მთავარი დეტალები
პროგნოზირების ბაზრები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ აქციებით სამომავლო მოვლენების პროგნოზებს, დაწყებული არჩევნებით და სპორტული ღონისძიებებით და დამთავრებული კრიპტოს ფასებით.
ამ ბაზრების ბლოკჩეინზე გაშვება გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას, უზრუნველყოფს გადახდების ავტომატიზაციას სმარტ კონტრაქტების მეშვეობით და ბაზრებზე წვდომის საშუალებას აძლევს ინტერნეტთან კავშირის მქონე ნებისმიერ პირს.
Oracle-ები პროგნოზირების ბაზრებს აკავშირებენ რეალური სამყაროს შედეგებთან ჯგუფური ხმის მიცემისა და ხელოვნური ინტელექტით ვერიფიკაციის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ფსონების ზუსტად და გამჭვირვალედ განთავსებას.
პროგნოზირების ბაზრებს ზოგჯერ აზარტულ თამაშებს ადარებენ, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება სტრუქტურით: ფასები ასახავს შედეგების ალბათობის კოლექტიურ შეფასებას და არა კაზინოს მიერ დადგენილ კოეფიციენტებს
შესავალი
როდესაც ხედავთ სიტყვებს „ბლოკჩეინი“ და „ბაზრები“, თქვენ ალბათ თვლით, რომ საქმე გაქვთ კრიპტო ბირჟებთან ან ვაჭრობასთან. თუმცა, ბლოკჩეინს ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია. ამ სტატიაში აღწერილია მისი გამოყენების ერთი კონკრეტული გზა: პროგნოზირების ბაზრებს. პროგნოზირების ბაზარი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ივაჭრონ სამომავლო მოვლენების შედეგებით, ხოლო ბლოკჩეინი ამ ბაზრებს უფრო სწრაფს, გამჭვირვალესა და ცენზურისგან დაცულს ხდის.
რა არის პროგნოზირების ბაზრები?
პროგნოზირების ბაზარი არის პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ კონტრაქტები, რომლებიც სამომავლო მოვლენის შედეგთანაა დაკავშირებული. აქციების ან საქონლის ყიდვის ნაცვლად თქვენ ყიდულობთ კონტრაქტს, რომლის მეშვეობითაც მოგებას კონკრეტული შედეგის დადგომის შემთხვევაში მიიღებთ.
მაგალითად, შეგიძლიათ ივაჭროთ ისეთი კითხვებით, როგორებიცაა: „ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?“ ან „რა იქნება Bitcoin-ის ღირებულება 31 დეკემბერს?“. თითოეულ კონტრაქტს აქვს ფასი, რომელიც ასახავს ამ შედეგის დადგომის ალბათობასთან დაკავშირებით ბაზრის კოლექტიურ მოსაზრებას.
ეს ბაზრები ტრადიციული ფინანსების სფეროში უკვე ათწლეულებია არსებობს. ბლოკჩეინმა შესაძლებელი გახადა მათი გაშვება ცენტრალური ოპერატორის გარეშე - ის იყენებს კოდს, რომელიც ვაჭრობასა და გადახდებს ავტომატურად ამუშავებს.
როგორ მუშაობს პროგნოზირების ბაზრები?
ბაზარზე ფასები განისაზღვრება ტრეიდერებს შორის მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე. თუ ფიქრობთ, რომ კონკრეტული მოვლენა მოხდება, ყიდულობთ „დიახ“ აქციას. თუ თქვენი პროგნოზი გამართლდა, თქვენი აქციის ფასი ხდება 1 აშშ დოლარი და თქვენს მოგებას წარმოადგენს ფასთა შორის სხვაობა. თუ თქვენი პროგნოზი არ გამართლდა, აქციის ფასი 0 აშშ დოლარი ხდება.
ამ ტიპის ბაზარს, სადაც შედეგი არის მხოლოდ „დიახ“ ან „არა“, ბინარული ბაზარი ეწოდება. ასევე არსებობს სკალარული ბაზრები, სადაც მოგების ოდენობა მერყეობს გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში. ამის მაგალითია ბაზარი, სადაც თქვენ ფსონს დებთ Bitcoin -ის ზუსტ ფასზე კონკრეტული სამომავლო თარიღისთვის.
ამ აქციების ფასი იცვლება სიახლეების და მოსახლეობის განწყობის შესაბამისად. მაგალითად, თუ პოლიტიკოსის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა წარუმატებელი გამოდგა, მისი „დიახ“ აქციის ფასი შესაძლოა მომენტალურად დაეცეს. ფასების ეს კოლექტიური ცვლილებები ხშირად უფრო ზუსტად ასახავს საზოგადოების მოლოდინებს, ვიდრე ტრადიციული გამოკითხვები.
