რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

განახლებული May 8, 2026
11m

მთავარი დასკვნები

  • ბლოკჩეინის ტრილემა აღწერს გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინის ქსელებში უსაფრთხოების, დეცენტრალიზაციისა და მასშტაბირებადობის დაბალანსების საკითხთან.

  • ერთი კომპონენტის გაუმჯობესება ხშირად მხოლოდ დანარჩენი კომპონენტების ხარჯზეა შესაძლებელი.

  • აღნიშნული ტრილემის გადაჭრის მიზნით, სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელში სხვადასხვა ტექნიკური მიდგომა გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, კონსენსუსის ალტერნატიული მექანიზმები, მე-2 დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ქსელის დანაწევრება (sharding).

  • მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ტრილემა ჯერ არცერთ ბლოკჩეინ-ქსელში არაა სრულად დაძლეული, ამ პრობლემას მნიშვნელოვნად ამცირებს შემუშავების პროცესში მყოფი ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორებიცაა Ethereum-ის ეკოსისტემის Fusaka განახლება და ე.წ. როლაფებზე ორიენტირებული განვითარების სტრატეგია.

Binance Academy-ის კურსების ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინის ქსელებს წამში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტრანზაქციების დამუშავება შეუძლიათ, თუმცა ბევრი თვლის, რომ ამ ტექნოლოგიის გლობალურად დანერგვისთვის მას გაცილებით მეტი მონაცემისა და უფრო მაღალი სიჩქარით დამუშავება უნდა შეეძლოს. ეს მეტ ადამიანს მისცემდა საშუალებას ქსელი უფრო სწრაფად და იაფად გამოეყენებინა.

თუმცა, ბევრი დეცენტრალიზებული ქსელის ფუნდამენტური სტრუქტურის გამო, მასშტაბირებადობის გაზრდა, როგორც წესი, დეცენტრალიზაციის ან უსაფრთხოების დონის გაუარესებას იწვევს. სწორედ ამას უწოდებენ ბლოკჩეინის ტრილემას. ამ საკითხის გადაჭრის მიზნით, დეველოპერები იკვლევენ ტექნოლოგიური გადაწყვეტის სხვადასხვა გზებს, როგორებიცაა, მაგალითად, ახალი კონსენსუსის მექანიზმები, ქსელის დანაწევრება (sharding) და მე-2 დონის (Layer 2) ქსელები.

ბლოკჩეინის ტრილემა

მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი წარმოადგენს განაწილებულ ციფრულ მონაცემთა ბაზას. მასში მონაცემთა ბლოკები ორგანიზებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია კრიპტოგრაფიული მტკიცებულებებით. სხვადასხვა დარგში ამ ტექნოლოგიის დანერგვამ უკვე გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი მუშაობისა და ცხოვრების სტილი.

მთავარი იდეა ისაა, რომ დეცენტრალიზებული და უსაფრთხო ბლოკჩეინები ქმნიან ისეთ სამყაროს, სადაც ქსელებისა და ბაზრების ფუნქციონირებისთვის მესამე მხარეებზე (შუამავლებზე) დაყრდნობა აღარ გვჭირდება. თუმცა, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ გვსურს ამ ტექნოლოგიის კიდევ უფრო ფართო ასპექტში გამოყენება, ბლოკჩეინის ტრილემის გადაჭრა აუცილებელია.

Ethereum-ის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის, მიერ პოპულარიზებული ტერმინი, ბლოკჩეინის ტრილემა, აღნიშნავს იდეას, რომლის თანახმადაც რთულია ერთდროულად ბლოკჩეინის სამივე მახასიათებლის ოპტიმალური დონის მიღწევა. ამ მახასიათებლებიდან ერთ-ერთის გაუმჯობესება ხშირად მხოლოდ სხვა ერთი ან ორივე მახასიათებლის გაუარესების ხარჯზეა შესაძლებელი.

