რა არის დამაკავშირებელი მრუდი კრიპტოს კონტექსტში?
მთავარი
სტატიები
რა არის დამაკავშირებელი მრუდი კრიპტოს კონტექსტში?

რა არის დამაკავშირებელი მრუდი კრიპტოს კონტექსტში?

განახლებული Feb 8, 2025
8m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლების ერთმანეთთან დაკავშირებით, დამაკავშირებელი მრუდი გვთავაზობს მათემატიკურ სტრუქტურას, რომელიც კრიპტო ინდუსტრიაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასების განსაზღვრისთვის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის.

  • ტოკენის ფასის და განაწილების პროცესის კონფიგურაციისთვის, პროექტებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის მრუდები, მაგალითად ხაზოვანი, ექსპონენციური, ლოგარითმული და საფეხურებრივი მრუდები. 

  • მიუხედავად იმისა, რომ ტოკენის არასტაბილურობის და მასთან დაკავშირებული რისკების გამო სრული თვითუზრუნველყოფა გარანტირებული არ არის, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა pump.fun, იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რომ დამაკავშირებელ მრუდს შეუძლია ხელი შეუწყოს ტოკენის პროგნოზირებად გაშვებას და ბაზარზე ადრეულ ეტაპზე მონაწილეობას. 

შესავალი

მიწოდება და მოთხოვნა უძველესი ეკონომიკური პრინციპებია და უკვე საუკუნეებია, რაც ბაზრების ფორმირების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს. ისინი გავლენას ახდენს ყველაფერზე, დაწყებული იშვიათი ძვირფასეულობის ღირებულებით და დამთავრებული ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების, მაგალითად რძის და კვერცხის ფასებით. თუმცა როგორ შეიძლება ეს ფუნდამენტური კონცეფციები ეხებოდეს კრიპტო სფეროს, სადაც აქტივები მხოლოდ ციფრული ფორმით არსებობს? 

კრიპტოს ეკოსისტემა უამრავ მათემატიკურ კონცეფციას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი კონცეფციაა დამაკავშირებელი მრუდები, რაც განსაზღვრავს კონკრეტული აქტივის ფასის კავშირს მიწოდების მაჩვენებელთან.

რაც უფრო მეტ ტოკენს ყიდულობს მომხმარებელი, მით მეტად იზრდება მისი ფასი, ხოლო ტოკენის გაყიდვის ან ცირკულაციიდან ამოღების შემთხვევაში, როგორც წესი, მისი ფასი ეცემა. ეს არის დამაკავშირებელი მრუდის ტრადიციული მოდელი და მექანიზმი, რომლის დანიშნულებაა ბაზრის ადრეული მონაწილეების და ტრეიდერების დახმარება. 

დამაკავშირებელი მრუდები წარმოადგენს ტოკენომიკის მათემატიკური სტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტს. პოპულარული პლატფორმები, მაგალითად pump.fun, ფასების განსაზღვრის, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ტოკენის განაწილების პროცესის ავტომატიზაციისთვის იყენებენ დამაკავშირებელი მრუდების მექანიზმს. 

მოდით გავეცნოთ დამაკავშირებელი მრუდების ფუნქციებს, მრუდების სხვადასხვა ტიპს და მათ მნიშვნელობას კრიპტო ინდუსტრიაში. 

რა არის დამაკავშირებელი მრუდები?

დამაკავშირებელი მრუდები წარმოადგენს მათემატიკურ მოდელებს, რომელთა დანიშნულებაა კრიპტო აქტივების მიწოდების მაჩვენებელსა და მათ ფასებს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა. მათი მართვა ხდება ალგორითმის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრული ფორმულა ავტომატურად აკორექტირებს აქტივის ფასს მიწოდების მაჩვენებლის შესაბამისად. 

ეს რესურსების მართვის პროცესის ანალოგიურია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. როდესაც რესურსზე მოთხოვნა იზრდება, მისი ხელმისაწვდომობა კი შეზღუდულია, როგორც წესი, ეს ამ რესურსის ფასის ზრდას იწვევს. დამაკავშირებელი მრუდები ამ პრინციპის კრიპტოს ბაზარზე დანერგვას ემსახურება, რისი მეშვეობითაც ხდება ტოკენების ფასის კორექტირება მიწოდების მაჩვენებლის შესაბამისად. 

