როგორ გამოვიყენოთ MetaMask?

როგორ გამოვიყენოთ MetaMask?

განახლებული Sep 16, 2026
10m

მთავარი დეტალები

  • MetaMask არის Ethereum-თან და უფრო ფართო Web3 ეკოსისტემასთან დაკავშირების საშუალება. ის მხარს უჭერს EVM-თან თავსებად ქსელებს, ახლახან კი ასევე დაემატა EVM-თან არათავსებადი ქსელების მხარდაჭერა, როგორებიცაა Solana და Bitcoin, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ კრიპტო და დაუკავშირდეთ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს.

  • ამ გზამკვლევში აღწერილია ძირითადი პროცესები: საფულის ინსტალაცია, თქვენი აღდგენის ფრაზის უსაფრთხოება, მისი გამოცდა testnet-ზე და თქვენი პირველი ტოკენების სვოპის განხორციელება.

  • უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. საიმედოდ დაიცავით თქვენი საიდუმლო აღდგენის ფრაზა. თუ მას დაკარგავთ, თქვენ ვეღარ შეძლებთ თქვენს თანხებზე წვდომის აღდგენას.

შესავალი

Ethereum-ის გაშვების შემდეგ Web3-ის ხედვა თანდათან რეალობად იქცა: შეიქმნა უფრო ღია ინტერნეტი, რაც გამორიცხავს ერთი სუსტი წერტილის არსებობას და მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარი მონაცემების კონტროლის შესაძლებლობას. DeFi-სა და კროს-ჩეინ ინსტრუმენტების განვითარების წყალობით, Ethereum-ზე ახლა უკვე შესაძლებელია ტოკენების სვოპი, კრიპტოაქტივებით უზრუნველყოფილი სესხების აღება და Bitcoin-ის გამოყენებაც კი - ეს ყველაფერი შუამავლის საჭიროების გარეშე.

თუმცა როგორ შეგიძლიათ რეალურად მიიღოთ წვდომა ამ ყველაფერზე? MetaMask გთავაზობთ პასუხს ამ კითხვაზე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Web3 საფულე, რომელიც წარმოდგენილია როგორც ბრაუზერის გაფართოების, ასევე მობილური აპლიკაციის სახით. მისი წყალობით Web3 აპლიკაციებთან ურთიერთქმედება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. ამ გზამკვლევში განხილულია, თუ როგორ მუშაობს ის და როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოყენება.

რა არის MetaMask?

MetaMask არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული არაკასტოდიალური ცხელი საფულე. თავდაპირველად ის შეიქმნა Ethereum-ისა და EVM-თან თავსებადი ქსელებისთვის, როგორიცაა Polygon, BNB Smart Chain, Avalanche, Arbitrum, Optimism და Base. 

მას ასევე დაემატა EVM-თან არათავსებადი ქსელების მხარდაჭერა, როგორებიცაა Solana და Bitcoin.

MetaMask-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ და გაცვალოთ აქტივები პირდაპირ თქვენი საფულიდან. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დეცენტრალიზებულ ბირჟებს და DeFi პროტოკოლებს საკუთარ თანხებზე კონტროლის შენარჩუნებით.

როდესაც ურთიერთქმედებთ DApp-თან, MetaMask ავტომატურად ამყარებს კავშირს მასთან, რისი წყალობითაც საფულის მისამართების ხელით ჩასმა საჭირო არ არის. ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებამდე MetaMask ხსნის კონტექსტურ ფანჯარას, რომელიც გთხოვთ დეტალების გადამოწმებას და დადასტურებას.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. MetaMask-ის რეალური ძალა მდგომარეობს მის შესაძლებლობაში დაუკავშირდეს სმარტ კონტრაქტებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს), რითაც თქვენი ბრაუზერი სრულფასოვან Web3 ინტერფეისად გარდაიქმნება.

MetaMask-ის ინსტალაცია

MetaMask ხელმისაწვდომია Chrome, Firefox, Brave, Edge და Opera ბრაუზერების გაფართოების სახით. ის ასევე წარმოდგენილია iOS და Android სისტემების მობილური აპლიკაციების სახით. ამ გზამკვლევში ყურადღება გამახვილებულია ბრაუზერის გაფართოებაზე, თუმცა პროცესი თითქმის იდენტურია ყველა პლატფორმისთვის.

