მთავარი დეტალები
ბლოკჩეინ ნოდები გახლავთ მოწყობილობები ან პროგრამები, რომლებიც ჩართულნი არიან ქსელზე მიმდინარე პროცესებში და უზრუნველყოფენ მონაცემთა შენახვას, ტრანზაქციების ვალიდაციას და სხვა მონაწილეებთან კომუნიკაციას.
სრული ნოდების მიერ ხდება ბლოკჩეინის სრული ისტორიის ჩამოტვირთვა და დამოუკიდებლად გადამოწმება, რაც ქმნის ერთგვარ საფუძველს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დეცენტრალიზაციისთვის.
სხვადასხვა ტიპის ნოდი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება: სრული ნოდები უზრუნველყოფენ არსებულ წესებთან შესაბამისობას, მაინინგის/ვალიდატორი ნოდები პასუხისმგებელნი არიან ბლოკების შექმნაზე, ხოლო ლაით ნოდები გვთავაზობს ქსელზე წვდომას ნაკლები რესურსის გამოყენებით.
Proof-of-stake ქსელები, მაგალითად Ethereum, იყენებენ ვალიდატორ ნოდებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათი ტოკენების სტეიკინგზე განთავსება ბლოკების შეთავაზების და დადასტურების მიზნით, რაც შედარებით ნაკლებად ენერგო-ეფექტური პროცესის, მაინინგის ალტერნატივას წარმოადგენს.
სრული ნოდის მუშაობა აუმჯობესებს ქსელის ეფექტურობის დონეს და მომხმარებლებს ანიჭებს სრულ დამოუკიდებლობას, თუმცა, საჭიროებს შესაბამისი მეხსიერებისა და გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას.
შესავალი
ქსელზე მომუშავე ნოდი გახლავთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, გაგზავნა ან გადაცემა. ბლოკჩეინზე მომუშავე ნოდი არის კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის დაკავშირებას მონაცემთა შენახვის, ტრანზაქციების ვალიდაციის და სხვა მონაწილეებთან კომუნიკაციის მიზნით.
ნოდების ერთიანი ქსელი უზრუნველყოფს ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციას: არ არსებობს ერთი, ცენტრალური სერვერი, რომელზეც შესაძლოა მოხდეს თავდასხმა, ან კონტროლის მოპოვება. ნაცვლად ამისა, ხდება ლეჯერის ასლების მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათასობით, ერთი და იმავე წესების შესაბამისად მომუშავე დამოუკიდებელ ნოდზე შენახვა.
Bitcoin ნოდები
Bitcoin ფუნქციონირებს როგორც დეცენტრალიზებული, peer-to-peer (P2P) ქსელი, სადაც ნოდები ერთმანეთს პირდაპირ, ცენტრალური ობიექტის ჩარევის გარეშე უკავშირდებიან. ყველაზე ფართო გაგებით, ნოდად შეიძლება მივიჩნიოთ Bitcoin-თან დაკავშირებული ნებისმიერი ქსელი, თუმცა აუცილებელია მათ შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებაც, რომელიც, ძირითადად, ქსელზე მათი როლის მნიშვნელობით განისაზღვრება.
ნოდები Bitcoin P2P პროტოკოლის მეშვეობით ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელი ერთეულებია. ნოდის ტიპი მიუთითებს მისთვის მინიჭებულ ფუნქციაზე და მის მიერ შენახული ბლოკჩეინ ისტორიის მოცულობაზე.
სრული ნოდები
სრული ნოდები Bitcoin ქსელის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მათი მეშვეობით ხდება ყველა ბლოკისა და ტრანზაქციის ჩამოტვირთვა, შენახვა და კონსენსუსის წესებთან შესაბამისობის გადამოწმება. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ტრანზაქცია ან ბლოკი აღნიშნულ წესებს ეწინააღმდეგება, ხდება სრული ნოდის მიერ ამ ბლოკის ან ტრანზაქციის უარყოფა, მიუხედავად სხვა მონაწილეების მოსაზრებისა თუ საწინააღმდეგო სურვილისა. სწორედ ამგვარი დამოუკიდებლობის გამო მიიჩნევა სრული ნოდი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად საშუალებად.