დამაკავშირებელი მრუდების მექანიზმით ფასების განსაზღვრის მართვისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები, რისი წყალობითაც ბლოკჩეინის ქსელებზე ეს პროცესი ავტომატური, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულია. 

როგორ მუშაობს დამაკავშირებელი მრუდები?

დამაკავშირებელი მრუდების მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი საკმაოდ მარტივია: რაც მეტ ტოკენს ყიდულობს მომხმარებელი, მით მეტად იზრდება ცირკულაციაში არსებული მარაგი და შესაბამისად, იზრდება მისი ფასი. ხოლო გაყიდული ტოკენების რაოდენობის ზრდასთან ერთად მცირდება ცირკულაციაში არსებული მარაგი, რის გამოც მცირდება მისი ფასი. 

ამ იდეის საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ ახალი პროექტი, რომელიც უშვებს ტოკენებს დამაკავშირებელი მრუდის მექანიზმის გამოყენებით. საწყის ეტაპზე მოთხოვნის დაბალი მაჩვენებლის გამო, მყიდველები ამ ტოკენებს სავარაუდოდ დაბალ ფასად შეიძენენ. 

თუმცა თუ ტოკენის პოპულარობა გაიზრდება და მეტი ტრეიდერი გადაწყვეტს მის შეძენას, ცირკულაციაში არსებული მარაგი გაიზრდება და ახალი ტოკენის დამზადება მოხდება დამაკავშირებელი მრუდის შესაბამისად, რაც ფასის ზრდას გამოიწვევს. 

გაყიდვის ან ყიდვის პროცესის გაგრძელების პარალელურად, დამაკავშირებელი მრუდის ავტომატიზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მისი ლიკვიდურობის შენარჩუნებას. პროექტებმა შეიძლება განახორციელონ დამაკავშირებელი მრუდის ტოკენომიკის კორექტირება მათემატიკური მოდელების გამოყენებით, საკუთარი უნიკალური მრუდების შექმნის მიზნით. მრუდების ტიპების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფორმა: ხაზოვანი, ექსპონენციური და ლოგარითმული მრუდები.

ხაზოვანი დამაკავშირებელი მრუდები

ამ მექანიზმის ყველაზე მარტივ მათემატიკურ მოდელს წარმოადგენს ხაზოვანი დამაკავშირებელი მრუდი. ამ მოდელის მიხედვით, ტოკენის ფასი იზრდება გაყიდული ტოკენების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად და შესაბამისად იზრდება ცირკულაციაში არსებული მთლიანი მარაგი. ყოველი ახალი ტოკენის დამზადებისას ან გაყიდვისას, მისი ფასი იზრდება წინასწარგანსაზღვრული, ფიქსირებული მაჩვენებლით. 

ქვემოთ მოცემულია ხაზოვანი დამაკავშირებელი მრუდის მაგალითი, რომელიც წარმოადგენს დამაკავშირებელი მრუდის უმარტივეს ტიპს. 

ხაზოვანი დამაკავშირებელი მრუდი

ექსპონენციური დამაკავშირებელი მრუდები

ექსპონენციური დამაკავშირებელი მრუდის შემთხვევაში, ტოკენის ფასი მოცემულ მომენტში ექსპონენციურად არის დაკავშირებული ცირკულაციაში არსებულ მარაგთან. თუ ტოკენის შეძენის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება, ფასი გაორმაგებულ მაჩვენებელზე მეტი გახდება, ანუ მისი ღირებულება გაცილებით სწრაფად გაიზრდება. 

ექსპონენციური მრუდებით ყველაზე მეტ სარგებელს ტოკენის ადრეულ ეტაპზე მყიდველები იღებენ, რომელთაც შეუძლიათ ამ ტოკენების გაყიდვა მოგვიანებით, მათზე მოთხოვნის ზრდის შემდეგ. შესაბამისად, ამ ტიპის მრუდს პროექტები იყენებენ ადრეულ ეტაპზე მონაწილეობის წახალისების მიზნით. ტოკენის ადრეულ ეტაპზე ყიდვას თან ახლავს გარკვეული რისკები, თუმცა პროექტის წარმატების შემთხვევაში, მყიდველები მეტ მოგებას იღებენ.

