TL;DR
ჰეჯირება არის რისკის მართვის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდის ან ორგანიზაციის პოტენციური ზარალის დაბალანსებას.
ჰეჯირების მეთოდებს შორის არის ფიუჩერსების და ოფციონების კონტრაქტები, სხვაობის კონტრაქტები (CFD) და უვადო სვოპ კონტრაქტები.
ჰეჯირების სტრატეგია ახლავს თავიანთი რისკები და ფასები. ჰეჯირების სტრატეგიის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა რისკები, მათ შორის შემხვედრი მხარე და რეგულაციები.
რა არის ჰეჯირება?
ჰეჯირება არის რისკების მართვის სტრატეგია, რომელსაც ინდივიდები და ინსტიტუტები იყენებენ ინვესტირებისას პოტენციური ზარალის დასაბალანსებლად.
თავისი არსით ის სადაზღვევო პოლისის აღებას ჰგავს. თუ თქვენი სახლი წყალდიდობების რისკის ზონაში დგას, დატბორვისგან აქტივის დასაცავად წყალდიდობის დაზღვევას აიღებთ. ფინანსურ და კრიპტო ბაზრებზე ჰეჯირება იმავე პრინციპით მუშაობს. ის მოიცავს აქტივის ფასის წამგებიანად ცვლილების რისკის შესამცირებლად განხორციელებულ ინვესტიციას.
როგორ მუშაობს ჰეჯირება?
არსებობს ჰეჯირების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ძირითადად ის შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება:
ნაბიჯი 1: ძირითადი პოზიციის დადგენა
თქვენ გაქვთ არსებული პოზიცია კონკრეტული აქტივისთვის, მაგალითად Bitcoin და Ether. თქვენ ან ფლობთ კრიპტოს, ან მისი ფასებს ეცნობით.
ნაბიჯი 2: რისკების ამოცნობა
მომდევნო ნაბიჯი არის ძირითად პოზიციასთან დაკავშირებული რისკების ამოცნობა. მაგალითად, Bitcoin-ის ფლობის რისკი ისაა, რომ შეიძლება ფასი დაეცეს.
ნაბიჯი 3: აირჩიეთ კონტრ-პოზიცია
რისკის ჰეჯირებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ პოზიცია დაკავშირებული ინსტრუმენტით, რომელიც სავარაუდოდ ამოცნობილი რისკის საპირისპირო მიმართულებით განვითარდება.
ჰეჯირების მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ზარალისგან თავის დაცვაა. ჰეჯირებული პოზიციიდან მიღებული მოგებით მთავარი პოზიციის ზარალი უნდა დაბალანსდეს. უნდა ითქვას, რომ იდეალური ჰეჯირება იშვიათად ხდება. ამასთან, ჰეჯირებას აქვს საფასური, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ მისი ხარჯთეფექტურობა.
როგორ მუშაობს ჰეჯირება კრიპტოში?
კრიპტოში ჰეჯირება იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ტრადიციულ ფინანსურ ბაზარზე. ის გულისხმობს პოზიციის დაკავებას დაკავშირებულ აქტივში, რომელიც სავარაუდოდ ძირითადი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით განვითარდება.
გაეცანით შვიდ მეთოდს, რომლითაც ინვესტორს კრიპტო ბაზარზე ჰეჯირება შეუძლია. შესაძლოა ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ არ იყოს დაშვებული კონკრეტულ იურისდიქციებში, ამიტომ გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი არჩეული ჰეჯირების ტაქტიკა ადგილობრივ რეგულაციებს შეესაბამება.
თითოეულ ამ სტრატეგიას ახლავს რისკები და ღირებულებები, ამიტომ მნიშვნელოვანია ისინი კარგად გესმოდეთ.
ფიუჩერსების კონტრაქტები
კრიპტო ფიუჩერსები ინვესტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ განსაზღვრულ ფასად, კონკრეტულ სამომავლო დროს იყიდონ ან გაყიდონ კრიპტოვალუტა. ეს შესაძლოა ფასების პოტენციური ცვლილებების წინააღმდეგ ჰეჯირებისთვის იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ Bitcoin გაქვთ და ფასის დაცემის გეშინიათ, შეგიძლიათ Bitcoin-ის ფიუჩერსების კონტრაქტი გაყიდოთ. Bitcoin-ის ფასის შემცირების შემთხვევაში, ფიუჩერსებიდან მიღებული მოგება Bitcoin-ის ზარალს დააბალანსებს.
