მთავარი დეტალები
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია (PKC), რომელსაც ასევე ასიმეტრიულ კრიპოგრაფიას უწოდებენ, მონაცემების უსაფრთხოებისთვის და ვინაობის ვერიფიკაციისთვის იყენებს მათემატიკურად დაკავშირებული გასაღებების წყვილს (რომელიც შედგება ერთი საჯარო და ერთი პირადი გასაღებისგან).
საჯარო გასაღები თავისუფლად შეგიძლიათ სხვა პირს გაუზიაროთ; პირადი გასაღები უნდა ინახებოდეს საიდუმლოდ. საჯარო გასაღების მეშვეობით დაშიფრული მონაცემების გაშიფვრა მხოლოდ შესაბამისი პირადი გასაღების გამოყენებით შეიძლება.
RSA წარმოადგენს ყველაზე ხშირად გამოყენებულ PKC ალგორითმს. მიმდინარე სტანდარტები მოითხოვს, როიმ გასაღების მინიმალური ზომაიყოს 2048 ბიტი; იმ სისტემებისთვის, რომელთა უსაფრთხოების შენარჩუნება საჭიროა 2030 წლის შემდეგ, რეკომენდებულია 3072 ბიტის ან უფრო დიდი ზომის გასაღებების გამოყენება.
PKC საფუძვლად უდევს ინტერნეტის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის უმეტესობას, მათ შორის TLS/HTTPS-ს, ელ. ფოსტის შიფრაციას და კრიპტოვალუტის საფულეებს.
2024 წლის აგვისტოში NIST-მა დაასრულა პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის სამი სტანდარტის შემუშავება, რომელთა დანიშნულებაა სისტემების დაცვა კვანტური კომპიუტერებისგან, რაც RSA-ს და ECDSA-ს ჩანაცვლების გრძელვადიანი პროცესის დაწყების სიგნალს წარმოადგენს.
შესავალი
როდესაც უკავშირდებით დაცულ ვებსაიტს, აგზავნით დაშიფრულ ელ. წერილს ან ხელს აწერთ კრიპტოვალუტის ტრანზაქციაზე, თქვენ იყენებთ საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას. ის წარმოადგენს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ არც კი იცის.
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია (PKC), რომელსაც ასევე ასიმეტრიულ კრიპოგრაფიას უწოდებენ, წარმოადგენს სისტემას, რომელიც მონაცემების შიფრაციისთვის, ვინაობის ვერიფიკაციისთვის და შეტყობინებების ავთენტიფიკაციისთვის იყენებს მათემატიკურად დაკავშირებული გასაღებების წყვილს. სიმეტრიული შიფრაციისგან განსხვავებით, რომელიც იყენებს ერთ საზიარო გასაღებს, PKC-ში შიფრაციის და გაშიფვრის ფუნქციები გადანაწილებულია ორ გასაღებზე, რაც იძლევა ერთმანეთისთვის უცნობ ორ მხარეს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია?
PKC სისტემოს თითოეული მომხმარებელი ახდენს გასაღებების წყვილის გენერირებას, რომელიც შედგება საჯარო გასაღებისგან, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს თავისუფლად გაუზიაროს და პირადი გასაღებისგან, რომელიც ყოველთვის საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ეს ორი გასაღები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთმხრივი მათემატიკური ფუნქციის მეშვეობით. პირადი გასაღების მეშვეობით საჯარო გასაღების გენერირება მარტივად ხდება, ხოლო გამოთვლების მეშვეობით საჯარო გასაღებიდან პირადი გასაღების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
როდესაც ვინმე გიგზავნით დაშიფრულ შეტყობინებას, მისი შიფრაციისთვის ის იყენებს საჯარო გასაღებს. მისი გაშიფვრა შესაძლებელია მხოლოდ თქვენი პირადი გასაღების გამოყენებით (რომელსაც მხოლოდ თქვენ ფლობთ). ეს მეთოდი გვთავაზობს სიმეტრიული გასაღების კრიპტოგრაფიის მთავარი პრობლემის გადაჭრის გზას, რაც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციის დაუცველი არხებით გაგზავნასთან.
