მთავარი დეტალები
სანთლის დიაგრამა არის ტექნიკურ ანალიზში გამოყენებადი პოპულარული ხელსაწყო, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობების ამოსაცნობად გამოიყენება.
ჩაქუჩი, bullish harami, ჩამომხრჩვალი კაცი, ჩამოვარდნილი ვარსკვლავი და doji სანთლის დიაგრამის შაბლონების რამდენიმე მაგალითია, რომლებიც ტრეიდერებს ეხმარება ტრენდის შებრუნების ამოცნობაში ან არსებული ტრენდის დადასტურებაში.
თუმცა, სავაჭრო გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე საჭიროა სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ბაზრის განწყობა და ლიკვიდურობა.
რა არის სანთლის დიაგრამები?
სანთლის დიაგრამა არის გრაფიკების შექმნის ტექნიკა, რომელიც აქტივის ფასის მოძრაობის აღწერისთვის გამოიყენება. მე-18 საუკუნის იაპონიაში შექმნილი ტექნიკა უკვე ასწლეულების განმავლობაში გამოიყენება იმ შაბლონების პოვნისთვის, რომლებიც გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით მოძრაობს აქტივის ფასი. დღეისათვის კრიპტოვალუტით მოვაჭრეები სანთლის დიაგრამის დახმარებით აანალიზებენ ფასის ისტორიულ მონაცემებს და აკეთებენ პროგნოზებს ფასის სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილი რამდენიმე სანთელი ხშირად ქმნის შაბლონებს, რომელთა საშუალებით შეიძლება ვივარაუდოთ, ფასი აიწევს, დაეცემა თუ უცვლელი დარჩება. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამ შაბლონებზე დაყრდნობით გავიგოთ ბაზრის განწყობა და ამოვიცნოთ ვაჭრობისთვის ხელსაყრელი პირობები.
როგორ მუშაობს სანთლის დიაგრამები?
წარმოიდგინეთ, რომ აკვირდებით აქტივის, მაგალითად აქციის ან კრიპტოვალუტის ფასს კონკრეტული პერიოდის, მაგალითად კვირის, დღის ან საათის განმავლობაში. სანთლის დიაგრამა ამ ფასის მონაცემების ვიზუალურად წარმოდგენის საშუალებაა.
სანთლის დიაგრამას აქვს სვეტი და ორი ხაზი (რომლებსაც პატრუქებს ან ჩრდილებს უწოდებენ). სანთლის დიაგრამის სვეტი დროის კონკრეტულ მონაკვეთში გახსნისა და დახურვის ფასებს შორის განსხვავებას აღნიშნავს, პატრუქები/სვეტები კი - ამ პერიოდში მიღწეულ მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს.
მწვანე სვეტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ფასი გაიზარდა. წითელი სვეტი აღნიშნავს bearish სანთელს, რაც ამ პერიოდში ფასის ვარდნაზე მიუთითებს.
როგორ წავიკითხოთ სანთლის შაბლონები
სანთლების შაბლონები რამდენიმე სანთლის კონკრეტული მიმდევრობით დალაგების შედეგად იქმნება. არსებობს უამრავი შაბლონი, რომელთა წაკითხვაც შესაბამისი ინტერპრეტაციით შეიძლება. ზოგიერთი სანთლის დიაგრამის შაბლონი გვაძლევს ინფორმაციას მყიდველებსა და გამყიდველებს შორის არსებულ ბალანსის შესახებ, სხვები შესაძლოა აღნიშნავდეს ფასის შებრუნებას, შენარჩუნებას ან გაურკვევლობას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თავად სანთლის დიაგრამის შაბლონები ყიდვის ან გაყიდვის სიგნალებს არ წარმოადგენს. სინამდვილეში ისინი გამოიყენება ფასების მოძრაობაზე და ბაზრის ტენდენციებზე დასაკვირვებლად, სამომავლო შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიზნით. ამიტომაც შაბლონები ყოველთვის კონტექსტის მიხედვით უნდა გავაანალიზოთ.
