რა არის ბლოკჩეინის კონსენსუსის ალგორითმი?

რა არის ბლოკჩეინის კონსენსუსის ალგორითმი?

განახლებული Sep 21, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • კონსენსუსის ალგორითმი არის წესების ერთობლიობა, რომელიც ბლოკჩეინ ქსელის ყველა მონაწილეს საშუალებას აძლევს, მიაღწიონ შეთანხმებას ტრანზაქციების ისტორიის ერთიან ვერსიასთან დაკავშირებით.

  • Proof-of-work (რომელსაც Bitcoin იყენებს) და proof-of-stake (რომელსაც Ethereum იყენებს) დღესდღეობით კონსენსუსის ორ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ალგორითმადაა მიჩნეული.

  • არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციისთვის თითოეული მექანიზმი განსხვავებული ტიპის ეკონომიკურ რესურსს იყენებს: Proof-of-Work-ის შემთხვევაში, ეს გახლავთ გამომთვლელი სიმძლავრე და ელექტროენერგია, ხოლო Proof-of-Stake-ის შემთხვევაში - კრიპტოვალუტების დაბლოკვა.

  • კონსენსუსის ალგორითმთან დაკავშირებული არჩევანი გავლენას ახდენს ქსელის უსაფრთხოებაზე, ენერგომოხმარებაზე, დეცენტრალიზაციის ხარისხსა და მასშტაბირების შესაძლებლობაზე.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

კონსენსუსის ალგორითმი არის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს ან კომპიუტერულ სისტემებს განაწილებულ სივრცეში კოორდინაციის შესაძლებლობას აძლევს. მან უნდა უზრუნველყოს, რომ სისტემის ყველა მონაწილემ შეძლოს შეთანხმების მიღწევა ინფორმაციის ერთიან და სანდო წყაროსთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მონაწილე სამუშაოს სათანადოდ შესრულებას ვერ ახერხებს ან არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. ამ თვისებას ზოგჯერ „ბიზანტიელი გენერლების პრობლემას“ უწოდებენ.

ცენტრალიზებულ სისტემებს ერთი, კონკრეტული სუბიექტი აკონტროლებს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელების უფლებაც აქვს. თუმცა, დეცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაში, განსხვავებულ გამოწვევებთან გამკლავებაა საჭირო. როდესაც მრავალ დამოუკიდებელ მონაწილეს საერთო მონაცემთა ბაზის მართვა ევალება, მათ სჭირდებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ მიაღწიონ შეთანხმებას დასამატებელი მონაცემების შესახებ.

ამ გამოწვევის დაძლევა გარემოში, სადაც ერთმანეთისთვის უცნობ მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი ნდობა გააჩნიათ, ბლოკჩეინების შექმნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მიღწევა იყო. წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, როგორ მუშაობს კონსენსუსის ალგორითმები და რატომ არის ისინი აუცილებელი კრიპტოვალუტის ქსელების ფუნქციონირებისთვის.

კონსენსუსის ალგორითმები და კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტების სივრცეში მომხმარებელთა ბალანსები აღირიცხება საერთო მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. აუცილებელია, რომ ქსელის თითოეული ნოდი ამ მონაცემთა ბაზის იდენტურ ასლს ინახავდეს. ასლებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, წარმოიქმნება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რაც ქსელის დანიშნულებას აზრს უკარგავს.

საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ ერთმანეთის ბალანსების დახარჯვის ალბათობის გამორიცხვას. თუმცა, კვლავ აუცილებელია SSOT-ის არსებობა, რომელსაც გამოიყენებენ ქსელის მომხმარებლები, რათა შეძლონ იმის განსაზღვრა, უკვე გახარჯულია თუ არა ესა თუ ის ფინანსები.

Bitcoin-ის შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ, მონაწილეთა კოორდინაციისთვის Proof-of-Work (PoW) სისტემა შემოგვთავაზა. PoW სისტემა კონსენსუსის ალგორითმის ერთ-ერთი ტიპია. თუმცა, სანამ მას უფრო დეტალურად განვიხილავთ, გავეცნოთ იმ საერთო მახასიათებლებს, რომლებიც კონსენსუსის ალგორითმების უმეტესობას ახასიათებს.

სტეიკი

ვალიდატორებმა სტეიკინგზე უნდა განათავსონ გარკვეული ღირებულების მქონე აქტივი. აღნიშნული მიდგომა არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციას ემსახურება. არაკეთილსინდისიერი ქცევის შემთხვევაში ისინი დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებულ ერთეულს. სტეიკინგზე შესაძლებელია, მაგალითად, გამომთვლელი სიმძლავრის, კრიპტოვალუტის ან რეპუტაციის განთავსება.

ჯილდო

გარდა ამისა, ვალიდატორები იღებენ ჯილდოს კეთილსინდისიერი მოქმედებისთვის, რომელიც, როგორც წესი, ტრანზაქციის საკომისიოების ან ახლად შექმნილი მონეტებისგან შედგება.

გამჭვირვალობა

და ბოლოს, სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ნებისმიერ პირს შეეძლოს გადაამოწმოს, მოქმედებს თუ არა ვალიდატორი სათანადოდ.