გადადით ჩამოტვირთვის ოფიციალურ გვერდზე metamask.io. აირჩიეთ თქვენი ბრაუზერი, რის შემდეგაც გადამისამართდებით შესაბამის ვებ-მაღაზიაში ან add-on-ების გვერდზე. გაფართოების დამატებისას შესაძლოა მოგთხოვონ გარკვეული ნებართვების გაცემა, რაც საჭიროა გაფართოების ფუნქციონირებისთვის. ყურადღებით გაეცანით ამ ნებართვებს და აირჩიეთ ის პარამეტრები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია.

შენიშვნა: MetaMask ყოველთვის ჩამოტვირთეთ ოფიციალური საიტიდან ან თქვენი ბრაუზერის ოფიციალური გაფართოებების მაღაზიიდან. MetaMask-ის ყალბი გაფართოებები ხშირად გამოიყენება ფიშინგის შეტევებისთვის, ამიტომ ინსტალაციამდე ყოველთვის გადაამოწმეთ მისი გამომქვეყნებელი.

საიდუმლო აღდგენის ფრაზა

საფულის ინსტალაციამდე და მასზე თანხის დარიცხვამდე საჭიროა გაეცნოთ ერთ უმნიშვნელოვანეს კონცეფციას. MetaMask არის არაკასტოდიალური საფულე, რაც იმას ნიშნავს, რომ საიდუმლო აღდგენის ფრაზას (SRP), რომელსაც ასევე seed ფრაზას უწოდებენ, მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ. MetaMask-ს მისი ასლი არ აქვს და ვერ დაგეხმარებათ მის აღდგენაში.

საიდუმლო აღდგენის ფრაზის ფანჯარა

როდესაც პირველად მიიღებთ წვდომას თქვენს SRP-ზე, MetaMask მოგთხოვთ დაადასტუროთ, რომ აცნობიერებთ ორ ფაქტორს:

  • თუ დაკარგავთ თქვენს საიდუმლო აღდგენის ფრაზას, MetaMask ვერ დაგეხმარებათ მის აღდგენაში.

  • თუ ვინმე, მათ შორის პირი, რომელიც თავს მხარდაჭერის აგენტად ასაღებს, მოგთხოვთ თქვენს საიდუმლო აღდგენის ფრაზას, იცოდეთ, რომ თაღლითობასთან გაქვთ საქმე.

MetaMask გირჩევთ თქვენი საიდუმლო აღდგენის ფრაზა (SRP) ჩაიწეროთ ქაღალდზე, ამოტვიფროთ ლითონზე ან შეინახოთ ის რამდენიმე უსაფრთხო ადგილას. მისი დაკარგვა ნიშნავს თქვენს საფულეზე წვდომის სამუდამოდ დაკარგვას. გამონაკლისი არ არსებობს.

თქვენი საფულის ინიციალიზაცია

ახალი საფულის შექმნა შეგიძლიათ თქვენი Google-ის ან Apple-ის ანგარიშის დაკავშირებით, ასევე პირდაპირ საიდუმლო აღდგენის ფრაზის გამოყენებით. სასურველი პარამეტრის არჩევის შემდეგ უნდა დააყენოთ პაროლი გაფართოებისთვის. რთული პაროლის შექმნის მიზნით MetaMask გირჩევთ გამოიყენოთ პაროლების მენეჯერი.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფულეს Google-ის ან Apple-ის ანგარიშით შექმნით, ამ შემთხვევაშიც მოხდება საიდუმლო აღდგენის ფრაზის გენერირება. ეს ფრაზა წარმოადგენს თქვენს მასტერ-გასაღებს, რომელიც უსაფრთხოდ უნდა შეინახოთ მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს იყენებთ რეგისტრაციისთვის.

თქვენს საფულეზე თანხის დარიცხვა

წინამდებარე გზამკვლევში ამ პროცესს განვიხილავთ Sepolia testnet-ის მაგალითზე. Sepolia არის სატესტო ქსელი, რომელიც Ethereum-ის mainnet-ისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, თუმცა ახდენს მისი მუშაობის პირობების სიმულაციას. ეს არის შესანიშნავი საშუალება ტრანზაქციების უსაფრთხოდ გამოსაცდელად, რეალური თანხების დაკარგვის გარეშე.