პროგნოზირების ბაზრები უამრავ სფეროს მოიცავს: პოლიტიკა, სპორტი, კრიპტო აქტივების ფასები, პოპ-კულტურა და სხვა. ხელმისაწვდომი ბაზრების მრავალფეროვნება დამოკიდებულია პლატფორმასა და იმ მარეგულირებელ გარემოზე, რომელშიც ის ოპერირებს.
არის თუ არა პროგნოზირების ბაზრები იგივე, რაც აზარტული თამაშები?
პროგნოზირების ბაზრებს ზოგჯერ აზარტულ თამაშებს ადარებენ, რადგან ორივე შემთხვევაში საქმე გაურკვეველ შედეგებთან გვაქვს. თუმცა, აუცილებელია მათ შორის არსებული არსებითი განსხვავებების გათვალისწინებაც.
აზარტული თამაშების უმეტესობის შემთხვევაში, ოპერატორი, კოეფიციენტების მეშვეობით, დასაწყისშივე უზრუნველყოფს საკუთარ სტრუქტურულ უპირატესობას. პროგნოზირების ბაზრებზე კი ფასებს თავად მონაწილეები განსაზღვრავენ და არა ორგანიზატორი. შესაბამისად, თქვენი მოგება თუ ზარალი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უფრო ზუსტია მოვლენის ალბათობის თქვენეული შეფასება ფართო ბაზრის მოლოდინებთან შედარებით.
ამასთან, პროგნოზირების ბაზრებისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს კაზინოს მსგავსი თვისებები, როდესაც ლიკვიდურობა დაბალია, სპრედები ფართო, ხოლო შედეგების დადგენის წესები გაურკვეველი. ბაზრის სტრუქტურას დიდ მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი პლატფორმა მკაფიო და გამჭვირვალე წესებით ოპერირებს, მაშინ როცა სხვა პლატფორმების შეფასება შედარებით რთულია.
მსხვილი საინფორმაციო სააგენტოები სულ უფრო ხშირად ეყრდნობიან პროგნოზირების ბაზრების მონაცემებს საზოგადოებრივი გამოკითხვების პარალელურად. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტიპის ბაზრების პროგნოზირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღიქმება, თუმცა აუცილებელია შეცდომების ალბათობის გათვალისწინებაც.
ბლოკჩეინი და პროგნოზირების ბაზრები
პროგნოზირების ბაზრის ბლოკჩეინზე გაშვება ტრადიციული პლატფორმებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ხდება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია, ავტომატური ანგარიშსწორება და გლობალური ხელმისაწვდომობა.
დეცენტრალიზაცია და ცენზურისგან დაცვა
ცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზრები შესაძლოა დაიხუროს, ან შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მარეგულირებელი ორგანოებისა თუ ოპერატორების მიერ. დეცენტრალიზებული ბაზრები კი, ფუნქციონირების მიზნით დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს) იყენებს, რომლებიც მრავალ კომპიუტერზე განაწილებული სმარტ კონტრაქტებითაა მხარდაჭერილი. მათ არცერთი ცალკეული მხარე არ აკონტროლებს, რაც პლატფორმას ცენზურისგან და გათიშვისგან ბევრად უფრო დაცულს ხდის.
სმარტ კონტრაქტები და ავტომატური გადახდები
სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ხდება თანმხვედრი ვაჭრობების მოძიებისა და ანგარიშსწორების მიზნით ავტომატური გადახდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. კონკრეტული პროცესის დასრულებისას, კონტრაქტის მეშვეობით ხდება შედეგების გაანალიზება და ფინანსების განაწილება შესაბამის პოზიციებზე, აღნიშნულ პროცესებში ადამიანების ჩართულობის საჭიროების გარეშე. ეს გამორიცხავს შეფერხებებს, ამცირებს მანიპულაციის რისკებსა და ოპერატიულ ხარჯებს.
მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ტრანზაქციების განხორციელების სისწრაფის გაუმჯობესებასა და ხარჯების შემცირებას აქტიური სავაჭრო გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. ანგარიშსწორება თითქმის მყისიერად ხდება, რაც მეტად ეფექტურია ისეთი ბაზრებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია პირდაპირ ეთერში მიმდინარე მოვლენებთან (მაგალითად, სპორტული თამაშების ფინალური ეტაპები).