დეცენტრალიზაცია

საჯარო ბლოკჩეინები, როგორც წესი, დეცენტრალიზებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ არცერთ მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს ქსელზე ერთპიროვნული კონტროლი. პრაქტიკაში დეცენტრალიზაციის ხარისხი ქსელებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ქსელი, როგორც წესი, ღიაა ნებისმიერისთვის, ვისაც მონაწილეობა სურს, კონტროლი კი ყველა მონაწილეზეა გადანაწილებული. ყველას შეუძლია ერთსა და იმავე ლეჯერზე (სააღრიცხვო ჟურნალზე) წვდომა და თუ რომელიმე მონაწილე შეეცდება სისტემის მოტყუებას და ჩანაწერების თავის სასარგებლოდ შეცვლას, ქსელის დანარჩენ მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ და არ დაუშვან გაყალბებული მონაცემების ქსელში დამატება.

განვიხილოთ განსხვავება Bitcoin-სა და ტრადიციულ საბანკო სისტემას შორის. ბანკები წარმოადგენენ ნდობით აღჭურვილ შუამავლებს ტრანზაქციებში მონაწილე პირებს შორის და უზრუნველყოფენ ჩანაწერების სისწორეს. Bitcoin-ის ბლოკჩეინში კი, პირიქით, ქსელის ყველა მონაწილეს აქვს წვდომა მონაცემებზე, რომელთაც შეუძლიათ მათი შემოწმება და დადასტურება მონაცემთა ბაზაში დამატებამდე. შედეგად კი მიიღება სისტემა, რომლის არსებობაც შესაძლებელია მესამე მხარეების საჭიროების გარეშე.

დეცენტრალიზაცია იძლევა Web3 სივრცის შექმნის შესაძლებლობას. დღევანდელი ინტერნეტის უდიდესი ნაწილი Web2 სივრცეს წარმოადგენს, სადაც განთავსებულ ვებსაიტებსა და აპლიკაციებს კომპანიები აკონტროლებენ, Web3 კი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, სრულად აკონტროლონ საკუთარი ინფორმაცია და საიდენტიფიკაციო მონაცემები.

თუმცა, დეცენტრალიზაციას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ვინაიდან თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისთვის საჭიროა კონსენსუსი მრავალ მომხმარებელს შორის, დამუშავების სიჩქარე ხშირად გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ცენტრალიზებულ სისტემებში. ამის გამო, მასშტაბირებადობა (ერთ წამში მეტი ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობა) დეცენტრალიზებული ქსელების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ბლოკჩეინის უსაფრთხოება

უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბლოკჩეინისთვის, რადგან მის გარეშე თავდამსხმელებმა შესაძლოა მოახერხონ ქსელზე კონტროლის დამყარება და ტრანზაქციების ისტორიის შეცვლა. არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა ცენტრალიზებულია თუ დეცენტრალიზებული, უსაფრთხოება სრულად გარანტირებული მაინც არ არის. ცენტრალიზებული სისტემების უპირატესობას წარმოადგენს უფრო საიმედო კონტროლი და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, თუმცა მათთვის ასევე დამახასიათებელია კრიტიკული სუსტი წერტილების არსებობა და ისინი დიდწილად დამოკიდებულნი არიან თავიანთი უსაფრთხოების გუნდების მუშაობის ხარისხზე.

დეცენტრალიზებულ სისტემებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა დამოკიდებული არაა ცენტრალური ორგანოს არსებობაზე. მაგალითად, ბიტკოინი იყენებს კრიპტოგრაფიისა და კონსენსუსის მექანიზმის კომბინაციას, რომელსაც ეწოდება Proof of Work (PoW). მონაცემთა ყოველი ბლოკი დაკავშირებულია წინა ბლოკთან უნიკალური ხელმოწერის (ჰეშის) მეშვეობით, რაც ნებისმიერ უნებართვო ჩარევას მომენტალურად შესამჩნევს ხდის.

