პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ს არ გააჩნია არავითარი კავშირი ამ პროექტებთან და არ ახდენს მათ პოპულარიზაციას. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერ ფინანსურ რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
Meme მონეტები გახლავთ მიმების შთაგონებით შექმნილი კრიპტოვალუტები, რომლებიც უფრო მერყევია ფართოდ გავრცელებულ კრიპტოვალუტებთან, მაგალითად Bitcoin-თან (BTC) და Ether-თან (ETH) შედარებით.
Meme მონეტები პოპულარობას ძირითადად ისეთი მიზეზებით მოიპოვებენ, როგორიცაა დაბალი ფასები, საზოგადოებაზე ორიენტირებულობა, აქტიური მარკეტინგი სოციალურ ქსელებში და ცნობილი ადამიანების დაინტერესება მათით.
Meme მონეტებთან მნიშვნელოვანი რისკებია დაკავშირებული, მათი ხშირ შემთხვევაში ინფლაციური ტოკენომიკის, მაღალი მერყეობის და rug pull-ის განხორციელების მაღალი ალბათობის გამო.
შესავალი
Meme მონეტები კრიპტოვალუტების ბაზრის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ. ისინი ცნობილია თავისი ფასის არაპროგნოზირებადი და სწრაფი ცვალებადობით. ხშირ შემთხვევაში, ისინი შთაგონებულია ინტერნეტში გავრცელებული მიმებითა და ხუმრობებით და პოპულარობას მოიპოვებენ სოციალური ქსელებისა და ონლაინ საზოგადოებების მეშვეობით. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის meme მონეტები, რა გახლავთ მათი ასეთი პოპულარობის მიზეზი და რა რისკებია დაკავშირებული მათთან.
რა არის Meme მონეტები?
Meme მონეტები გახლავთ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მიმების ან ხუმრობების შთაგონებით შექმნილი კრიპტოვალუტები. პირველი meme მონეტა იყო Dogecoin (DOGE). DOGE მონეტის გაშვება მოხდა 2013 წელს. ის შეიქმნა პოპულარული Doge მიმის შთაგონებით, რომელზეც გამოსახულია იაპონური შიბა ინუს ჯიშის ძაღლი სახელად კაბოსუ.
Meme მონეტები გამოირჩევა მერყეობის მაღალი დონით. ისინი ძირითადად საზოგადოებაზე მორგებული მონეტებია, რომლებმაც პოპულარობა შესაძლოა ერთ ღამეშიც მოიპოვონ, საზოგადოების მხრიდან მათით დაინტერესების და FOMO-ს გამო. მიუხედავად ამისა, მათი ფასი შესაძლოა უკიდურესად დაეცეს სრულიად მოულოდნელად, როდესაც ტრეიდერების ყურადღებას ახალი meme მონეტა მიიპყრობს.
Meme მონეტების კიდევ ერთი მახასიათებელია მათი უზარმაზარი, უსაზღვრო ოდენობის მარაგი. მაგალითად, Shiba Inu-ს (SHIB) ჯამური მარაგი გახლავთ 1 კვადრილიონი ტოკენი, DOGE-ს კი საერთოდ არ გააჩნია მარაგის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი. გამომდინარე იქიდან, რომ meme ტოკენებს ძირითად შემთხვევაში არ გააჩნიათ მონეტების წვის მექანიზმი, დიდი მარაგით აიხსნება მათი შედარებით დაბალი ფასებიც.
რატომ არის Meme მონეტები ასეთი პოპულარული?
COVID-19 პანდემიის დროს, კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა და გაფართოვდა, რადგან საცალო ინვესტორებმა დაიწყეს ინფლაციის საწინააღმდეგო ახალი გზების ძიება. ამ აჟიოტაჟის ფონზე დაიწყო meme მონეტების ბუმი, გაიზარდა როგორც მათი საბაზრო კაპიტალიზაციის დონე, ისე ასორტიმენტი. ამ ფენომენმა განვითარების მწვერვალს მიაღწია „მიმების აქციების“ საგის შემდეგ, რომელიც მოიცავდა GameStop-სა (GME) და AMC Entertainment-ს (AMC) და რომლის ფარგლებშიც Reddit-ის საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ აქტივების ფასების გაზრდის პროცესში.
