მთავარი დეტალები
საბაზრო შეკვეთის ფარგლებში შესაძლებელია ფინანსური აქტივის მყისიერად ყიდვა ან გაყიდვა, სავაჭრო ბირჟაზე ხელმისაწვდომ საუკეთესო მიმდინარე ფასად.
საბაზრო შეკვეთების შევსება ხდება შეკვეთების წიგნში არსებული ლიმიტ-შეკვეთების გამოყენებით, რის გამოც, საბოლოო ფასი, ზოგჯერ მცირედ განსხვავდება მოსალოდნელი ფასისგან.
საბაზრო შეკვეთების მთავარ უპირატესობას მაღალი სიჩქარე წარმოადგენს. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასის კონტროლის შესაძლებლობების ნაკლებობა და ფასების ცურვასთან დაკავშირებული რისკები ბაზარზე არსებული დაბალი ლიკვიდურობის პირობებში.
ლიმიტ და სტოპ-ლიმიტ შეკვეთების შემთხვევაში ხელმისაწვდომია სავაჭრო პოზიციების გახსნისა და დახურვის ფასების კონტროლის მეტი შესაძლებლობა, თუმცა ამ ტიპის შეკვეთები, შესაძლოა, მომენტალურად არ შეივსოს.
შესავალი
ვაჭრობის პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ყიდვისა და გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებით. ნებისმიერი ფინანსური აქტივით, მაგალითად კრიპტოვალუტებით, აქციებით ან ფორექსით ვაჭრობისას, შეხვდებით რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შეკვეთას, მაგალითად, Fill or Kill, სტოპ-ლიმიტ და ა.შ. საბაზრო შეკვეთა მათ შორის ყველაზე მეტი სიმარტივით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ, დამწყები ტრეიდერები, მათი პირველი შეკვეთის განთავსებისას, არჩევანს სწორედ საბაზრო შეკვეთაზე აკეთებენ. წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის და როგორ მუშაობს საბაზრო შეკვეთა და როდის არის რეკომენდებული ამ ტიპის შეკვეთების გამოყენება.
საბაზრო შეკვეთის განმარტება
საბაზრო შეკვეთა წარმოადგენს პირდაპირ მითითებას აქტივის მყისიერად ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. ამ ტიპის შეკვეთები დამოკიდებულია ლიკვიდურობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აღსრულება ხდება სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნში არსებული ლიმიტ-შეკვეთების მეშვეობით. თუ სავაჭრო პოზიციის პირველივე შესაძლებლობისთანავე დახურვა ან გახსნა გსურთ, საბაზრო შეკვეთა ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც BNB-ის ფასი სწრაფად იზრდება, დაუყოვნებლივ გსურთ მისი შეძენა და მზად ხართ, გადაიხადოთ მიმდინარე საბაზრო ფასი მყისიერი აღსრულების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიერ არჩეულ სავაჭრო ბირჟაზე განათავსებთ საბაზრო შეკვეთას.
როგორ მუშაობს საბაზრო შეკვეთა?
საბაზრო შეკვეთის განთავსებისას, ხდება სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნში უკვე არსებული შესაბამისი შეკვეთის მოძიება. ლიმიტ-შეკვეთებისგან განსხვავებით, რომლებიც შეკვეთების წიგნში, შევსების მოლოდინის რეჟიმში ინახება, საბაზრო შეკვეთების შევსება მყისიერად ხდება, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფასად.
ნებისმიერ სავაჭრო პროცესში ორი მხარე მონაწილეობს: maker და taker. საბაზრო შეკვეთის განთავსებისას, თქვენ მოქმედებთ, როგორც taker, ანუ ადასტურებთ სხვის მიერ შემოთავაზებულ ფასს. შესყიდვის საბაზრო შეკვეთის შემთხვევაში, მოიძებნება შეკვეთების წიგნში არსებული ყველაზე დაბალი მოთხოვნის ფასი. გაყიდვის საბაზრო შეკვეთის შემთხვევაში კი პირიქით, ხდება ყველაზე მაღალი შესაბამისი შეთავაზების ფასის მოძიება.