PoW უსაფრთხოების დამატებით დონეს უზრუნველყოფს: ქსელის მონაწილეებს, რომელთაც მაინერები ეწოდებათ, ტრანზაქციების დადასტურების/ვალიდაციის უფლების მოსაპოვებლად მოეთხოვებათ რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, ჰეშირების მასშტაბური გამოთვლების საშუალებით. ამის გამო, ქსელზე თავდასხმა გაცილებით ძვირადღირებული და რთული ხდება. რადგან Bitcoin-ის მაინინგი ბევრ რესურსს მოითხოვს, ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ნელია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მეტი მონაწილეა (ნოდი) ქსელში ჩართული, მით უფრო მეტადაა ის დაცული. რაც უფრო დიდია ქსელი, მით უფრო რთულია ერთი არაკეთილსინდისიერი მონაწილისთვის სისტემაზე კონტროლის მოპოვება.

თეორიულად, თუ პირი ან პირთა ჯგუფი მოახერხებს ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის ნახევარზე მეტის კონტროლს, ის შეძლებს, განახორციელოს ე.წ. 51%-ით შეტევა, რაც მას პოტენციურად სხვადასხვა სახის თაღლითობის, მაგალითად, ორმაგი ხარჯვის საშუალებას მისცემს.

ბლოკჩეინის მასშტაბირებადობა

მასშტაბირებადობა გულისხმობს ბლოკჩეინის უნარს, გაზარდოს წამში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა (TPS). იმისთვის, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია გახდეს ძირითადი ფინანსური სისტემა და პოტენციურად შეძლოს მილიარდობით მომხმარებლის მომსახურება, მას უნდა შეეძლოს ტრანზაქციების სწრაფად, იაფად და საიმედოდ დამუშავება. პრაქტიკაში მასშტაბირებადობას ხშირად მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების ფონზე, რომლებიც ბლოკჩეინის სტრუქტურის ორ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.

გადახდის ცენტრალიზებულ სისტემებს, მაგალითად Visa-ს, შეუძლიათ წამში ათასობით ტრანზაქციის დამუშავება, რადგან ისინი დახურულ გარემოში ფუნქციონირებენ, რომლებზე წვდომაც ნებართვას საჭიროებს. მათი მუშაობა არ არის დამოკიდებული ათასობით დამოუკიდებელ ნოდს (კვანძს) შორის კონსენსუსის მიღწევაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს ტრანზაქციები მომენტალურად დაამუშაონ.

ამის საპირისპიროდ, საჯარო ბლოკჩეინებში თითოეული ტრანზაქციის დამუშავების პროცესში ჩართულია უამრავი დამოუკიდებელი ვალიდატორი. ვერიფიკაციის განაწილებული სისტემა ანელებს პროცესს: Bitcoin-ის ძირითად ბლოკჩეინზე ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარე არის დაახლოებით 5 TPS, ხოლო Etherium-ზე - დაახლოებით 15-20 TPS.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქსელში PoW-ს ნაცვლად კონსენსუსის მისაღწევად Proof of Stake (PoS) მექანიზმი გამოიყენება, გლობალური შეთანხმების საჭიროება შესაძლებლობებს მაინც ზღუდავს. მასშტაბირებადობის ეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტის გარეშე, მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვევს ქსელის გადატვირთვას, ტრანზაქციების სიჩქარის შემცირებას და საკომისიოების ზრდას.

ბლოკჩეინის ტრილემის გადაჭრა

ბლოკჩეინის ტრილემასთან გამკლავების ყველაზე აშკარა და მარტივი გზა იქნებოდა ქსელის ვალიდატორების (ნოდების) რაოდენობის შემცირება, რაც მასშტაბისა და სიჩქარის გაზრდას უზრუნველყოფდა. თუმცა, ეს გამოიწვევდა დეცენტრალიზაციის დონის შემცირებას და კონტროლიც მონაწილეთა უფრო მცირე ჯგუფს გადაეცემოდა; ამასთანავე, შესაძლოა შემცირდეს უსაფრთხოების დონეც, რადგან ქსელის მონაწილეთა რაოდენობის შემცირება თავდასხმების ალბათობას გაზრდის.

სწორედ ამაში მდგომარეობს ტრილემის არსი: დეცენტრალიზაცია და უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ბლოკჩეინის სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე კი რთულია მასშტაბირებადობის გაუმჯობესება დანარჩენი კომპონენტების დასუსტების გარეშე. მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გავზარდოთ ბლოკჩეინების სიჩქარე, მათი სანდოობის დონის შემცირების გარეშე.