ამ პროცესით შთაგონებული ადამიანების ჯგუფებმა დაიწყეს ხუმრობა Dogecoin-ის (DOGE) ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, GME-ის ექვივალენტი კრიპტოვალუტის შესაქმნელად. ეს ტენდენცია, რომელმაც ისეთი ცნობილი პიროვნებების მოწონება დაიმსახურა, როგორიცაა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, DOGE-ის ფასის მნიშვნელოვან ზრდას დაედო საფუძვლად.
Meme მონეტების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უფრო მეტად გამძაფრდა, როდესაც ტრეიდერებმა დაიწყეს ისეთი მონეტების აღმოჩენა, როგორიცაა მაგალითად Shiba Inu (SHIB), DOGE-ის მსგავსი წარმატების მოპოვების იმედით. საცალო ინვესტორების ყურადღებას meme მონეტები ძირითადად მათი ხელმისაწვდომი ფასების გამო იზიდავდა, რაც ძირითადად რამდენიმე ცენტს, ან ცენტზე ნაკლებ თანხას შეადგენდა. ეს ტრეიდერებს ათასობით, ან თუნდაც მილიონობით ტოკენის ფლობის საშუალებას აძლევდა, რაც ისეთი ფართოდ გავრცელებული კრიპტოვალუტების ნაწილის ფლობისგან განსხვავებულ შეგრძნებებს ქმნიდა, როგორიცაა მაგალითად ETH ან BTC.
Meme მონეტებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ასევე გამოწვეულია საზოგადოებითა და ბაზრის განწყობით. Meme მონეტები შთაგონებულია ინტერნეტში გავრცელებული პოპულარული მიმებით და წარმოადგენს ერთგვარ გასართობ საშუალებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული საზოგადოებისთვის განკუთვნილი ხუმრობის ფუნქციას ითავსებს. Meme მონეტების შეძენა შესაძლებელია ჩაითვალოს ამ საზოგადოებების მხარდაჭერის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად.
Meme მონეტების ინსტიტუციონალიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი პოპულარობის დონე 2024 წელს. მთავარ სიახლეს წარმოადგენდა VanEck-ის მიერ meme მონეტების ინდექსის გაშვება, რომელიც აკონტროლებს საბაზრო კაპიტალის მიხედვით ექვს ყველაზე დიდ meme მონეტას (DOGE, SHIB, PEPE, WIF, FLOKI და BONK 2024 წლის მაისის მონაცემებით).
VanEck meme მონეტების ინდექსის მეშვეობით გაიზარდა meme მონეტების ხილვადობის დონე, მან შეითავსა ერთგვარი ორიენტირის ფუნქცია აქტივების მართვის ინდუსტრიაში, რაც ფონდებს მისი გაუმჯობესების მცდელობისკენ უბიძგებდა. გარდა ამისა, meme მონეტების ტიკერების დამატებამ ისეთ არხებზე, როგორიცაა Bloomberg, ხელი შეუწყო meme მონეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას და მეტი სავაჭრო აქტივობის მოზიდვას.
რას ნიშნავს Meme მონეტები კრიპტო საზოგადოებისთვის?
ბევრი meme მონეტის, როგორიცაა მაგალითად Dogecoin (DOGE), გაშვება მოხდა სამართლიანი განაწილების მოდელზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის წინასწარი დამზადების ან პროექტის დამფუძნებლებზე წინასწარი განაწილების გარეშე. ეს თანხვედრაში მოდის ბევრი კრიპტოვალუტის ენთუზიასტის შეხედულებებთან, რომლებიც ემხრობიან საჯარო წვდომას და საზოგადოებაზე ორიენტირებული განვითარების მოდელს. გაშვების ამ პროცესების დეცენტრალიზებული ბუნება ამძაფრებს მფლობელობისა და ჩართულობის შეგრძნებებს საზოგადოებაში.