გარდა ამისა, სრული ნოდების შესაძლებლობებში შედის ვალიდური ტრანზაქციების და ბლოკების სხვა ნოდებისთვის გადაცემა, რაც ქსელში ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. კრიპტოვალუტების ტრანზაქციის ვერიფიკაციის პრინციპის უკეთ შესწავლა დაგეხმარებათ აღნიშნული პროცესის ფარგლებში ნოდების როლის და მნიშვნელობის უკეთ აღქმაში.
ყველაზე პოპულარული Bitcoin სრული ნოდის პროგრამული უზრუნველყოფა გახლავთ Bitcoin Core. 2025 წლის ბოლო პერიოდის მონაცემებით, Bitcoin ქსელზე საჯაროდ ხელმისაწვდომია 10 000-ზე მეტი სრული ნოდი. აქვე ვხვდებით შედარებით დიდი რაოდენობის არა-საჯარო (ფარულ) ნოდებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფაიერვოლებისა და კონფიდენციალურობის ინსტრუმენტების ფუნქციონირებაზე. ქვემოთ მოცემულია მინიმალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც საჭიროა იმისთვის, რომ Bitcoin Core სრულმა ნოდმა შეძლოს შესაბამისად ფუნქციონირება:
Windows-ის, macOS-ის, ან Linux-ის უახლეს ვერსიაზე მომუშავე კომპიუტერი.
სულ მცირე 600 გბ ტევადობის მყარი დისკი (სრული ბლოკჩეინი მუდმივად ფართოვდება).
2 გბ ან მეტი RAM.
ფართო დიაპაზონიანი კავშირი და ატვირთვის მინიმალური სიჩქარე: 50 კბ/წმ.
ნოდის მუშაობის მინიმალური ხანგრძლივობაა 6 საათი დღეში; იდეალურ შემთხვევაში - მუშაობის 24/7 (უწყვეტი) რეჟიმი.
ხილული ნოდები (სუპერნოდები)
ხილული ნოდი, რომელსაც ზოგჯერ სუპერნოდსაც უწოდებენ, გახლავთ სრული ნოდი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი და ხილულია. მისი მეშვეობით ხდება სხვა ნოდებისგან შემომავალი დაკავშირების მოთხოვნებს დადასტურება. აღნიშნული ტიპის ნოდი ითავსებს ხელახალი განაწილების წერტილის ფუნქციას და პასუხისმგებელია ბლოკჩეინის ისტორიისა და ტრანზაქციების მონაცემების მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნოდისთვის გადაცემაზე. როგორც წესი, სუპერნოდები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და უზრუნველყოფს კავშირის შენარჩუნებას ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით, რაც, თავისთავად, ქმნის არა-საჯარო სრულ ნოდთან შედარებით მეტი გამტარიანობის უზრუნველყოფის საჭიროებას.
არა-საჯარო (ფარული) ნოდები
სრული ნოდების უმეტესობის მუშაობის პროცესი საერთოდ არ მოიცავს შემომავალი დაკავშირების მოთხოვნების დადასტურებას. აღნიშნული ნოდების ძირითად მოვალეობას, შესაძლოა, მხოლოდ ფაიერვოლის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კონფიდენციალურობის სისტემის გამოყენება, ან უბრალოდ ფარულად ფუნქციონირება წარმოადგენდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტიპის ნოდების მიერაც ხდება ყველა ტრანზაქციისა და ბლოკის ვალიდაცია, რაც ხელს უწყობს ქსელის ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა ხელს არ უშლის მათ არა-საჯაროდ ფუნქციონირებაში.
მაინინგის ნოდები
Bitcoin ახალი ბლოკების დასამატებლად იყენებს proof of work მექანიზმს. მაინერები არიან ქსელის მონაწილეები, რომლებიც ერთმანეთს ერთგვარი თავსატეხების ამოხსნაში ეჯიბრებიან; მაინერი, რომელიც პირველი ამოხსნის აღნიშნულ თავსატეხს, მოიპოვებს შემდეგი ბლოკის დამატების შესაძლებლობას და ბლოკებით დაჯილდოვდება. მაინინგის ნოდები აღნიშნული პროცესების განხორციელების მიზნით გამოყენებულ პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას წარმოადგენს.