შემუშავების პროცესში მყოფი ტექნოლოგიები

ამ ტრილემის გადაჭრის ერთი უნივერსალური გზა არ არსებობს. თუმცა დეველოპერებმა და მკვლევრებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა მიდგომა, რომელთაგან ბევრმა იმედისმომცემი შედეგი აჩვენა. ქვემოთ მოცემულია ამ მიმართულებით არსებული რამდენიმე პერსპექტიული ტექნოლოგიური გადაწყვეტა:

ქსელის დანაწევრება (sharding)

შარდინგის პროცესში ბლოკჩეინი იყოფა მცირე ზომის ნაწილებად ანუ შრეებად (shards). თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ლეჯერი და შეუძლია ტრანზაქციების დამოუკიდებლად დამუშავება. მთავარი ბლოკჩეინი კოორდინაციას უწევს ამგვარად დანაწევრებულ ქსელებს შორის ურთიერთქმედებებს, რაც ამცირებს დატვირთვას ერთ კონკრეტულ ბლოკჩეინზე და აუმჯობესებს მასშტაბირებადობას.

მაგალითად, NEAR პროტოკოლი იყენებს შარდინგის მოდელს, რომელსაც ეწოდება Nightshade. ეს მოდელი ქსელის მასშტაბირებას დინამიკურად ახდენს მისი რამდენიმე პარალელურ შრედ/ქვე-ჯაჭვად (shard) დაყოფის გზით. ასე დანაწევრებული ქსელების რაოდენობა და ტრანზაქციების საბოლოო დადასტურების დრო შეიძლება შეიცვალოს ქსელის განახლებებთან ერთად, თუმცა ამჟამად ქსელში 8 აქტიური ქვე-ჯაჭვი (shard) ფუნქციონირებს და ტრანზაქციის საბოლოო დადასტურება დაახლოებით 600 მილიწამშია შესაძლებელი.

კონსენსუსის ალტერნატიული მექანიზმები

Bitcoin-ის ქსელში ტრილემის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი თავად უსაფრთხოების უზრუნველყოფის PoW მექანიზმია. ტრილემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას კონსენსუსის სხვა მექანიზმის გამოყენება წარმოადგენს.

PoS ბლოკჩეინებზე, ტრანზაქციების ვალიდაციაში ჩართულ მონაწილეებს მოეთხოვებათ საკუთარი ტოკენების სტეიკინგზე განთავსება (დაბლოკვა). ეს მექანიზმი არ საჭიროებს მაინინგისთვის სპეციალიზებულ აპარატურას. ქსელში მეტი ვალიდატორის დამატება გაცილებით მარტივია, თუმცა მასში მონაწილეობა მაინც არის დამოკიდებული სტეიკინგის მინიმალურ მოთხოვნებზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე, ვალიდატორების ლიმიტებსა და იმაზე, აქვს თუ არა ქსელს დელეგირების ან სტეიკინგ-პულების (staking pools) მხარდაჭერა.

კიდევ ერთი მექანიზმია Proof of Authority (PoA), რომელიც ქსელის უსაფრთხოებისთვის იყენებს ვალიდატორის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ნაცვლად მონეტების სტეიკინგზე განთავსებისა. PoA სისტემებში ხდება მცირე რაოდენობის სანდო ვალიდატორების წინასწარ არჩევა, რომელთაც ეკისრებათ ტრანზაქციების ვერიფიცირებისა და ბლოკების შექმნის ვალდებულება. ეს მექანიზმი გვთავაზობს მასშტაბირების გაუმჯობესების შესაძლებლობას, თუმცა ამცირებს დეცენტრალიზაციის დონეს.

ზოგიერთი ბლოკჩეინი იყენებს ჰიბრიდულ მოდელებს, სადაც ეს კომპონენტები დაბალანსებულია. მაგალითად, BNB Smart Chain იყენებს Proof of Staked Authority (PoSA) მექანიზმს, სადაც ბლოკის შექმნის უფლების მისაღებად ვალიდატორები საკუთარ BNB-ს განათავსებენ სტეიკინგზე. ამ ქსელში ბლოკის შექმნას დაახლოებით 3 წამი ესაჭიროება. Conflux ქსელი იყენებს მექანიზმს, სადაც გაერთიანებულია PoW-ის და Directed Acyclic Graph (DAG) სტრუქტურის ელემენტები, რისი წყალობითაც გაუმჯობესებულია გამტარუნარიანობა და ამასთანავე შენარჩუნებულია PoW-ის უსაფრთხოების მახასიათებლები.