ოფციონების კონტრაქტები
კრიპტო ოფციონები მფლობელს აძლევს უფლებას, თუმცა არა ვალდებულებას, რომ იყიდონ (ქოლ-ოფციონი) ან გაყიდონ (ფუთ-ოფციონი) საბაზისო კრიპტოვალუტა განსაზღვრულ ფასად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. თუ Bitcoin გაქვთ და ფასის ვარდნაზე ღელავთ, შეგიძლიათ ფუთ-ოფციონი იყიდოთ. თუ Bitcoin-ის ფასი დაეცემა, ფუთ-ოფციონის ღირებულების ზრდა Bitcoin-ის შემცირებულ ღირებულებას დააბალანსებს.
სხვაობის კონტრაქტები (CFD)
CFD-ები კრიპტოს ჰეჯირებისთვის გამოიყენება. CFD არის დერივატივი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ საბაზისო აქტივის ფასის ცვლილებით მისი ფლობის გარეშე. ჩვეულებრივ, თქვენ და ბროკერი დებთ კონტრაქტს, რათა ივაჭროთ აქტივის ფასის გახსნისა და დახურვის მონაცემებს შორის განსხვავებით.
მაგალითად, თუ გაქვთ Bitcoin და გსურთ ფასის ვარდნის წინააღმდეგ ჰეჯირება, შეგიძლიათ გახსნათ Bitcoin CFD-ის მოკლე (გაყიდვის) პოზიცია. CFD პოზიციით მიღებულმა სარგებელმა Bitcoin-ის შემცირებული ფასით განცდილი ზარალი უნდა დააბალანსოს.
უვადო სვოპ კონტრაქტები
უვადო სვოპ კონტრაქტები თვალს ადევნებენ საბაზისო აქტივის, მაგალითად Bitcoin-ის ფასს და მიზნად ისახავენ მომხმარებელს მისცენ ვაჭრობის განგრძობითი შესაძლებლობა ამოწურვის თარიღის გარეშე. ჩვეულებრივ, ისინი იყენებენ ლევერიჯს, რითაც ტრეიდერებს შეუძლიათ უფრო დიდი პოზიციების გახსნა შედარებით მცირე საწყისი მარჟით.
მაგალითად, თუ Bitcoin-ის ფასის ვარდნაა მოსალოდნელი, შეგიძლიათ გახსნათ Short პოზიცია Bitcoin-ის უვადო სვოპის კონტრაქტზე. თუ Bitcoin-ის ფასი დაეცემა, უვადო სვოპის კონტრაქტით მიღებული სარგებელი თქვენს ზარალს დააბალანსებს.
Short გაყიდვა
ზოგიერთი პლატფორმა short გაყიდვის საშუალებას იძლევა, ანუ შეგიძლიათ კრიპტოვალუტა ისესხოთ, გაყიდოთ, მოგვიანებით იყიდოთ და დააბრუნოთ. თუ ფასი თქვენი მოლოდინისამებრ დაეცემა, სარგებელს ნახავთ, რაც ინვესტიციის ზარალს დააბალანსებს.
სტეიბლკოინები
სტეიბლკოინები არის კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც აქტივების, ძირითადად ფიატ ვალუტის რეზერვით არის გამყარებული. თუ ბაზრის მოსალოდნელი კრიზისი გაშინებთ, სჯობს შედარებით მერყევი აქტივები სტეიბლკოინებში დააკონვერტიროთ. ასეთ შემთხვევაში ბაზრის წარმატების შემთხვევაში სარგებელს ვერ ნახავთ, თუმცა კრიზისისგან დაცული იქნებით.
დივერსიფიკაცია
ჰეჯირების მიზნით შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე კრიპტოვალუტის ან დივერსიფიკაციის გამოყენება. ბაზრის ცვლილებები სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. ერთის დაცემის შემთხვევაში შესაძლოა მეორე გამყარდეს და ზარალი დააბალანსოს.
