რა არის მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV)?

რა არის მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV)?

განახლებული Apr 20, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • MEV არის დამატებითი მოგება, რომლის მიღებაც შემქმნელებს (მაინერებს ან ვალიდატორებს) შეუძლიათ ბლოკის ტრანზაქციების თანმიმდევრობის კონტროლის გზით.

  • აღნიშნული პროცესი დაფუძნებულია mempool-ზე, საჯარო „მოლოდინის ოთახზე“, სადაც ხდება ტრანზაქციების განთავსება მათ საბოლოო დადასტურებამდე.

  • ზოგი MEV ნეიტრალურია, ზოგი კი სარგებლის მიღებისთვის გამოიყენება. ამის მაგალითია არბიტრაჟი, რომლის მიზანია სხვადასხვა ბირჟებს შორის ფასების კორექტირება.

  • ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Flashbots-ის MEV-Boost და Ethereum-ის პროტოკოლის მომავალი განახლებებ, მიზნად ისახავს მავნე MEV-ების შემცირებას ტრანზაქციების თანმიმდევრობის უფრო გამჭვირვალედ და სამართლიანად ორგანიზების მეშვეობით.

შესავალი

როდესაც ვაჭრობთ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX), როგორც წესი იხდით ტრანზაქციის (გაზის) საკომისიოს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენ მიერ მიღებული ტოკენების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლებია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფარული ეკონომიკური პროცესებით, რომლებიც მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

ამ კონცეფციას ეწოდება მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV). თავდაპირველად მას უწოდებდნენ „მაინერის ამოღებად ღირებულებას“, თუმცა ეს სახელწოდება აღარ გამოიყენება, რადგან ზოგიერთმა ბლოკჩეინმა უარი თქვა მაინინგის მექანიზმზე. მარტივად რომ ვთქვათ, MEV წარმოადგენს ქსელის მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირების მიერ გამოყენებულ მეთოდს, რომლის მიზანია ტრანზაქციებიდან დამატებითი შემოსავლის მიღება.

რა არის და როგორ მუშაობს MEV?

MEV-ის მუშაობის პრინციპის გასაგებად პირველ რიგში განვიხილოთ, თუ როგორ იქმნება ბლოკჩეინის ბლოკი.

მოლოდინის ოთახი (mempool)

როდესაც თქვენს კრიპტო საფულეში აჭერთ ღილაკს „სვოპი“, ტრანზაქცია მომენტალურად არ ხორციელდება. ის გადადის მოლოდინის ოთახში, რომელსაც mempool ეწოდება. რადგან ის ბლოკჩეინზეა განთავსებული, ამ მოლოდინის ოთახის მონაცემები გამჭვირვალეა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს ტრანზაქციები მათ დადასტურებამდე.

ტრანზაქციების თანიმდევრობის განსაზღვრის მნიშვნელობა

ბლოკის შემქმნელები (ვალიდატორები ან მაინერები) შეიძლება კლუბის დაცვას შევადაროთ. ისინი ირჩევენ მომდევნო ბლოკში დასამატებელ ტრანზაქციებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ თანმიმდევრობას. როგორც წესი, ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ მომხმარებელს, რომელიც უფრო მეტ საკომისიოს გადაიხდის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ტრანზაქციების თანმიმდევრობის შეცვლა, რაც დამატებითი თანხის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.

„მაძიებლები“

როგორც წესი, ბლოკის შემქმნელები სარგებლის მიღების შესაძლებლობებს თავად არ ეძებენ. ამ ფუნქციას „მაძიებლებ“ ასრულებენ. ესენი არიან ტრეიდერები, რომლებიც იყენებენ ავტომატიზებულ ბოტებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ mempool-ს 24/7 რეჟიმში. როდესაც ისინი პოულობენ მომლოდინე ვაჭრობებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობას, ისინი ბლოკის შემქმნელებს უხდიან მაღალ საკომისიოს, რათა მათი ტრანზაქციები პირველად დაემატოს ბლოკში.

