Bitcoin

მარტივად რომ ვთქვათ, Bitcoin გახლავთ ფულის ციფრული ფორმა, რომელიც მუშაობს კომპიუტერების განაწილებულ ქსელზე (ნოდები). სიტყვა Bitcoin რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება: ციფრული ვალუტა, დეცენტრალიზებული საჯარო ლეჯერი, პროტოკოლი ან უბრალოდ დიდი ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს. თუმცა, ამ კონცეფციებს შორის არსებობს რამდენიმე ფუნდამენტალური განსხვავება.
პირველ რიგში, Bitcoin გახლავთ peer-to-peer (P2P) ციფრული ვალუტის სახელწოდება. ის ხშირად იწერება , როგორც bitcoin (დაბალი რეგისტრის b ასოთი) ან შემოკლებული ფორმით - BTC. Bitcoin არის კრიპტოვალუტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წარმოადგენს კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიის მეშვეობით დაცულ ციფრულ ვალუტას. ეს არის ისტორიაში პირველი კრიპტოვალუტა და პირველი Bitcoin ბლოკი, რომელიც ცნობილია გენეზისის ბლოკის ან (0 ბლოკის) სახელით და შეიქმნა 2009 წლის 3 იანვარს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ Bitcoin-ის დეცენტრალიზებული საჯარო ლეჯერი, რომელსაც ჩვენ ბლოკჩეინს ვუწოდებთ. მიუხედავად მათ შორის არსებული მჭიდრო კავშირისა, Bitcoin და ბლოკჩეინი სრულიად სხვადასხვა კონცეფციებს წარმოადგენს. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება იმ სტრუქტურის ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც უზრუნველყოფს Bitcoin ტრანზაქციების უსაფრთხოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაშვების და ჩაწერის შესაძლებლობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კონტექსტში ნებართვის მოპოვების საჭიროების არარსებობა ნისშნავს იმას, რომ ბლოკჩეინ სისტემის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული ნდობაზე და მხარდაჭერილია კომპიუტერული კოდებითა და მათემატიკური ალგორითმებით. ამგვარად, Bitcoin ბლოკჩეინი ფუნქციონირებს დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერის სახით, სადაც ყველა დადასტურებული BTC ტრანზაქციის დამატება ხდება საჯარო სიაში. 
და ბოლოს, ტერმინი Bitcoin ასევე გამოიყენებოდა ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივად განვითარებადი პროტოკოლის აღსანიშნად. თუმცა შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, 2014 წელს Bitcoin-ის თავდაპირველი პროგრამული უზრუნველყოფის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და გახდა Bitcoin Core. Bitcoin Core-ს, როგორც ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ჰყავს არაერთი კონტრიბუტორი მსოფლიოს მასშტაბით.

Bitcoin-ის კონცეფცია შეიქმნა სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი პირის (ან ადამიანების ჯგუფის მიერ). მთავარ იდეას წარმოადგენდა უნიკალური ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ტრანზაქციების შეუზღუდავად განხორციელება ისეთი შუამავლების ჩარევის საჭიროების გარეშე, როგორიცაა ბანკები ან მთავრობები. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნვეელყოფილი განაწილებული არქიტექტურის და კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიების მეშვეობით Bitcoin მაქსიმალურადაა დაცული თავდასხმებისა და თაღლითობებისგან.