Sepolia-ზე გადასართავად, გახსენით MetaMask გაფართოება და გადადით ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულ მენიუში.

Metamask-ის მთავარ გვერდზე მენიუს არჩევა

„Manage“ (მართვა) ჩანართში აირჩიეთ „Networks“ (ქსელები).

Metamask-ის მენიუს გვერდი, Networks

დაინახავთ ქსელების სიას, სადაც უნდა აირჩიოთ Sepolia. პირველ რიგში შესაძლოა დაგჭირდეთ გადამრთველი ღილაკის „Show test networks“ (სატესტო ქსელების ჩვენება) გააქტიურება.

Test networks-ში აირჩიეთ Sepolia

Sepolia-ზე გადასვლის შემდეგ შეძლებთ კრიპტო ონკანიდან უფასოდ მიიღოთ სატესტო ETH. MetaMask-ის ოფიციალურ საიტზე მოცემულია მხარდაჭერილ ონკანებზე გადასასვლელი ბმულები, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ metamask.io-ს განყოფილებებში„Learn“ ან “Developer“. სატესტო ტოკენების მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ DApp-ებთან ურთიერთქმედება.

Ethereum Sepolia ონკანის გვერდი

ხელმისაწვდომი testnet-ებისა და მათი ტოკენების სრული სიის სანახავად გაეცანით MetaMask-ის ოფიციალურ დოკუმენტაციას.

DApp-თან დაკავშირება

mainnet-ისგან განსხვავებით, testnet გთავაზობთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით აპლიკაციებთან წვდომას. ამ გზამკვლევში შუამავლების გარეშე ვაჭრობის პროცესი განხილულია Uniswap-ის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს პოპულარულ დეცენტრალიზებულ ბირჟას.

1. ეწვიეთ Uniswap-ის საიტს.

2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ Connect ღილაკს.

3. საფულის ვარიანტებიდან აირჩიეთ MetaMask.

Uniswap-თან დასაკავშირებლად აირჩიეთ Metamask

4. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, რომელიც მოგთხოვთ კავშირის დადასტურებას. აირჩიეთ ანგარიში, რომლის გამოყენებაც გსურთ და გადაამოწმეთ მოთხოვნილი ნებართვები.

უმეტეს შემთხვევაში, DApp უბრალოდ ითხოვს წვდომას თქვენს საჯარო საფულის მისამართზე.

თქვენი პირველი სვოპის განხორციელება

ამ მაგალითში ჩვენ სატესტო ETH-ს გადავცვლით DAI-ში. DAI არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, რომელიც სტეიბლკოინის ფუნქციას ასრულებს. გაითვალისწინეთ, რომ testnet-ში ამ ტოკენებს რეალური ღირებულება არ გააჩნია.

1. დააჭირეთ ღილაკს Select a token (აირჩიეთ ტოკენი) და სიიდან აირჩიეთ DAI. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ WETH (შეფუთული ether).

2. შეიყვანეთ ETH-ის რაოდენობა, რომლის გადაცვლაც გსურთ. Uniswap გაჩვენებთ, თუ რა რაოდენობის DAI-ს მიიღებთ.

ტოკენების სვოპის გვერდი

3. დააჭირეთ ღილაკს Swap და MetaMask-ის კონტექსტურ ფანჯარაში გადაამოწმეთ ტრანზაქციის დეტალები.

თუ ამას mainnet-ზე აკეთებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი გაზის საკომისიოები, რადგან ისინი შეიძლება მნიშვნელოვანი ოდენობის აღმოჩნდეს, რაც დამოკიდებულია ქსელის გადატვირთულობის დონეზე. ზოგ მხარდაჭერილ ბლოკჩეინზე MetaMask-ს ახლა უკვე შეუძლია გაზის ღირებულების პირდაპირ სვოპის თანხაში გაერთიანება, რაც პროცესს ამარტივებს. დადასტურების შემდეგ უბრალოდ დაელოდეთ ტრანზაქციის დასრულებას.

სად გადაიგზავნა ჩემი ტოკენები?

თქვენ დაასრულეთ სვოპი, თუმცა DAI არ აისახა თქვენს საფულეში. პანიკას ნუ მიეცემით. თქვენ შეიძლება მისი ხელით დამატება დაგჭირდეთ.

