მთავარი დეტალები
SocialFi აერთიანებს დეცენტრალიზებული ფინანსების პრინციპებს და სოციალურ მედიას, რაც კონტენტ-კრეატორებს ანიჭებს თავიანთ მონაცემების კონტროლის და აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირის დამყარების შესაძლებლობას.
SocialFi ეკოსისტემა მიზნად ისახავს გადაჭრას ტრადიციული სოციალური პლატფორმებისთვის დამახასიათებელი პრობლემები, როგორიცაა კონტენტ-კრეატორების ჯილდოების არასამართლიანად განაწილება, ცენტრალიზებული კონტროლი და მონაცემების არასწორი გამოყენება.
ჩართულობის წასახალისებლად და გამჭვირვალე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად, SocialFi პლატფორმები იყენებენ ბლოკჩეინს, ტოკენომიკას და დეცენტრალიზებულ მმართველობას.
მისი ფართოდ დანერგვისთვის საჭიროა მასშტაბირებადობასთან და გრძელვადიან მდგრადობასთან დაკავშირებული სერიოზული გამოწვევების დაძლევა.
რა არის SocialFi?
SocialFi აერთიანებს სოციალურ მედიას და დეცენტრალიზებულ ფინანსებს და ქმნის პლატფორმებს, სადაც თქვენი ურთიერთქმედებები და ჩართულობა ფინანსურად ღირებული იქნება. ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ, გააზიაროთ და მიღოთ სარგებელი პირდაპირ თქვენი კონტენტიდან, ცენტრალიზებული შუამავლების საჭიროების გარეშე.
Patreon-ის მსგავსად, რომელსაც იყენებთ მხარდამჭერებისათვის ექსკლუზიური კონტენტის გაზიარებისთვის, SocialFi განიჭებთ სრულ კონტროლს წვდომაზე, ფასებზე და აუდიტორიის ჩართულობაზე. ციფრული კონტენტის მფლობელობა, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) სახით, რაც გაძლევთ ვერიფიცირებად უფლებებს თქვენს პოსტებზე, ხელოვნების ნიმუშებსა ან მედია მასალებზე.
მმართველობა SocialFi პლატფორმებზე შეიძლება განხორციელდეს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO-ები) საშუალებით; ეს თქვენ და საზოგადოების დანარჩენ წევრებს საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ გადაწყვეტილების მიღებაში და დაეხმაროთ პლატფორმას განვითარების მიმართულების ფორმირებაში.
SocialFi vs DeSoc
SocialFi-ს და დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელებს (DeSoc) აქვთ საზიარო ხედვა დეცენტრალიზაციასა და მომხმარებლის საკუთრების საკითხებში, თუმცა განსხვავებულია მათი ფოკუსირების სფეროები. SocialFi შექმნილია სოციალური ურთიერთობების მონეტიზაციისთვის, რაც მომხმარებლებსა და კონტენტ-კრეატორებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ თანხა ჩართულობის და კონტენტის მეშვეობით.
ხოლო DeSoc, ფინანსური წახალისებების ნაცვლად, ყურადღებას ამხვილებს საზოგადოებაზე, ურთიერთობებსა და ღია კომუნიკაციაზე. ეს შეიძლება შევადაროთ კონტენტ-კრეატორების შემოსავლებზე ორიენტირებულ Patreon-სა და კომუნიკაციასა და ურთიერთობებზე ფოკუსირებულ Instagram-ს შორის არსებულ განსხვავებას.
რისთვის არის საჭირო SocialFi?
სოციალურმა მედიამ შეცვალა ჩვენი კომუნიკაციის, ინფორმაციის გაზიარების და ჩვენი ურთიერთქმედბების მონეტიზაციის გზები, თუმცა ტრადიციული პლატფორმების უმეტესობა ჯერ კიდევ ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშაა. ამ პლატფორმებს შეუძლიათ შეცვალონ თქვენი მონაცემების გამოყენების მეთოდები, შეზღუდონ თქვენი კონტენტის ფლობის უფლება და განსაზღვრონ, თუ რამდენად ფასეულია თქვენი ონლაინ ურთიერთქმედება.
სოციალური ურთიერთქმედებების და Web3-ის პრინციპების თანხვედრით, SocialFi ალტერნატივას გთავაზობთ. სოციალური ტოკენების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი გავლენა და ჩართულობა და გარდაქმნათ თქვენი აქტივობა და რეპუტაცია ღირებულების მქონე აქტივებად.
პლატფორმის შემოსავლის მოდელის გამოყენების ნაცვლად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ სარგებელი პირდაპირ იმ კონტენტის მეშვეობით, რომელსაც თქვენ ქმნით. SocialFi ასევე ხელს უწყობს დეცენტრალიზებულ მოდერაციას, სადაც საზოგადოებები კოლექტიურად ხელმძღვანელობენ კურირების და მმართველობის პროცესებს.
პროექტები SocialFi-ის სივრცეში
Stars Arena
Stars Arena არის SocialFi პლატფორმა, რომელიც გაშვებულია Avalanche ქსელზე და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააკავშირონ თავიანთი X ანგარიშები და მოახდინონ სოციალური ურთიერთქმედებების მონეტიზაცია AVAX ტოკენების გამოყენებით. პლატფორმა შეიქმნა Friend.tech-ის ინსპირაციით, რაც წარმოადგენს წვდომაზე დაფუძნებულ მოდელს, რომელიც კონტენტ-კრეატორებს საშუალებას აძლევს თავიანთ მხარდამჭერებს ექსკლუზიური კონტენტი შესთავაზონ.
