რა არის „ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრები“ (ICM)?

რა არის „ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრები“ (ICM)?

განახლებული Jul 6, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • „ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრები“ წარმოადგენს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმებს, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს ახალი პროექტების გაშვების ან ინვესტირების საშუალებას, ტრადიციული საბანკო სისტემის ან ვენჩურული კაპიტალის მეთოდების საჭიროების გარეშე.

  • ICM პლატფორმები იყენებს ფასების განსაზღვრის ავტომატურ მექანიზმებს, რომელსაც დამაკავშირებელ მრუდებს ვუწოდებთ. მათი მეშვეობით ხდება ტოკენების ფასების განსაზღვრა მიწოდებისა და მოთხოვნის მაჩვენებლების საფუძველზე, პროცესებში ტრადიციული ფინანსური სუბიექტების ჩართვის საჭიროების გარეშე.

  • ICM ტოკენების მეშვეობით შესაძლებელია მმართველობის პროცესებში მონაწილეობა, სხვადასხვა პროექტზე ადრეული წვდომის ან სამომავლო შემოსავლის წილის მოპოვება, თუმცა, ICM ტოკენების ფლობა არ არის კომპანიის აქციების ფლობის ანალოგიური.

  • აღნიშნული სივრცე მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, როგორიცაა თაღლითური სქემები, rug pull-ები, ფასების მკვეთრი ცვლილებები და მარეგულირებელ პროცესებთან დაკავშირებული შეზღუდვები.

  • ICM პლატფორმებმა, როგორც ინტერნეტ-სივრცეში არსებული კაპიტალის მოზიდვის პროცესების ბლოკჩეინ-სისტემაში გადმოტანის ეფექტურმა საშუალებამ, 2025 წელს ფართო აღიარება მოიპოვა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი Solana ბლოკჩეინმა ითამაშა.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია ახალი იდეისთვის კაპიტალის მოზიდვა ინტერნეტში მხოლოდ ერთი პოსტის განთავსებით და დაფინანსების მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სულ რამდენიმე წუთში - სწორედ ეს არის „ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრების“ (ICM) ფუნდამენტური პრინციპი. აღნიშნული კონცეფცია ოფიციალურად 2025 წლის დასაწყისში იქნა ფორმულირებული და მყისიერად მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ტოკენების გამომშვები ახალი პლატფორმების გამოჩენამ განაპირობა, რომლებმაც ციფრული აქტივების შექმნა და მათი მეშვეობით ვაჭრობა მინიმალური ტექნიკური ცოდნის პირობებშიც კი გახადეს შესაძლებელი.

ICM პლატფორმები იყენებს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ინსტრუმენტებს, რაც კაპიტალის ფორმირების პროცესს ტრადიციულ დაფინანსებასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს და ღიას ხდის.

სტარტაპების დაფინანსების ტრადიციული მოდელი მოიცავს საპრეზენტაციო შეხვედრებს, კომპანიის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მოპოვების საჭიროებას, სამართლებრივ პროცესებსა და დოკუმენტაციას და თვეობით ლოდინს. ICM მიზნად ისახავს ამ ბარიერების უმეტესობის აღმოფხვრას პროცესის საჯარო ბლოკჩეინზე გადატანის გზით. შედეგად, ინტერნეტ-კავშირისა და თავსებადი ციფრული საფულის მქონე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს პროცესებში, როგორც იდეის ავტორი (პროექტის გაშვებით) ან ადრეული მხარდამჭერი.

აღნიშნული მოდელი ეფუძნება მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO) და DeFi სისტემების ადრეულ კონცეფციებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მეტი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური მედიის მეშვეობით განხორციელებული განაწილების პროცესებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ავტომატიზებულ მექანიზმებს. ტოკენების შექმნა შესაძლებელია სოციალურ ქსელში მარტივი ინტერაქციით - მაგალითად, პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნებულ პოსტზე პასუხის გაცემით, სადაც მხოლოდ პროექტის დასახელებისა და ტიკერის სიმბოლოს მითითებაა საჭირო.