RSA: ყველაზე გავრცელებული PKC ალგორითმი
RSA შემოთავაზებულ იქნა 1977 წელს რივესტის, შამირის და ადელმანის მიერ და ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ასიმეტრიულ ალგორითმად. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია. ორი დიდი მარტივი რიცხვის ერთმანეთზე გამრავლებით მიიღება საჯარო მოდული, რომელიც საჯარო გასაღების ბაზისს წარმოადგენს, ხოლო შესაბამისი პირადი გასაღების გენერირება ამ მარტივი რიცხვების მეშვეობით ხდება. როდესაც გასაღებების სიგრძე საკმარისად დიდია, ამ მოდულის ფაქტორიზაცია საწყისი მარტივი რიცხვების მისაღებად შეუძლებელია (სწორედ ამის წყალობითაა RSA უსაფრთხო).
უსაფრთხოების უახლესი სტანდარტები მოითხოვს, რომ RSA გასაღების სიგრძე იყოს 2048 ბიტი. იმ სისტემებისთვის, რომელთა უსაფრთხოების შენარჩუნება საჭიროა 2030 წლის შემდეგ, NIST-ის მიერ რეკომენდებულია 3072 ბიტის ან უფრო დიდი ზომის გასაღებების გამოყენება. წარსულში გამოიყენებოდა 1024 ბიტის ზომის გასაღებები, თუმცა ამჟამად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ელიფსური მრუდის კრიპტოგრაფია (ECC)
ელიფსური მრუდის კრიპტოგრაფია გვთავაზობს RSA-ს დონის უსაფრთხოებას გაცილებით მცირე ზომის გასაღებების გამოყენებით. 256-ბიტიანი ECC გასაღები უზრუნველყოფს დაახლოებით იმავე დონის დაცვას, რასაც 3072-ბიტიანი RSA გასაღები, ამიტომ ECC-ის გამოყენება რეკომენდებულია ისეთ აპლიკაციებში, სადაც მნიშვნელოვანია წარმადობა, მაგალითად ბლოკჩეინის ქსელებში, მობილურ მოწყობილობებში და TLS კომუნიკაციის სისტემებში.
ციფრული ხელმოწერები და ავთენტიფიკაცია
PKC ასევე გამოიყენება ციფრულ ხელმოწერებში, რომელთა მეშვეობით ხდება იმის დადასტურება, რომ შეტყობინება ან დოკუმენტი კონკრეტულ მხარეს ეკუთვნის და არ არის მოდიფიცირებული. ეს წარმოადგენს შიფრაციის საპირისპირო პროცესს: შეტყობინებაზე ხელის მოსაწერად გამგზავნი იყენებს საკუთარ პირად გასაღებს, ხოლო ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს გამზავნის საჯარო გასაღები, , შეუძლია შეამოწმოს ეს ხელმოწერა.
ხელმოწერის პროცესი მოიცავს შეტყობინების კრიპტოგრაფიული ჰეშის გენერირებას (რაც წარმოადგენს კონტენტის ფიქსირებული სიგრძის „ანაბეჭდს“) და ამ ჰეშის შიფრაციას პირადი გასაღების გამოყენებით. მიმღები ახდენს ამ გეშის გაშიფვრას გამგზავნის საჯარო გასაღების გამოყენებით და შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს მიღებული შეტყობინების ჰეშის გენერირებას. თუ ეს ორი ჰეში ერთმანეთს დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოწერა ვალიდურია, შესაბამისად შეტყობინება ავთენტურია და არ არის მოდიფიცირებული.
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიის გამოყენების გზები
ინტერნეტის უსაფრთხოება: TLS და HTTPS
Transport Layer Security (TLS) — რომელმაც ჩაანაცვლა მოძველებული Secure Sockets Layer (SSL) — იყენებს PKC-ს ბრაუზერსა და ვებსერვერს შორის უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად. TLS კომუნიკაციის დროს, სერვერი აგზავნის მისი საჯარო გასაღების შემცველ სერტიფიკატს. კლიენტ-მოწყობილობა მას იყენებს სესიის გასაღების გენერირებისთვის, რის შემდეგაც ორივე მხარე გადადის უფრო სწრაფ, სიმეტრიულ შიფრაციაზე და ამ მეთოდს იყენებს სესიის დასრულებამდე. ეს ჰიბრიდული მიდგომა აერთიანებს ასიმეტრიული გასაღების უსაფრთხოებასა და სიმეტრიული შიფრაციის სისწრაფეს.
