მთავარი დეტალები
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები გახლავთ Bitcoin-ზე განთავსებული პროტოკოლები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების სიჩქარის გაუმჯობესება და საკომისიოების შემცირება. მე-2 დონის პროტოკოლების მაგალითებია Lightning Network, Stacks, Rootstock და შედარებით ახალი პროდუქტები, როგორიცაა Babylon და BOB.
მე-2 დონის ტექნოლოგიების მეშვეობით ტრანზაქციების Bitcoin-ის მიღმა დამუშავებისთვის, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება ისეთი მექანიზმები, როგორიცაა მდგომარეობის არხები, საიდჩეინები და როლაფები.
გარდა ტრანზაქციების სიჩქარეზე და საკომისიოების ოდენობაზე ზემოქმედებისა, მე-2 დონის ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება Bitcoin-ზე დამატებითი პროგრამული შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, დეცენტრალიზებული ფინანსებისა (DeFi) და სხვა სივრცეებში გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
შესავალი
Bitcoin მიჩნეულია ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა მისი საბაზისო მახასიათებლები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და დეცენტრალიზაციასთან, ხოლო სიჩქარე აღნიშნულ ორ ფაქტორთან შედარებით ნაკლებ პრიორიტეტულია. Bitcoin-ის მიერ წამში მხოლოდ შვიდ ტრანზაქციამდე დამუშავების შესაძლებლობა იწვევს ბლოკჩეინის გადატვირთვას მაღალი მოთხოვნის პერიოდებში, რაც შემდგომში საკომისიოების ზრდისა და ტრანზაქციების დადასტურების დროის გახანგრძლივების მიზეზი ხდება. სწორედ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავება.
ეს პროცესი სხვა ბლოკჩეინებზე გამოყენებული 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ქსელებთან დაკავშირებული მიდგომის მსგავსად მუშაობს. მე-2 დონის ქსელის მეშვეობით ხდება ტრანზაქციებისა და პროცესების გარე სივრცეში დამუშავება, Bitcoin-ის ქსელზე კი მხოლოდ საბოლოო აღსრულების პროცესი მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს Bitcoin-ის უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას.
რა არის Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები?
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები გახლავთ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე შექმნილი პროტოკოლები. როგორც წესი, ისინი შექმნილია ტრანზაქციებისა და გამომთვლელი პროცესების მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც ამცირებს დატვირთვას ძირითად ქსელზე. დამუშავების პროცესის დასრულების შემდეგ შესაბამისი საბოლოო მონაცემები ან ბალანსები Bitcoin-ის ქსელში იგზავნება, რაც 1-ელი დონის შესაბამისი უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მე-2 დონის ყველა ქსელს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობის პრინციპი. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია მხოლოდ ტრანზაქციების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის (მაგ., Lightning Network), ზოგიერთის მეშვეობით კი, ხდება Bitcoin-ის 1-ელი დონისთვის დამატებითი პროგრამული შესაძლებლობების უზრუნველყოფა (მაგ., Stacks და Rootstock). აუცილებელია თითოეული პროტოკოლისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური, სისწრაფესთან, უსაფრთხოებასთან, კომპლექსურობასთან და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებთან დაკავშირებული ნაკლოვანებების გათვალისწინება.
რატომ Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები?
Bitcoin-ის ძირითად, უმთავრეს კონცეფციებს დეცენტრალიზაცია და უსაფრთხოება წარმოადგენს. მისი ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ბლოკის დამზადებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა (10 წთ) და პროგრამირების ენასთან დაკავშირებული შეზღუდვები, Bitcoin-ს იცავს სხვადასხვა მანიპულაციისგან და უსაფრთხოების უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. თუმცა, ეს ერთი შეხედვით დადებითი მახასიათებლები უარყოფითად აისახება პროცესებზე მაშინ, როდესაც ქსელში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ტრანზაქციები იგზავნება.
პიკური პერიოდების დროს Bitcoin-ის ტრანზაქციის საკომისიოები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მცირე გადახდებისთვის მაღალი საკომისიოს გადახდის აუცილებლობა ტრანზაქციებს არაპრაქტიკულს ხდის. მე-2 დონის ქსელების მეშვეობით ხდება აღნიშნული ხარჯების შემცირება გადახდების მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების და ანგარიშსწორების პროცესების Bitcoin ქსელზე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადმოტანის გზით.
