერებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალყური ბაზარს და იმოქმედონ სწრაფად. წარმატებული დეი-ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანია მკაცრი დისციპლინა.
ემოციური წნეხი: ბაზრის სწრაფი ცვლილებებით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე.
ტრანზაქციის ხარჯები: ხშირი ყიდვა და გაყიდვა მნიშვნელოვნად ზრდის ტრანზაქციების საკომისიოების ოდენობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს მოგების დონეს.
რა არის HODLing?
HODLing წარმოადგენს გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რომლის დროსაც ინვესტორები ყიდულობენ კრიპტოვალუტას და ინახავენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბაზრის მერყეობის გათვალისწინების გარეშე. ტერმინი HODL დაკავშირებულია BitcoinTalk-ის მომხმარებლის მიერ დაშვებულ ორთოგრაფიულ შეცდომასთან, თუმცა ის მოგვიანებით გადაიქცა აკრონიმად, რაც ნიშნავს „Hold On for Dear Life“ (დაელოდეთ უკეთეს დროს, ანუ არ გაყიდოთ).
მოკლედ რომ ვთქვათ, HODLing წარმოადგენს აქტივების ყიდვას და ხანგრძლივი პერიოდით შენახვას, რომლის დროსაც ხორციელდება ტრანზაქციების ძალიან მცირე რაოდენობა. დეი-ტრეიდინგისგან განსხვავებით, HODLing არ საჭიროებს ბაზრის ყოველდღიურ მონიტორინგს. თუმცა HODLing ასევე მოითხოვს მოთმინებას და დისციპლინას, რადგან ინვესტორებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ ფასების მოკლევადიან მერყეობას და ყურადღება უნდა გაამახვილონ გრძელვადიან სარგებელზე.
HODLing-ის დადებითი მხარეები
ნაკლები სტრესი: გრძელვადიან ინვესტორებს არ უწევთ ფასის ყოველდღიურ რყევებზე ფიქრი.
მარტივი სტრატეგია: არ არის საჭირო ვაჭრობის ტექნიკური უნარების ფლობა ან ბაზრის ხშირი მონიტორინგი.
კაპიტალის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი: Bitcoin-ის და ბევრი სხვა კრიპტოვალუტის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ნაკლები საკომისიოები: რადგან ვაჭრობა ნაკლები სიხშირით ხორციელდება, ტრანზაქციის ხარჯები მცირეა.
HODLing-ის უარყოფითი მხარეები
ბაზრის ვარდნის საფრთხეები – ბაზრის კრახის შემთხვევაში, თქვენი ჰოლდინგები შეიძლება გაუფასურდეს.
საჭიროა მოთმინების უნარი – მოგების მიღება მომენტალურად არ ხდება და ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
შესაძლებლობების ხელიდან გაშვება – აქტივების ხანგრძლივად შენახვის შემთხვევაში შეიძლება ხელიდან გაუშვათ მოკლევადიანი ვაჭრობით მოგების მიღების შესაძლებლობა.
პროექტების წარუმატებლობის რისკი – დროთა განმავლობაში ზოგიერთმა კრიპტოვალუტამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.
დეი-ტრეიდინგის და HODLing-ის შედარება
რომელი სტრატეგიაა თქვენთვის შესაფერისი?
დეი-ტრეიდინგსა და HODLing-ს შორის არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
1. თქვენთვის მისაღები რისკის დონე
თუ თქვენთვის მისაღებია ისეთი სცენარი, რა დროსაც მაღალი რისკის სანაცვლოდ დიდ მოგებას იღებთ, დეი-ტრეიდინგი სწორი არჩევანია.
თუ უპირატესობას უფრო უსაფრთხო მიდგომას და ზომიერ შემოსავალს ანიჭებთ, გირჩევთ აირჩიოთ HODLing.
2. თავისუფალი დრო
დეი-ტრეიდინგით იმ შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავდეთ, თუ გაქვთ საშუალება, რომ ყოველდღიურად რამდენიმე საათი დაუთმოთ ბაზრის მონიტორინგს.
თუ სხვა საქმეებიც გაქვთ და გსურთ პასიური შემოსავლის მიღება, HODLing თქვენთვის იდეალური ვარიანტია.
3. ბაზრის ცოდნა
დეი-ტრეიდინგი საჭიროებს ტექნიკური ანალიზის და ბაზრის ფსიქოლოგიის საფუძვლიან ცოდნას.
HODLing საჭიროებს საბაზისო ცოდნას და რწმენას, რომ თქვენი აქტივების ფასი სამომავლოდ გაიზრდება.
4. ემოციური დისციპლინა
თუ შეგიძლიათ სტრესთან გამკლავება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, აირჩიეთ დეი-ტრეიდინგი.
თუ ნაკლებად სტრესულ სტრატეგიას ანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ HODLing-ს.
შესაძლებელია თუ არა ამ ორი სტრატეგიის გაერთიანება?
დიახ! ბევრი ინვესტორი იყენებს ჰიბრიდულ სტრატეგიას, რაც ამ ორი მიდგომის კომბინაციას წარმოადგენს. სწორად განხორციელების შემთხვევაში, ამ სტრატეგიით შეგიძლიათ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სარგებლის მიღება.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ BTC-ის და სხვა პერსპექტიული კრიპტოვალუტებისგან შემდგარი HODL პორტფოლიო, ხოლო შემდეგ გამოიყენოთ ცალკე პორტფოლიო (ან საფულე) ყოველდღიური ვაჭრობის და ფასების მოკლევადიანი ცვლილებების მეშვეობით მოგების მიღების მიზნით.
შეჯამება
როგორც დეი-ტრეიდინგს, ასევე HODLing-ს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არ არსებობს უნიკალური მიდგომა—თქვენი არჩევანი დაფუძნებული უნდა იყოს თქვენს ფინანსურ მიზნებზე, რისკის მისაღებობის დონეზე და ვაჭრობისთვის დროის დათმობის შესაძლებლობაზე.
თუ გაქვთ დისციპლინა და შეგიძლიათ დრო გამოყოთ ბაზრის ანალიზისთვის, დეი-ტრეიდინგი სწორედ თქვენთვის შესაფერისი სტრატეგიაა. თუ უფრო მშვიდ და გრძელვადიან სტრატეგიას ანიჭებთ უპირატესობას, რა დროსაც თქვენი ყოველდღიური ჩართულობა საჭირო არ არის, სასურველია აირჩიოთ HODLing.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტრატეგიას აირჩევთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია პროცესის საფუძვლიანი შესწავლა და რისკის მართვა. ინვესტირება განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ და თვალყური ადევნეთ ბაზრის ტენდენციებს. ასევე სასარგებლო იქნება ვაჭრობის ჟურნალის წარმოება, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მართვასა და საკუთარ შეცდომებზე სწავლაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.