MEV-ის გავრცელებული ტიპები

ჩვეულებრივ, MEV-ები ორ კატეგორიად იყოფა: ისინი შეიძლება იყოს ბაზრისთვის სასარგებლო ან ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის საზიანო.

1. არბიტრაჟი (ნეიტრალური ტიპი)

ეს არის MEV-ის ყველაზე გავრცელებული ფორმა. დავუშვათ ტოკენის ღირებულება ერთ ბირჟაზე არის 100 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბირჟაზე - 100,10 აშშ დოლარი.

  • MEV ბოტი აფიქსირებს ამ სხვაობას.

  • ის ყიდულობს ტოკენს იაფად A ბირჟაზე და შემდეგ ყიდის მას B ბირჟაზე.

  • შედეგი: ბოტი სარგებელს გამოიმუშავებს, ორ ბირჟაზე ტოკენის ფასებს შორის სხვაობა კი მცირდება. ზოგადად, ამ ტიპის არბიტრაჟი ითვლება ნეიტრალურად ან ბაზრის ეფექტურობისთვის სასარგებლოდ.

2. ლიკვიდაციები (საჭირო ტიპი)

სესხების გაცემის DeFi პლატფორმაზე, როდესაც თქვენ ფულს სესხულობთ და თქვენი უზრუნველყოფის აქტივის (უსაფრთხოების დეპოზიტის) ღირებულება ეცემა, სესხის დასაფარად პროტოკოლი ყიდის თქვენს უზრუნველყოფის აქტივს.

  • MEV ბოტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ იძულებითი ლიკვიდაციის აღსრულებაში, რადგან ამისათვის ისინი იღებენ საკომისიოებს.

  • შედეგი: ამის წყალობით სესხების გაცემის პროტოკოლი ინარჩუნებს გადახდისუნარიანობას, რაც აუცილებელია სისტემის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის.

3. სენდვიჩ-შეტევები (უარყოფითი ტიპი)

ამ ტიპის MEV აზარალებს უბრალო მომხმარებელს. სენდვიჩ-შეტევას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბოტი აფიქსირებს დიდი ზომის ყიდვის შეკვეთას.

  • საფეხური 1: ბოტი ცდილობს რიგში თქვენს წინ მოხვდეს და თქვენზე ადრე შეიძინოს ეს ტოკენი (წინმსწრები შეკვეთა), რის შემდეგაც ტოკენის ფასი იზრდება.

  • საფეხური 2: თქვენი ტრანზაქცია აღსრულდება გაზრდილ ფასად.

  • საფეხური 3: თქვენ მიერ ტოკენის ყიდვის შემდეგ ბოტი დაუყოვნებლივ ყიდის საკუთარ ტოკენს.

  • შედეგი: ბოტი იღებს მოგებას, თქვენ კი იხდით უფრო მაღალ ფასს და ფასის ცურვაც მოსალოდნელზე მაღალია.

MEV-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

MEV კარგია თუ ცუდი? კრიპტო საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი.

დადებითი მხარეები

  • ფასების სტაბილურობა: არბიტრაჟის ბოტების წყალობით, აქტივების ფასები ყველა ბირჟაზე ერთი და იგივეა.

  • სისტემის სიჯანსაღის ხელშეწყობა: ლიკვიდაციის ბოტები უზრუნველყოფს სესხების გაცემის DeFi პროტოკოლების გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას.

  • ვალიდატორის ჯილდოები: MEV-ის მეშვეობით გენერირებული შემოსავალი ემატება სტეიკინგის ჯილდოებს. ეს ვალიდატორების საქმიანობას უფრო მიმზიდველს ხდის, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ქსელის უსაფრთხოებას.