გარდა ამისა, აქტუალურია Bitcoin-ის სმარტ-კონტრაქტების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხიც. Ethereum-სა და სხვა ბლოკჩეინებს, Bitcoin-ისგან განსხვავებით, ნაგულისხმევად გააჩნიათ კომპლექსური პროგრამული ერთეულების მხარდაჭერა. მე-2 დონის ქსელების მეშვეობით ხდება აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ამავდროულად, Bitcoin-ის უსაფრთხოების უცვლელად შენარჩუნება.
როგორ მუშაობს Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები
მე-2 დონის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ტრანზაქციების Bitcoin-ის ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების შესაძლებლობას, რაც ამცირებს დატვირთვას 1-ელ დონეზე. სხვადასხვა მიდგომის ფარგლებში გამოიყენება ისეთი ერთეულები, როგორიცაა მდგომარეობის არხები, საიდჩეინები და როლაფები.
მდგომარეობის არხები
მდგომარეობის არხები ორ ან მეტ მხარეს შორის პირადი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მხოლოდ საწყის და საბოლოო ბალანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია იგზავნება. აღნიშნული მიდგომა გამოიყენება Lightning Network-ის მიერ, რაც ტრანზაქციების თითქმის მყისიერად, მინიმალური საკომისიოებით განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
საიდჩეინები
საიდჩეინები გახლავთ დამოუკიდებელი ბლოკჩეინები, რომლებიც Bitcoin-ის პარალელურად მუშაობს და მას ორმხრივი ხიდის მეშვეობით უკავშირდება. საიდჩეინები აღჭურვილია საკუთარი კონსენსუსის მექანიზმებითა და იმ ფუნქციებითა და მახასიათებლებით, რომლის მხარდაჭერაც Bitcoin-ს არ გააჩნია. აქტივების Bitcoin-სა და საიდჩეინს შორის გადატანა ხიდის მექანიზმის მეშვეობით ხდება. Bitcoin-ის საიდჩეინების პოპულარული მაგალითებია Rootstock და Liquid Network.
როლაფები
ნულოვანი ინფორმაციის (ZK) როლაფების მეშვეობით ხდება ტრანზაქციების დაჯგუფება და ერთი მტკიცებულების სახით წარმოდგენა, რომლის გამოქვეყნებაც ხდება შემდგომ ბლოკჩეინზე. აღნიშნული მიდგომა საფუძვლიანადაა ინტეგრირებული Ethereum-ზე, თუმცა Bitcoin-თან ადაპტირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა BOB (Build on Bitcoin) იყენებს როლაფების შთაგონებით შექმნილ არქიტექტურას, Bitcoin-ის ეკოსისტემაში Ethereum-ის მსგავსი სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული შესაძლებლობების ინტეგრირების მიზნით.
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების მაგალითები
1. Lightning Network
2018 წელს გაშვებული Lightning Network იყენებს მდგომარეობის არხებს Bitcoin-ზე მიკროტრანზაქციების მაქსიმალური სისწრაფითა და მინიმალური საკომისიოებით განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მომხმარებლები ხსნიან გადახდის არხს ბლოკჩეინზე Bitcoin-ის განთავსებით, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ამ არხის მეშვეობით გადახდების მყისიერად მიღება და განხორციელება. Bitcoin-ზე, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საბოლოო მონაცემები იგზავნება. Binance-ზე Lightning Network-ის ინტეგრირების პროცესი 2023 წელს დასრულდა და მისი მეშვეობით მოხდა Bitcoin-ის განაღდებისა და დეპოზიტის განხორციელების პროცესების სიჩქარის გაუმჯობესება.
2. Rootstock (RSK)
Rootstock გახლავთ Bitcoin-ის საიდჩეინი, რომელიც ძირითადად სმარტ-კონტრაქტებზეა დაფუძნებული. მომხმარებლების მიერ Bitcoin-ის Rootstock-ზე გაგზავნისას, ხდება მისი RBTC (Smart Bitcoin) ერთეულად გარდაქმნა, რომლის Rootstock ეკოსისტემის ფარგლებში გამოყენებაც შესაძლებელია ტრანზაქციების უფრო სწრაფად და დაბალი საკომისიოებით განხორციელების მიზნით. Rootstock გახლავთ პირველი ერთეული, რომელთანაც დაკავშირებულია Bitcoin-ზე პროგრამირების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მცდელობა.
3. Stacks
Stacks იძლევა სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების Bitcoin-ის ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას. Stacks ტრანზაქციების Bitcoin ბლოკჩეინზე დასაკავშირებლად Proof-of-Transfer (PoX) კონსენსუსის მექანიზმს იყენებს. 2024 წელს განხორციელდა Stacks-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება (Nakamoto), რამაც მნიშვნელოვნად (10 წამიდან 5 წამზე ნაკლებ დრომდე) შეამცირა ბლოკების დამზადების დრო და გააუმჯობესა ტრანზაქციების საბოლოო დამუშავების შესაძლებლობები, Stacks-ის ბლოკების Bitcoin-ის ბლოკებთან უფრო მჭიდროდ დაკავშირების გზით.
