რა არის სმარტ კონტრაქტები და როგორ მუშაობს ისინი?
მთავარი
სტატიები
რა არის სმარტ კონტრაქტები და როგორ მუშაობს ისინი?

რა არის სმარტ კონტრაქტები და როგორ მუშაობს ისინი?

გამოქვეყნებული Sep 16, 2019განახლებული Feb 13, 2025
9m

მთავარი დეტალები

  • სმარტ კონტრაქტები წარმოადგენს ბლოკჩეინებზე, მაგალითად Ethereum-ზე და BNB Smart Chain-ზე გაშვებულ თვითაღსრულებად ციფრულ ხელშეკრულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებების პირობების ავტომატურად შესრულებას.

  • სმარტ კონტრაქტები გვთავაზობს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებას, დეცენტრალიზაციას და ეფექტურობას და ამავდროულად გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას.

  • ტრადიციული პროცესების და ტრანზაქციების გამარტივების წყალობით, სმარტ კონტრაქტები წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ინდუსტრიის უამრავი სფეროს ეფექტურობის გაუმჯობესება.

რა არის სმარტ კონტრაქტი?

სმარტ კონტრაქტი არის პროგრამული კოდის სახით მომზადებული და ბლოკჩეინზე შენახული თვითაღსრულებადი ციფრული ხელშეკრულება. ის იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, რაც აუმჯობესებს უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას, გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას და მომხმარებლებს სთავაზობს ხელშეკრულებების პირობების შესრულების და სხვადასხვა პროცესის გამარტივების გზებს.

სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ორ მხარეს შეუძლია ერთმანეთს შორის პირდაპირი ტრანზაქციების განხორციელება, ამ პროცესში მესამე მხარის ჩართვის საჭიროების გარეშე. ის უზრუნველყოფს გამყიდველის და მყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას. დავუშვათ ბაზარზე აპირებთ ციფრული ხელოვნების ნიმუშის შეძენას. ტრადიციულად, ტრანზაქციისთვის საჭიროა, რომ ხელოვნების გალერეამ შეასრულოს შუამავლის ფუნქცია. 

ხელშეკრულების წესების შესრულების უზრუნველსაყოფად, სმარტ კონტრაქტი, შუამავლის ნაცვლად, იყენებს კომპიუტერულ კოდს. ის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ვირტუალური „თუ-მაშინ“ განაცხადი. მაგალითად, თუ მყიდველი გაგზავნის წინასწარ შეთანხმებულ თანხას, მაშინ სმარტ კონტრაქტი აღსრულდება და ციფრული ხელოვნების ნიმუშზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან გადავა მყიდველზე.

რისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები?

სმარტ კონტრაქტების დანიშნულება მხოლოდ ტრანზაქციებით არ შემოიფარგლება. მათ აქვთ პოტენციალი ხელი შეუწყონ ბლოკჩეინის ძირითად გადახდის სისტემად ჩამოყალიბებას ისეთი შესაძლებლობების შემოთავაზებით, რომელთა მხარდაჭერაც ტრადიციულ სისტემას არ აქვს. მათი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:

ფინანსური ტრანზაქციები

როგორც განვიხილეთ, სმარტ კონტრაქტები კრიპტოს სივრცეში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომატიზებული და უსაფრთხო ფინანსური ტრანზაქციებისათვის, როგორიცაა ციფრული ვალუტების გადარიცხვისთვის, გადახდებისთვის და უფრო კომპლექსური ფინანსური ხელშეკრულებების Peer-to-Peer ფორმატში აღსრულებისთვის. 

დეცენტრალიზებული აპლიკაციები

სმარტ კონტრაქტები მრავალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApp-ის) საფუძველს წარმოადგენს. ეს DApp-ები გვთავაზობს უამრავ სხვადასხვა ფუნქციას, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმები სესხების მიღების, გაცემისა და ვაჭრობისთვის, ასევე თამაშების პლატფორმები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) ინტეგრაცია თამაშის აქტივების და ციფრული საკოლექციო ნივთების სახით.