როგორ მუშაობს „ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრების“ (ICM)?

ICM პლატფორმები, როგორც წესი, სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: ტოკენების შექმნის ხელსაწყო, ფასების განსაზღვრის ავტომატური მექანიზმი და სოციალური პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება პროექტების პოტენციურ მხარდამჭერებთან დაკავშირება. ავტორის მიერ პროექტის გაშვებისას, სპეციალური ბოტი ან სმარტ კონტრაქტი ავტომატურად ახდენს ტოკენის გენერირებას და ადგენს ფასწარმოქმნის მრუდს, რაც ყოველგვარი კოდის დაწერის გარეშეა შესაძლებელი.

ფასების განსაზღვრის აღნიშნულ მექანიზმს დამაკავშირებელი მრუდი ეწოდება. მისი მეშვეობით ხდება ფასების შეძენილი აქტივების რაოდენობის მიხედვით კორექტირება. ადრეული მხარდამჭერებს ეძლევათ შედარებით დაბალი ფასებით სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო შესყიდვების მატებასთან ერთად, ფასი ავტომატურად იზრდება. ეს მექანიზმი მომხმარებლების ადრეული ჩართულობის წახალისებას უზრუნველყოფს, თუმცა, ამავდროულად, გულისხმობს იმასაც, რომ დიდი ოდენობით აქტივების მფლობელების მიერ გაყიდვის შემთხვევაში, ფასი შესაძლოა მკვეთრად დაეცეს.

გარდა ამისა, ICM პლატფორმების უმეტესობა იყენებს ე.წ. ეტაპობრივი გადასვლის მექანიზმს. როდესაც ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია გარკვეულ ზღვარს - როგორც წესი, დაახლოებით 100 000 აშშ დოლარს - მიაღწევს, ხდება მისი გადასვლა დამაკავშირებელი მრუდიდან დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX), რაც დამატებით ლიკვიდურობას უზრუნველყოფს. ეს ორეტაპიანი მოდელი ხელს უწყობს აქტივის საწყისი ფასის ფორმირებას, სანამ მისი მეშვეობით ფართომასშტაბიან ბაზრებზე ვაჭრობა გახდება შესაძლებელი.

კიდევ ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ავტორის ჰონორარის მოდელია. ICM პლატფორმები, როგორც წესი, ტოკენის შემქმნელებს სავაჭრო საკომისიოების ნაწილს - ზოგჯერ დაახლოებით 50%-ს - უზიარებენ. ეს თანხები ხშირად დროებითი ბლოკირების პრინციპით ნაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორები კუთვნილ წილს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად იღებენ.

ეს სტრუქტურა მიზნად ისახავს პროექტის ავტორთა წახალისებას, რათა მათ განაგრძონ მუშაობა და განვითარება, ნაცვლად პროექტის გაშვებისთანავე დატოვებისა.

მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს ესაჭიროებათ ICM პლატფორმის ბლოკჩეინთან თავსებადი Web3 საფულე. ICM აქტივობების ძირითადი ნაწილი ამჟამად Solana ბლოკჩეინზე მიმდინარეობს, რაც განპირობებულია მისი ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა ტრანზაქციების დაბალი საკომისიოები და სწრაფი დადასტურება. საფულის დაკავშირების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ პროექტები, შეიძინონ ტოკენები და, ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

აღნიშნული მოდელი გარკვეულწილად ასახავს ტრადიციული კაპიტალის ბაზრების სტრუქტურას, თუმცა გამორიცხავს ორგანიზაციული დონის შუამავლების პროცესებში ჩართვის საჭიროებას. ნაცვლად პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ვენჩურული კაპიტალისტების მიერ მიღებისა, ბაზარი თავად განსაზღვრავს, თუ რომელი წამოწყება მოიპოვებს მხარდაჭერასა და ინტერესს მყიდველთა მხრიდან.