ზარალის რისკის შესამცირებლად, ბევრი ტრეიდერი სანთლის დიაგრამის შაბლონებს იყენებს ანალიზის სხვა მეთოდებთან ერთად, რომელთა შორისაა ვაიკოფის მეთოდი, ელიოტის ტალღების თეორია და დოუს თეორია. ასევე ხშირად გამოიყენება ტექნიკური ანალიზის (TA) ინდიკატორები, როგორიცაა ტრენდის ხაზები, შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI), სტოქარისტული RSI, იჩიმოკუს ღრუბლები ან პარაბოლური SAR.
სანთლის დიაგრამის შაბლონების გამოყენება ასევე შესაძლებელია მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეებთან ერთად. ვაჭრობაში, მხარდაჭერის დონეები არის ფასის დონეები, რა დროსაც აქტივზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე შეთავაზება, ხოლო რეზისტენტობის დონეები აღნიშნავს ფასის დონეებს, სადაც შემოთავაზება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა.
Bullish სანთლის შაბლონები
ჩაქუჩი
ჩაქუჩი ეწოდება სანთელს ბოლოში გრძელი ქვედა პატრუქით, სადაც ქვედა პატრუქი სვეტზე სულ მცირე ორჯერ უფრო გრძელია.
ჩაქუჩი აჩვენებს, რომ გაყიდვის მაღალი წნეხის მიუხედავად, მყიდველები (bull-ები) ფასს უკან, გახსნის ფასის სიახლოვეს დააბრუნებენ. ჩაქუჩი შესაძლოა იყოს წითელი ან მწვანე, თუმცა მწვანე ჩაქუჩები ჩვეულებრივ უფრო ძლიერ bullish რეაქციას აღნიშნავს.
ამოტრიალებული ჩაქუჩი
შაბლონი ჩაქუჩის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში გრძელი პატრუქი არის ზემოთ და არა ქვემოთ. ჩაქუჩის მსგავსად, მისი ზედა პატრუქი სვეტზე სულ მცირე ორჯერ უფრო გრძელი უნდა იყოს.
ამოტრიალებული ჩაქუჩი ფიქსირდება დაღმავალი ტრენდის ბოლოში და შესაძლოა ფასის აღმავალი ტრენდისკენ შემოტრიალების ალბათობაზე მიანიშნებდეს. ზედა პატრუქი მიანიშნებს, რომ ფასმა დაღმასვლა შეწყვიტა იმის მიუხედავად, რომ გამყიდველებმა მისი გახსნის ფასთან მიახლოება მოახერხეს (რის გამოც შაბლონს ამოტრიალებული ჩაქუჩის ფორმა აქვს).
მოკლედ რომ ვთქვათ, ამოტრიალებული ჩაქუჩი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ გაყიდვის წნეხი შემცირდა და ბაზარზე კონტროლი შეიძლება მყიდველებმა დაამყარონ.
სამი თეთრი ჯარისკაცი
სამი თეთრი ჯარისკაცის შაბლონი წარმოადგენს ერთმანეთის მიყოლებით განთავსებულ სამ მწვანე სანთელს, რომელთაგან თითოეული სანთლის გახსნის ფასის დონე წინა სანთლის სვეტის დონეზეა, ხოლო დახურვის დონე ცდება წინა სანთლის სიმაღლეს.
ამ შაბლონში სანთლებს პატარა პატრუქები აქვს ან საერთოდ არ ჩანს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მყიდველები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე გამყიდველები (რაც ფასის აწევას იწვევს). ზოგიერთი ტრეიდერი ასევე ითვალისწინებს სანთლების ზომას და მათი პატრუქების სიგრძეს. ეს შაბლონი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც სანთლის სვეტები დიდი ზომისაა (ყიდვის წნეხი უფრო ძლიერია).
Bullish harami
Bullish harami არის გრძელი, წითელი სანთელი, რომელსაც მოსდევს უფრო პატარა მწვანე სანთელი, რომელიც მთლიანად მოქცეულია წინა სანთელში.
