რას ნიშნავს 1-ელი დონე ბლოკჩეინში?

რას ნიშნავს 1-ელი დონე ბლოკჩეინში?

განახლებული Apr 27, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • 1-ელი დონე აღნიშნავს საბაზისო ბლოკჩეინის ქსელს, როგორიცაა Bitcoin, BNB Chain ან Ethereum, რომელიც ახორციელებს ტრანზაქციების ვალიდაციას და საბოლოო ეტაპის შესრულებას სხვა ქსელისგან დამოუკიდებლად.

  • 1-ელი დონის ბლოკჩეინები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან: მოახდინონ მასშტაბირება დიდი მოცულობის ტრანზაქციებისთვის და ამავდროულად შეინარჩუნონ უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია.

  • 1-ელი დონის ქსელების მასშტაბირების გავრცელებულ მიდგომებს შორისაა ბლოკის ზომის გაზრდა, კონსენსუსის მექანიზმის ტიპის შეცვლა და შარდინგის დანერგვა.

  • მე-2 დონის პროტოკოლები გაშვებულია 1-ელი დონის ქსელებზე, შესაძლებლობების სპექტრის გაფართოების მიზნით, სადაც საბაზისო დონე ასევე უსაფრთხოებას და საბოლოო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს. Bitcoin-ის Lightning Network ერთ-ერთი მაგალითია.

შესავალი

1-ელი დონე არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება საბაზისო ბლოკჩეინის ქსელისთვის, როგორიცაა Bitcoin, Ethereum ან BNB Chain, რომელიც დამოუკიდებლად ამუშავებს და უზრუნველყოფს საკუთარი ტრანზაქციების ანგარიშსწორებას. 1-ელი დონის ქსელის მუშაობის პრინციპის გააზრება ბლოკჩეინის ეკოსისტემის, მათ შორის, Ethereum-ის და მისი მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიების ურთიერთქმედების გაგების საფუძველია.

1-ელი და მე-2 დონე წარმოადგენს ტერმინებს, რომლებიც გვეხმარება სხვადასხვა ბლოკჩეინების, პროექტების და ინსტრუმენტების სტრუქტურის აღწერაში. თუ ოდესმე გიფიქრიათ რით ჰგავს Polygon Ethereum-ს ან რატომაა ზოგი აპლიკაცია გაშვებული ცალკე ქსელებზე და არა პირდაპირ Bitcoin-ზე, ამ სტატიაში შეიტყობთ იმ კონცეფციის შესახებ, რომელიც დონეებიანი სტრუქტურის უკან დგას.

რა არის 1-ელი დონე?

1-ელი დონის ქსელი საბაზისო ბლოკჩეინის კიდევ ერთი სახელია. BNB Smart Chain (BNB), Ethereum (ETH), Bitcoin (BTC) და Solana ყველა 1-ელი დონის პროტოკოლებია, რადგან ისინი ძირითადი ქსელებია მათი პირადი ეკოსისტემის ფარგლებში. პროტოკოლი მაშინაა 1-ელი დონის, როდესაც ის ამუშავებს და აღასრულებს ტრანზაქციების საბოლოო ეტაპს საკუთარ ბლოკჩეინზე, უსაფრთხოებისთვის და კონსენსუსისთვის სხვა ქსელებზე დამოკიდებულების გარეშე. 1-ელი დონის ბლოკჩეინებს ასევე საკუთარი ადგილობრივი ტოკენი გააჩნიათ ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.

მათგან განსხვავებით, მე-2 დონის ტექნოლოგიები ამ საბაზისო ქსელებზეა გაშვებული. ისინი დამოკიდებულია 1-ელი დონის ქსელზე საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად, თუმცა ტრანზაქციები მათზე უფრო ეფექტურად მუშავდება.