რა არის ICM ტოკენები?

ICM ტოკენები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომლებიც დაკავშირებულია ICM პლატფორმების მეშვეობით გაშვებულ კონკრეტულ პროექტებთან. კონკრეტული ტოკენის სტრუქტურიდან გამომდინარე, მის მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში, მოიპოვოს ადრეული წვდომა სხვადასხვა ფუნქციასა და ტოკენზე ან მიიღოს წილი სამომავლო მოგებიდან, თუკი პროექტი ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდება.

თუმცა, ICM ტოკენები არ უნდა აგვერიოს აქციებში. აქტივის შეძენა არ გულისხმობს საბაზისო პროექტთან დაკავშირებით საკუთრების უფლების ან მის აქტივებთან დაკავშირებით რაიმე მოთხოვნის დაფიქსირების უფლების მოპოვებას. თქვენი უფლებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება პროექტის სმარტ კონტრაქტის კოდითა და შემქმნელის მიერ დადგენილი პირობებით. ამასთან, არ არსებობს გარანტია აღნიშნული უფლებების რეალურად აღსრულებასთან დაკავშირებით.

ბევრ ICM ტოკენს უფრო მეტი საერთო აქვს community ტოკენებთან და სპეკულაციურ აქტივებთან, ვიდრე სტანდარტულ აქციებთან. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა governance ტოკენების მსგავსად ფუნქციონირებდეს, რაც, მაგალითად, გულისხმობს მფლობელებისთვის პროექტთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას. სხვა ტოკენების მეშვეობით, შესაძლებელია კონკრეტულ ფუნქციებზე წვდომის ან სამომავლო შემოსავლის წილის მიღების შესაძლებლობის მოპოვება.

ამ აქტივების ფასს, როგორც წესი, საზოგადოების განწყობა, ონლაინ სივრცეში არსებული ინტერესი და საწყისი დინამიკა განსაზღვრავს და არა თავად პროექტის ფუნდამენტური ბიზნეს-მაჩვენებლები.

ICM ტოკენების დადებითი და უარყოფითი მხარეები

პოტენციური უპირატესობები

ხელმისაწვდომობა: მონაწილეობის მიღება შეუძლია თავსებადი ციფრული საფულის მქონე ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობის თუ აკრედიტებული ინვესტორის სტატუსისა. ICM პლატფორმების მიზანია იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც ადრეულ საინვესტიციო ეტაპებზე მხოლოდ მცირე ჯგუფის მონაწილეობას უზრუნველყოფდა.

სისწრაფე: ტოკენების შექმნისა და განაწილების პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე კაპიტალის მოზიდვის ტრადიციული მეთოდების შემთხვევაში. ეს პროექტებს საშუალებას აძლევს, ადრეულ ეტაპზევე გამოსცადონ იდეები და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა.

გამჭვირვალობა: ვინაიდან ტოკენის ფუნქციონირების მექანიზმები საჯარო ბლოკჩეინებზე არსებული სმარტ-კონტრაქტებით განისაზღვრება, საბაზისო წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

24/7 ხელმისაწვდომობა: ICM ტოკენების ბაზრები, ტრადიციული საფონდო ბირჟებისგან განსხვავებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

შემქმნელების წახალისება: საკომისიოს გაზიარების მოდელი ხელს უწყობს პროექტის ავტორთა გრძელვადიან ჩართულობას, რაც უზრუნველყოფს დამფუძნებლებისა და ტოკენის მფლობელების ინტერესების ურთიერთთავსებადობას.

ძირითადი რისკები

თაღლითობა და rug pull-ები: ICM პლატფორმებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, არ არსებობს დადგენილი და დამკვიდრებული მარეგულირებელი ჩარჩოები. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ადგილი ქონდეს შემთხვევებს, როდესაც თაღლითური პროექტების ავტორები აღნიშნული პროექტის მეშვეობით მოიპოვებენ თანხებს და შემდეგ უკვალოდ ქრებიან. ტოკენების შექმნის გამარტივებული პროცესი კი მნიშვნელოვნად ამარტივებს შეცდომაში შემყვანი თუ აშკარად თაღლითური პროექტების შექმნას.

