Seed ფრაზა

Seed ფრაზა წარმოადგენს სიტყვების ნაკრებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს კრიპტოვალუტის საფულეზე წვდომისთვის.

თქვენ ალბათ ხშირად გაგიგონიათ ტერმინები მნემონიკური Seed ან მნემონიკური ფრაზა , რომლებიც ერთი და იმავე მნიშვნელობისაა. ზოგი თვლის, რომ მსგავსი აღწერა არ არის ზუსტი, თუმცა იგულისხმება, რომ საჭიროა ამ ფრაზის დამახსოვრება.

Seed ფრაზები პირველად Bitcoin-ის BIP39-ის დროს იქნა წარმოდგენილი და მათი დანიშნულებაა მომხმარებლებისთვის საკუთარ საფულეებზე წვდომის აღდგენის გამარტივება. თუ ეს საფულეები ადრე გამოგიყენებიათ, ალბათ გინახავთ შეტყობინება, რომელიც გთხოვთ ჩაიწეროთ შემთხვევით შერჩეული 12-24 სიტყვა, მაგალითად:

forget wing follow flip swallow achieve correct view dinner witness hybrid proud

თქვენს საფულეზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში, ეს სიტყვები უნდა შეიყვანოთ BIP32-თან თავსებად ნებისმიერ საფულეში. BIP39-ის სია შეიცავს 2048 სიტყვას, შესაბამისად, 12-სიტყვიანი ფრაზა გვთავაზობს 128-ბიტიან უსაფრთხოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი 12-სიტყვიანი Seed-ის გამოსაცნობად, ბოროტმოქმედს დასჭირდება 2128 ოპერაციის განხორციელება. შეიძლება ეს რიცხვი არც თუ ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად უზარმაზარი რიცხვია. კარგად აღჭურვილი თავდამსხმელისთვისაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი ფრაზის გამოცნობა (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით). რაც უფრო გრძელია Seed, მით მეტ უსაფრთხოებას გვთავაზობს ის.
Seed ფრაზები – პირადი გასაღებებისგან განსხავებით – ამცირებს ადამიანური შეცდომების ალბათობას, რადგან მათი ჩაწერა და გადაცემა გაცილებით მარტივია. გარდა ამისა, ისინი გვაძლევს კოლოსალური რაოდენობის გასაღებების გენერირების საშუალებას. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს მისამართის განმეორებით გამოყენებას, რადგან მხოლოდ ერთი Seed ფრაზის გამოყენებით, მას შეუძლია ფაქტობრივად შეუზღუდავი რაოდენობის მიმღები მისამართების შექმნა.

Seed ფრაზები არ არის განკუთვნილი მხოლოდ კონკრეტული კრიპტოვალუტისთვის. მათი გამოყენება ასობით კრიპტოვალუტისთვისაა შესაძლებელი, შესაბამისად, ერთი Seed ფრაზა შეგვიძლია გამოვიყენოთ პორტფოლიოში არსებული ყველა მონეტისა და ტოკენისთვის. პოპულარული საფულეების უმეტესობა მომხმარებელს აძლევს საკუთარ თანხებზე წვდომის აღდგენისთვის Seed ფრაზის გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრაზა სწორად უნდა იყოს ჩაწერილი.