კონსენსუსის ალგორითმების ტიპები

Proof of work (PoW)

Proof-of-Work პირველად Bitcoin-ში დაინერგა. PoW სისტემაში ვალიდატორები, რომლებსაც მაინერები ეწოდებათ, უწყვეტად ახორციელებენ მონაცემების ჰეშირებას მანამ, სანამ ქსელის მოთხოვნების შესაბამის შედეგს არ მიიღებენ. ჰეშის ფუნქცია ნებისმიერ შემავალ მონაცემს ამუშავებს და ფიქსირებული სიგრძის გამომავალ მონაცემს ქმნის. ერთი და იგივე შემავალი მონაცემი ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს იძლევა, თუმცა თუნდაც ერთი სიმბოლოს შეცვლა შედეგს სრულად ცვლის.

ქსელი განსაზღვრავს სამიზნე პირობას: მაგალითად, ბლოკის ჰეში ნულების განსაზღვრული რაოდენობით უნდა იწყებოდეს. შესაბამისი ჰეშის წარმომქმნელი მნიშვნელობის საპოვნელად მაინერებს ტრილიონობით სხვადასხვა შემავალი მონაცემის გამოცდა უწევთ. ამისათვის საჭიროა დიდი მოცულობის სპეციალიზებული აპარატურა და ელექტროენერგია.

PoW-ის შემთხვევაში, სტეიკინგის ერთეულის სახით აპარატურასა და ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯი გამოიყენება. მაინინგისთვის შექმნილ ASIC მოწყობილობებს კრიპტოვალუტის ქსელების მიღმა სხვა დანიშნულება პრაქტიკულად არ გააჩნიათ, ამიტომ მაინერებს წესების დაცვის ძლიერი ეკონომიკური მოტივაცია ესაჭიროებათ. ამასთან, იმის შესამოწმებლად, რომ მაინერმა ვალიდური ბლოკი შექმნა, ნებისმიერ სხვა მონაწილეს მხოლოდ ერთი ჰეშის გამოთვლა უწევს.

Proof-of-Work კვლავ Bitcoin-ის კონსენსუსის მექანიზმად რჩება და მნიშვნელოვანი გამომთვლელი რესურსების ხარჯზე დაყრდნობით უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

Proof-of-Stake (PoS)

Proof-of-Stake Proof-of-Work-ის ალტერნატივის სახით იქნა წარდგენილი. გამომთვლელი რესურსების გამოყოფის ნაცვლად, ვალიდატორები უზრუნველყოფის სახით კრიპტოვალუტას ბლოკავენ. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა სპეციალური აპარატურის გარეშე, სტანდარტული კომპიუტერითაც არის შესაძლებელი.

ვალიდატორები წარადგენენ მომდევნო ბლოკს ან მონაწილეობენ მის დამატებასთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში. ბლოკის დადასტურების შემთხვევაში, ვალიდატორი ტრანზაქციის საკომისიოების წილს იღებს. თუ ვალიდატორი არავალიდური ტრანზაქციების წარდგენით სისტემაზე ზემოქმედებას შეეცდება, ის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგავს სტეიკინგზე განთავსებულ დაბლოკილ ერთეულს. ეს მექანიზმი, რომელსაც სლეშინგი ეწოდება, Proof-of-Work-ისთვის დამახასიათებელ ენერგოდანახარჯებს პირდაპირი ფინანსური ჯარიმით ანაცვლებს.

2022 წლის სექტემბერში Ethereum Proof-of-Work-იდან Proof-of-Stake-ზე გადავიდა. ეს მოვლენა The Merge-ის სახელითაა ცნობილი. შედეგად, Ethereum Proof-of-Stake-ზე მომუშავე ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელად იქცა და მის მიერ მოხმარებული ენერგორესურსების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად Proof-of-Stake-ის სხვადასხვა ვარიანტს სხვა მრავალი მსხვილი ბლოკჩეინიც იყენებს.

Proof-of-Stake-ის მეშვეობით ინტეგრირებული ერთ-ერთი სიახლეა ლიკვიდურობის სტეიკინგი, რომელიც სტეიკინგის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დაბლოკილი აქტივების ამსახველი ტოკენი და ის დეცენტრალიზებული ფინანსების სხვა სერვისების ფარგლებში გამოიყენონ. ამან სტეიკინგის მონაწილეთა წრე გააფართოვა და მონაწილეობის შესაძლებლობა იმ პირებსაც მისცა, რომლებსაც ვალიდატორის სრული ნოდის გასაშვებად დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ.