თუმცა, ყველა პროექტი ერთი და იმავე პრინციპებს არ მიჰყვება. ხდება ზოგიერთი meme მონეტის წინასწარ დამზადება, სადაც ამ ტოკენების დიდი ნაწილი საჯაროდ გავრცელებამდე ნაწილდება შემქმნელებზე, ან იმ პირებზე, რომლებიც ინვესტიციას ადრეულ ეტაპზე ახორციელებენ. ეს ხშირად აჩენს გამჭვირვალობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რადგან ამ პროცესის შედეგად რამდენიმე ინდივიდს, ან ადამიანების ჯგუფს ეძლევათ შესაძლებლობა, აკონტროლონ მონეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, მოსაზრებები განსხვავებულია Shiba Inu-სთან (SHIB) დაკავშირებითაც, რაც გამოწვეულია მათი შემქმნელების მიერ გამოყენებული განაწილების სტრატეგიებით.
დეცენტრალიზებული meme მონეტები უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში, რადგან ისინი განასახიერებენ დეცენტრალიზაციის და საზოგადოების ჩართულობის პრინციპებს, რაც წარმოადგენს კრიპტო მოძრაობის საფუძვლებს. ამის საპირისპიროდ, ცენტრალიზებული meme მონეტები ხშირად ექცევიან კრიტიკის ეპიცენტრში, მანიპულაციების განხორციელების და არასამართლიანი პრაქტიკის გატარების პოტენციური რისკების არსებობის გამო.
Meme მონეტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები
ტოკენომიკა
პირველ რიგში, ეჭვს იწვევს meme მონეტების ტოკენომიკა. მაგალითად, Bitcoin-ს გააჩნია საკუთარი ბლოკჩეინი, ეფექტურად გაწერილი whitepaper, გამართული ეკოსისტემა და არის დეფლაციური.
ამის საპირისპიროდ, meme მონეტების უმეტესობა ინფლაციურია და არ გააჩნიათ მარაგის მაქსიმალური ზღვარი. მათი ეკოსისტემა, გამოყენების გზები და საფუძვლები ხშირად განისაზღვრება როგორც მათი საზოგადოებებისთვის განკუთვნილი საერთო ხუმრობები.
მერყეობა
Meme მონეტები საზოგადოებაზე ორიენტირებული მონეტებია, რომლებიც უფრო დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტებთან შედარებით მაღალი მერყეობით გამოირჩევა. ფასის მოულოდნელი ზრდის მიზეზი შესაძლოა გახდეს ცნობილი ადამიანების მიერ მათი პოპულარიზაცია ან FOMO, ხოლო მოულოდნელ ვარდნას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როდესაც საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში ახალი meme მონეტა მოექცევა.
Rug pull-ები
Rug pull-ები meme მონეტების ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს. ეს გახლავთ მოვლენა, სადაც დეველოპერები ტოვებენ პროექტს და ქრებიან ინვესტორების თანხებთან ერთად. სამწუხაროდ, ამ ტიპის თაღლითობა საკმაოდ ხშირია და წლების განმავლობაში არაერთხელ მომხდარა.
Meme მონეტების Rug Pull-ების მაგალითები
ქვემოთ მოცემულია meme მონეტების rug pull-ების მაგალითები.
SQUID: 2021 წელს გამოშვებულმა meme მონეტამ, რომელიც შთაგონებულია იმავე სახელწოდების მქონე პოპულარული Netflix-ის შოუთი, მოულოდნელად მოიპოვა პოპულარობა შოუს პოპულარობასთან ერთად. თუმცა, დეველოპერების გუნდმა მოულოდნელად განახორციელა rug-pulled, რის გამოც მომხმარებლებმა დაკარგეს საკუთარი ფინანსები.
BALD: 2023 წლის ივლისში, BALD meme მონეტამ განიცადა rug pull, როდესაც დეველოპერმა სრულად გაიტანა მონეტის ლიკვიდურობა Coinbase-ის მე-2 დონის საბაზისო ქსელზე, რამაც ტოკენის ღირებულების ნულამდე დაცემა გამოიწვია.