გლობალური წვდომა
თეორიულად, ინტერნეტთან წვდომის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროგნოზირების ბაზრებზე პროცესებში. გლობალური ჩართულობა უზრუნველყოფს უფრო მრავალფეროვანი მოსაზრებების გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის კოლექტიური პროგნოზების სიზუსტეს.
თუმცა, ზოგიერთი პლატფორმა ზღუდავს წვდომას ადგილობრივი რეგულაციების საფუძველზე. ონლაინ პროგნოზირების ბაზრების სამართლებრივი სტატუსი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ის კვლავ ჩამოყალიბების ეტაპზეა. პროცესებში ჩართვამდე ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენს რეგიონში მოქმედი წესები.
ბლოკჩეინის Oracle-ების განმარტება
იმისათვის, რომ სმარტ კონტრაქტმა პროგნოზირების ბაზრის ანგარიშსწორება სწორად განახორციელოს, მას სჭირდება ზუსტი ინფორმაცია რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სწორედ აქ ერთვება საქმეში ბლოკჩეინის Oracle-ები. Oracle-ები წარმოადგენს სერვისებს, რომელთა მიერაც ხდება გარე მონაცემების ბლოკჩეინზე დამატება.
Oracle-ის სხვადასხვა სისტემა ამ ამოცანას განსხვავებულად უმკლავდება. ზოგიერთი მათგანი ჯგუფურ კენჭისყრას იყენებს, სადაც მონაწილეთა ქსელის მიერ ხდება ტოკენების სტეიკინგზე განთავსება და შედეგის ერთობლივად დაფიქსირება. დავის წარმოქმნის შემთხვევაში, საკითხი მმართველობითი კენჭისყრით წყდება. სხვები კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ საჯაროდ ხელმისაწვდომი დიდი მოცულობის მონაცემების (მაგალითად, ახალი ამბების სტატიებისა თუ ოფიციალური შედეგების გვერდების) დასამუშავებლად.
მაგალითად, თუ ფლობთ კონტრაქტს, რომელიც მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმის მიერ გამომწერთა გარკვეული რაოდენობის მიღწევას უკავშირდება, Oracle-ს შეუძლია წაიკითხოს საჯარო მონაცემები და ავტომატურად განახორციელოს გადახდა. Oracle-ის ხარისხი პირდაპირ ახდენს გავლენას იმ პროგნოზირების ბაზრის საიმედოობაზე, რომელსაც ის ემსახურება.
ბლოკჩეინის პროგნოზირების ბაზრები დღეს
ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგნოზირების ბაზრების ადრეული კრიტიკა ძირითადად ტრანზაქციების დაბალ სიჩქარესა და მაღალ საკომისიოებს ეხებოდა. თანამედროვე მე-2 დონის ქსელებმა ეს პრობლემები დიდწილად გადაჭრა. პლატფორმებს ახლა უკვე შეუძლიათ წამში ათასობით ტრანზაქცია მინიმალური ხარჯებით დაამუშაონ.
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა დეცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზრებისთვის. წამყვან პლატფორმებზე არჩევნებთან დაკავშირებული კონტრაქტების სავაჭრო მოცულობამ ასობით მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რამაც ტრადიციული მედიის ყურადღება მიიპყრო და დაამტკიცა, რომ ამ ტიპის ბაზარზე რეალური მოთხოვნა არსებობს.
გარდა ამისა, შემუშავდა უფრო მკაფიო და ნათელი მარეგულირებელი ჩარჩოები. 2024 წლის ბოლოს, აშშ-ში მიღებულმა მნიშვნელოვანმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებული კონტრაქტების სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი, რამაც გზა გაუხსნა რეგულირებადი პროგნოზირების ბაზრების საქმიანობას არსებული დეცენტრალიზებული ეკოსისტემის პარალელურად.
პროგნოზირების ბაზრები და DeFi
პროგნოზირების ბაზრების დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ეკოსისტემაში ინტეგრირება სულ უფრო ფართოდ მიმდინარობს. ზოგიერთი პლატფორმა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს, პროგნოზირების ბაზარზე დაკავებული პოზიციები სესხის უზრუნველყოფის სახით გამოიყენონ, ხოლო სხვები ამ პოზიციების რეალური რისკების ჰეჯირების მიზნით გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, პროგნოზირების ბაზრები დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ დერივატივებთან. ორივე მათგანი მოიცავს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სმარტ კონტრაქტებს, რომელთა ანგარიშსწორებაც სამომავლო შედეგებზეა დამოკიდებული. DeFi პროტოკოლების კომბინირებადობა აღნიშნული ინსტრუმენტების იმგვარად კომბინირების საშუალებას იძლევა, რაც ტრადიციული ფინანსური ინფრასტრუქტურის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
აღნიშნულ სივრცეში საკუთარ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც. ზოგიერთი ტრეიდერი იყენებს ავტომატიზებულ სტრატეგიებს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას აანალიზებს და გაცილებით სწრაფად რეაგირებს, ვიდრე ადამიანები. ავტომატიზაციას შეუძლია ეფექტურობის გაუმჯობესება, თუმცა ეს ავტომატურად არ იძლევა უკეთესი შედეგების მიღების გარანტიას.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის პროგნოზირების ბაზარი?