მე-2 დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები

ტრილემის გადაჭრის კიდევ ერთი მეთოდია დამატებითი ქსელების შექმნა, ნაცვლად ძირითად ბლოკჩეინში ცვლილებების შეტანისა. მე-2 დონის ბლოკჩეინების მეშვეობით ტრანზაქციების დამუშავება ხდება მთავარი ქსელის გარეთ და უკან იგზავნება მხოლოდ დასრულებული ტრანზაქციების მონაცემები. ასე ხდება ქსელის გადატვირთვის თავიდან აცილება, საკომისიოების შემცირება და ძირითადი ბლოკჩეინის უსაფრთხოების დონის შემცირება.

როლაფების გამოყენების შემთხვევაში ხდება რამდენიმე ტრანზაქციის ერთ პაკეტში გაერთიანება და მათი ბლოკჩეინის გარეთ დამუშავება. მთავარ ბლოკჩეინზე ვერიფიკაციისთვის იგზავნება მხოლოდ მტკიცებულებების მცირე ზომის პაკეტი. ოპტიმისტური როლაფები, როგორიცაა Arbitrum, ტრანზაქციებს ვალიდურად მიიჩნევს მანამ, სანამ მას არ გაასაჩივრებენ. ხოლო ნულოვანი ინფორმაციის (ZK) როლაფები, როგორიცაა Scroll, ვალიდურობის დასადასტურებლად იყენებენ კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს, მონაცემების ყველა დეტალის გამჟღავნების გარეშე. Ethereum-ზე როლაფების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მისი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), გეიმინგისა და NFT პლატფორმების დიდი ნაწილი სწორედ მე-2 დონის ბლოკჩეინზეა გაშვებული, რაც აუმჯობესებს სიჩქარეს და ამცირებს ხარჯებს. Ethereum-ის Fusaka განახლებამ, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გააქტიურდა, კიდევ უფრო გააუმჯობესა მონაცემთა ხელმისაწვდომობა როლაფებისთვის PeerDAS მექანიზმის საშუალებით, რაც ქსელს საშუალებას აძლევს, მასშტაბირება გაუკეთოს ვერიფიკაციას ისე, რომ თითოეული ნოდისგან (node) არ მოითხოვოს ყველა მონაცემის შენახვა.

მდგომარეობის არხები ქსელის მონაწილეებს აძლევს ტრანზაქციების ბლოკჩეინის მიღმა დამუშავების საშუალებას. მთავარ ბლოკჩეინზე კი იწერება მხოლოდ საწყისი და საბოლოო მდგომარეობა. Bitcoin-ის Lightning Network (სწრაფი ქსელი) წარმოადგენს ამ ტიპის ტექნოლოგიის ერთ-ერთ პოპულარულ მაგალითს, რომელიც იყენებს მდგომარეობის არხებს და გვთავაზობს ტრანზაქციების სწრაფად და იაფად დამუშავების შესაძლებლობას. ყველა აქტივობა ხორციელდება მთავარი ბლოკჩეინის მიღმა, მთავარ ბლოკჩეინზე კი იგზავნება მხოლოდ საბოლოო შედეგები.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

ბლოკჩეინის ტრილემა გულისხმობს გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინის ქსელის სამი ძირითადი მახასიათებლის ერთდროულად ოპტიმიზაციის საკითხთან: უსაფრთხოება, დეცენტრალიზაცია და მასშტაბირებადობა. ეს ტერმინი პოპულარული გახდა Ethereum-ის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის მიერ. სტრუქტურული მოდელების უმეტესობა მოითხოვს კომპრომისებზე წასვლას, სადაც ერთი თვისების გაუმჯობესება, როგორც წესი, დანარჩენების შესუსტებას იწვევს.