Bitcoin-ის პოზიციის ჰეჯირების მაგალითი
ვთქვათ, თქვენ გაქვთ $10,000 ღირებულების BTC და ფასის შემცირების წინააღმდეგ ჰეჯირება გსურთ. შეგიძლიათ ჰეჯირებისთვის შემდეგი ტაქტიკა გამოიყენოთ.
დავუშვათ, Bitcoin-ის მიმდინარე ფასი არის $50,000. შეგიძლიათ იყიდოთ ფუთ-ოფციონი, რომელიც სამომავლო თარიღით Bitcoin-ის $50,000-ად გაყიდვის საშუალებას მოგცემთ. დავუშვათ, რომ ამ ოფციონისთვის $500 ოდენობის პრემიუმს გადაიხდით (რეალური ფასები ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული).
თუ Bitcoin-ის ფასი $40,000-მდე დაეცემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ოფციონი და Bitcoin გაყიდოთ $50,000-ად, რითაც დანაკარგს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. ამ ჰეჯირების ფასი გამოვა პრემიუმის ღირებულება, რომელიც ოფციონისთვის გადაიხადეთ. ამ მაგალითში პორტფოლიოს დასაფარად 0.2 BTC დაგჭირდებოდათ. ფასი იქნებოდა 0.01 BTC ($500/$50,000).
ალტერნატიულად, შეგიძლიათ Bitcoin-ის ფიუჩერსების კონტრაქტი გაყიდოთ. დავუშვათ, ფიუჩერსების კონტრაქტს 0.2 BTC-დ გაყიდით, რითაც ერთ თვეში Bitcon-ის $50,000-ად გაყიდვას დაეთანხმეთ. თუ Bitcoin-ის ფასი $40,000-მდე დაეცემა, შეგიძლიათ შედარებით დაბალ ფასად იყიდოთ 0.2 BTC, რითაც კონტრაქტს დააკმაყოფილებთ, ანუ Bitcoin-ს $50,000-ად გაყიდოთ და თქვენი პორტფოლიოს ზარალი დააბალანსოთ. თუმცა Bitcoin-ის ფასის ზრდის შემთხვევაში იძულებული იქნებით ის $50,000-ად გაყიდოთ, რის გამოც სავარაუდოდ გაზრდილი ფასით ვერ ისარგებლებთ.
კრიპტოს ჰეჯირების რისკები
ჰეჯირების სტრატეგიები რისკებსა და ხარჯებს მოიცავს. ოფციონების პრემიუმები შესაძლოა ძვირი იყოს, ფიუჩერსებმა შესაძლოა თქვენი პოტენციური მოგება შეამციროს, სტეიბლკოინები კი გამომშვების გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული. დივერსიფიკაცია რისკს ანაწილებს, თუმცა ზარალისგან ყველა შემთხვევაში არ გიცავთ.
ჰეჯირების დაწყებამდე ეს რისკები უნდა გაითვალისწინოთ.
ხარჯები
ჩვეულებრივ, ჰეჯირება ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ოფციონების ყიდვისას დაგჭირდეთ გადაიხადოთ პრემიუმი, რაც ბაზრის პირობების მიხედვით შესაძლოა დიდ თანხას შეადგენდეს. ფიუჩერსების კონტრაქტები კი შესაძლოა საბროკერო და სხვა საკომისიოებს მოიცავდეს.
შეზღუდული აღმასვლა
ჰეჯირების სტრატეგიები ხშირად პოტენციურ მოგებას ზღუდავს. მაგალითად, თუ ფასის ვარდნის წინააღმდეგ ფიუჩერსების კონტრაქტებს გამოიყენებთ და ფასი გაიზრდება, თქვენი მოგება ფიუჩერსების კონტრაქტების ფასით შეიზღუდება.
შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი
შემხვედრი მხარის რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასაბირჟო დერივატივებისთვის, ან ჰეჯირებისთვის გამოყენებული სტეიბლკოინებისთვის. თუ შემხვედრი მხარე შეთანხმების თავის ნაწილს დაარღვევს, ზარალი მოგადგებათ. სტეიბლკოინების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ გამომშვებმა ვეღარ მოახერხოს საბაზისო აქტივით გამყარება.