ქვემოთ მოცემულია ექსპონენციური დამაკავშირებელი მრუდის მარტივი მაგალითი. როგორც ხედავთ, მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ტოკენის ფასი.

ექსპონენციური დამაკავშირებელი მრუდი

ლოგარითმული დამაკავშირებელი მრუდები

ლოგარითმული მრუდის შემთხვევაში, მეტი ტოკენის დამზადება იწვევს ამ ტოკენების ფასის ზრდას. თუმცა მარაგის ზრდასთან ერთად მცირდება ფასის ზრდის ტემპი. როგორც წესი, ეს მოდელი უფრო მომგებიანია ადრეული ეტაპის ტრეიდერებისთვის, რადგან ფასის უეცარი მატების შემდეგ, მისი ზრდის ტემპი თანდათან მცირდება. 

ლოგარითმულ მრუდს შეუძლია პროექტისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ამ პირველი მყიდველების მეშვეობით, რომელთაც სურთ ადრეულ ეტაპზე სწრაფი მოგების მიღება. ქვემოთ მოცემულია ლოგარითმული დამაკავშირებელი მრუდის მარტივი მაგალითი. 

ლოგარითმული დამაკავშირებელი მრუდი

ხაზოვანი, ექსპონენციური და ლოგარითმული მრუდები ყველაზე გავრცელებული ტიპებია, თუმცა DeFi პროექტებში სხვა სახის მრუდებიც გამოიყენება. მათ შორისაა საფეხურებრივი დამაკავშირებელი მრუდები ფასის საკვანძო ეტაპების შესაბამისად მატებისთვის და S-ფორმის მრუდები ფასის ფაზური ზრდისა და სტაბილიზაციისთვის. ასევე არსებობს ინვერსიული დამაკავშირებელი მრუდები, რა დროსაც ტოკენის ფასი მაღალია საწყის ეტაპზე და შემდეგ ეცემა მარაგის ზრდასთან ერთად.

დამაკავშირებელი მრუდების პრაქტიკული გამოყენება

ახლა, როდესაც უკვე განვიხილეთ დამაკავშირებელი მრუდების თეორია, მოდით გავეცნოთ ამ მექანიზმების პრაქტიკულ გამოყენებას pump.fun პლატფორმის მაგალითზე. Solana-ს ბლოკჩეინზე გაშვებული pump.fun წარმოადგენს ტოკენების გაშვების და სავაჭრო დეცენტრალიზებულ პლატფორმას. ის ახდენს ფასების განსაზღვრის, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ტოკენის განაწილების პროცესის ავტომატიზაციას სმარტ კონტრაქტების გამოყენებით.

pumpfun-ის დამაკავშირებელი ბმული

Pump.fun მომხმარებელს აძლევს საკუთარი ტოკენების, ძირითადად meme მონეტების შექმნის და განაწილების შესაძლებლობას. ამ საზოგადოების მიერ შექმნილ მონეტებს არ აქვს რეალური ღირებულება, თუმცა პოპულარობის ზრდის შემთხვევაში, მათი ფასი შეიძლება გაიზარდოს. ამ პლატფორმის საფუძველს წარმოადგენს დამაკავშირებელი მრუდები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება ამ ეკოსისტემაში ტოკენების შექმნის, ღირებულების განსაზღვრის და გაყიდვის მეთოდები.

ტრადიციული კრიპტოვალუტებისა და meme მონეტებისგან განსხვავებით, რომელთა ფასს განსაზღვრავს სპეკულაციური ვაჭრობა და აჟიოტაჟი, ფასის სტაბილურობის და გამჭვირვალობის შენარჩუნების მიზნით, pump.fun იყენებს გლუვ დამაკავშირებელ მრუდს. ეს უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას, რადგან როდესაც მეტი მომხმარებელი ყიდულობს ან ყიდის ტოკენს, წინასწარ განსაზღვრული მათემატიკური ფუნქციის გამოყენებით ხდება ამ ტოკენის ფასის მატება ან კლება. 