Bullish harami-ს ფორმირებას შესაძლოა დასჭირდეს ორი დღე ან მეტი. ეს შაბლონი მიანიშნებს იმაზე, რომ გაყიდვის იმპულსი სუსტდება და შესაძლოა დასრულდეს.
Bearish სანთლის შაბლონები
ჩამომხრჩვალი კაცი
ჩამომხრჩვალი კაცის შაბლონი ჩაქუჩის Bearish ეკვივალენტია. ჩვეულებრივ, ის აღმავალი ტრენდის დასასრულს ყალიბდება და მოკლე სვეტითა და გრძელი ქვედა პატრუქით ხასიათდება.
ქვედა პატრუქი აჩვენებს, რომ დაფიქსირდა დიდი ოდენობით გაყიდვა, თუმცა Bull-ებმა კონტროლი შეინარჩუნეს და ფასი გაზარდეს (დროებით). ეს აღნიშნავს მომენტს, როდესაც მყიდველები ცდილობენ აღმავალი ტრენდის შენარჩუნებას, თუმცა ამავდროულად უფრო მეტი გამყიდველი ერთვება ვაჭრობაში, რის გამოც ყალიბდება გაურკვევლობის მომენტი.
ხანგრძლივი აღმავალი ტრენდის შემდეგ ჩამომხრჩვალი კაცის შაბლონის გაჩენა შეიძლება აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება, რომ bull-ებმა შეიძლება დაკარგონ ბაზრის იმპულსი, რაც მიანიშნებს ფასის დაღმავალი ტრენდის პოტენციურ შებრუნებაზე.
ჩამოვარდნილი ვარსკვლავი
ჩამოვარდნილი ვარსკვლავი წარმოადგენს სანთელს გრძელი ზედა პატრუქით, მოკლე ან არარსებული ქვედა პატრუქითა და პატარა სვეტით, იდეალურ შემთხვევაში ქვედა ზღვართან ახლოს. ჩამოვარდნილი ვარსკვლავი ფორმით ძალიან ჰგავს ამოტრიალებულ ჩაქუჩს, თუმცა ის აღმავალი ტრენდის ბოლოს წარმოიქმნება.
ეს სანთლის დიაგრამის შაბლონი მიანიშნებს, რომ ბაზარმა ადგილობრივ მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა შემდეგ გამყიდველებმა კონტროლი მოიპოვეს და ფასი შეამცირეს. ჩამოვარდნილი ვარსკვლავის შაბლონის ფორმირების შემთხვევაში, ტრეიდერების ნაწილი გაყიდვას ან short პოზიციების გახსნას ირჩევს, ზოგი კი ამჯობინებს, რომ შაბლონის დასადასტურებლად დაელოდოს ახალი სანთლების ფორმირებას.
სამი შავი ყვავი
სამი შავი ყვავი წარმოადგენს რიგ-რიგობით განთავსებულ სამ წითელ სანთელს, რომლებიც წინა სანთლის სვეტში იხსნება და უკანასკნელი სანთლის ქვედა ზღვრის ქვემოთ იხურება.
ის სამი თეთრი ჯარისკაცის Bearish ეკვივალენტია. იდეალურ შემთხვევაში ამ სანთლებს არ აქვს გრძელი ზედა პატრუქები, რაც მიანიშნებს, რომ გაყიდვის წნეხი გაგრძელდება, რაც ფასის შემცირებას გამოიწვევს. სანთლების ზომა და პატრუქების სიგრძე შესაძლოა გამოვიყენოთ დაღმავალი ტრენდის გაგრძელების ალბათობის შესაფასებლად.
Bearish harami
Bearish harami არის გრძელი მწვანე სანთელი, რომელსაც მოჰყვება მოკლე წითელი სანთელი, რომლის სვეტიც მთლიანად ეტევა წინა სანთლის სვეტში.
bearish harami შეიძლება გამოისახოს ორი ან მეტი პერიოდისთვის (ორი ან მეტი დღისთვის, თუ იყენებთ დღიურ დიაგრამას). ჩვეულებრივ ეს შაბლონი ჩნდება აღმავალი ტრენდის დასასრულს და შეიძლება მიანიშნებდეს მყიდველების მიერ ბაზრის იმპულსის დაკარგვით გამოწვეულ ფასის შებრუნებაზე.