მერყეობა: ICM პლატფორმებზე ტოკენების ფასები შესაძლოა მკვეთრად და სწრაფად შეიცვალოს. მრავალი ტოკენს გააჩნია meme მონეტების მსგავსი მახასიათებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ღირებულებას უფრო მეტად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი განსაზღვრავს, ვიდრე რეალური პრაქტიკული სარგებელი.

სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკები: ტოკენის კონტრაქტების ბაგები და ექსპლოიტები შესაძლოა თანხების სამუდამოდ დაკარგვის გამომწვევი მიზეზი გახდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ პროექტთან მიმართებაში არ ხორციელდება უსაფრთხოების აუდიტი.

მარეგულირებელი ჩარჩოების ნაკლებობა: სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშე, მომხმარებელს თითქმის არ გააჩნია უფლებების აღდგენის ბერკეტი იმ შემთხვევაში, თუკი პროექტი ყალბი ან წარუმატებელი აღმოჩნდება. ტრადიციული საინვესტიციო ბაზრებისგან განსხვავებით, ICM პლატფორმების შემთხვევაში არ არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ინვესტორთა ინტერესებს დაცვაზე ზრუნავს.

ლიკვიდურობასთან დაკავშირებული რისკები: შედარებით მცირემასშტაბიანი ან ახალი ICM ტოკენებისთვის დამახასიათებელია შეზღუდული სავაჭრო მოცულობა, რაც ართულებს მათ სასურველ ფასად გაყიდვას.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა განსხვავებაა ICM ტოკენებსა და აქციებს შორის?

აქციები წარმოადგენს კომპანიის წილის ფლობის კანონიერ უფლებას და მათთან მიმართებაში მოქმედებს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული პრივილეგიები. ICM ტოკენები კი არის ციფრული აქტივები, რომელთა თვისებებსაც სმარტ-კონტრაქტის კოდი განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტოკენების მეშვეობით შესაძლებელია მმართველობის პროცესებში მონაწილეობის ან სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობის მოპოვება, ისინი არ გვთავაზობს სამართლებრივი ფლობის უფლებებს და არ ექვემდებარება იმავე მარეგულირებელ პროცედურებს, რომლებსაც საჯარო სავაჭრო ფასიანი ქაღალდები. მარეგულირებელ ჩარჩოებს დაქვემდებარებული security ტოკენები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ კატეგორიას წარმოადგენს, ICM ტოკენებისგან განსხვავებით, ექვემდებარება ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში მოქმედ რეგულაციებს.

რეგულირდება თუ არა ICM პლატფორმები?

დღესდღეობით, ICM პლატფორმების უმეტესობა პირდაპირი მარეგულირებელი ზედამხედველობის გარეშე ფუნქციონირებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გამოხატა მზადყოფნა, ტოკენებზე დაფუძნებული ბაზრების ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევასთან დაკავშირებით.

ისეთი ინიციატივები, როგორიცაა 2025 წელს შემოთავაზებული საპილოტე „Project Open“ და უფრო ფართომასშტაბიანი „Project Crypto“ საგზაო რუკა, რომელიც SEC-ის თავმჯდომარის, პოლ ატკინსის ხელმძღვანელობით მომზადდა, მიუთითებს იმაზე, რომ რეგულაციების შემოღება, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.

მიუხედავად ამისა, 2026 წლის შუა პერიოდისთვის, ICM პლატფორმების მარეგულირებელი გარემო კვლავ ფრაგმენტულობით ხასიათდება და ფორმირების პროცესშია. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებთან შედარებით, მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები გაცილებით მწირია.

რა არის დამაკავშირებელი მრუდი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ICM-ისთვის?