ელ. ფოსტის შიფრაცია
ისეთ სტანდარტებში, როგორიცაა PGP (Pretty Good Privacy) და S/MIME, ელ. ფოსტის კონტენტის შიფრაციისთვის და გამგზავნის ავთენტიფიკაციისთვის გამოიყენება საჯარო გასაღების კრიპტოგრტაფია. მიმღები აგზავნის საჯარო გასაღებს, ხოლო გამგზავნი ამ გასაღების გამოყენებით შიფრავს შეტყობინებებს; ამ შეტყობინებების გაშიფვრა მხოლოდ მიმღების პირადი გასაღებითაა შესაძლებელი.
კრიპტოვალუტის საფულეები და ბლოკჩეინი
კრიპტოვალუტის ქსელებზე მფლობელობის მტკიცებულების გენერირების და ტრანზაქციების ავტორიზაციის პროცესი PKC-ზეა დაფუძნებული. საფულის შექმნის დროს ხდება გასაღებების წყვილის გენერირება: საჯარო გასაღები (ჰეშირების მეშვეობით) გარდაიქმნება საფულის მისამართად, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ პირს გაუზიაროთ, ხოლო პირადი გასაღები გამოიყენება ტრანზაქციების ხელმოსაწერად. Bitcoin და Ethereum იყენებს ელიფსური მრუდის ციფრული ხელმოწერის ალგორითმს (ECDSA), რომლის მეშვეობითაც ხდება კომპაქტური, ვერიფიცირებადი ხელმოწერების გენერირება, რომელთა ავთენტურობის შემოწმება ქსელის ნოდებს შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი საჯარო გასაღების გამოყენებით.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: თანხის საფულიდან გადარიცხვის ავტორიზაცია შეუძლია მხოლოდ პირადი გასაღების მფლობელს. პირადი გასაღების დაკარგვის შემთხვევაში, თქვენ სამუდამოდ დაკარგავთ თქვენს საფულეში არსებულ თანხებზე წვდომას.
ციფრული იდენტობა და უსაფრთხო ხმის მიცემა
PKC-ის პრინციპები ასევე გამოიყენება ციფრული იდენოტობის სისტემებში (ამ დროს პირადი გასაღები გვთავაზობს იდენტობის მტკიცებულებას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე) და ელექტრონული ხმის მიცემის პროტოკოლებში, რომლებიც საჭიროებს როგორც ვერიფიკაციის შესაძლებლობას, ასევე ბიულეტენების კონფიდენციალურობას.
პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია
RSA-ს და ECDSA-ს უსაფრთხოება დამოკიდებულია მათემატიკურ ამოცანებზე (მთელი რიცხვების ფაქტორიზაციაზე და დისკრეტულ ლოგარითმებზე), რომელთა ამოხსნა რთულია კლასიკური კომპიუტერებისთვის, თუმცა თეორიულად მათი ამოხსნა შესაძლებელია კვანტური კომპიუტერების გამოყენებით, რომლებზეც გაშვებულია შორის ალგორითმი. საკმარისი სიმძლავრის კვანტურმა კომპიუტერმა შეიძლება მოახერხოს PKC-ის უსაფრთხოების სქემების გატეხვა.