შავი ღრუბელი
შავი ღრუბლის შაბლონი შედგება წითელი სანთლისგან, რომელიც წინამდებარე მწვანე სანთლის დახურვის წერტილს ზემოთ იხსნება და ამ სანთლებს შორის არსებულ წერტილში იხურება.
ეს შაბლონი უფრო რელევანტურ ინფორმაციას გვაწვდის, თუ ის დაკავშირებულია ვაჭრობის მაღალი მოცულობასთან, რაც მიანიშნებს იმპულსის bullish მხარიდან bearish მხარეს გადასვლაზე. შაბლონის დასადასტურებლად ზოგიერთი ტრეიდერი ამჯობინებს დაელოდოს მესამე წითელ ზოლს.
სამი განგრძობითი სანთლის შაბლონი
სამი ამაღლებულის მეთოდები
სამი ზრდადის მეთოდის შაბლონი ფიქსირდება აღმავალი ტრენდის დროს და გამოისახება პატარა სვეტების მქონე, ერთმანეთის გვერდით განთავსებული სამი წითელი სანთლით, რასაც მოსდევს აღმავალი ტრენდის გაგრძელება. იდეალურ შემთხვევაში, წითელი სანთლები არ უნდა იჭრებოდეს წინა სანთლის სივრცეში.
ტრენდის გაგრძელებას ადასტურებს დიდი სვეტის მქონე მწვანე სანთელი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ bull-ებმა დაიბრუნეს კონტროლი ბაზარზე.
სამი დაცემულის მეთოდები
სამი კლებადის მეთოდი წარმოადგენს სამი ზრდადის მეთოდის საპირისპირო შაბლონს. ის მიანიშნებს დაღმავალი ტრენდის გაგრძელებაზე.
Doji სანთლის დიაგრამის შაბლონი
Doji-ს ფორმირება ხდება იმ დროს, როდესაც გახსნის და დახურვის ფასები ერთ დონეზეა (ან ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა). ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გახსნის ფასის სიახლოვეს დაიხურება. ამგვარად, Doji შეიძლება მიანიშნებდეს გაურკვევლობის წერტილს ყიდვის და გაყიდვის ძალებს შორის. თუმცა Doji-ს ინტერპრეტაცია დიდწილად კონტექსტზეა დამოკიდებული.
გახსნის და დახურვის ხაზების მდებარეობის მიხედვით, Doji შეიძლება იყოს „საფლავის ქვის“, „გრძელფეხა“ ან „ნემსიყლაპიას“ ტიპის.
საფლავის ქვა Doji
ეს არის bearish შებრუნების აღმნიშვნელი სანთელი გრძელი ზედა პატრუქით და გახსნისა და დახურვის წერტილით ქვედა ზღვართან ახლოს.
გრძელფეხება Doji
გაურკვეველი სანთლები ზედა და ქვედა პატრუქებით და გახსნისა და დახურვის მაჩვენებლებით შუა წერტილთან.
ნემსიყლაპია Doji
კონტექსტის მიხედვით, შეიძლება იყოს როგორც bullish ისე bearish სანთლები გრძელი ქვედა პატრუქითა და გახსნის/დახურვის ფასით ზედა ზღვართან ახლოს.
Doji-ს პირვანდელი განმარტების მიხედვით, გახსნის და დახურვის ფასები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. რა მოხდება, თუ გახსნის და დახურვის ფასი ერთ წერტილში არა, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება? ამას ბზრიალა ეწოდება. თუმცა, რადგან კრიპტოვალუტის ბაზრები შესაძლოა ძალიან მერყევი იყოს, ზუსტი Doji იშვიათად ფიქსირდება. ამიტომაც ხშირად ტერმინები „ბზრიალა“ და „Doji“ ერთი და იმავე შაბლონის აღწერისთვის გამოიყენება.