NFT პლატფორმებზე სმარტ კონტრაქტები გვთავაზობს ტოკენიზებული ფორმით წარმოდგენილი უნიკალური ციფრული აქტივების შექმნის, ფლობის და გაყიდვის შესაძლებლობას, რისთვისაც იყენებს ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებული სმარტ კონტრაქტების პროგრამირებადობის და უსაფრთხოების მახასიათებლებს.

დაზღვევა

სმარტ კონტრაქტებს შეუძლია დაზღვევის პროცესების გამარტივება სარჩელების დამუშავების, უფლებამოსილების ვერიფიკაციის და გადახდების ავტომატიზაციის მეშვეობით, რაც დაფუძნებული იქნება წინასწარ განსაზღვრულ პირობებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია სადაზღვევო სფეროში დოკუმენტაციაზე მუშაობის საჭიროების შემცირება, ეფექტურობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება.

მომარაგების ჯაჭვის მართვა

სმარტ კონტრაქტებს შეუძლია აკონტროლოს პროდუქტების მოძრაობა მომარაგების ჯაჭვში, გააუმჯობესოს გამჭვირვალობა, მიკვლევადობა და შეამციროს თაღლითობის რისკები. მათი გამოყენებით შეიძლება მომარაგების ჯაჭვის მართვის პროცესების, მაგალითად შეკვეთების შესრულების, ანგარიშსწორების და ხარისხის კონტროლის ავტომატიზაცია.

ინტელექტუალური საკუთრება

სმარტ კონტრაქტს, ხშირად NFT-ების გამოყენებით, შეუძლია მუსიკაზე, ხელოვნების ნიმუშზე ან წერილობით კონტენტზე ინტელექტუალური საკუთრების ფლობის და გადაცემის პროცესის მართვა. სმარტ კონტრაქტები ავტორებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ლიცენზირების პირობები, მოახდინონ ჰონორარების გადახდის პროცესის ავტომატიზაცია და სამართლიანად გაანაწილონ ციფრული აქტივები.

ხმის მიცემის სისტემები

სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია ხმის მიცემის უსაფრთხო და გამჭვირვალე სისტემების შექმნა, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის დაცულობას, თაღლითობის პრევენციას და შედეგების მომენტალურად გამოქვეყნებას. ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას და მათ მიმართ ნდობის გაზრდას.

როგორ მუშაობს სმარტ კონტრაქტები?

სმარტ კონტრაქტების გამართულად ფუნქციონირება დამოკიდებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე, პროგრამული კოდის აღსრულებასა და დეცენტრალიზებულ კონსენსუსზე. ქვემოთ მოცემულია სმარტ კონტრაქტის მუშაობის პროცესის გამარტივებული აღწერა: 

1. შექმნა და განთავსება

სმარტ კონტრაქტის დეველოპერი ქმნის სმარტ კონტრაქტს პროგრამირების იმ ენის გამოყენებით, რომელიც თავსებადია შესაბამის ბლოკჩეინის პლატფორმასთან (მაგალითად Solidity გამოიყენება Ethereum-ზე, ხოლო Rust - Solana-ზე). ამის შემდეგ სმარტ კონტრაქტი განთავსდება ბლოკჩეინის ქსელზე და ხდება ბლოკჩეინის დეცენტრალიზებული ეკოსისტემის ნაწილი. 

2. კოდი და პირობები

სმარტ კონტრაქტი შეიცავს კოდს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული ხელშეკრულების, პროგრამის ან ტრანზაქციის ვადებს, წესებს და პირობებს. ეს კოდი შეიძლება იყოს მარტივი და შეიცავდეს მხოლოდ ერთჯერადი გადახდის პირობებს, ან შეიძლება იყოს კომპლექსური, სადაც აღწერილი იქნება მრავალსაფეხურიანი პროცესი რამდენიმე მონაწილისთვის და მონაცემების ნაკრებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები.