MetaSwap: 2024 წლის დასაწყისში MetaSwap-ის ტოკენმა განიცადა rug pull, რამაც ინვესტორები მნიშვნელოვან ზარალამდე მიიყვანა. დეველოპერებმა სრულიად მოულოდნელად გაიტანეს ლიკვიდურობა, ინვესტორებს კი ხელში მხოლოდ გაუფასურებული ტოკენები შერჩათ.
URF: 2024 წლის მარტში, URF meme მონეტის შემქმნელი გუნდი მოულოდნელად გაუჩინარდა $450,000-იანი წინასწარი გაყიდვების სერიის შემდეგ, ინვესტორებს კი ხელში მხოლოდ გაუფასურებელი ტოკენები შერჩათ. ბოქსიორის და სოციალურ ქსელებში მოღვაწე ინფლუენსერის ბრაის ჰოლის მიერ პოპულარიზებული ტოკენების შემქმნელი გუნდი მისი გაშვებიდან 24 საათში სრულიად გაუჩინარდა.
როგორ ხდება რისკების შემცირება Meme მონეტებში ინვესტირებისას?
Meme მონეტებში ინვესტირების პროცესი შესაძლოა ძლიერ სპეკულაციური და რისკების შემცველი იყოს, მათი მერყეობის და საზოგადოებაზე ორიენტირებული ბუნების გამო. თუმცა, არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ რისკების შესამცირებლად:
ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა (DYOR): meme მონეტებში ინვესტიციის განხორციელებამდე, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. შესაძლებლობისამებრ, ეცადეთ გაიგოთ, რომელი გუნდი დგას პროექტის უკან, რა არის მათი მიზანი, როგორ გამოიყურება პროექტის whitepaper, საგზაო რუკა და როგორია საზოგადოების ზოგადი განწყობა.
შეისწავლეთ ტოკენომიკა: განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ meme მონეტის მარაგის დინამიკის მიმართ. შეუზღუდავი, ან განსაკუთრებით დიდი მარაგის მქონე მონეტები შესაძლოა დადგნენ ინფლაციის რისკის წინაშე, რაც გამოიწვევს მათი ღირებულების შემცირებას. ტოკენის განაწილების პრინციპების, ან ნებისმიერი ისეთი მექანიზმის შესწავლა, როგორიცაა წვა ან სტეიკინგი, ასევე გვაძლევს მონეტის გრძელვადიან ეფექტურობასთან დაკავშირებული ანალიზის წარმოების საშუალებას.
მოახდინეთ თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია: ნუ ჩადებთ მთელს თქვენს ფინანსებს ერთ meme მონეტაში. დივერსიფიკაციის მეშვეობით შესაძლებელია არსებული რისკების სხვადასხვა აქტივზე გადანაწილება. განიხილეთ თქვენი საინვესტიციო პორტფოლიოს დაბალანსება უფრო პოპულარული კრიპტოვალუტებით, როგორიცაა Bitcoin (BTC), Ether (ETH), SOL და BNB.
არ გამოგრჩეთ სიახლეები: Meme მონეტებზე დიდ ზეგავლენას ახდენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტენდენციები და სიახლეები. თვალი ადევნეთ თქვენს ინვესტიციებთან დაკავშირებულ უახლეს ამბებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად Google Alerts, გაწევრიანდეთ შესაბამის სოციალური ქსელების ჯგუფებში და დააფოლოვოთ კრიპტოვალუტების სივრცეში ცნობილი ადამიანები.
დააყენეთ stop-loss შეკვეთები: დაფიქრდით stop-loss შეკვეთების გამოყენებაზე, რომელთა მეშვეობითაც, იმ შემთხვევაში, თუ მონეტების ფასი კონკრეტულ დონეზე დაბლა დაიწევს, მოხდება თქვენი meme მონეტების ავტომატურად გაყიდვა. Stop-loss შეკვეთები დაგიცავთ მნიშვნელოვანი ზარალისგან.
ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს: ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმდენი თანხით, რამდენის დაკარგვაც შეგიძლიათ და მოერიდეთ ისეთი ემოციების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა FOMO (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში). Meme მონეტების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა შესაძლოა გიბიძგოთ ყიდვის იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისკენ. მიეცით საკუთარ თავს ცოტა დრო, დაფიქრდით და შეაფასეთ, რამდენად გონივრული იქნება ინვესტიციის განხორციელება თქვენ მიერ წარმოებული მოკვლევის საფუძველზე, ნაცვლად ემოციური ფონისა.
როგორ ავირიდოთ თავიდან meme მონეტების rug pull-ები?
შეამოწმეთ ლიკვიდურობის დონე: ნებისმიერი კრიპტოვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საიმედო ლიკვიდურობის პულის არსებობა. დარწმუნდით, რომ meme მონეტას, რომლითაც დაინტერესებული ხართ, გააჩნია დაბლოკილი ლიკვიდურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს არ გააჩნიათ თანხების მარტივად გატანის შესაძლებლობა. ლიკვიდურობის დაბლოკვის სტატუსის შესამოწმებლად შესაძლებელია ისეთი სერვისების გამოყენება, როგორიცაა Unicrypt.
შეისწავლეთ სმარტ კონტრაქტი: თუ ფლობთ საკმარის ტექნიკურ ცოდნას, გადახედეთ პროექტის სმარტ კონტრაქტს. მოიძიეთ საყურადღებო ნიშნები, როგორიცაა მაგალითად ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც დეველოპერებს შეუძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის ტოკენების დამზადება, ან დიდი რაოდენობით თანხების გადარიცხვა. სხვა შემთხვევაში, მოიძიეთ მესამე მხარის აუდიტები უსაფრთხოების შესაბამისი კომპანიებისგან, როგორიცაა CertiK ან Hacken.
მოიძიეთ ინფორმაცია გუნდის შესახებ: საყურადღებო ნიშნად ითვლება, თუ გუნდი ანონიმურია. მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურობა გავრცელებული კონცეფციაა კრიპტოვალუტების სივრცეში, მისი გამოყენება შეუძლიათ თაღლითებსაც, უკვალოდ გაქრობის მიზნით. მოიძიეთ პროექტები, რომელთაც გააჩნიათ გამჭირვალე და სანდო გუნდები. ამ გუნდების ინდუსტრიის ფარგლებში მოქმედების ჩანაწერების შემოწმება თავისუფლად უნდა იყოს შესაძლებელი.
შეაფასეთ საზოგადოების ჩართულობის დონე: ძლიერი, აქტიური საზოგადოება შესაძლოა მიუთითებდეს პროექტის ლეგიტიმურობაზე. მოიძიეთ პროექტის საზოგადოება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Discord, Telegram ან Twitter და შეაფასეთ მათი აქტიურობის დონე და განწყობა. მოერიდეთ ისეთ პროექტებთან ურთიერთქმედებას, რომელთაც გააჩნიათ ყალბი ფოლოვერები და Shilling-ის უჩვეულოდ მაღალი დონე.
შეამოწმეთ პროექტის საგზაო რუკა: ლეგიტიმური კომპანიების საგზაო რუკაზე, როგორც წესი, დეტალურადაა მითითებული ინფორმაცია განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო მიზნებთან და გრაფიკთან დაკავშირებით. შეადარეთ საგზაო რუკაზე მოცემული ინფორმაცია პროექტის პროგრესის რეალურ მაჩვენებელს და შეაფასეთ, რამდენადაა შესრულებული საგზაო რუკაში მოცემული ინფორმაცია. პროექტები, რომლებიც იძლევიან არარეალურ დაპირებებს ან ხშირად ცვლიან ვადებს, შესაძლოა არც ისე სანდო აღმოჩნდეს.
