მთავარი დეტალები
შეფუთული ტოკენები ციფრული ტოკენებია, რომლებიც, როგორც წესი, სხვა ბლოკჩეინის აქტივებს წარმოადგენს.
მისი ღირებულება მიბმულია რეზერვირებულ საბაზისო აქტივის ღირებულებაზე 1:1 თანაფარდობით.
შეფუთული ტოკენები ერთი ბლოკჩეინის ტოკენების სხვა ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რაც აუმჯობესებს ურთიერთთავსებადობას და ამარტივებს აქტივების გადარიცხვას.
შეფუთული ტოკენების გამოყენება მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სერვისების გაცნობის შესაძლებლობას.
შესავალი
ოდესმე გიფიქრიათ, თუ რამდენად მოუხერხებელია ის, რომ BTC-ს ვერ გამოიყენებთ Ethereum-ზე ან ETH-ს - BNB Chain-ზე? კონკრეტული ბლოკჩეინის მონეტების უბრალოდ სხვა ქსელში გაგზავნა შეუძლებელია. შეფუთული ტოკენები ამ შეზღუდვის აღმოფხვრის გზაა, რაც გეხმარებათ არაადგილობრივი აქტივების სხვადასხვა ბლოკჩეინზე ეფექტურად გამოყენებაში.
რა არის შეფუთული ტოკენი?
შეფუთული ტოკენი სხვა კრიპტოვალუტის ტოკენიზებული ვერსიაა. ის მიბმულია იმ აქტივის ვალუტაზე, რომელსაც წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი საბაზისო აქტივში გაცვლა (შეფუთვის მოხსნა) ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. როგორც წესი, ის წარმოადგენს აქტივს, რომელიც არ არის იმ ბლკჩეინის ადგილობრივი აქტივი, რომელზეც გამოიყენება.
მაგალითად, შეფუთული Bitcoin (WBTC) არის ტოკენი Ethereum-ზე და წარმოადგენს Bitcoin-ს, რომელიც მიბმულია რეზერვში არსებულ BTC-ზე 1:1 თანაფარდობით. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ Bitcoin-ის ვალუტა Ethereum-ზე (ან სხვა ბლოკჩეინებზე).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თქვენ არ გიწევთ შეფუთვაზე და მისი მოხსნის პროცესებზე ფიქრი, ვინაიდან შეგიძლიათ ივაჭროთ შეფუთული ტოკენებით ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა კრიპტოვალუტებით აკეთებთ ისეთ კრიპტო ბირჟებზე, როგორიცაა Binance-ის WBTC/BTC სპოტ ბაზარი.
როგორ მუშაობს შეფუთული ტოკენები?
მოდით განვიხილოთ შეფუთული Bitcoin-ის (WBTC) Ethereum-ზე მოხმარების მაგალითი. WBTC არის ERC-20 ტოკენი, რომელიც მიბმულია Bitcoin-ის ღირებულებაზე 1:1 თანაფარდობით და საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გამოიყენოთ BTC Ethereum-ის ქსელში.
ზოგადად, შეფუთულ ტოკენებს სჭირდება განმკარგავი ორგანიზაცია, რომელიც ფლობს ამა თუ იმ აქტივის შეფუთულ ვერსიას ამ აქტივის ზუსტი რაოდენობით. განმკარგავი ორგანიზაცია შესაძლოა იყოს მოვაჭრე, multisig საფულე, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO) ან სმარტ კონტრაქტი. WBTC-ის შემთხვევაში, განმკარგავი ორგანიზაცია უნდა ფლობდეს თითოეული შექმნილი (დამზადებული) WBTC-ის შესაბამისი ოდენობის BTC-ს. ამ რეზერვის მტკიცებულება არსებობს ბლოკჩეინზე.
როგორ მუშაობს შეფუთვის პროცესი? მოვაჭრე უგზავნის BTC-ს განმკარაგავ ორგანიზაციას შეფუთილი ტოკენების დასამზადებლად. განმკარგავი ორგანიზაცია ამზადებს WBTC-ს Ethereum-ზე გაგზავნილი BTC-ის რაოდენობის შესაბამისად. როდესაც საჭიროა WBTC-ის უკან BTC-ზე გადაცვლა, მოვაჭრე უგზავნის განმკარგავს წვის მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება BTC-ის გაცემა რეზერვიდან. განმკარგავი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ტოკენის შემფუთველი და შეფუთვის მომხსნელი ორგანიზაცია. ჩვეულებრივ, განმკარგავი ორგანიზაციების და მოვაჭრეების დამატების და მოხსნის პროცესებს DAO მართავს.