დამაკავშირებელი მრუდი წარმოადგენს მათემატიკურ ფორმულას, რომელიც განსაზღვრავს ტოკენის ფასს მისი მიმდინარე მარაგის მიხედვით. მოთხოვნის ზრდასთან და ტოკენების შესყიდვასთან ერთად ფასი მატულობს, ხოლო მათი გაყიდვისას - იკლებს. დამაკავშირებელი მრუდები ICM პლატფორმებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ ფასების განსაზღვრის პროცესების ავტომატიზაცია ტრადიციული შეკვეთების წიგნისა თუ მარკეტ-მეიკერის საჭიროების გარეშე. ამასთან, აღნიშნული სისტემის მეშვეობით ხდება ადრეული მომხმარებლებისთვის წამახალისებელი მოდელების დანერგვა, რაც ხშირად ფასის სწრაფი და მკვეთრი ცვლილების მიზეზი ხდება.

არსებობს თუ არა თანხის დაკარგვის რისკი ICM ტოკენების გამოყენების შემთხვევაში?

დიახ, ICM ტოკენების ღირებულება შეიძლება სწრაფად შემცირდეს, პროექტების დიდ ნაწილს კი საერთოდ არ გააჩნდეს გრძელვადიანი ღირებულება. კრიპტოვალუტების იმ ბაზრებზე, სადაც არ არის დამკვიდრებული მარეგულირებელი ჩარჩოები, თაღლითობის რისკი ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, საინვესტიციოდ მხოლოდ ისეთი თანხა უნდა გამოიყენოთ, რომლის სრულად დაკარგვისთვისაც მზად ხართ, ხოლო ნებისმიერ პროექტში ჩართვამდე აუცილებელია წინასწარი, დეტალური მოკვლევის განხორციელება.

როგორ უნდა დავიწყოთ ICM ტოკენების გამოყენება?

მონაწილეობისთვის დაგჭირდებათ იმ ბლოკჩეინთან თავსებადი Web3 საფულე, რომელსაც ICM პლატფორმა იყენებს. Solana-ზე დაფუძნებული პლატფორმების შემთხვევაში, რომლებზეც მოდის ICM აქტივობის უდიდესი ნაწილი, დაგჭირდებათ Solana-სთან თავსებადი საფულე. თქვენი საფულის შესაბამისი კრიპტოვალუტით შევსების და ICM პლატფორმასთან დაკავშირების შემდეგ, შეძლებთ სასურველი ტოკენების მოძიებასა და შეძენას. თუმცა, ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე, აუცილებლად აწარმოეთ დამოუკიდებელი მოკვლევა და მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია პროექტისა და პლატფორმის შესახებ.

შეჯამება

„ინტერნეტ-კაპიტალის ბაზრები“ წარმოადგენს ახალ მიდგომას ფინანსების მოზიდვისა და საზოგადოებრივი ინვესტიციების პროცესებთან მიმართებაში, რასაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია და სმარტ კონტრაქტები უზრუნველყოფს. ეს სისტემა საგრძნობლად უმარტივებს საქმეს როგორც პროექტის ავტორებს, ისე ინვესტორებს, საკომისიოების განაწილების მექანიზმი კი უზრუნველყოფს დამატებით წახალისებას გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის.

ამავე დროს, მარეგულირებელი ჩარჩოს არარსებობა, თაღლითობის მაღალი მაჩვენებელი და ტოკენების უმეტესობის სპეკულაციური ხასიათი ამ სფეროს მაღალი რისკის შემცველ სივრცედ აქცევს. მართალია, 2025-2026 წლების მარეგულირებელი ინიციატივები კონტროლის გამკაცრებაზე მიანიშნებს, მაგრამ ამჟამად მათ, ვინც ICM ტოკენების შეძენას გეგმავს, უმჯობესია, აწარმოოს დეტალური მოკვლევა პროექტებთან და მათი მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით და გამოჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.