4. Liquid Network
Liquid Network გახლავთ Bitcoin-ის მე-2 დონის საიდჩეინი, რომელიც ძირითადად სავაჭრო ბირჟებისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ გამოიყენება. BTC-ის Liquid Network-ზე გადატანისას, ხდება მისი კონვერტაცია Liquid BTC-ზე (L-BTC) 1:1 თანაფარდობით. გარდა ამისა, Liquid Network-ს გააჩნია უფრო სწრაფი ანგარიშსწორებისა და ტოკენიზებული აქტივების გამოშვების მხარდაჭერა, რაც მას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის სავაჭრო და ორგანიზაციული დონის გადარიცხვების ფარგლებში გამოყენებისთვის.
5. Babylon Protocol
2024 წელს გამოშვებული Babylon წარმოადგენს Bitcoin-ის სტეიკინგის პროტოკოლს. მისი მეშვეობით Bitcoin-ის მფლობელებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი BTC სხვა Proof-of-Stake ქსელების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხიდებისა და შეფუთვის მექანიზმების გამოყენების საჭიროების გარეშე. აღნიშნული უზრუნველყოფს Bitcoin-ის ახლებურად გამოყენების და კრიპტო სივრცეში ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებს.
6. BOB (Build on Bitcoin)
2024 წელს გამოშვებული BOB არის EVM-სთან თავსებადი მე-2 დონის ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს Bitcoin-ის დაკავშირებას Ethereum-ის სტილის სმარტ-კონტრაქტებთან. ის დეველოპერებს Solidity-ზე დაფუძნებული, Bitcoin-თან ინტერაქციის მხარდაჭერის მქონე აპლიკაციების გაშვების საშუალებას აძლევს. ამისათვის პროექტი იყენებს როლაფების არქიტექტურას, რაც უზრუნველყოფს კავშირის შენარჩუნებას როგორც Bitcoin-ის, ისე Ethereum-ის უსაფრთხოების მექანიზმებთან.
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების გამოყენება მასშტაბირებადობის მიღმა
Bitcoin-ის მე-2 დონის ტექნოლოგიები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრანზაქციების სისწრაფის გაუმჯობესების მიზნით გამოყენებით.
პროგრამირებადობის გაუმჯობესებული დონე: Stacks, Rootstock და სხვა, მსგავსი პროტოკოლები საშუალებას აძლევს დეველოპერებს, შექმნან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) და Bitcoin-ის ქსელზე დაფუძნებული სხვა აპლიკაციები.
Bitcoin DeFi: მე-2 დონის ტექნოლოგიები, ხელს უწყობს დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებას Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, რაც მომხმარებლებს Bitcoin-ის უზრუნველყოფის სახით გამოყენების, სესხების, გასესხების და ვაჭრობის პროცესებში ჩართვის საშუალებას აძლევს.
Bitcoin-ის სტეიკინგი: ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა Babylon, Bitcoin-ის მფლობელებს proof-of-stake ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში ჩართვის საშუალებას აძლევს, რაც მათ ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ სარგებელი მათ საკუთრებაში არსებული BTC-ის გაყიდვის ან გადატანის გარეშე.
სწრაფი მიკროგადახდები: Lightning Network უზრუნველყოფს Bitcoin-ის მცირე ოდენობების მყისიერად, მინიმალური ხარჯებით გაგზავნის შესაძლებლობებს. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც, მაგალითად, მომხმარებელს სურს ჩაის დატოვება, გეიმინგ სივრცეებში და POS გადახდების ფარგლებში.
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების აღზევება
ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა Bitcoin-ის მე-2 დონის ეკოსისტემა. 2024 წელს მკვეთრად მოიმატა აქტივების მთლიანი რაოდენობის (TVL) მაჩვენებელმა, რასაც საფუძვლად დაედო ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა ახალი პროტოკოლების გაშვება, Bitcoin-ის ჰალვინგი და Bitcoin-ზე დაფუძნებული DeFi ერთეულების ფართოდ გავრცელება. Stacks-ს Nakamoto განახლება და Babylon-ის სტეიკინგის პროტოკოლის გაშვება 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებადაა მიჩნეული.