1-ელი დონის მასშტაბირება

1-ელი დონის ქსელების ხშირი გამოწვევა მასშტაბირებაა. Bitcoin და სხვა დიდ ბლოკჩეინებს უჭირთ ტრანზაქციების სწრაფად დამუშავება მაღალი მოთხოვნის პერიოდებში. Bitcoin იყენებს proof of work-ს (PoW) - კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსები სჭირდება გამოთვლისთვის. Bitcoin-ის გამტარუნარიანობა შეზღუდულია ბლოკის ინტერვალიდან გამომდინარე, შესაბამისად მაღალი მოთხოვნის პერიოდებში, ტრანზაქციები შეიძლება დიდი ხნით დარჩეს mempool-ში და მომხმარებლებს შესაძლოა მოუწიოთ მაღალი საკომისიოების გადახდა მათი ტრანზაქციის უფრო მალე დასადასტურებლად.

დეველოპერები წლების მანძილზე მუშაობდნენ 1-ელი დონის მასშტაბირების ტექნოლოგიებზე. გავრცელებული მიდგომები მოიცავს შემდეგს:

  • ბლოკის ზომის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს ერთი ბლოკის ფარგლებში მეტი ტრანზაქციის დამუშავებას.

  • კონსენსუსის მექანიზმის შეცვლა, რომლის მაგალითიცაა Ethereum-ის გადასვლა proof of work მექანიზმიდან proof of stake-ზე (PoS) 2022 წლის სექტემბერში (Merge განახლება).

  • შარდინგის დანერგვა - მონაცემთა ბაზის დანაწევრება, რომელიც ქსელის დატვირთვას განაწილებას რამდენიმე პარალელურ სეგმენტზე.

1-ელი დონის განახლებები საჭიროებს მნიშვნელოვან კოორდინირებას ქსელში. ხშირ შემთხვევაში, ქსელის ყველა მონაწილე არ დათანხმდება ცვლილებას, რაც გამოიწვევს საზოგადოების ნაწილებად გახლეჩას ან hard fork-ებს. Bitcoin Cash, მაგალითად, 2017 წლის hard fork-დან წარმოიშვა ბლოკის ზომასთან დაკავშირებული უთანხმოებიდან გამომდინარე.

SegWit

1-ელი დონის ქსელის მასშტაბირების ტექნოლოგიის ერთ-ერთი მაგალითია Bitcoin-ის SegWit (Segregated Witness). SegWit-მა გაზარდა Bitcoin-ის გამტარუნარიანობა ბლოკის მონაცემების სტრუქტურის შეცვლით, კერძოდ ციფრული ხელმოწერების ტრანზაქციების დეტალების შეყვანის ველიდან ამოღებით. ამან გაზარდა ადგილი ერთ ბლოკზე გათვლილი ტრანზაქციებისთვის უსაფრთხოების შემცირების გარეშე და დაინერგა როგორც წინა ვერსიებთან თავსებადი soft fork, რაც ნიშნავს იმას, რომ ძველი ნოდებიც შეძლებენ ტრანზაქციების დამუშავებას.

რა არის 1-ელი დონის შარდინგი?

შარდინგი 1-ელი დონის მასშტაბირების მექანიზმია, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს მცირე ზომის სეგმენტებად ყოფს სახელად შარდები (shards). თითოეული შარდი (shard) პასუხისმგებელია ქსელის ტრანზაქციების გარკვეულ ნაწილზე და იყენებს თავის ნოდებსა და ბლოკებს, რაც თითოეული ნოდის მიერ ყველა ტრანზაქციის დამუშავების საჭიროების ნაცვლად, ანაწილებს დატვირთვას.

შარდინგის წყალობით ცალკეულ ნოდებს აღარ სჭირდებათ მთლიანი ბლოკჩეინის სრული ასლის შენახვა. ამის ნაცვლად, თითოეული ნოდი თავის შარდზე შესრულებული სამუშაოს ანგარიშს გზავნის უკან ძირითად ქსელზე და აზიარებს მის ადგილობრივ მდგომარეობას, მათ შორის ანგარიშების ბალანსებს და ძირითად მონაცემებს. ამას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ტრანზაქციის გამტარუნარიანობა თითოეული მონაწილისგან აპარატურის განახლების მოთხოვნის გარეშე.