სოლო მაინერი ფლობს საკუთარ, სრულ ნოდს და დამოუკიდებლად უწევს კონკურენციას სხვა მონაწილეებს. დღესდღეობით, მაინერების უმეტესობა ჩართულია მაინინგ-პულებში, სადაც მონაწილეები აერთიანებენ საკუთარ გამომთვლელ სიმძლავრეს შემდეგი ბლოკის პოვნის ალბათობის გაზრდის მიზნით, რის შემდეგაც, მიღებული ჯილდოს განაწილება თანაბრად ხდება. პულის ფარგლებში სრული ნოდის ფლობის ვალდებულება მხოლოდ პულის ოპერატორს ეკისრება, ინდივიდუალური მონაწილეები უზრუნველყოფენ ჰეშირების სიმძლავრის გაუმჯობესებას სრული ბლოკჩეინის შენახვის საჭიროების გარეშე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაინინგის ნოდის მუშაობის პრინციპი სრულიად განსხვავდება სრული ვალიდატორი ნოდის მუშაობის პრინციპისგან. სრული ნოდის ფლობა სტანდარტული კომპიუტერის მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, მაინინგის შემთხვევაში, საჭიროა სპეციალური აპარატურის (ASIC) და ელექტროენერგიის დიდი ოდენობით მოხმარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან, აღნიშნული პროცესი გაცილებით დიდი ოდენობით რესურსებს საჭიროებს.
ვალიდატორი ნოდები
Proof of stake მექანიზმის მქონე ქსელები მაინერების ნაცვლად ვალიდატორებს იყენებენ. დიდი ოდენობით გამომთვლელი სიმძლავრის გამოყენების ნაცვლად, ვალიდატორები ბლოკავენ (სტეიკინგზე განათავსებენ) გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტას, როგორც უზრუნველყოფის საშუალებას, რაც მათ ახალ ბლოკებთან დაკავშირებით შეთავაზებების წარდგენისა და ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
აღნიშნულის ყველაზე ნათელი მაგალითია Ethereum. იმისათვის, რომ Ethereum-ის ვალიდატორებმა შეძლონ პროცესებში მონაწილეობა, უნდა მოხდეს მათ მიერ სტეიკინგზე 32 ETH-ის განთავსება. პროცესებში სამართლიანად ჩართვისა და მონაწილეობის სანაცვლოდ, ისინი სტეიკინგის ჯილდოებს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ვალიდატორი არაკეთილსინდისიერად იქცევა, ან ტოვებს ქსელს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა განხორციელდეს მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის სლეშინგი (დაკარგვა), სადამსჯელო ღონისძიების სახით.
ვალიდატორი ნოდების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა. 2025 - 2026 წლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა Ethereum-ის ისეთი ვალიდატორები, როგორიცაა Geth, Reth და ცენტრალიზებული პლატფორმები, მაგალითად Dappnode და eth-docker, რომლებიც კიდევ უფრო ამცირებს ინდივიდუალური მონაწილეობის შესაძლებლობის მოპოვებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების სირთულეს.
ლაით ნოდები და SPV ნოდები
ზოგიერთ მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა ან სულაც სურვილი, ფლობდეს და მართავდეს სრულ ნოდს. ლაით ნოდები (აგრეთვე ცნობილი, როგორც SPV ან lightweight ნოდები) მომხმარებლებს ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესებში, აღნიშნული ბლოკჩეინის სრული ისტორიის ჩამოტვირთვის გარეშე ჩართვის საშუალებას აძლევს.
ბლოკის სრული მონაცემების შენახვის ნაცვლად, SPV ნოდის შემთხვევაში ხდება მხოლოდ ბლოკის სათაურების ჩამოტვირთვა, რომელთა მოცულობაც ბევრად ნაკლებია. ტრანზაქციის ვერიფიკაციის დროს ლაით ნოდი შესაბამის ინფორმაციას სრული ნოდებისგან იღებს. აღნიშნული SPV ნოდების მობილურ მოწყობილობებზე და შედარებით დაბალი რესურსების მქონე ერთეულების ფარგლებში გამოყენების საშუალებას იძლევა.