Delegated proof of stake (DPoS)

Delegated proof of stake-ის (DPoS) შემთხვევაში, ტოკენების მფლობელები ხმის მიცემის გზით ირჩევენ ტრანზაქციების ვალიდაციაზე პასუხისმგებელ დელეგატთა ჯგუფს. აქტიური დელეგატების რაოდენობა, როგორც წესი, მცირეა, რაც სტანდარტულ Proof-of-Stake სისტემებთან შედარებით ბლოკების უფრო სწრაფად შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ტოკენების მფლობელები ვალიდატორი ნოდების თავად მართვის ნაცვლად, ხმის მიცემის უფლების დელეგირებას ახორციელებენ. საზოგადოების წევრებს შეუძლიათ, კენჭისყრის გზით ჩამოართვან შესაბამისი უფლებები არაკეთილსინდისიერად მოქმედ დელეგატებს, რაც ეკონომიკურ სტეიკინგთან ერთად რეპუტაციაზე დაფუძნებული ანგარიშვალდებულების ფორმასაც ქმნის. DPoS რამდენიმე ბლოკჩეინის ქსელში გამოიყენება და ამ შემთხვევაში პრიორიტეტი გამტარუნარიანობას ენიჭება და არა დეცენტრალიზაციის მაქსიმალური ხარისხის მიღწევას.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის ბლოკჩეინის კონსენსუსის ალგორითმი?

ბლოკჩეინის კონსენსუსის ალგორითმი არის წესების ერთობლიობა, რომელიც განაწილებული ქსელის ყველა მონაწილეს ლეჯერის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის საშუალებას აძლევს. ის უზრუნველყოფს, რომ თითოეული ნოდი ტრანზაქციების ერთსა და იმავე ისტორიას ინახავდეს, ნოდების კოორდინაციის პროცესში ცენტრალური ორგანოს ჩართვის საჭიროების გარეშე.

რა განსხვავებაა Proof-of-Work-სა და Proof-of-Stake-ს შორის?

Proof-of-Work ვალიდატორების მიერ ვალიდური ბლოკების შექმნის მიზნით გამომთვლელი სიმძლავრისა და ელექტროენერგიის რესურსების მოხმარებას მოითხოვს. Proof-of-Stake-ის შემთხვევაში კი, ვალიდატორების მხრიდან, უზრუნველყოფის სახით კრიპტოვალუტების დაბლოკვაა საჭირო. ორივე მიდგომა კეთილსინდისიერი ქცევის ეკონომიკური თვალსაზრისით წახალისების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, თუმცა Proof-of-Stake-ის შემთხვევაში, მოხმარებული ენერგორესურსების მოცულობა გაცილებით დაბალია.

კვლავ იყენებს თუ არა Ethereum Proof-of-Work მექანიზმს?

არა. Ethereum 2022 წლის სექტემბერში, The Merge-ის სახელით ცნობილი განახლების შედეგად, Proof-of-Stake მექანიზმის გამოყენებაზე გადავიდა. Bitcoin კი კვლავ Proof-of-Work-ს იყენებს.

შესაძლებელია თუ არა Proof-of-Stake-ზე დაფუძნებულ ქსელზე თავდასხმა?

Proof-of-Stake-ზე დაფუძნებულ ქსელზე თავდასხმა შესაძლოა განახორციელოს სუბიექტმა, რომელიც სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების საერთო მოცულობის დიდ წილს აკონტროლებს. სლეშინგის მექანიზმები იმისთვისაა შემუშავებული, რომ ამგვარი თავდასხმების განხორციელება განსაკუთრებით მაღალ ფინანსურ ხარჯებთან დააკავშიროს. კერძოდ, ლეჯერის მონაცემებით მანიპულირების მცდელობის გამოვლენის შემთხვევაში, თავდამსხმელი სტეიკინგზე განთავსებული აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.

რატომ იყენებს სხვადასხვა ბლოკჩეინი კონსენსუსის სხვადასხვა ალგორითმებს?

უსაფრთხოების, დეცენტრალიზაციის, ენერგომოხმარებისა და ტრანზაქციების სიჩქარის დაბალანსების მიზნით გამოყენებისას კონსენსუსის სხვადასხვა მექანიზმი განსხვავებულ კომპრომისებს მოითხოვს. Proof-of-Work უსაფრთხოების მაღალი დონის მქონე მექანიზმად მიიჩნევა, თუმცა, დიდი მოცულობით ენერგორესურსების მოხმარებას საჭიროებს. Proof-of-Stake უფრო ენერგოეფექტურია, თუმცა ვალიდატორების მონაწილეობის განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელს ითვალისწინებს. პროექტები კონსენსუსის მექანიზმებს თითოეული ამ ფაქტორისთვის მინიჭებული პრიორიტეტის მიხედვით ირჩევენ.

შეჯამება

კონსენსუსის ალგორითმები წარმოადგენს ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც განაწილებული ბლოკჩეინების ფუნქციონირებას შესაძლებელს ხდის. მათი მეშვეობით მონაწილეებს, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ და ერთმანეთის ნდობა არ მოეთხოვებათ, შეუძლიათ ცენტრალური მმართველი ორგანოს გარეშე მიაღწიონ შეთანხმებას ტრანზაქციების საერთო ისტორიასთან დაკავშირებით. კონსენსუსის მუშაობის პრინციპების გააზრება აუცილებელია იმის გასაგებად, თუ როგორ ფუნქციონირებს ბლოკჩეინი და როგორ ინარჩუნებს იგი უსაფრთხოებას.

დამატებითი საკითხავი