1-ელი და მე-2 დონეები

ყველა განახლების 1-ელ დონეზე გაშვება შეუძლებელია. ტექნიკური შეზღუდვებისა და ქსელში კონსენსუსის მიღწევის გამოწვევებიდან გამომდინარე, ზოგი ცვლილების საბაზისო ბლოკჩეინზე დანერგვა რთული ან ნელი პროცესია. Ethereum-ის proof of stake (PoS) მექანიზმზე გადასვლას წლები დასჭირდა, სანამ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდებოდა 2022 წლის სექტემბერში. მას შემდეგ, Ethereum აგრძელებდა 1-ელი დონის განახლებებს Dencun-ის ჩათვლით (მარტი 2024), რომელმაც გაავრცელა მონაცემების ხელმისაწვდომობა უფრო შეღავათიან ფასად მე-2 დონის როლაფებისთვის და Pectra (მაისი 2025), რომელმაც გაზარდა სტეიკინგის ლიმიტები და გააუმჯობესა ანგარიშის მუშაობა.

ზოგი ტექნოლოგია მხოლოდ 1-ელ დონეზე ვერ იმუშავებს. მაგალითად, ბლოკჩეინის თამაში Bitcoin-ის ქსელზე ვერ გაეშვება ტრანზაქციის ხანგრძლივი დროების და სხვა შეზღუდვების გამო, როგორიცაა სმარტ კონტრაქტების ფუნქციების გამიზნული შეზღუდვა. შესაბამისად მსგავსი ტექნოლოგიის გაშვება მე-2 დონის პროტოკოლზე უნდა მოხდეს, რომელიც ისარგებლებს საბაზისო ქსელის უსაფრთხოებით დ ამავდროულად დაამუშავებს ტრანზაქციებს უფრო ეფექტურად.

Lightning Network

Lightning Network არის ცნობილი Bitcoin-ზე გაშვებული მე-2 დონის ტექნოლოგია. ქსელის გადატვირთულობის გამო, Bitcoin-ის ტრანზაქციებს დადასტურებისთვის დიდი დრო სჭირდება. Lightning Network მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ტრანზაქციები სწრაფად და დაბალ ფასად ძირითადი ქსელის მიღმა, თუმცა საბოლოო ბალანსის ისევ Bitcoin-ზე ჩაწერით. ეს მექანიზმი ეფექტურად აგროვებს ბევრ ტრანზაქციას ერთ ქსელურ ჩანაწერად და ამით ზოგავს დროსა და ხარჯებს.

1-ელი დონის ბლოკჩეინის მაგალითები

არსებობს 1-ელი დონის ბლოკჩეინების ვარიანტების ფართო სპექტრი, რომელთაგან თითოეულს ბლოკჩეინის ტრილემის (დეცენტრალიზაცია, უსაფრთხოება და მასშტაბირებადობა) გადაჭრის განსხვავებული გზა აქვს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი.

MultiversX (ყოფილი Elrond)

MultiversX (Elrond-ის 2022 წლის ნოემბრის რებრენდინგის შედეგი) არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს შარდინგს წარმადობის გასაუმჯობესებლად. მის ორ ძირითად ტექნოლოგიას წარმოადგენს Secure Proof of Stake (SPoS) და Adaptive State Sharding, სადაც შარდები იყოფა და ერთდება ქსელის გაზრდის ან შემცირების ექვივალენტურად და ვალიდატორები მუდმივად მოძრაობენ ერთი შარდიდან მეორეზე კოორდინირებული შეტევების რისკის შემცირების მიზნით. მისი ადგილობრივი ტოკენი EGLD გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოებისთვის, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები) დანერგვისთვის და ქსელის ვალიდატორების ჯილდოებისთვის.

