მთავარი დეტალები
კრიპტოვალუტის კასტოდიალური სერვისები იყენებენ რეზერვების მტკიცებულების (PoR) აუდიტებს, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი სრულად ფლობენ მომხმარებლების თანხებს.
Binance ატარებს და აქვეყნებს შიდა აუდიტებს, სადაც დამოუკიდებელი აუდიტორები კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით ეხმარებიან მას დაამტკიცოს, რომ მომხმარებელთა თანხები უსაფრთხოდაა შენახული კომპანიის რეზერვებში.
Binance-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაამოწმონ, ასახულია თუ არა მათი ანგარიშის ბალანსები მოცემულ აუდიტებში.
შესავალი
ბლოკჩეინზე გაშვებული კრიპტოგრაფიული მტკიცებულებები ხელს უწყობს კრიპტო ბირჟების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობას. რეზერვების მტკიცებულება (PoR) კიდევ უფრო ზრდის ამ გამჭვირვალობას კრიპტოვალუტის კასტოდიალური სერვისების აუდიტის ავტორიზებული სტრუქტურის შექმნით.
რა არის რეზერვების მტკიცებულება (PoR)?
PoR აუდიტი მიზნად ისახავს დარწმუნდეს იმაში, რომ კასტოდიალური სერვისები ინახავენ თავიანთი მომხმარებლების თანხის 100%-ს ან მეტს. Web3 სივრცეში, კრიპტო ბირჟები და სხვა კასტოდიალური ორგანიზაციები იყენებენ PoR აუდიტს, რათა დაუმტკიცონ დეპოზიტორებს და საზოგადოებას, რომ მათი დეპოზიტები ემთხვევა მათ ბალანსს. როგორც წესი, ეს აუდიტები ტარდება დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ, რათა გამოირიცხოს რეზერვების მონაცემების გაყალბების შესაძლებლობა.
PoR მრავალი მიზეზის გამოა აუცილებელი. პირველ რიგში, ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ, რომ კრიპტოვალუტის ბირჟაზე მათ მიერ შენახულ ბალანსებს აქვს აქტივებით უზრუნველყოფილი აბსოლუტური მხარდაჭერა. მეორე მხრივ, ის ბიზნესებს გამჭვირვალობის სტანდარტების შესაბამისად მუშაობისკენ უბიძგებს, რაც საეჭვო ან უკანონო ფინანსური აქტივობების მქონე ბიზნესების გამოვლენას უწყობს ხელს.
იდეალურ შემთხვევაში, PoR სასარგებლო უნდა იყოს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ის იცავს მომხმარებლებს უსაფრთხოების რისკების მინიმუმამდე შემცირებით და თაღლითებისგან დაცვით. ამავდროულად, ის ეხმარება ბიზნესებს სანდოობის ამაღლებაში, რაც მომხმარებლის მოზიდვას უწყობს ხელს.
კრიპტო ბირჟების აუდიტის შესაძლებლობა უფრო გამჭვირვალე კრიპტო ეკოსისტემას ქმნის. მაგალითად, PoR არ აძლევს სავაჭრო ბირჟებს საშუალებას იმოქმედონ ისე როგორც ბანკებმა, რომლებიც მომხმარებლის დეპოზიტებს მესამე მხარეებზე სესხების გაცემისთვის იყენებენ.
ანალოგიურად, სავაჭრო ბირჟებს არ შეუძლიათ მომხმარებლის დეპოზიტები გამოიყენონ სხვა პროტოკოლებში ან ბიზნესებში ინვესტიციისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, PoR აღმოფხვრის კომპანიების მიერ მომხმარებლის აქტივების საკუთარი კაპიტალის გაზრდის მიზნით გამოყენების რისკს.
PoR-ის მეშვეობით ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ კრიპტო ბირჟა სრულად ფლობს მომხმარებლების მიერ დეპოზიტებზე შეტანილ აქტივებს. შესაბამისად, ბირჟები ბუნებრივად არიან მოტივირებულნი არ გამოიყენონ მომხმარებელთა ბალანსები არადანიშნულებისამებრ, რადგან ეს დააზიანებს ნდობას და უარყოფითად აისახება მათ რეპუტაციაზე.
როგორ მუშაობს PoR ვერიფიკაცია?
PoR ვერიფიკაციის დროს აუდიტორი კრიპტოგრაფიის დახმარებით ამოწმებს, რომ თითოეული ანგარიშის ბალანსი შეყვანილია საერთო მონაცემებში. ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე საფეხურს.
პირველ რიგში, აუდიტორი აფიქსირებს ყველა ანგარიშის ბალანსის სნეპშოტს. შემდეგ ის გარდაქმნის ფონდის მონაცემებს მერკლის ხედ, რომელიც გამოიყენება დიდი რაოდენობით მონაცემების სტრუქტურირებისთვის უფრო მარტივად დამუშავების მიზნით.
ამის შემდეგ ხდება მომხმარებლის ბალანსის მონაცემების ჰეშირება და მათი გარდაქმნა „ფოთლად“. ამ „ფოთლების“ ჯგუფის ჰეშირების შედეგად ხდება „ტოტის“ ფორმირება, ხოლო „ტოტების“ ჯგუფის ჰეშირებით მიიღება „ფესვი“.