Mirror
Mirror არის Ethereum-ის ქსელზე გაშვებული დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ავტორებსა და კრეატორებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ, დააფინანსონ და გააზიარონ თავიანთი ნამუშევრები სმარტ კონტრაქტების გამოყენებით. ის წარმოადგენს ტრადიციული ბლოგინგის და Web3-ის ფუნქციების კომბინაციას, როგორიცაა NFT-ები და კრაუდფანდინგი, რაც კონტენტ-კრეატორებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ თავიანთი კონტენტის მფლობელობა და პირდაპირ დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას.
Farcaster
Farcaster არის დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, რომელიც გაშვებულია Optimism ბლოკჩეინზე და ორიენტირებულია მომხმარებელთა საკუთრებაში არსებულ იდენტობებზე და ღია პროტოკოლებზე. ის გთავაზობთ პოსტების გამოქვეყნების, სხვების დაფოლოვების და ღია სტრუქტურაზე აპლიკაციების შექმნის საშუალებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს გამჭვირვალობას, მონაცემთა პორტატულობას და მომხმარებლის მიერ სოციალური ინფორმაციის ხანგრძლივ კონტროლს.
რა უპირატესობები გააჩნია SocialFi-ს?
დეცენტრალიზებული საცავი: SocialFi პლატფორმები იყენებენ on-chain-ის და დეცენტრალიზებული off-chain-ის საცავების კომბინაციას, რათა დაიცვან მომხმარებლების მონაცემები. ეს ამცირებს ცენტრალიზებულ სერვერებზე დამოკიდებულებას და გეხმარებათ მონაცემების არასათანადო გამოყენების ან უკანონო წვდომის რისკების შემცირებაში.
ტოკენის ჯილდოები: ტოკენის ჯილდოების მიღება ჩართულობისთვის და კონტენტის გაზიარებისთვის შეუძლიათ როგორც კონტენტ-კრეატორებს, ისე ჩვეულებრივ მომხმარებლებს.
ყურადღების ტოკენიზაცია: მომხმარებლებს ეძლევათ მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნის სტიმული, რომელიც იქცევს ყურადღებას და უზრუნველყოფს ურთიერთქმედებებს.
კონტენტის მფლობელობა: კონტენტი რჩება მომხმარებლების მფლობელობაში, რაც გამორიცხავს მათ მიერ ატვირთულ კონტენტზე უფლებების დაკარგვის საფრთხეს.
დეპლატფორმიზაციისაგან დაცვა: ვინაიდან მმართველობას DAO-ები ახორციელებენ, ნაკლებია ცენტრალური ორგანიზაციის მიერ ანგარიშის უეცრად წაშლის და კონტენტის აკრძალვის რისკები.
სიტყვის თავისუფლება: ცენტრალიზებული ცენზურის პოტენციალის შემცირებით, SocialFi პლატფორმები ხელს უწყობენ ღია კომუნიკაციას და აზრის გამოხატვის უფლების დაცვას.
რა გამოწვევების წინაშე დგას SocialFi?
მასშტაბირებადობა
ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმებს, როგორიცაა Facebook და X, შეუძლიათ ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება და ისინი მხარდაჭერილია ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ადვილად შეუძლია გაფართოვდეს მილიონობით მომხმარებლამდე. მაგალითად, მხოლოდ Facebook ყოველდღიურად რამდენიმე პეტაბაიტის ოდენობის მონაცემებს აგენერირებს პოსტებიდან, კომენტარებიდან და ატვირთული მედიიდან.
ამ დონის ეფექტურობის გამეორება დეცენტრალიზებულ გარემოში რთულია, რადგან Web3 ქსელები ცენტრალიზებული სერვერების ნაცვლად იყენებენ განაწილებულ ნოდებს. დეველოპერები ეძებენ გადაწყვეტებს, როგორიცაა შარდინგი, off-chain საცავი და სხვა მასშტაბირებადობის მეთოდები, რათა დაეხმარონ SocialFi აპლიკაციებს დიდი მოცულობის კონტენტის ეფექტურად მართვაში და ამავდროულად შეინარჩუნონ დეცენტრალიზაცია.
მდგრადობა
დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოსაზიდად, ზოგიერთი SocialFi პლატფორმა მათ ტოკენების ჯილდოებს გვთავაზობს, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა არასტაბილური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კაპიტალის ტოკენიზაციის იდეა ძალიან ინოვაციურია, ამ ტოკენების ღირებულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინფლუენსერის ქმედებებთან. მაგალითად, ინფლუენსერის ნეგატიურ პოსტს შეუძლია მისი სოციალური ტოკენების ღირებულების შემცირება, ხოლო ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი უკუკავშირის ციკლი.
შეჯამება
SocialFi აერთიანებს სოციალური მედიის ნაცნობ ფუნქციებს, Web3-ის მიერ უზრუნველყოფილ გამჭვირვალობას და მომხმარებლის მფლობელობის უფლებას. ეს განიჭებთ მეტ კონტროლს თქვენს კონტენტზე, მონაცემებზე და ურთიერთობებზე და ამავდროულად ქმნის ონლაინ მონაწილეობის და მოგების მიღების ახალ გზებს. SocialFi პლატფორმების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გაუმკლავდებიან გამოწვევებს, როგორიცაა მასშტაბირებადობა, მდგრადობა და პოპულარიზაცია.
დამატებითი საკითხავი
რა არის მონაცემთა ტოკენიზაცია და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი (AI) NFT ხელოვნების ეკოსისტემაზე?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.