დააკვირდით საყურადღებო ნიშნებს: უფრთხილდით ისეთ პროექტებს, რომლებიც ძირითადად დამოკიდებულია საზოგადოების აჟიოტაჟზე და ცნობილი ადამიანების მიერ პოპულარიზაციაზე და არ გაწვდით საფუძვლიან ინფორმაციას საკუთარ ტექნოლოგიებსა და გამოყენების გზებზე. მაღალი ზეწოლის ტაქტიკა, მაგალითად დროში შეზღუდული შემოთავაზებები ან გარანტირებული სარგებელი, ხშირ შემთხვევაში, თაღლითობის ნიშნებია.
ამ მითითებების გათვალისწინებით და სკეპტიციზმის ჯანსაღი დონის შენარჩუნებით, შეძლებთ უფრო ეფექტურად განახორციელოთ სასურველი პროცესები meme მონეტების სივრცეში და თავიდან აირიდოთ ისეთი თაღლითობები, როგორიცაა მაგალითად rug pull-ები. არ დაგავიწყდეთ, რომ კრიპტოვალუტებში, განსაკუთრებით meme მონეტებში ინვესტირებასთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი რისკები და აუცილებელია ინვესტიცია განახორციელოთ მხოლოდ იმდენი თანხით, რამდენის დაკარგვაც შეგიძლიათ.
პოპულარული Meme მონეტების მიმოხილვა
2024 წლის ივნისის მონაცემებით, meme მონეტების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 63 მილიარდ დოლარს. ტოპ 6 meme მონეტა გახლავთ DOGE, SHIB, PEPE, WIF, BONK და FLOKI – CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით.
Dogecoin (DOGE)
Dogecoin (DOGE) შეიქმნა 2013 წელს, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების, ბილი მარკუსის და ჯექსონ პალმერის მიერ. ის შეიქმნა შიბა ინუს ჯიშის ძაღლის მიმის შთაგონებით, „სახუმარო“ კრიპტოვალუტის სახით, მეინსტრიმის ყურადღების მიქცევის მიზნით. DOGE, რომელიც გახლავთ Litecoin-ის (LTC) fork, იყენებს იმავე Proof of Work (PoW) მექანიზმს და არ გააჩნია მარაგის მაქსიმალური ზღვარი.
DOGE-ის შესახებ უფრო საფუძვლიანი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია რა არის Dogecoin?
Shiba Inu (SHIB)
Shiba Inu (SHIB) ითვლება DOGE-ის კონკურენტად და ხშირად მოიხსენიება როგორც „Dogecoin-ის მკვლელი“. სახელი SHIB-ა ძაღლის იაპონური ჯიშის შთაგონებითაა შექმნილი. ის შეიქმნა 2020 წლის აგვისტოში, ანონიმური დეველოპერის, Ryoshi-ს მიერ. DOGE-სა და SHIB-ს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია შეზღუდული მარაგი - 1 კვადრილიონი ტოკენი, რომლის 50%-იც დაიწვა და მოხდა მისი გაცემა ქველმოქმედების სახით. SHIB-ას ეკოსისტემა ასევე მოიცავს დეცენტრალიზებულ ბირჟას, NFT ხელოვნების ნიმუშების ინკუბატორს, NFT-ებს და NFT თამაშს.
SHIB-ას და მისი ეკოსისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია რა არის Shiba Inu (SHIB)?
Pepe (PEPE)
Pepe (PEPE) არის meme მონეტა, რომელიც შეიქმნა ინტერნეტში ცნობილი მიმების პერსონაჟის, Pepe the Frog-ის შთაგონებით. 2023 წლის აპრილში გამოშვებულმა PEPE-მ მალევე მოიპოვა პოპულარობა მისი იუმორისტიული შინაარსის და ნოსტალგიური დატვირთვის გამო ინტერნეტ-კულტურის ენთუზიასტებისთვის. PEPE-ს ცირკულირებადი მარაგი შედგება 420 ტრილიონი ტოკენისგან.
Dogwifhat (WIF)
Dogwifhat (WIF) გახლავთ meme მონეტა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისი გამოშვების შემდეგ, 2023 წლის ბოლოს. ზოგიერთი meme მონეტისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითად ყურადღებას სარგებლიანობას აქცევენ, Dogwifhat რჩება მხოლოდ მიმებზე ორიენტირებულ ტოკენად.