THORChain

THORChain ასევე 1-ელი დონის ქსელია, რომელიც Cosmos SDK-ზეა გაშვებული და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ კროს-ჩეინ ბირჟას. ის მომხმარებლებს აქტივების სვოპის საშუალებას აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინზე, მათი შეფუთვის ან მიბმის გარეშე, რაც ამცირებს ტრადიციულ ხიდებთან დაკავშირებული კასტოდიალური რისკების ნაწილს. მისი ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელი იყენებს ადგილობრივ RUNE ტოკენს საბაზისო წყვილისთვის ყველა ლიკვიდურობის პულისთვის. RUNE ასევე გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოებისთვის და ქსელის უსაფრთხოებისთვის.

Kava

Kava არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი რომელიც ერთიანებს Cosmos SDK-სა და Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის (EVM) დამხმარე ქსელს. ქსელის ეს ორმაგი სტრუქტურა დეველოპერებს უფლებას აძლევს გაუშვან დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომლებიც იმუშავებს როგორც Cosmos-ის, ისე Ethereum-ის ეკოსისტემაში. Kava იყენებს Tendermint-ის proof of stake მექანიზმს და უზრუნველყოფს KavaDAO-ს მიერ დაფინანსებულ დეველოპერების წახალისებებს ბლოკჩეინზე. მისი ადგილობრივი KAVA ტოკენი გამოიყენება საკომისიოებისთვის, სტეიკინგისთვის და მმართველობისთვის USD-ზე მიბმული სტეიბლკოინთან USDX ერთად.

IoTeX

IoTeX არის 1-ელი დონის ქსელი, რომელიც ორიენტირებულია ბლოკჩეინის და Internet of Things-ის (IoT) გაერთიანებაზე. ის მომხმარებლებს უფლებას აძლევს აკონტროლონ და მოახდინონ მათ მიერ დაკავშირებული მოწყობილობების გენერირებული მონაცემების მონეტიზაცია MachineFi-ს სახელით ცნობილი სისტემის მეშვეობით. IoTeX მხარს უჭერს მრავალ მე-2 დონის პროტოკოლს კონკრეტული IoT აპლიკაციებისთვის და იყენებს მის ადგილობრივ IOTX ტოკენს საკომისიოებისთვის, სტეიკინგისთვის, მმართველობისთვის და ქსელის ვალიდაციისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა 1-ელ და მე-2 დონეებს შორის?

1-ელი დონის ქსელი წარმოადგენს საბაზისო ბლოკჩეინს (მაგ. Bitcoin ან Ethereum), რომელიც ამუშავებს და ასრულებს თავის ტრანზაქციებს. მე-2 დონე წარმოადგენს პროტოკოლს რომელიც 1-ელ დონეზეა გაშვებული და რომელიც პასუხისმგებელია ტრანზაქციების ძირითადი ქსელის გარეთ დამუშავებაზე, ხოლო საბოლოო შედეგის ისევ 1-ელ დონეზე ჩაწერაზე. მე-2 დონის ტექნოლოგიები აუმჯობესებს სისწრაფესა და ამცირებს ხარჯებს და ამავდროულად დამოკიდებულია 1-ელი დონის ქსელზე უსაფრთხოებისთვის.

რა არის შარდინგი ბლოკჩეინში?

შარდინგი არის 1-ელი დონის ქსელის მასშტაბირების მექანიზმი, რომელიც ანაწევრებს ბლოკჩეინის ქსელს უფრო პატარა სეგმენტებად, რომელსაც შარდები (shards) ეწოდება. ყველა ნოდის მიერ ყველა ტრანზაქციის დამუშავების ნაცვლად, თითოეული შარდი პარალელურად ამუშავებს ქსელის ტრანზაქციის კონკრეტულ ქვეჯგუფს. ამას მნიშვნელოვნად შეუძლია გაზარდოს ქსელში ტრანზაქციების ზოგადი გამტარუნარიანობა.