MetaMask-ს აქვს ტოკენების ავტომატური ამოცნობის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც პოპულარული ტოკენების უმეტესობის ამოცნობა ავტომატურად ხდება. ამ ფუნქციის სანახავად გადადით მთავარი მენიუს განყოფილებაში „Settings“ (პარამეტრები).

Metamask-ის მთავარი მენიუს განყოფილება „Settings“ (პარამეტრები)

შემდეგ, „Transactions and Assets“-ის ქვეშ გადადით „Assets“-ში და გადართეთ ღილაკი „Autodetect tokens“-ზე.

მთავარი მენიუს განყოფილებები Assets (აქტივები) და autodetect tokens (ტოკენების ავტომატური ამოცნობა)

თუ თქვენი ტოკენი არ ჩანს, შეგიძლიათ ხელით დაამატოთ ის.

თუ ამატებთ ნაკლებად ცნობილ ან testnet-ის ტოკენს, დაგჭირდებათ ტოკენის კონტრაქტის მისამართი, რომლის პოვნაც შეგიძლიათ Etherscan-ზე. შემდეგ შეგიძლიათ ხელით დაამატოთ ქვემოთ მოცემული საფეხურების მეშვეობით:

  • გახსენით MetaMask გაფართოება და მენიუს გასახსნელად დააწკაპუნეთ სამ წერტილზე, რომელიც მოცემულია [Tokens] (ტოკენები) ჩანართის გვერდით.

  • აირჩიეთ [Manage tokens] (ტოკენების მართვა).

განყოფილება Manage tokens (ტოკენების მართვა) Metamask-ის მთავარ გვერდზე

  • გვერდის ქვედა ნაწილში აირჩიეთ ჩანართი [Add a custom token] (პერსონალიზებული ტოკენის დამატება).

Add custom token ღილაკი ტოკენების სიაში

  • ჩასვით კონტრაქტის მისამართი.

ჩანართში [Add a custom token] (პერსონალიზებული ტოკენის დამატება) შესაყვანი ინფორმაცია

ტოკენის სახელი და ათწილადები ავტომატურად უნდა შეივსოს.

  • ყველა ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „Add token“ (ტოკენის დამატება).

  • განახლებული ბალანსის სანახავად დაბრუნდით მთავარ ეკრანზე.

MetaMask-ის სხვა ფუნქციები

MetaMask გთავაზობთ რამდენიმე დამატებით ფუნქციას, რომლებიც არ არის განხილული ამ გზამკვლევში:

  • ინტეგრირებული სვოპები და ხიდები. MetaMask-ს აქვს სვოპის ინტეგრირებული ფუნქცია ქსელებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მხარდაჭერით, ხოლო მხარდაჭერილ ქსელებში გაზის საკომისიოები შეიძლება გათვალისწინებული იყოს შემოთავაზებულ გაცვლით კურსში.

  • აპარატურული საფულის ინტეგრაცია. დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ დააკავშიროთ აპარატურული საფულეები, როგორიცაა Ledger, Trezor და Lattice.

  • სტეიკინგი. MetaMask საშუალებას გაძლევთ კონკრეტული ტიპის აქტივები სტეიკინგზე პირდაპირ საფულიდან განათავსოთ.

  • MetaMask Snaps. Snaps არის მესამე მხარის მიერ მოწოდებული გაფართოებები, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ თქვენს საფულეზე ახალი ფუნქციების და დამატებითი ქსელების მხარდაჭერის დამატება.

  • ჯილდოების პროგრამა. MetaMask-მა განახორციელა ქულებზე დაფუძნებული ჯილდოების პროგრამა, რომლის 1-ელი სეზონიც 2025 წლის 28 ოქტომბრიდან 2026 წლის 23 იანვრამდე მიმდინარეობდა. ქულები რეალურია, თუმცა MetaMask-მა განაცხადა, რომ ადგილობრივი ტოკენის გამოშვების დადასტურებული გეგმები არ არსებობს, ამიტომ სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ განცხადებას „გარანტირებული airdrop-ის“ შესახებ.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შენიშვნა

საფულის გამოყენებისას გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზოგადი პრინციპები. MetaMask არის ცხელი საფულე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაზეა გაშვებული, რის გამოც ჰაკერული თავდასხმის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე ცივი საფულის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ოფლაინ რეჟიმში მუშაობს. აქ მოცემულია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • თქვენი SRP-ის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. არასდროს შეიყვანოთ ის რომელიმე ვებსაიტზე და არ გაუზიაროთ სხვას.