შემდეგ, აუდიტორს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდები მომხმარებლის მისამართის მფლობელობის დასადასტურებლად. მაგალითად, Binance-ზე, მფლობელობის იდენტიფიკაციისთვის აუდიტორს შეუძლია სამი მეთოდი გამოიყენოს. როდესაც ბირჟა ამ ინფორმაციის ექსტრაქციის პროცესს ახორციელებს, ის ასევე მოწმდება აუდიტორების მიერ.
შეტყობინების კრიპტოგრაფიული ხელმოწერა: აუდიტორი ბირჟას მიაწვდის უნიკალურ შეტყობინებას კრიპტოგრაფიული ხელმოწერისთვის მათთან დაკავშირებული პირადი გასაღებ(ებ)ის გამოყენებით.
თანხების გადარიცხვა ინსტრუქციების შესაბამისად: ბირჟას ევალება „თანხების გადარიცხვა ინსტრუქციების შესაბამისად“ , რომლის დროსაც მენეჯმენტი კონკრეტულ დროს გადარიცხავს კონკრეტულ თანხას საჯარო გასაღებიდან/მისამართიდან. ამ პროცესის შემდეგ ის ღებულობს ტრანზაქციის ჰეშს, რომლის მეშვეობითაც ხდება აღნიშნული ტრანზაქციის გადამოწმება შესაბამის ბლოკჩეინზე.
მისამართების ძიება ბლოკჩეინ-ექსპლორერში: აუდიტორს ასევე შეუძლია მოძებნოს ETH და BSC მისამართები ექსპლორერის, მაგალითად Etherscan-ის ან BscScan-ის გამოყენებით, რათა დარწმუნდეს, რომ ეს მისამართები დაკავშირებულია შესაბამის სავაჭრო ბირჟასთან.
თუ ბალანსები ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ ბირჟამ წარმატებით გაიარა PoR ვერიფიკაცია და დაადასტურა, რომ დეპონირებული აქტივები სრულად არის მის განკარგულებაში.
PoR: შეზღუდვები და პოტენციური გაუმჯობესებები
კრიპტო ბირჟის ბალანსები იცვლება მომხმარებლების მიერ აქტივების შეტანისა და გატანის შესაბამისად. PoR-ის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამოწმებს რეზერვების ბალანსების სისწორეს მხოლოდ კონკრეტულად აუდიტის პერიოდში. ეს შეიძლება პრობლემური იყოს, რადგან ნებისმიერი პრობლემა შესაძლოა ძალიან გვიან გამოვლინდეს და კასტოდიანებს მიეცეთ ფაქტების დაფარვის შესაძლებლობა.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუდიტებს ატარებენ მესამე მხარის ორგანიზაციები, რაც ნიშნავს იმას, რომ შედეგები შესაძლოა დამოკიდებული იყოს თითოეული აუდიტორის კომპეტენციაზე ან იმაზე, არიან თუ არა ისინი მესამე მხარის ინტერესების გავლენის ქვეშ.
როგორ შეუძლია კრიპტო ბირჟას გააუმჯობესოს PoR აუდიტები მომხმარებელთა ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად? ეს შეიძლება დაიწყოს აუდიტებს შორის ინტერვალების შემცირებით, რათა დარწმუნდეს, რომ ციკლებს შორის არ ფიქსირდება საეჭვო ფინანსური აქტივობები. ბირჟას ასევე შეუძლია გამოიყენოს კარგი რეპუტაციის მქონე მესამე მხარის ფირმა, რომელსაც არ აქვს ფინანსური ინტერესი არც ბირჟაში და არც მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში.
იმის გადამოწმება, გაიარა თუ არა თქვენმა ანგარიშმა აუდიტი
შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ, შედის თუ არა თქვენი Binance-ის ანგარიში ბოლო PoR აუდიტში. უბრალოდ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე და მიიტანეთ კურსორი ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე საფულის მენიუსთან. შემდეგ აირჩიეთ ჩანართი "ვერიფიკაცია".
აქ თქვენ ნახავთ ყველა ბოლოდროინდელ აუდიტს, რომლის დროსაც თქვენი ანგარიშის ბალანსი დადასტურდა PoR პროცესით.
აირჩიეთ კონკრეტული აუდიტი, რომლის შესახებაც გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მერკლის ხე.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქვემოთ, რათა შეამოწმოთ თქვენი ფინანსები და დამატებითი ინფორმაცია Binance-ის საფულეებისა და მათი შესაბამისი მისამართების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ რეზერვების მტკიცებულების ოფიციალურ გვერდს.
შეჯამება
თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ წვდომა PoR აუდიტზე, რათა გაიგოთ, ფლობს თუ არა კრიპტოვალუტის კასტოდიანი თქვენი და სხვა მომხმარებლების ფინანსების მთელ რეზერვებს. აუდიტების მიზანია არ მისცეს კრიპტო ბირჟებს მომხმარებლის აქტივების არადანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა და უზრუნველყოს კრიპტო სივრცის გამჭვირვალობის გაუმჯობესება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.