3. სმარტ კონტრაქტის გამოძახება

სმარტ კონტრაქტის განთავსების შემდეგ, ბლოკჩეინზე წვდომის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გამოძახება და მასთან ურთიერთქმედება. სმარტ კონტრაქტის გამოძახება ჩვეულებრივ მოიცავს კონტრაქტის კონკრეტული ფუნქციების გააქტიურებას და საჭირო მონაცემების შეყვანას.

როდესაც მომხმარებელი DeFi სერვისებთან და DApp-ებთან ურთიერთქმედებისას იყენებს კრიპტო საფულეს, როგორიცაა MetaMask ან Phantom, ამ პროცესის უმეტესი ნაწილი დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტების მუშაობაზე.

4. ვალიდაცია და აღსრულება

სმარტ კონტრაქტის გამოძახების დროს ხდება ბლოკჩეინის ქსელის მიერ ტრანზაქციის ვერიფიკაცია და ვალიდაცია. სმარტ კონტრაქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავალების შესრულება ავტომატურად ხდება.

5. უცვლელი ჩანაწერი

პირობების ვალიდაციის და ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ, ჩანაწერი ემატება ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზას და მისი შეცვლა შეუძლებელი ხდება. ჩვეულებრივ, ეს ჩანაწერი შეიცავს ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის დეტალს, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და იძლევა აუდიტის და შემოწმების შესაძლებლობას.

6. საბოლოობა

სმარტ კონტრაქტის აღსრულება საბოლოოა და მისი გაუქმება შეუძლებელია, რადგან ის ინახება დეცენტრალიზებულ, მოდიფიკაციისგან დაცულ მონაცემთა ბაზაში (ბლოკჩეინის ლეჯერში). ეს უზრუნველყოფს ტრანზაქციის საიმედოობას და უსაფრთხოებას და ამცირებს თაღლითობის და არასანქცირებული მოდიფიკაციის რისკს.

სმარტ კონტრაქტების პოპულარული პლატფორმები

  • Ethereum (ETH): Ethereum პირველი ბლოკჩეინია, რომელმაც სმარტ კონტრაქტები გამოიყენა და დღემდე რჩება დომინანტურ პლატფორმად დეველოპერების დიდი საზოგადოებით. თუმცა მისი ტრანზაქციების საკომისიოები საკმაოდ მაღალია. 

  • BNB Smart Chain (BSC): BSC-ის პროგრამირების ენა Ethereum-ის ენის მსგავსია, რისი წყალობითაც ის პოპულარულია დეველოპერებს შორის, რომელთაც სურთ საკუთარი პროექტების ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადატანა. მისი საკომისიოები შედარებით დაბალია.

  • Solana (SOL): Solana ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სმარტ კონტრაქტების პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა ტრანზაქციების მაღალი სიჩქარით და დაბალი საკომისიოებით.

  • Cardano (ADA): Cardano განვითარებისთვის იყენებს საექსპერტო შეფასებებზე დაფუძნებულ მიდგომას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე.

  • Polkadot (DOT): Polkadot გამოირჩევა სხვა ბლოკჩეინებთან თავსებადობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბლოკჩეინს შეუძლია ერთმანეთთან დაკავშირება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით. 

რა არის სმარტ კონტრაქტების უარყოფითი მხარეები?

მიუხედავად იმისა, რომ სმარტ კონტრაქტს უამრავი უპირატესობა აქვს, მას რამდენიმე ნაკლიც ახასიათებს. ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე უარყოფითი მხარე:

1. გარედან მიღებულ მონაცემებზე დამოკიდებულება

ჩვეულებრივ, სმარტ კონტრაქტები დამოკიდებულია გარე მონაცემთა წყაროებზე, რომლებიც ცნობილია oracle-ების სახელწოდებით, რომელთა საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება გარე სამყაროდან. მიუხედავად იმისა, რომ თავად სმარტ კონტრაქტები დაცული და უცვლელია, ეს oracle-ები ხასიათდება პოტენციური სისუსტეებით და უზუსტობებით, რადგან ისინი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული, მანიპულაციების მიმართ დაუცველი ან სულაც მწყობრიდან გამოსვლისკენ მიდრეკილი