კრიპტო საფულეების უმეტესობა იყენებს SPV ნოდს ან მსგავს მიდგომას. ერთადერთი უარყოფითი ამ ყველაფერში არის ის, რომ ლაით ნოდების შემთხვევაში დამოუკიდებელი შემოწმების პროცესების განხორციელება არ ხდება: ამ ტიპის ნოდებს შემთხვევაში, მხოლოდ სავარაუდოა, რომ სრული ნოდების მიერ მოწოდებული მონაცემები სრულიად სანდოა, რაც მიანიშნებს უსაფრთხოების სრულ ნოდთან შედარებით დაბალ დონეზე.
სრული ნოდები და მაინინგის ნოდები
ადამიანებს ხშირად უჭირთ მაინინგისა და ვალიდაციის პროცესების ერთმანეთისგან გარჩევა. ქვემოთ მოცემულია ამ ორი პროცესის განმასხვავებელი ძირითადი ნიშნები:
სრული (ვალიდაციის) ნოდები: უზრუნველყოფენ კონსენსუსის წესებთან შესაბამისობას, ინახავენ ბლოკჩეინის მონაცემებს და ახდენენ არავალიდური ტრანზაქციების უარყოფას. აღნიშნული ტიპის ნოდის ფლობა სტანდარტული აპარატურის მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, ამ შემთხვევაში, განხორციელებული პროცესების სანაცვლოდ რაიმე ფინანსური სარგებლის მიღება არ ხდება.
მაინინგის/ვალიდატორი ნოდები: ახალი ბლოკების შექმნაზე პასუხისმგებელი ნოდები. ამ ტიპის ნოდების შემთხვევაში საჭიროა სპეციალური აპარატურის (proof of work) ან სტეიკინგზე განთავსებული კაპიტალის (proof of stake) გამოყენება. აღნიშნული ტიპის ნოდების შემთხვევაში შესაძლებელია ბლოკის ან სტეიკინგის ჯილდოების მოპოვება.
კონსენსუსის წესების განსაზღვრა და აღსრულება ხდება ვალიდაციის სრული ნოდების განაწილებული ქსელის და არა მაინერებს ან ვალიდატორების მიერ. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: მაშინაც კი, თუ ბლოკის შექმნა მოხდება მაინერის მიერ, სრული ნოდები უარყოფენ მას წესებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში. მაინერების მუშაობის პროცესი არ სცდება ნოდის ქსელის მიერ განსაზღვრულ არეალს.
ხშირად დასმული შეკითხვები
სულ რამდენი Bitcoin ნოდი არსებობს?
2025 წლის მონაცემებით, Bitcoin-ის ქსელზე მუშაობს 10 000-ზე მეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი (ხილული) სრული ნოდი. რეალური მაჩვენებელი, რომელიც არა-საჯარო (ფარულ) ნოდებსაც მოიცავს, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული ტიპის ნოდების შექმნისა თუ ფუნქციონირების შესახებ საჯარო განცხადებები არ კეთდება.
მივიღებ თუ არა რაიმე ჯილდოს სრული ნოდის ფლობის სანაცვლოდ?
Bitcoin-ის სრული ნოდის ფლობა არ არის ასოცირებული რაიმე პირდაპირ ფინანსურ სარგებელთან. თუმცა, არსებობს უპირატესობები, რომელიც მხოლოდ აღნიშნული ერთეულებისთვისაა დამახასიათებელი: თქვენ გენიჭებათ სრული დამოუკიდებლობა ტრანზაქციების ვერიფიკაციის პროცესში, არ არსებობს სხვის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე ბრმად დაყრდნობის საჭიროება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ მიერ გახორციელებული პროცედურებითა და ქმედებებით თქვენ შეგაქვთ საკუთარი წვლილი ქსელის დეცენტრალიზაციისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის პროცესებში. Proof-of-stake ქსელებზე მომუშავე ვალიდატორი ნოდების, მაგალითად Ethereum-ის მეშვეობით, შესაძლებელია სტეიკინგის ჯილდოების მიღება.
რა განსხვავებაა სრულ ნოდსა და ლაით ნოდს შორის?