FLOKI (FLOKI)
FLOKI (FLOKI) გახლავთ ილონ მასკის შიბა ინუს ჯიშის შთაგონებით შექმნილი meme მონეტა. მიმების რეალურ სამყაროსთან შერწყმის ხედვით შექმნილი FLOKI გადაიქცა პროექტად, რომლის ეკოსისტემასაც გააჩნია NFT სავაჭრო ბირჟები, NFT კოლექციები და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სტეიკინგის განხორციელება.
Bonk (BONK)
Bonk (BONK) გახლავთ ძაღლების თემატიკაზე დაფუძნებით შექმნილი meme მონეტა Solana-ს ბლოკჩეინზე. 2022 წელს გამოშვებულმა BONK-მა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მოხდა მისი ჯამური მარაგის 50%-ის airdrop-ით გადაცემა Solana-ს საზოგადოებისთვის.
Milady Meme მონეტა (LADYS)
Milady Meme მონეტის (LADYS) გამოშვება მოხდა 2023 წლის მაისში. Milady-ს NFT კოლექციის შთაგონებით შექმნილი LADYS-ის მიზანია მოახდინოს meme მონეტების კომბინაცია NFT-ების მზარდ პოპულარობასთან. LADYS-ის ჯამური მარაგი შედგება 888 ტრილიონი ტოკენისგან.
როგორ ხდება Meme მონეტების შეძენა
შედარებით პოპულარული meme მონეტების, როგორიცაა DOGE, SHIB, PEPE და WIF შეძენას შეძლებთ კრიპტოვალუტების ბირჟებზე, მაგალითად Binance-ზე. ნაკლებად პოპულარული meme მონეტები კი ხელმისაწვდომია დეცენტრალიზებულ ბირჟებზე. მაგალითისთვის განვიხილოთ DOGE.
1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე. ამის შემდეგ, დააჭირეთ გვერდის ზედა ველში მოცემულ ღილაკს [ვაჭრობა] და გადადით სპოტ ბაზრის გვერდზე.
2. ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემულ საძიებო ველში ჩაწერეთ “DOGE”, ამის შემდეგ იხილავთ ხელმისაწვდომი სავაჭრო წყვილების სიას. მაგალითისთვის განვიხლავთ DOGE/FDUSD წყვილს. დააწკაპუნეთ ჩანართზე „DOGE/FDUSD“ და გადადით ამ წყვილის სავაჭრო გვერდზე.
3. ჩამოდით ქვემოთ, იპოვეთ ველი [სპოტი] და აირჩიეთ სასურველი შეკვეთის ტიპი. ამ მაგალითში განვიხილავთ საბაზრო შეკვეთას. შეიყვანეთ DOGE-ის რაოდენობა, რომლის შეძენაც გსურთ და შეკვეთის დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [DOGE-ის ყიდვა]. შეკვეთის შევსების შემდეგ, თქვენ მიერ შეძენილი DOGE აისახება თქვენს Binance Spot-ის საფულეში.
შეჯამება
ბაზარზე ყოველდღიურად ჩნდება ახალი meme მონეტები, ტრეიდერები კი იმედოვნებენ DOGE-ის და SHIB-ის მსგავსი წარმატების მიღწევას, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი meme მონეტის შეძენამდე, ინვესტიციის ან სხვა მოქმედების განხორციელებამდე ჩაატაროთ საკუთარი მოკვლევა და მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ meme მონეტებისთვის დამახასიათებელია მერყეობის მაღალი დონე, სხვა ციფრულ ვალუტებთან შედარებით. კრიპტოვალუტებში ინვესტირების პროცესი დიდ რისკებთანაა ასოცირებული. Meme მონეტები საზოგადოებაზე ორიენტირებული მონეტებია და მათი ფასი შესაძლოა სრულიად მოულოდნელად, უკიდურესად დაეცეს, შესაბამისად, გირჩევთ, ნურასდროს განახორციელებთ ინვესტიციას თანხის იმ ოდენობით, რომლის დაკარგვაც არ შეგიძლიათ.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.