გარდა ამისა, Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელების მიმართ დაინტერესების დონის ზრდა დიდწილად განპირობებულია Bitcoin Ordinal-ებისა და BRC-20 ტოკენების წარმატებით. აღნიშნული ერთეულების გაშვება წარმოადგენდა Bitcoin-ის ქსელის მიერ კომპლექსური აქტივობების მხარდაჭერის შესაძლებლობის დემონსტრირებას, რაც საფუძვლად დაედო Bitcoin-ზე დაფუძნებულ აქტივებთან ინტერაქციის უფრო სწრაფ და იაფ მეთოდებთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდას. ეკოსისტემის უწყვეტი განვითარების პარალელურად, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი პროტოკოლის შემუშავება და გაშვება, რომელთაგან თითოეულისთვის დამახასიათებელი იქნება ინდივიდუალური მიდგომა სიჩქარის, უსაფრთხოებისა და პრაქტიკულობის მახასიათებლების მიმართ.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელი?
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები გახლავთ Bitcoin-ზე განთავსებული პროტოკოლები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავება. ისინი უზრუნველყოფენ ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარის გაუმჯობესებას, საკომისიოების შემცირებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. პერიოდულად, Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ხდება ტრანზაქციების საბოლოო მონაცემების გადატანა, რაც უზრუნველყოფს ქსელისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას.
არის თუ არა Lightning Network Bitcoin-ის მე-2 დონის ერთადერთი ქსელი?
არა. Lightning Network გახლავთ Bitcoin-ის გადახდის მიზნით ყველაზე ხშირად გამოყენებული მე-2 დონის ქსელი, თუმცა არსებობს სხვა, არანაკლებ პოპულარული ქსელებიც. მაგალითად, Stacks, რომელიც სმარტ-კონტრაქტების მხარდაჭერის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, Rootstock, რომელიც DeFi აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, Babylon, რომლის მეშვეობითაც დაინერგა Bitcoin-ის სტეიკინგის მოდელი, ან Bob, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის EVM-სთან თავსებად როლაფს. თითოეული მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა მასშტაბირებადობა და Bitcoin-ის გამოყენების დამატებითი გზების უზრუნველყოფა.
არის თუ არა Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები უსაფრთხო?
Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელები ითვისებენ Bitcoin-ის 1-ელი დონის უსაფრთხოების ზოგიერთ მახასიათებელს, თუმცა აუცილებელია მათთან ასოცირებული მნიშვნელოვანი რისკების გათვალისწინებაც. აღნიშნული რისკების მაგალითებია სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული ხარვეზები, ხიდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ნდობის საკითხები. როგორც ნებისმიერი სხვა კრიპტო პროდუქტის, ისე მე-2 დონის გამოყენების შემთხვევაშიც, აუცილებელია საფუძვლიანად შეისწავლოთ მათი მუშაობის პრინციპები და მოიძიოთ ინფორმაცია მათთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.
რა განსხვავებაა Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელებსა და საიდჩეინებს შორის?
საიდჩეინი გახლავთ მე-2 დონის არქიტექტურის ერთ-ერთი ტიპი. ის დამოუკიდებელი ბლოკჩეინის სახით მუშაობს და Bitcoin-ს ხიდის მეშვეობით უკავშირდება. გარდა ამისა, საიდჩეინებს გააჩნიათ კონსენსუსის საკუთარი მექანიზმები. მე-2 დონის სხვა ქსელებს შორისაა მდგომარეობის არხები (რომლებიც გამოიყენება Lightning Network-ის მიერ) და როლაფები. ფართო გაგებით, ყველა საიდჩეინი Bitcoin-ის მე-2 დონის ქსელს წარმოადგენს, თუმცა Bitcoin-ის მე-2 დონის ყველა ქსელი საიდჩეინი არ არის.
შეჯამება
Bitcoin-ის მე-2 დონის დონის ქსელები ვიწრო, სპეციალიზებული მასშტაბირებადობის ტექნოლოგიებიდან ფართო ეკოსისტემად გარდაიქმნა, რომელიც დღეს უკვე მოიცავს სწრაფი გადახდების არხებს, სმარტ კონტრაქტების პლატფორმებს, სტეიკინგის პროტოკოლებსა და EVM-სთან თავსებად როლაფებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს მიზანს დაბალი საკომისიოების გადახდა წარმოადგენს, თუ Bitcoin-ის შედარებით კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და შესწავლა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მე-2 დონის ქსელებთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება, რადგან ისინი ეკოსისტემის განვითარების პარალელურად იცვლება.
დამატებითი საკითხავი
Bitcoin-ის Lightning Network-ის შესახებ გზამკვლევი დამწყებთათვის
ბლოკჩეინის 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები
რა არის ნულოვანი ინფორმაციის როლაფები? მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნიკა
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.