სრული ნოდის მიერ ხდება ბლკოჩეინის სრული ისტორიის ჩამოტვირთვა და დამოუკიდებლად გადამოწმება. ლაით ნოდების (SPV ნოდები) შემთხვევაში კი, ჩამოიტვირთება მხოლოდ ბლოკების სათაურები და ხდება ტრანზაქციის მონაცემების სრული ნოდებისგან მიღება. სრული ნოდები გამოირჩევა მეტი უსაფრთხოებითა და დამოუკიდებლობით, ლაით ნოდების უპირატესობას კი სისწრაფე და ნაკლები მეხსიერების გამოყენება წარმოადგენს, რაც მათ მეტად პრაქტიკულ საშუალებად აქცევს, მაგალითად, მობილურ საფულეებში გამოყენებისთვის.
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთი მოწყობილობა ერთდროულად იყოს სრული ნოდიც და მაინერიც?
დიახ. სოლო მაინერები, როგორც წესი, ერთდროულად ამუშავებენ სრულ ნოდსა და მაინინგის პროგრამულ უზრუნველყოფას. თუმცა, ეს ორი ფუნქცია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება: სრული ნოდის მეშვეობით ხორციელდება ბლოკჩეინის ვალიდაცია და მონაცემების შენახვა, ხოლო მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის ძირითად მიზანს ახალი ბლოკების დამატება წარმოადგენს. შედარებით დიდი ზომის მაინინგის პულებში, ნოდის მუშაობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა პულის ოპერატორს ეკისრება, ხოლო ინდივიდუალური მაინერების მოვალეობას მხოლოდ ჰეშირების სიმძლავრის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
რატომ არის სრული ნოდები მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაციისთვის?
თითოეული სრული ნოდი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს და აკონტროლებს ქსელის კონსენსუსის წესებთან შესაბამისობას. რაც უფრო მეტია დამოუკიდებლად მომუშავე სრული ნოდების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია ცალკეული ობიექტის მიერ აღნიშნულ წესებზე ან ტრანზაქციების ისტორიაზე მავნე ზემოქმედების ალბათობა. ამასთან, რაც უფრო მრავალფეროვანია (გეოგრაფიული და ორგანიზების თვალსაზრისით) ქსელში ჩართული ნოდების ჯგუფი, მით უფრო დაცულია აღნიშნულ ქსელი ცენზურისგან.
შეჯამება
ნოდები წარმოადგენს ნებისმიერი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ქსელის საფუძველს. სრული ნოდები უზრუნველყოფენ წესების დაცვასა და მათთან შესაბამისობის შენარჩუნებას, სრული ისტორიის შენახვას და ქსელის დაცვას თაღლითობისგან, მათ შორის, ორმაგი ხარჯვის შემთხვევებისგან. მაინერი და ვალიდატორი ნოდების მიერ ხდება ახალი ბლოკების დამატება და სანაცვლოდ შესაბამისი ჯილდოების მიღება. ლაით ნოდები უზრუნველყოფენ ჩართულობის ხელმისაწვდომობას სტანდარტული მომხმარებლებისთვის, სრული ნოდის ფლობის საჭიროების გარეშე.
ნოდების სივრცე მუდმივად ვითარდება. Proof-of-stake ქსელების ფარგლებში წარმოდგენილია ვალიდატორი ნოდები, როგორც მაინინგის შედარებით ენერგოეფექტური ალტერნატივა. Bitcoin-ის ნოდების ეკოსისტემა უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, ასევე იზრდება ალტერნატიული ერთეულების, მაგალითად Bitcoin Knots-ის პოპულარობის დონეც. ბლოკჩეინების უწყვეტი განვითარებისა და ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესების დონის ზრდის პარალელურად, ნოდების ეფექტურობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება რჩება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სისტემის სანდოობის დონის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თუ გსურთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ თქვენ მიერ გამოყენებულ ქსელზე მიმდინარე პროცესებში, სრული ნოდის ფლობა და გამოყენება აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ტიპის ნოდების გამოყენებს შემთხვევაში, სულაც არ არის საჭირო რაიმე სპეციალური აპარატურის ფლობა, რაც, რა თქმა უნდა, შედარებით დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული, მეხსიერების შედარებით დიდი მოცულობის უზრუნველყოფა, ან კაპიტალის სტეიკინგზე განთავსება; საჭიროა მხოლოდ გამართულად მომუშავე კომპიუტერი, განსაზღვრული ოდენობის მეხსიერება და შეუფერხებელი ინტერნეტ კავშირი.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.