2. კოდის სისუსტეები

ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მსგავსად, სმარტ კონტრაქტის კოდი შეიძლება დაუცველი იყოს ბოროტმოქმედების მიერ გამოყენებული მავნე პროგრამების ან ბაგების მიმართ. კოდის იმპლემენტაციაში ან დიზაინში არსებული შეცდომების გამო შეიძლება ისინი საფრთხეების მიმართ დაუცველი აღმოჩნდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური ზარალი ან სხვა უარყოფითი შედეგები. მომხმარებლების მსგავსი საფრთხეებისგან დასაცავად, ბლოკჩეინზე განთავსებამდე საჭიროა სმარტ კონტრაქტების საფუძვლიანი ტესტირება.

3. მასშტაბირებადობა

ბლოკჩეინის ქსელის ზომის და დატვირთვის ზრდასთან ერთად შეიძლება წარმოიშვას მასშტაბირებადობის და წარმადობის პრობლემები. ბლოკჩეინის ქსელებისთვის დამახასიათებელი ეს შეზღუდვები შეიძლება გავლენას ახდენდეს სმარტ კონტრაქტების აღსრულების სიჩქარესა და ეფექტურობაზე, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის პერიოდებში.

4. უცვლელობა

სმარტ კონტრაქტების უცვლელობას ორი მხარე აქვს. განთავსების და აღსრულების შემდეგ, მისი მოდიფიკაცია ან ქმედების გაუქმება შეუძლებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს, ის ასევე შეიძლება პრობლემის მიზეზი იყოს იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა კოდში არსებული შეცდომების და ბაგების გამოსწორება ან მისი განახლება ვითარების შეცვლის გამო.

როგორ ხდება სმარტ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა?

კრიპტოვალუტის საზოგადოება კარგად იცნობს სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებულ ხარვეზებს და გამოწვევებს და აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე:

ბაგების აღმოჩენის პროგრამები

ბევრ კრიპტო პლატფორმას აქვს ბაგების აღმოჩენის პროგრამები, რომელთა ფარგლებში დაწესებულია დიდი ჯილდოები ეთიკური ჰაკერების, დეველოპერების და მკვლევარების მოზიდვის მიზნით, რათა მოხდეს სმარტ კონტრაქტის კოდის სისუსტეების გამოვლენა მათ აღსრულებამდე. მსგავსი პროგრამების მეშვეობით ხდება მომხმარებელთა შორის ცნობიერების ამაღლება სისუსტეების გამოვლენის საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც აუმჯობესებს სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოებას.

სმარტ კონტრაქტების აუდიტები

ასევე არსებობს სმარტ კონტრაქტების აუდიტის ფირმები, რომლებიც გვთავაზობენ უსაფრთხოების აუდიტის სერვისებს სმარტ კონტრაქტებში სისუსტეების გამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით. მათი მიზანია კოდის უსაფრთხოების სტანდარტების, მათ შორის ტესტირების, კოდის შემოწმების და სმარტ კონტრაქტის ფორმალური ვერიფიკაციის მეთოდების შემუშავება საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნების დაცვით.

სტანდარტები და სტრუქტურა

გარდა ამისა, დეველოპერების საერთო მიზანს წარმოადგენს ინსტრუმენტების, სტრუქტურის და სტანდარტების შემუშავება, რაც გააუმჯობესებს სმარტ კონტრაქტების შემუშავების პროცესს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სტანდარტიზაცია, რაც მოიცავს სმარტ კონტრაქტებისთვის საერთო ინტერფეისების, პროტოკოლების და ფორმატების შემუშავებას. 

ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ERC (Ethereum Request for Comments) სტანდარტები, გვეხმარება სმარტ კონტრაქტების პოპულარული ინტერფეისების დანერგვაში, რაც აუმჯობესებს სხვადასხვა ბლოკჩეინის პლატფორმას შორის ურთიერთთავსებადობას, რაც თავის მხრივ ამარტივებს სმარტ კონტრაქტების ინტეგრაციას სხვადასხვა პროტოკოლში და მათ შორის ურთიერთქმედებას.

მე-2 დონის ტექნოლოგიები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბლოკჩეინებისთვის დამახასიათებელია მასშტაბირებადობასთან და ტრანზაქციების ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები. ოპტიმისტური როლაფები და ZK-როლაფები წარმოადგენს მე-2 დონის ტექნოლოგიებს, რომელთა დანიშნულებაა ზემოთ აღწერილი პრობლემების აღმოფხვრა. მე-2 დონის სისტემები მუშაობს პირველი დონის ბლოკჩეინებთან, მაგალითად Ethereum-თან ერთად. მათი მეშვეობით ტრანზაქციების დამუშავება ხდება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ, რაც ამცირებს გადატვირთულობას და ზრდის მის გამტარუნარიანობას. 

იყენებს თუ არა Bitcoin სმარტ კონტრაქტებს?

Bitcoin-ის პროგრამირების ენა იძლევა მარტივი სმარტ კონტრაქტების შექმნის საშუალებას, თუმცა მათი შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია, ვიდრე სხვა ბლოკჩეინებზე, მაგალითად Ethereum-ზე გაშვებული პროგრამირებადი სმარტ კონტრაქტებისა. Bitcoin-ის პროგრამირების ენა, სახელწოდებით Script, მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსაზღვროს წესები და პირობები საკუთარი BTC-ის დახარჯვისთვის, თუმცა ის არ არის განკუთვნილი უფრო კომპლექსური ფუნქციონალის მქონე სმარტ კონტრაქტების შესაქმნელად. 

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერის მქონე მე-2 დონის პროტოკოლების და საიდჩეინების შექმნა, რომლებიც მუშაობენ Bitcoin-ის ქსელთან ერთად. ამის მაგალითია Lightning Network, რომელიც გვთავაზობს ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად განხორციელების შესაძლებლობას. საიდჩეინის პლატფორმები, როგორიცაა Rootstock (RSK), გვთავაზობს უფრო მაღალი დონის ფუნქციონალის მქონე სმარტ კონტრაქტების Bitcoin-ის ქსელში გამოყენების შესაძლებლობას. 

შეიძლება გაინტერესებთ, თუ როგორ იყენებენ სმარტ კონტრაქტებს Bitcoin NFT-ები და ორდინალები. ამ დროს სმარტ კონტრაქტები არ გამოიყენება; ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ satoshi-ებზე ხდება წარწერების დატანა, რის შემდეგაც ხდება მათი დამატება Bitcoin-ის ბლოკჩეინის ბლოკებში.

შეჯამება

სმარტ კონტრაქტი წარმოადგენს თვითაღსრულებად ციფრულ ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილია კონტრაქტის პირობები, რაც გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას. ის იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, რაც აუმჯობესებს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას. 

სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია პროცესების ავტომატიზაცია და შუამავლების საჭიროების შემცირება. თუმცა მათთვის ასევე დამახასიათებელია გარკვეული სახის გამოწვევები, მაგალითად უსაფრთხოების და მასშტაბირებადობის პრობლემები. კრიპტოს საზოგადოება და ინდივიდუალური პროტოკოლების შემქმნელები აქტიურად მუშაობენ ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, რისთვისაც რეგულარულად ატარებენ ტესტირებებს, ნერგავენ უსაფრთხოების ზომებს და შეიმუშავებენ ახალ სისტემებს. 

სმარტ კონტრაქტების პოტენციალის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ სამომავლოდ მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ციფრული ფინანსების სამყაროს ტრანსფორმაცია.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.