უარყოფითი მხარეები

  • ფარული გადასახადები: DEX-ებზე მოვაჭრე მომხმარებლებისთვის სენდვიჩ-შეტევები ფარულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

  • ქსელის გადატვირთვა: როდესაც ბოტები ერთმანეთს ეჯიბრებიან MEV-ით მოგების მიღების შესაძლებლობის ხელში ჩასაგდებად, ისინი ტვირთავენ ქსელს ტრანზაქციებით. ეს იწვევს სხვა მომხმარებლებისთვის გაზის საკომისიოების გაზრდას.

  • ცენტრალიზაციის საფრთხე: დიდი ზომის MEV ჯილდოები იზიდავს დიდი რესურსების მქონე ვალიდატორებს და ბლოკის შემქმნელებს, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ძალაუფლების კონცენტრაცია მონაწილეთა მცირე ჯგუფის ხელში.

შეგვიძლია გამოვასწოროთ MEV?

დეველოპერები აქტიურად მუშაობენ მიდგომის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების უფრო სამართლიანად ორგანიზებას და უბრალო მომხმარებლების დაცვას.

  • Flashbots და MEV-Boost: Flashbots-მა შექმნა MEV-Boost - სისტემა, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს ბლოკის შემომთავაზებლების და ბლოკის შემქმნელების ფუნქციებს, რაც ამცირებს „მაძიებლების“ ქაოსურ აქტივობებს საჯარო mempool-ში. MEV-Boost ტრანზაქციის პაკეტებს აგზავნის ბლოკის შემქმნელების სპეციალიზებულ პლატფორმაზე. 2025 წლის მონაცემებით, MEV-Boost-ის დახმარებით შეიქმნა Ethereum-ის ბლოკების დაახლოებით 90%, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის საკომისიოებისთვის ქაოსური კონკურენცია და MEV-ის ამოღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადა.

  • სამართლიანი თანმიმდევრობის სერვისი (FSS): ისეთი პროექტები, როგორიცაა Chainlink ქმნიან სისტემებს, რომლებიც ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრას მათი შემოსვლის დროის და არა გადახდილი საკომისიოს ოდენობის მიხედვით ახორციელებენ. ამ დროს მოქმედებს პრინციპი „პირველად მოსული პირველად იღებს მომსახურებას“, რაც უზრუნველყოფს წინმსწრები შეკვეთების პრევენციას.

  • პირადი ტრანზაქციების პულები: ზოგიერთი საფულე და პროტოკოლი (როგორიცაა Uniswap) ახლა უკვე იძლევა საჯარო მოლოდინის ოთახის ნაცვლად ტრანზაქციების „პირად პულში“ გადატანის შესაძლებლობას. თუ ბოტები ვერ შეძლებენ თქვენი ვაჭრობების დანახვას, ისინი ვერ განახორციელებენ „სენდვიჩ-შეტევას“.

  • პროტოკოლის დონის რეფორმა (ePBS): Ethereum-ის დაგეგმილი განახლება, სახელწოდებით Glamsterdam (მისი გაშვება იგეგმება 2026 წლის პირველ ნახევარში) მოიცავს EIP-7732-ს, რომელიც წარმოგვიდგენს შემომთავაზებლის და შემქმნელის როლების განცალკევებას (ePBS), რაც უშუალოდ პროტოკოლშია ინტეგრირებული. მისი მიზანია ბლოკის შექმნის პროცესის ფორმალიზაცია და დეცენტრალიზაცია, რომელსაც ამჟამად off-chain უზრუნველყოფს MEV-Boost.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის MEV კრიპტოში?

MEV არის დამატებითი მოგება, რომლის მიღებაც ბლოკის შემქმნელებს შეუძლიათ ბლოკში ტრანზაქციების თანმიმდევრობის კონტროლის მეშვეობით. ეს შეიძლება მოიცავდეს ტრანზაქციების თანმიმდევრობის შეცვლას, დამატებას ან ამოღებას.

როგორ მუშაობს სენდვიჩ-შეტევები?