ფასების შუალედზე დაფუძნებული სანთლის შაბლონები
ფასების შუალედი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფინანსური აქტივი წინა დახურვის ფასზე ზემოთ ან ქვემოთ იხსნება, რაც ორ სანთელს შორის სიცარიელეს წარმოქმნის.
ბევრ შაბლონს ახასიათებს ფასებს შორის წყვეტები, თუმცა კრიპტო ბაზრებზე ეს ხშირი არ არის, რადგან კრიპტო ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს. ფასებს შორის წყვეტები ფიქსირდება არალიკვიდურ ბაზრებზე, ამიტომ ეს შაბლონები არ წარმოადგენს პრაქტიკულად გამოყენებად შაბლონებს, რადგან ისინი ძირითადად მიანიშნებს დაბალ ლიკვიდურობაზე და მაღალ შეთავაზება-მოთხოვნის სპრედზე.
როგორ გამოვიყენოთ სანთლის შაბლონები კრიპტო ვაჭრობაში
სანთლის დიაგრამის შაბლონების კრიპტო ვაჭრობის დროს გამოყენებისას, ტრეიდერება უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:
1. გაეცანით საფუძვლებს
სავაჭრო გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებად გამოყენებამდე, კრიპტო ტრეიდერებს კარგად უნდა ესმოდეთ სანთლის დიაგრამის შაბლონების საფუძვლები. ეს მოიცავს იმის ცოდნასაც, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ სანთლის დიაგრამები და სხვადასხვა შაბლონები. არ გარისკოთ მათი გამოყენება, თუ კარგად არ იცნობთ მათი მუშაობის საფუძვლებს.
2. გააერთიანეთ სხვადასხვა ინდიკატორები
სანთლის შაბლონებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგრამ უკეთესი პროგნოზებისთვის, ისინი სხვა ტექნიკურ ინდიკატორებთან ერთად უნდა გამოვიყენოთ. სანთლის შაბლონებთან ერთად გამოყენებად ინდიკატორებს შორის არის მოძრავი საშუალო, RSI და MACD.
3. გამოიყენეთ დროის რამდენიმე პერიოდი
კრიპტო ტრეიდერებმა უნდა გააანალიზონ დროის რამდენიმე პერიოდში დაფიქსირებული სანთლის შაბლონები, რათა ბაზრის განწყობაზე მეტი ინფორმაცია მიიღონ. მაგალითად, თუ ტრეიდერი დღიურ დიაგრამას აანალიზებს, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს საათობრივი და 15 წუთიანი დიაგრამები და შეადაროს განსხვავებული პერიოდის შაბლონები.
4. გამოიყენეთ რისკის მართვა
სანთლის შაბლონების გამოყენება, სხვა ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიის მსგავსად, რისკებს შეიცავს. საკუთარი კაპიტალის დასაცავად, ტრეიდერებმა უნდა გამოიყენონ რისკის მართვის მეთოდები, როგორიცაა stop-loss შეკვეთების დაყენება. ასევე მნიშვნელოვანია არ ჩაერთოთ გადამეტებულ ვაჭრობაში და მხოლოდ ისეთ ვაჭრობაში მიიღოთ მონაწილეობა, სადაც რისკისა და ჯილდოს შეფარდება მომგებიანია.
შეჯამება
სანთლის დიაგრამებისა და მათი შაბლონების ცოდნით სარგებლის მიღება ყველა ტრეიდერს შეუძლია მაშინაც კი, თუ მათ სავაჭრო სტრატეგიაში არ გამოიყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ სანთლის დიაგრამები ბაზრის ანალიზის სასარგებლო ინსტრუმენტებია, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ისინი უტყუარ ინდიკატორებს არ წარმოადგენს. მათი დახმარებით შეგიძლიათ განსაზღვროთ ყიდვის და გაყიდვის ძალების თანაფარდობა და ბაზრის მოძრაობა. თუმცა რისკის მართვის და დანაკარგის ალბათობის შემცირების მიზნით, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სხვა ინსტრუმენტებთან ერთად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.