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გაეშვა ახალი ტოკენი. დამაკავშირებელ მრუდში წინასწარ არის განსაზღვრული, რომ პირველი ტოკენის ფასი იქნება 0,1 SOL, ხოლო მეტი ტოკენის გაყიდვის შემდეგ მისი ფასი ნელ-ნელა მოიმატებს. 

მაგალითად, პირველი 500 ტოკენის გაყიდვის შემდეგ, ფასი უნდა გაიზარდოს 0,2 SOL-მდე, ხოლო 1000 ტოკენის გაყიდვის შემდეგ მისმა ფასმა შეიძლება მიაღწიოს 0,4 SOL-ს. ტოკენის გაყიდვების ზრდასთან და ცირკულაციაში არსებული მარაგის მატებასთან ერთად, ფასის მატების ინტერვალები შეიძლება გაიზარდოს. 

pump.fun-ზე შეგიძლიათ იხილოთ დამაკავშირებელი მრუდის პროგრესის ამსახველი გამოსახულება. ეს პროცენტის ზოლი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ტოკენების ყიდვის და გაყიდვის შესაბამისად. გარდა ამისა, როდესაც ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებელს, მას მიენიჭება „მწვერვალის მეფის“ ტიტული. ეს არის pump.fun-ის მიერ ორგანიზებული კონკურსი, რომელში გამარჯვებული ტოკენის ხილვადობა იზრდება მანამ, სანამ სხვა ტოკენი მის ადგილს არ დაიკავებს. 

მწვერვალის მეფე pump fun-ზე

როდესაც ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებელს და დამაკავშირებელი მრუდის პროგრესის ზოლი მიუახლოვდება 100%-ს, ის ავტომატურად გადავა Raydium-ზე და ამ ბირჟიდან გაგრძელდება ამ ტოკენით ვაჭრობა. არსებითად, pump.fun აერთიანებს დამაკავშირებელი მრუდით გენერირებული SOL-ის ნაწილს ამ ტოკენებთან და ქმნის სავაჭრო პულს Raydium-ზე. ქვემოთ მოცემულია pump.fun-ზე განხორციელებული დეტალური პროცესი. 

ტოკენის გაშვების მექანიზმი pump fun-ზე

ეს სტრუქტურა ადრეულ მყიდველებს აძლევს ტოკენის დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობას, ხოლო მოგვიანებით შეძენის შემთხვევაში მყიდველებს მეტი ფასის გადახდა უწევთ. ეს ასევე წარმოადგენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ დამაკავშირებელი მრუდები DeFi-ზე და გვაჩვენებს, რომ თვითუზრუნველყოფადი ბაზრების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მიწოდების და მოთხოვნის დინამიკის საფუძველზე.

შეჯამება

ბაზრების ფორმირება ეფუძნება მიწოდების და მოთხოვნის უძველეს პრინციპს, ხოლო ეს მათემატიკური მოდელები წარმოადგენს კრიპტო ინდუსტრიაში ციფრული აქტივების მართვის ანალოგიური სტრუქტურის შექმნის მცდელობას. როგორც აღვნიშნეთ, დამაკავშირებელი ბმულების მეშვეობით შესაძლებელია ლიკვიდურობის, ზოგ შემთხვევაში კი სტაბილურობის უზრუნველყოფა ფასების განსაზღვრის ამ უძველესი კონცეფციების DeFi სივრცეში დანერგვის წყალობით. 

პლატფორმები, როგორიცაა pump.fun, წარმოადგენს დამაკავშირებელი მრუდების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს, სადაც ხაზგასმულია მათი მეშვეობით ადრეულ ეტაპზე მონაწილეობის და ლიკვიდურობის მართვის შესაძლებლობები. მიწოდების და მოთხოვნის პრინციპი ტრადიციულ ბაზრებში საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, დამაკავშირებელი მრუდების მსგავს მათემატიკურ მოდელებს კი კრიპტო ინდუსტრიისთვის ანალოგიური პრინციპების შეთავაზება შეუძლია. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.