პროგნოზირების ბაზარი არის პლატფორმა, სადაც მონაწილეები ვაჭრობენ მომავალი მოვლენების შედეგებთან დაკავშირებული კონტრაქტებით. კონტრაქტის ფასი ასახავს თითოეული შედეგის დადგომის კოლექტიურ სავარაუდო ალბათობას. მოვლენის დასრულებისას, ანგარიშსწორება მიღებული შედეგის შესაბამისად ხორციელდება.
რით განსხვავდება ბლოკჩეინის პროგნოზირების ბაზრები ტრადიციულის ბაზრებისგან?
ტრადიციული პროგნოზირების ბაზრები ცენტრალიზებულ ოპერატორზეა დამოკიდებული, რომელიც პასუხისმგებელია თანმხვედრი ვაჭრობების მოძიებასა და გადახდების დამუშავებაზე. ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგნოზირების ბაზრები კი ამ ფუნქციების ავტომატიზაციისთვის სმარტ კონტრაქტებს იყენებს, რაც შუამავლის საჭიროებას გამორიცხავს. ეს მათ ცენზურისადმი უფრო მედეგს და, ამავდროულად, პოტენციურად უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
რა არის Oracle-ები პროგნოზირების ბაზრებში?
Oracle-ები წარმოადგენს სერვისებს, რომელთა მიერაც ხდება რეალური სამყაროს მონაცემების სმარტ კონტრაქტებში ჩაწერა. პროგნოზირების ბაზრებზე ისინი მოვლენის საბოლოო შედეგის განსაზრვრის მიზნით გამოიყენება, რათა ანგარიშსწორება სწორად განხორციელდეს. Oracle-ის სხვადასხვა სისტემა შედეგების გადასამოწმებლად ჯგუფური კენჭისყრის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების ან ამ ორი მეთოდის კომბინაციას იყენებს.
ლეგალურია თუ არა პროგნოზირების ბაზრები?
პროგნოზირების ბაზრების სამართლებრივი სტატუსი განსხვავდება ქვეყნებისა და ბაზრის ტიპის მიხედვით. ზოგიერთი იურისდიქციის ფარგლებში არ მოქმედებს რაიმე აკრძალვა რეგულირებადი მოვლენების კონტრაქტებთან დაკავშირებით, ზოგი მათ აზარტულ თამაშებს მიაკუთვნებს, ზოგს კი საერთოდ არ გააჩნია კონკრეტულად ამ კონცეფციისთვის დადგენილი წესები. მარეგულირებელი ჩარჩოები რეგიონების უმეტესობის შემთხვევაში ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. შესაბამისად, ნებისმიერ პროცესში ჩართვამდე რეკომენდებულია თქვენს ადგილსამყოფელთან შესაბამისი მოქმედი წესების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
შესაძლებელია თუ არა, რომ პროგნოზირების ბაზრების ფასები არასწორი იყოს?
დიახ. პროგნოზირების ბაზრები დროის კონკრეტულ მომენტში მონაწილეთა კოლექტიურ შეხედულებას ასახავს, თუმცა შეცდომების დაშვების ალბათობა ამ შემთხვევაშიც არსებობს. ფასები შესაძლოა ყოველთვის არ ასახავდეს არსებულ ინფორმაციას - განსაკუთრებით იმ ბაზრების შემთხვევაში, რომელთათვისაც დამახასიათებელია ვაჭრობის დაბალი მოცულობა ან მონაწილეთა გამოცდილების ნაკლებობა.
შეჯამება
პროგნოზირების ბაზრები ალბათობის შეფასებისა და მისი მონეტიზაციის შესაძლებლობას იძლევა. მრავალი მონაწილის შეხედულებების გაერთიანებით, მათ შეუძლიათ სამომავლო მოვლენების შესახებ სასარგებლო პროგნოზების გენერირება. ამ ბაზრების ბლოკჩეინზე გაშვება გამორიცხავს ცენტრალიზებული ოპერატორების საჭიროებას და მათ უფრო ღიასა და გამჭვირვალეს ხდის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.