რომელ ბლოკჩეინებზეა მხარდაჭერილი შეფუთული ტოკენები?
შეფუთული ტოკენების სხვადასხვა ვერსია მხარდაჭერილია ყველა ძირითად ბლოკჩეინზე. თავდაპირველად, Ethereum იყო ყველაზე გავრცელებული სივრცე შეფუთული ტოკენებისთვის (გამოიყენებოდა ERC-20 სტანდარტი), მაგრამ ეს ტექნოლოგია სხვა ბლოკჩეინებზეც გავრცელდა, როგორიცაა BNB Chain, Solana, Avalanche და სხვა.
Ethereum-ზე გაშვებული WETH (შეფუთული Ether) შეფუთული ტოკენის უნიკალური მაგალითია: ვინაიდან ETH არ არის ERC-20 ტოკენი, ERC-20 სტანდარტთან შესაბამისობისთვის, ETH გარდაიქმნება WETH-ად, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ ურთიერთქმედებას ERC-20-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებთან.
შეფუთული ტოკენების სარგებელი
შეფუთულ ტოკენებს ბევრი სარგებელი აქვს, მაგალითად:
გაზრდილი ლიკვიდურობა: სხვადასხვა ბლოკჩეინის აქტივების გამოყენება შესაძლებელი ხდება სხვადასხვა პლატფორმაზე, რაც ზრდის კაპიტალის ეფექტურობას.
უკეთესი ურთიერთთავსებადობა: ისინი აკავშირებს სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელს და ამით უზურნველყოფს კროს-ჩეინ ოპერაციებსა და ინტეგრაციას.
გაფართოებული DeFi მონაწილეობა: მომხმარებლებს შეუძლიათ ასესხონ, ისესხონ, განახორციელონ სარგებლის ფარმინგი, სტეიკინგი და ხმა მისცენ თავიანთ ტოკენს ბლოკჩეინზე არსებული პლატფორმების მიღმა.
დაბალი ხარჯები და უფრო სწრაფი ტრანზაქციები: შეფუთული ტოკენები, ძირითადი ბლოკჩეინისგან განსხვავებით, ზოგჯერ უფრო იაფ და სწრაფ ტრანზაქციებს გვთავაზობს.
გამოწვევები და რისკები
გასთვალისწინებელია შემდეგი რისკები და შეზღუდვები:
განმკარგავი ორგანიზაციებისადმი ნდობა: ბევრი შეფუთული ტოკენი დამოკიდებულია ნდობით აღჭურვილ მხარეზე, რომელიც ფლობს ძირითად აქტივებს, რაც რისკების შემცველია და ცენტრალური კონტროლის წერტილებს ქმნის.
სმარტ კონტრაქტების რისკები: არსებობს შეფუთვისთვის და შეფუთვის მოხსნისთვის გამოყენებულ კოდებში ხარვეზების არსებობის ალბათობა.
სირთულე: შეფუთული ტოკენების გამოყენება მოითხოვს გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას სხვადასხვა ბლოკჩეინის შესახებ.
რეგულირება: შეფუთული ტოკენების მართვის რეგულაციები განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი შემუშავება.
საკომისიოები და ცურვა: ტრანზაქციის მაღალმა საკომისიოებმა და შესაძლო ფასის ცურვამ სვოპების დროს შეიძლება შეამციროს ზოგიერთი სარგებელი.
შეფუთული ტოკენების გამოყენების სფეროები
შეფუთული ტოკენების გავრცელებული გამოყენების სფეროები მოიცავს შემდეგს:
კროს-ჩეინ ვაჭრობა და გადარიცხვები: შეგიძლიათ აწარმოოთ აქტივების სვოპი ან გადარიცხოთ ვალუტა სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელზე.
ლიკვიდურობის უზრუნველყოფა: ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ შეფუთული აქტივების პულებში დეპონირება სხვადასხვა ბლოკჩეინზე.
DeFi-ის უზრუნველყოფა: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეფუთული ტოკენები, როგორც უზრუნველყოფა სესხისთვის ან სარგებლის ფარმინგისთვის არაადგილობრივ ბლოკჩეინზე.
NFT ურთიერთთავსებადობა: NFT-ები ასევე შეიძლება იყოს შეფუთული და გამოყენებული მრავალ პლატფორმაზე.
შეჯამება
შეფუთული ტოკენები ზრდის ლიკვიდურობას და DeFi-ზე ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელში. ის ზრდის კაპიტალის ეფექტურობას და უზრუნველყოფს ლიკვიდურობის გაზიარებას აპლიკაციებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთული ტოკენების გამოყენებამდე მისი რისკები გაითვალისწინოთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.