2024 წლის აგვისტოში NIST-მა დაასრულა პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის (PQC) სამ სტანდარტზე მუშაობა, რომელთა დანიშნულებაა კვანტური შეტევებისგან დაცვის ზომების დანერგვა:
FIPS 203 (ML-KEM): მოდულურ ბადეზე დაფუძნებული გასაღებების ინკაპსულაციის მექანიზმი, რომლითაც მოხდება RSA-ზე დაფუძნებული გასაღებების მიმოცვლის სისტემის ჩანაცვლება
FIPS 204 (ML-DSA): მოდულურ ბადეზე დაფუძნებული ციფრული ხელმოწერის ალგორითმი, რომლითაც მოხდება ECDSA-ს ჩანაცვლება
FIPS 205 (SLH-DSA): Stateless Hash-ზე დაფუძნებული ციფრული ხელმოწერის ალგორითმი, რომელიც ჰეშზე დაფუნებული ხელმოწერების ალტერნატივას წარმოადგენს
NSA-ს Commercial National Security Algorithm Suite 2.0 (CNSA 2.0) ახალ სისტემებს ავალდებულებს კვანტური კომპიუტერისგან დაცული ალგორითმების დანერგვას 2027 წლის იანვრამდე, ხოლო ინფრასტრუქტურის სრული მიგრაცია უნდა განხორციელდეს 2035 წლისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად ინახავენ სენსიტიურ მონაცემებს, რეკომენდებულია ახალ ალგორითმზე გადასვლის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან ბოროტმოქმედები შესაძლოა უკვე აგროვებენ დაშიფრულ მონაცემებს და ელოდებიან კვანტური კომპიუტერების სათანადო დონეზე განვითარებას. ამ სტრატეგიას ეწოდება „მოიოპვე ახლავე, გაშიფრე მოგვიანებით“.
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიის შეზღუდვები
PKC-ს აქვს რამდენიმე პრაქტიკული შეზღუდვა:
წარმადობა: ასიმეტრიული შიფრაცია სიმეტრიულ შიფრაციასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნელია, რადგან ამ დროს მათემატიკური ოპერაციები გამოიყენება. სისტემების უმეტესობაში PKC გამოიყენება მხოლოდ გასაღებების მიმოცვლისთვის ან ავთენტიფიკაციისთვის, შემდეგ კი ხდება სიმეტრიულ შიფრაციაზე გადასვლა, რომლის მეშვეობითაც ხდება დიდი მოცულობის მონაცემების გაგზავნა.
გასაღებების მართვა: დიდი რაოდენობით გასაღებების გენერირება, შენახვა, გაგზავნა და აღდგენა საკმაოდ რთული პროცესია. სერტიფიკატის გამცემი (CA) წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ამოწმებს საჯარო გასაღებების მფლობელების ავთენტურობას (ეს წარმოშობს ცენტრალიზაციის რისკს, რომელიც გარკვეულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული).
პირადი გასაღების უსაფრთხოება: მთელი სისტემა დამოკიდებულია პირადი გასაღების საიდუმლოდ შენახვაზე. ამ პირადი გასაღების დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში PKC ვეღარ მოგცემთ უსაფრთხოების გარანტიას. კრიპტოვალუტის სფეროში არ არსებობს ამ გასაღებების აღდგენის მექანიზმი.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
რა განსხვავებაა საჯარო გასაღებსა და პირად გასაღებს შორის?
საჯარო გასაღები არის იდენტიფიკატორი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მეორე მხარეს, რომელიც მას გამოიყენებს შეტყობინებების შიფრაციისთვის ან თქვენი ხელმოწერების ვერიფიკაციისთვის. პირადი გასაღები არის საიდუმლო კოდი, რომელიც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. ის გამოიყენება თქვენი საჯარო გასაღების მეშვეობით დაშიფრული შეტყობინებების გაშიფვრისთვის ან მონაცემებზე ხელმოწერისთვის. ეს ორი გასაღები ერთმანეთთან მათემატიკურადაა დაკავშირებული: საჯარო გასაღების მეშვეობით პირადი გასაღების აღდგენა შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.
რატომ აქვს მნიშვნელობა RSA გასაღების ზომას?
რაც უფრო დიდი ზომისაა RSA გასაღები, მით მეტი გამომთვლელი სიმძლავრეა საჭირო შიფრაციის კოდის გატეხვისთვის გასაღების მოდულის ფაქტორიზაციის გამოყენებით. დღეისათვის 1024-ბიტიანი გასაღები აღარ ითვლება უსაფრთხოდ. ამჟამად ამ სფეროში გამოყენებული გასაღების მინიმალური ზომაა 2048 ბიტი; იმ სისტემებისთვის, რომელთა უსაფრთხოების შენარჩუნება საჭიროა 2030 წლის შემდეგ, რეკომენდებულია 3072 ბიტის ან უფრო დიდი ზომის გასაღებების გამოყენება. თუმცა გასაღების ზომის ზრდა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული: რაც უფრო დიდი ზომისაა გასაღები, მით მეტი გამომთვლელი სიმძლავრეა საჭირო გასაღების გენერირების და შიფრაციის ოპერაციებისთვის.