  • უფრთხილდით ფიშინგს. ფართოდ არის გავრცელებული თაღლითობები, რომლის დროსაც თავდამსხმელები ქმნიან რეალური DApp-ების მსგავს ყალბ ვებსაიტებს. საფულის დაკავშირებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ვებგვერდის URL.

  • ფრთხილად შეარჩიეთ ნებართვები. MetaMask დაუკავშირეთ მხოლოდ იმ საიტებს, რომლებსაც ენდობით.

  • მოერიდეთ მისამართის მოწამვლის ტიპის თაღლითობებს. ზოგჯერ თავდამსხმელები აგზავნიან მცირე ოდენობის თანხებს მისამართებიდან, რომლებიც ძალიან ჰგავს თქვენი კონტრაქტის მისამართს იმ იმედით, რომ თქვენ შეცდომით არასწორ მისამართს დააკოპირებთ. გაგზავნამდე ყოველთვის სრულად გადაამოწმეთ მისამართები. MetaMask-ს უკვე დაემატა „მისამართის მოწამვლის“ რეალურ დროში გამოვლენის ფუნქცია, თუმცა ხელით გადამოწმება კვლავ აუცილებელია.

  • დიდი მოცულობის აქტივებისთვის რეკომენდებულია აპარატურული საფულის გამოყენება. MetaMask-ის ინტერფეისის სახით გამოყენება ტრანზაქციების Ledger-ით ან Trezor-ით ხელმოწერასთან ერთად გვთავაზობს სიმარტივესა და კრიპტოგრაფიული გასაღებების უფრო მაღალი დონის დაცვას.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა MetaMask-ის გამოყენება უფასო?

დიახ, MetaMask-ის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა. საფულის შესაქმნელად თანხის გადახდა არ გჭირდებათ. თუმცა, რეალურ ქსელში ტრანზაქციების გაგზავნისას ან ტოკენების სვოპის დროს მაინც მოგიწევთ ქსელის გაზის საკომისიოს გადახდა, ხოლო თავად MetaMask-მა შესაძლოა დააწესოს მომსახურების საკომისიო საფულეში განხორციელებულ სვოპებზე.

რა მოხდება, თუ დავკარგავ ჩემს საიდუმლო აღდგენის ფრაზას?

საიდუმლო აღდგენის ფრაზის დაკარგვის შემთხვევაში ვეღარ შეძლებთ თქვენს მოწყობილობაზე წვდომას და სამუდამოდ დაკარგავთ თქვენს თანხებს. MetaMask არის არაკასტოდიალური საფულე და არ ინახავს თქვენი ფრაზის ასლს, ამიტომ ის ვერ შეძლებს ფრაზის აღდგენაში თქვენს დახმარებას. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი ოფლაინ და რამდენიმე უსაფრთხო ადგილას შენახვა.

არის თუ არა MetaMask უსაფრთხო საფულე?

MetaMask არის ცხელი საფულე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუშაობს ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე და უფრო მეტ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ოფლაინ რეჟიმში მომუშავე ცივი საფულეები. მისი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია, თუ დაიცავთ თქვენს აღდგენის ფრაზას, მოერიდებით ფიშინგ საიტებს, გადაამოწმებთ ნებართვებს და დიდი მოცულობის აქტივებისთვის მას აპარატურულ საფულესთან ერთად გამოიყენებთ.

შეჯამება

MetaMask დეცენტრალიზებულ ვებ სივრცეში ნავიგაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია. ამ გზამკვლევში განხილული იყო მისი გამოყენების ფუნდამენტური პროცესები: დაყენება, ანგარიშის შევსება, DApp-ებთან დაკავშირება და პირველი სვოპის განხორციელება, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების არასრულ სიას წარმოადგენს. Sepolia-ს მსგავსი სატესტო ქსელების დანიშნულებაა თქვენთვის უცნობი ფუნქციების შემოწმება, რაც დაგეხმარებათ მის შესაძლებლობებში უკეთ გარკვევაში რეალური თანხებით ვაჭრობის დაწყებამდე.

დამატებითი საკითხავი

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.