სენდვიჩ-შეტევების დროს ბოტი აფიქსირებს თქვენს დიდი ზომის ყიდვის შეკვეთას, რომელიც განთავსებულია mempool-ში და ელოდება დადასტურებას. ბოტი იმავე ტოკენის ყიდვის შეკვეთას განათავსებს თქვენი შეკვეთის წინ (რაც იწვევს ტოკენის ფასის გაზრდას), რის შემდეგაც თქვენ გიწევთ ტოკენის გაზრდილ ფასად შეძენა. ამის შემდეგ ბოტი მომენტალურად ყიდის ტოკენს და იღებს მოგებას, თქვენ კი აღასრულებთ შეკვეთას მოსალოდნელზე მაღალი ფასის ცურვით.

არის თუ არა MEV საზიანო?

ეს დამოკიდებულია მის ტიპზე. არბიტრაჟის MEV გვეხმარება სხვადასხვა ბირჟებზე აქტივის ფასის ერთ დონეზე შენარჩუნებაში. ზოგადად ეს ტიპი ნეიტრალურად ითვლება. სენდვიჩ-შეტევები და აგრესიული წინმსწრები შეკვეთები დაკავშირებულია ფარულ ხარჯებთან DEX-ზე ვაჭრობის დროს და უარყოფითად აისახება უბრალო მომხმარებელზე.

რა არის Flashbots და როგორ უმკლავდება ის MEV-ს?

Flashbots წარმოადგენს კვლევის და განვითარების ორგანიზაციას, რომელმაც შექმნა MEV-Boost — სისტემა, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს Ethereum-ის ბლოკის შემომთავაზებლების და ბლოკის შემქმნელების როლებს, რაც ამცირებს „მაძიებლების“ ქაოსურ აქტივობებს საჯარო mempool-ში. MEV-Boost ტრანზაქციის პაკეტებს აგზავნის ბლოკის შემქმნელების სპეციალიზებულ პლატფორმაზე. 2025 წლის მონაცემებით, MEV-Boost-ის დახმარებით შეიქმნა Ethereum-ის ბლოკების დაახლოებით 90%, რამაც MEV-ის ამოღების პროცესი უფრო ორგანიზებული გამჭვირვალე გახადა.

როგორ დავიცვა თავი MEV-ისგან?

DEX აპლიკაციის ან საფულის გამოყენება, რომელიც გვთავაზობს ტრანზაქციების დაცულ მარშრუტიზაციას საჯარო mempool-ის გვერდის ავლით, ბოტებს ურთულებს თქვენზე თავდასხმის შესაძლებლობას. სენდვიჩ-შეტევებისგან თავის დაცვის კიდევ ერთი საშუალებაა ფასის ცურვის მცირე დიაპაზონის მითითება, თუმცა ფასის ცურვის ძალიან დაბალი პარამეტრების გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ტრანზაქცია არ აღსრულდეს, თუ ფასი ძალიან სწრაფად შეიცვლება.

შეჯამება

მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV) კრიპტო სამყაროს კომპლექსურ კომპონენტს წარმოადგენს. ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს ბაზრის ეფექტურობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი ის დაკავშირებულია ფარულ ხარჯებთან, რომელთა გადახდაც DEX-ზე მოვაჭრე ტრეიდერებს უწევთ. ამ საფრთხეებისგან თავის დაცვის მიზნით, დიდი მოცულობებით მოვაჭრე DEX-ის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს საფულეები ან აპლიკაციები, რომლებიც გვთავაზობს ტრანზაქციის დაცულ მარშრუტიზაციას ან ფასის ცურვის მცირე დიაპაზონებს.

დამატებითი საკითხავი

  • რა არის წინმსწრები შეკვეთა?

  • რა არის არბიტრაჟით ვაჭრობა?

  • რა არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX)?

  • როგორ მუშაობს გაზის საკომისიოები Ethereum-ზე?

  • რა არის და როგორ მუშაობს Uniswap?

    პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში მოხსენიებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი დეტალებისთვის სრულად გაეცანით ჩვენს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.