რატომ არის 1-ელი დონის მასშტაბირება რთული?

1-ელი დონის მასშტაბირება მოითხოვს ცვლილებებს საბაზისო პროტოკოლში, რაც ნიშნავს კონსენსუსის მიღწევას ქსელის წევრების ვრცელ ჯგუფებს შორის, ნოდების ოპერატორების, მაინერების და ვალიდატორების და დეველოპერების ჩათვლით. უთანხმოებებს შეიძლება hard fork-ები მოჰყვეს. მაშინაც კი, თუ ცვლილებაზე ერთობლივი თანხმობა მოპოვებულია, მის უსაფრთხოების დარღვევის და დეცენტრალიზაციის დაკარგვის რისკების გარეშე დანერგვას და ტესტირებას წლები სჭირდება.

რა არის ბლოკჩეინის ტრილემა?

ბლოკჩეინის ტრილემა არის გამოწვევა, ერთდროულად მიღწეულ იქნას სამივე თვისება: დეცენტრალიზაცია, უსაფრთხოება და მასშტაბირებადობა. ერთის ოპტიმიზაცია, როგორც წესი, მეორის ხარჯზე ხდება. მაგალითად, გამტარუნარიანობის (მასშტაბირებადობის) გაზრდა შესაძლოა საჭიროებდეს უფრო მძლავრ აპარატურას (დეცენტრალიზაციის შემცირება) ან უფრო ნაკლებ ვალიდატორს (უსაფრთხოების შემცირება). 1-ელი დონის ბლოკჩეინების უმეტესობა გამიზნულად მიდის კომპრომისზე ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის გასაუმჯობესებლად.

არის თუ არა Ethereum 1-ელი დონის ბლოკჩეინი The Merge განახლების შემდეგ?

დიახ. Ethereum რჩება 1-ელი დონის ბლოკჩეინად The Merge განახლების (სექტემბერი 2022) შემდეგაც, რომელმაც ქსელი გადაიყვანა proof of work მექანიზმიდან proof of stake-ზე. The Merge იყო კონსენსუსის დონის ცვლილება და არ შეეხო Ethereum-ს როგორც საბაზისო ქსელს. Ethereum დღემდე რჩება ანგარიშსწორების ბლოკჩეინად ბევრი მე-2 დონის როლაფ ქსელისთვის Arbitrum-ის, Optimism-ის და Base-ის ჩათვლით.

შეჯამება

1-ელი დონის ქსელების ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. Ethereum-ის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი 1-ელი დონის ბლოკჩეინის, გადასვლამ PoS მექანიზმზე და შემდგომმა განახლებებმა, გაამყარა მისი საბაზისო ქსელის პოზიცია მე-2 დონის როლაფების მზარდი რაოდენობისთვის. ამასობაში, ალტერნატიული 1-ელი დონის ქსელები განაგრძობენ მასშტაბირების გამოწვევის გადაჭრის გზების ძიებას და განიხილავენ როგორც შარდინგს, ისე დამატებითი ქსელის სტრუქტურას და კროს-ჩეინ გამტარუნარიანობას.

1-ელი და მე-2 დონის ქსელებს შორის განსხვავების ცოდნა გამოსადეგია ინვესტორებისთვის, როდესაც ისინი აფასებენ ბლოკჩეინის პროექტებს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი ორიენტირიც ქსელის გამტარუნარიანობა და კროს-ჩეინ ტექნოლოგიებია. როდესაც ქსელი სტრუქტურული ცვლილების გადაწყვეტილებას იღებს, მას ხშირად უწევს წავიდეს კომპრომისზე დეცენტრალიზაციის, უსაფრთხოების და მასშტაბირებადობის დათმობის სახით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.