რა არის კრიპტო ბაზრის განწყობა?

რა არის კრიპტო ბაზრის განწყობა?

გამოქვეყნებული Jun 3, 2021განახლებული Apr 30, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • ბაზრის განწყობა ასახავს ტრეიდერების და ინვესტორების ზოგად მოლოდინებს, განწყობას და დამოკიდებულებას კრიპტოვალუტის და ზოგადად ბაზრის მიმართ.

  • ეს მოლოდინები ყოველთვის არ ასახავს აქტივის ან პროექტის ფუნდამენტურ მახასიათებლებს, თუმცა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფასების მოძრაობებზე.

  • ბაზრის განწყობის ამოცნობა და მასზე თვალყურის დევნება ტრეიდერებს და ინვესტორებს ეხმარება ფასების მოძრაობის პროგნოზირებაში, რისკების მართვაში და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ბაზრის განწყობა cta

შესავალი

ნებისმიერი ფინანსური აქტივის მსგავსად, კრიპტოვალუტის ფასზე გავლენას ახდენს მიწოდება და მოთხოვნა. თავის მხრივ, ეს ძალები ხშირად მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, მედიასა და სოციალურ ქსელებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე და ინვესტორის ფსიქოლოგიის ფორმირებაზე. 

ბევრი ტრეიდერი ბაზრის განწყობის ანალიზს იყენებს კრიპტოაქტივის მოკლე და საშუალოვადიანი პოტენციალის პროგნოზირებისთვის. კრიპტო ბაზრის განწყობის შესწავლა, ისევე როგორც ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი, ტრეიდერის ინსტრუმენტების ნაკრების ფასეულ კომპონენტს წარმოადგენს.

რა არის ბაზრის განწყობა?

ბაზრის განწყობა აღნიშნავს ფინანსური აქტივის ან ბაზრის მიმართ ტრეიდერების და ინვესტორების კოლექტიურ დამოკიდებულებას. ეს კონცეფცია გამოიყენება ყველა ფინანსურ ბაზართან, მათ შორის კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ბაზრის განწყობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზრის ციკლებზე.

თუმცა ბაზრის პოზიტიურ განწყობას ყოველთვის არ შეუძლია ბაზრის პირობების დადებითი მიმართულებით შეცვლა. ზოგჯერ ძლიერ პოზიტიური განწყობა (ფასები მთვარემდე აიწევს!) შეიძლება წინ უძღოდეს ბაზრის კორექციას ან სულაც bearish ბაზარს.

განწყობის ანალიზის მეშვეობით, ტრეიდერებს შეუძლიათ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მიღება და პოტენციურად მომგებიანი ტენდენციების პროგნოზირება. ბაზრის განწყობა ყოველთვის არ ითვალისწინებს პროექტის ფუნდამენტურ მახასიათებლებს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება მათთან იყოს დაკავშირებული.

მაგალითი: Meme მონეტები

Meme მონეტები ბაზრის განწყობის კონცეფციის ილუსტრაციის შესანიშნავი საშუალებაა. მაგალითისთვის განვიხილოთ Dogecoin. Dogecoin-ზე მოთხოვნის ზრდა და bull ტენდენციის ჩამოყალიბება დიდწილად განპირობებული იყო სოციალურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟით (რამაც გამოიწვია ბაზრის პოზიტიური განწყობა). 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Dogecoin-ის შეძენის დროს, ბევრი ტრეიდერი და ინვესტორი ითვალისწინებდა არა პროექტის ტოკენომიკას ან მიზნებს, არამედ ბაზარზე არსებულ განწყობას. ზოგჯერ, ბაზრის პოზიტიური ან ნეგატიური განწყობის შექმნისთვის საკმარისია ცნობილი პირის, მაგალითად ილონ მასკის ერთი „ტვიტი“.

ილონ მასკის ტვიტი dogecoin-ის შესახებ

Bullish და Bearish განწყობა

ინვესტორთა გაწყობა, როგორც წესი, ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:

  • Bullish განწყობა: ტრეიდერები და ინვესტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ფასები გაიზრდება. Bullish ბაზრის დროს, მოსახლეობა ყიდულობს და ინახავს კონკრეტულ აქტივებს ფასების ზრდით მოგების მიღების იმედით.

  • Bearish განწყობა: მიანიშნებს პესიმისტურ განწყობაზე და ფასების კლების მოლოდინებზე. Bearish ბაზრის დროს, ინვესტორები ხშირად ყიდიან საკუთარ აქტივებს ან ხსნიან short პოზიციებს.

ეს ორი ტიპის განწყობა შესაძლოა ერთდროულად არსებობდეს ბაზრის სხვადასხვა ნაწილში ან ინვესტორთა სხვადასხვა ჯგუფში, რაც ხშირად იწვევს ფასების მოძრაობის მიმართულებების ცვლას და გაურკვევლობას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბაზრის განწყობის ანალიზი?

ბაზრის განწყობის ანალიზი ბევრი სავაჭრო სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მაგალითად, ეს ანალიზი გეხმარებათ იმის განსაზღვრაში, FOMO-ს (სარგებლის მიღების ხელიდან გაშვების შიშს) რეალური საფუძველი აქვს თუ უბრალოდ „ჯოგური მენტალიტეტის“ შედეგია. ზოგადად, ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი და ბაზრის განწყობის შესწავლა საშუალებას გაძლევთ:

  • უკეთესი წარმოდგენა შეიქმნათ ფასის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი დინამიკის შესახებ.