როგორ იყენებს TLS საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას?
TLS კომუნიკაციის დროს სერვერი აგზავნის ციფრულ სერტიფიკატს, რომელიც შეიცავს საჯარო გასაღებს. კლიენტ-მოწყობილობა ამ საჯარო გასაღებს იყენებს სიმეტრიული სესიის გასაღების გენერირებისთვის (ამისათვის გამოიყენება შემთხვევითი მნიშვნელობის შიფრაცია ან Diffie-Hellman გასაღებების მიმოცვლის პროცესი). სესიის გასაღების გენერირების შემდეგ ორივე მხარე გადადის სიმეტრიულ შიფრაციაზე მონაცემების მიმოცვლის სიჩქარის გაზრდის მიზნით. PKC გამოიყენება პირველადი ავთენტიფიკაციისთვის და გასაღებების მიმოცვლისთვის. სიმეტრიული შიფრაცია კი გამოიყენება დიდი მოცულობის მონაცემების გაგზავნისთვის.
რა არის პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია გულისხმობს ასიმეტრიულ ალგორითმებს, რომელთა მიზანია კლასიკური და კვანტური კომპიუტერებისგან დაცვა. ამჟამინდელ სტანდარტებში, როგორებიცაა RSA და ECDSA, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება მათემატიკური ამოცანები, რომელთა ამოხსნა შორის ალგორითმზე მომუშავე კვანტურ კომპიუტერებს კლასიკურ კომპიუტერებთან შედარებით გაცილებით სწრაფად შეუძლია. 2024 წლის აგვისტოში NIST-მა დაასრულა პირველ სამ პოსტ-კვანტურ სტანდარტზე მუშაობა (ML-KEM, ML-DSA, SLH-DSA). ორგანიზაციები და მთავრობები უკვე იწყებენ მიგრაციის პროგრამების რეალიზაციას, რათა მომზადებულნი დახვდნენ კრიპტოგრაფიულად რელევანტური კვანტური კომპიუტერების გამოჩენას.
როგორ იყენებს კრიპტოვალუტის საფულე საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას?
კრიპტო საფულის შექმნის დროს ხდება PKC გასაღებების წყვილის გენერირება. თქვენი საჯარო გასაღები (ან მისგან მიღებული ჰეში) წარმოადგენს თქვეს საფულის მისამართს, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც გსურთ თანხის გაგზავნა. თქვენი პირადი გასაღები კი ამ ტრანზაქციის ავტორიზაციისთვის გამოიყენება: მისი მეშვეობით თქვენ ხელს აწერთ ტრანზაქციაზე, რომელსაც ქსელი ამოწმებს თქვენს საჯარო გასაღებთან შედარებით. პირადი გასაღების დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ წვდომა თქვენს საფულეზე.
შეჯამება
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია წარმოადგენს ციფრული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. შიფრაციის და გაშიფვრის ფუნქციების მათემატიკურად დაკავშირებულ გასაღებებზე გადანაწილება უზრუნველყოფს სრულიად უცხო პირებს შორის უსაფრთხო კომუნიკაციას, ზრდის ნდობას ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მიმართ და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემებში მფლობელობის მტკიცებულების სისტემის განვითარების საფუძველს.
ამჟამად ეს სფერო სფერო გარდამტეხ ეტაპზეა. 2024 წელს პოსტ-კვანტური სტანდარტების ფორმალიზაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ინდუსტრიაში უკვე დაიწყო RSA და ECDSA ალგორითმების ჩანაცვლება. ამის მიზეზი არა აღნიშნული მექანიზმების გაუმართაობაა, არამედ ტექნოლოგიების განვითარებისთვის და კვანტური კომპიუტერების გამოჩენისთვის მზადყოფნა. იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს PKC, დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწევს მომავალში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.