გადაიჭრა თუ არა ბლოკჩეინის ტრილემა?

2026 წლის მდგომარეობით, ბლოკჩეინის ტრილემა სრულად ჯერ არცერთ ბლოკჩეინთან მიმართებით არ გადაჭრილა. თუმცა, მეორე დონის (Layer 2) ტექნოლოგიური გადაწყვეტები, კონსენსუსის ალტერნატიული მექანიზმები და ქსელის დანაწევრება (sharding) ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია. მაგალითად, Ethereum-ის როლაფების ეკოსისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მკვეთრად გაზარდოს გამტარუნარიანობა ძირითადი ბლოკჩეინის მიღმა, ხოლო მისი სტრატეგიული მიზნები და მონაცემთა ხელმისაწვდომობის მხრივ გაკეთებული განახლებები მიმართულია ჯამური სიმძლავრის მკვეთრად ზრდისკენ.

რომელი ბლოკჩეინი უმკლავდება ტრილემას საუკეთესოდ?

სხვადასხვა ბლოკჩეინი ტრილემასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს განსხვავებულად ანაწილებს, განაწილების პრინციპი კი მათ მიზნებზეა დამოკიდებული. Ethereum აქცენტს უსაფრთხოებასა და დეცენტრალიზაციაზე აკეთებს და მასშტაბირებადობის პროცესში მეორე დონის (Layer 2) ქსელებს იყენებს. Solana პრიორიტეტს გამტარუნარიანობასა და სიჩქარეს ანიჭებს, თუმცა დეცენტრალიზაციასთან მიმართებაში კომპრომისზე მიდის. NEAR პროტოკოლი კი დინამიკურ შარდინგს იყენებს ძირითად ბლოკჩეინზე სამივე მახასიათებლის დასაბალანსებლად. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან სწორი ბალანსი კონკრეტულ გამოყენების შემთხვევაზეა დამოკიდებული.

რა განსხვავებაა 1-ელი და მე-2 დონის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს შორის ტრილემის კონტექსტში?

1-ელი დონე არის ძირითადი ბლოკჩეინი (როგორიცაა Bitcoin ან Ethereum), სადაც მკაცრადაა უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია. მე-2 დონის ქსელები დაშენებულია 1-ელ დონეზე და ზრდის მასშტაბირებადობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ტრანზაქციები მუშავდება მთავარი ქსელის მიღმა და პერიოდულად აისახება 1-ელი დონის ქსელში. ასეთი სახით გამიჯვნა ძირითად ქსელს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თავისი უსაფრთხოების მახასიათებლები, მე-2 დონის ქსელი კი მაღალ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს.

რა არის შარდინგი და რისთვის გამოიყენება ის?

შარდინგის პროცესში ბლოკჩეინი იყოფა შედარებით მცირე სეგმენტებად, ანუ შრეებად/ქვე-ჯაჭვებად (shard), რომელთაგან თითოეულს საკუთარი ტრანზაქციების დამოუკიდებლად დამუშავება შეუძლია. ეს ამცირებს დატვირთვას ცალკეულ ნოდებზე და ზრდის ქსელის მთლიან გამტარუნარიანობას. Ethereum, თავისი გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, სრულად ავითარებს ე.წ. დანკშარდინგის (danksharding) მექანიზმს, მაშინ როდესაც NEAR პროტოკოლი ძირითად ქსელებზე უკვე დინამიკური შარდინგის მოდელს იყენებს.

შეჯამება

ბლოკჩეინის ტრილემა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც ხელს უშლის ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების სრულად რეალიზაციას. თუმცა, Ethereum-ის როლაფებზე ორიენტირებული სტრატეგიის, Fusaka განახლების და მაღალეფექტური მოდულური ბლოკჩეინების განვითარების წყალობით, ამ ტექნოლოგიის მომავალი იმედისმომცემად გამოიყურება. ეს ინოვაციები მიზნად ისახავს მასშტაბირებადობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ან დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე, რაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გლობალური მასშტაბით დანერგვის პერსპექტივას გვთავაზობს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხსიმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით, ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.