  • შეიმუშავოთ თქვენი ემოციური მდგომარეობის უკეთ კონტროლის მეთოდები. 

  • გამოავლინოთ პოტენციურად მომგებიანი შესაძლებლობები.

როგორ განვახორციელოთ ბაზრის განწყობის ანალიზი

ბაზრის განწყობის გასაგებად, თქვენ უნდა შეაგროვოთ ინფორმაცია ბაზრის მონაწილეების მოსაზრებების, იდეების და შეხედულებების შესახებ. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, შეგიძლიათ დაათვალიეროთ სოციალური მედიის შესაბამისი გვერდები და არხები, რათა შეიტყოთ, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების წევრები ან ინვესტორები კონკრეტული პროექტის ან ზოგადად ბაზრის შესახებ.

ასევე შეგიძლიათ იფიქროთ ოფიციალურ ფორუმებზე, Discord სერვერებზე ან Telegram ჯგუფებში გაწევრიანებაზე, რათა პირადად გაესაუბროთ პროექტის გუნდს და საზოგადოების წევრებს. თუმცა იყავით ფრთხილად! ამ ჯგუფებში უამრავი თაღლითია. არ ენდოთ შემთხვევით გაცნობილ პირებს და სანამ სარისკო ქმედებას წამოიწყებთ, თავად ჩაატარეთ მოკვლევა.

გარდა სოციალური მედიის არხების მონიტორინგისა (კონკრეტულად X-ისა, რადგან ის ყველაზე პოპულარულია კრიპტოვალუტის მომხმარებლებს შორის), სასურველია განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:

  1. სოციალურ ქსელებში საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, გამოიყენეთ მონაცემთა შეგროვების პროგრამული ინსტრუმენტები.

  2. გაეცანით ინდუსტრიის სიახლეებს მედია პორტალების და ბლოგების მეშვეობით. მსგავსი პორტალების მაგალითებია Binance Blog, Bitcoin Magazine და CoinDesk.

  3. გაააქტიურეთ შეტყობინებების ფუნქცია ან თვალყური ადევნეთ ვეშაპების მიერ განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციებს. მსგავს აქტივობებს მუდმივად ადევნებენ თვალყურს კრიპტო ინვესტორები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზრის განწყობაზე. Telegram-ზე და X-ზე ხელმისაწვდომია „ვეშაპების“ შესახებ გაფრთხილების უფასო ბოტები (მაგ., WhaleAlert).

  4. შეამოწმეთ ბაზრის განწყობის ინდიკატორები და ფასის სიგნალები CoinMarketCap-ზე. ბაზრის მიმდინარე განწყობის დასადგენად, ეს ინდექსების სერვისები ახორციელებენ უამრავი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

  5. Google Trends-ის გამოყენებით გაზომეთ კრიპტოვალუტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დონე. მაგალითად, თუ ტექსტი „როგორ გავყიდო კრიპტო“ საძიებო სისტემაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეყვანილი, ეს ბაზრის ნეგატიურ განწყობაზე მიუთითებს.

ბაზრის განწყობის ინდიკატორები

შიშის და სიხარბის ინდექსი

კრიპტოს შიშის და სიხარბის ინდექსი კრიპტო ბაზრის განწყობის პოპულარულ ინდიკატორს წარმოადგენს. ის გვაჩვენებს ბაზრის მონაწილეების შიშის და სიხარბის დონეს ნულიდან 100-მდე შკალის გამოყენებით, რისთვისაც აანალიზებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს, მათ შორის მერყეობას, ბაზრის მოცულობას, სოციალურ მედიას, დომინირებას და ტენდენციებს.

შიშის და სიხარბის ინდექსი

Bull და Bear ინდექსი

განწყობის კიდევ ერთი ინდიკატორია Augmento-ს მიერ შემოთავაზებული Bull & Bear ინდექსი, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე. ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამის მეშვეობით, ის აანალიზებს 93 ტიპის განწყობას და თემას, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგალითად X-ზე, Reddit-ზე და Bitcointalk-ზე გამოქვეყნებულ მიმოწერებს. ამ ინდიკატორის მნიშვნელობა შეიძლება მერყეობდეს ნულიდან (bearish) ერთამდე (bullish).

bull და bear ინდექსი

შეჯამება

ბაზრის განწყობის ანალიზს საინვესტიციო ბაზრებზე მოვაჭრე უამრავი ტრეიდერი იყენებს, თუმცა ის განსაკუთრებით ეფექტურია კრიპტოვალუტის ბაზრის პროგნოზირებისთვის. რადგან ბლოკჩეინის ეკოსისტემა და კრიპტო ბაზრები ჯერ კიდევ შედარებით მცირე ზომისაა, საზოგადოების აღქმა და განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი ფასების მერყეობაზე.

როგორც წესი, პრაქტიკა და გამოცდილება აუმჯობესებს ბაზრის განწყობის ანალიზის შედეგებს, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს. ვაჭრობის ან ინვესტირების დაწყებამდე, ყოველთვის ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა და ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რისი დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.