აღსრულების რისკი
არსებობს რისკი, რომ თქვენ მიერ არჩეული ჰეჯირების სტრატეგია, ბაზრის პირობებიდან გამომდინარე ისე არ იმუშავებს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. მაგალითად, ძალიან მერყევი ბაზრების შემთხვევაში, ბაზრის სწრაფი მოძრაობის გამო ოფციონებმა და ფიუჩერსებმა შესაძლოა ვერ დაგიცვან.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები
კრიპტოვალუტებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების რეგულაციები ვითარდება და იურისდიქციების მიხედვით განსხვავდება. რეგულაციებს შორის არსებული განსხვავებები გავლენას ახდენს ჰეჯირების კონკრეტული ინსტრუმენტების ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. აუცილებელია კარგად გესმოდეთ ადგილობრივი რეგულაციები და ყოველთვის იყოთ იურისდიქციასთან შესაბამისობაში.
ლიკვიდურობის რისკი
ჰეჯირების ზოგიერთი ინსტრუმენტი შესაძლოა არალიკვიდური იყოს, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათი ყიდვა და გაყიდვა ფასში დიდი განსხვავების დაფიქსირების გარეშე. ამის გამო შესაძლოა პოზიციის გახსნა ან დახურვა გართულდეს.
სირთულე
დაბოლოს, ჰეჯირების სტრატეგიები რთულია და ფინანსური ბაზრის, განსაკუთრებით ლევერიჯის ცოდნას მოითხოვს. შეცდომები ან გაუგებრობები შესაძლოა დიდი ზარალის მიზეზი გახდეს.
რჩევები კრიპტოში ჰეჯირებისთვის
ჰეჯირება რთული პროცესია და ფინანსური ბაზრების ცოდნას მოითხოვს. ეს დამწყებთათვის განკუთვნილი სტრატეგია არ არის, გამოცდილმა ტრეიდერებმაც კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გთავაზობთ კრიპტოში ჰეჯირების სტრატეგიის გამოყენების რჩევებს.
რისკების გაცნობიერება
ჰეჯირების სტრატეგიის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ კარგად გესმით მასთან დაკავშირებული რისკები და პოტენციური სირთულეები. ყველა ფინანსურ ინსტრუმენტსა და სტრატეგიას აქვს უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.
დივერსიფიკაცია
ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ ჩაალაგებთ. დაფიქრდით ერთდროულად რამდენიმე კრიპტოვალუტაში ინვესტიციაზე, ან თუნდაც ინვესტიციის სხვადასხვა აქტივების კლასებში გადანაწილებაზე. ეს დაგეხმარებათ ერთი კონკრეტული აქტივის მერყეობის დროს.
ნუ გაართულებთ პროცესს
მოგების გაზრდის ან ზარალის შემცირების მიზნით ჰეჯირების რთული სტრატეგიების გამოყენება მიმზიდველი არჩევანია. თუმცა სირთულეს დამატებითი რისკები მოაქვს. თუ გამოცდილი ინვესტორი არ ხართ, სჯობს შედარებით მარტივი სტრატეგიები გამოიყენოთ.
შეჯამება
ჰეჯირება პოტენციური ზარალის დაბალანსების ეფექტური მეთოდია, თუმცა ამას სიღრმისეული ცოდნა სჭირდება და ყველასთვის განკუთვნილი არ არის. ჰეჯირების სტრატეგიის გამოყენებისას კარგად უნდა შეისწავლოთ წესები და პირობები, მარჟის მოთხოვნები, საკომისიოები და ლევერიჯის ვარიანტები.
დარწმუნდით, რომ რისკები და პოტენციური ხარჯები კარგად გაქვთ გაცნობიერებული. საჭიროა მუდმივად აკონტროლოთ ბაზრის პირობები, მართოთ რისკები და პოზიციები შესაბამისად შეცვალოთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ რისკის მართვის ინსტრუმენტები, როგორიცაა stop-loss შეკვეთები, რითაც ზარალს შეამცირებთ და მოგებას დაიცავთ. დაბოლოს, სავაჭრო აქტივობაში ჩართვამდე ფინანსური მრჩევლის აზრი გაითვალისწინეთ.
დამატებითი საკითხავი:
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.