საბაზრო შეკვეთების განთავსებისას ხდება სავაჭრო ბირჟის ლიკვიდურობის ამოღება, ნაცვლად დამატებისა. სწორედ ამიტომ, სავაჭრო ბირჟების უმეტესობა აწესებს maker შეკვეთებთან შედარებით მაღალ საკომისიოებს taker შეკვეთებისთვის.
დიდი მოცულობით აქტივებით ვაჭრობის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს თქვენი შეკვეთის შევსება ფასის სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს სხვაობას მოცემულ საშუალო ფასსა და შეკვეთის განთავსების დროს მოცემულ ფასს შორის.
საბაზრო შეკვეთა და ლიმიტ-შეკვეთა
ლიმიტ-შეკვეთა გახლავთ პირდაპირი მითითება აქტივის კონკრეტულ, ან უკეთეს შემოთავაზებულ ფასად ყიდვასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით. სავაჭრო ბირჟაზე შეკვეთის შევსება მხოლოდ თქვენ მიერ წინასწარ შერჩეული ფასის მიღწევის შემთხვევაში ხდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი შეკვეთის სრულად ან ნაწილობრივ შევსების ვარიანტებს შორის.
საბაზრო და ლიმიტ-შეკვეთების განთავსება სხვადასხვა მიზნით ხდება. ფასის ცურვა (ანუ, სხვაობა თქვენ მიერ განსაზღვრულ მოსალოდნელ ფასსა და შეკვეთის აღსრულების რეალურ ფასს შორის) ყველაზე საყურადღებო დეტალია ზემოხსენებული პროცესების ფარგლებში. მაღალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე, რომელთათვისაც დამახასიათებელია მოთხოვნისა და შეთავაზების ფასების ვიწრო სპრედი და ცურვის დაბალი დონე, საბაზრო შეკვეთების აღსრულება ხდება მითითებულ ფასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფასით. შედარებით ვიწრო ბაზრების შემთხვევაში, ფასების ცურვას შედარებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მარტივი შედარება:
საბაზრო შეკვეთა: ამ ტიპის შეკვეთების აღსრულება ხდება მყისიერად, მიმდინარე საბაზრო ფასით; ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა მაღალი სიჩქარე.
ლიმიტ-შეკვეთა: ამ ტიპის შეკვეთების აღსრულება ხდება თქვენ მიერ მითითებული, ან უკეთესი ფასით; ეფექტურია ფასის კონტროლის თვალსაზრისით.
ლიმიტ-შეკვეთები, როგორც წესი, უფრო ეფექტურად მუშაობს, როდესაც:
აქტივისთვის დამახასიათებელია ფასის მაღალი მერყეობა და მოსალოდნელია საბაზრო შეკვეთის არასასურველ ფასად შევსება.
აქტივისთვის დამახასიათებელია დაბალი ლიკვიდურობა, რაც ზრდის ფასის ცურვის რისკს.
გსურთ წინასწარ დაგეგმოთ ვაჭრობა და მაქსიმალურად შეამციროთ ბაზრის მუდმივი მონიტორინგის საჭიროება.
რა შემთხვევაშია რეკომენდებული საბაზრო შეკვეთების გამოყენება
საბაზრო შეკვეთები ყველაზე ეფექტურია ისეთ შემთხვევებში, როდესაც უპირატესობა ენიჭება სისწრაფეს და არა კონკრეტულ ფასად აღსრულების პირობას. მაგალითად, როდესაც გსურთ სავაჭრო პოზიციის სწრაფად დახურვა, ან განთავსებული გაქვთ სტოპ-ლიმიტ შეკვეთა, რომელიც გამოტოვებულია და საჭიროებს მყისიერად მოქმედებას, საბაზრო შეკვეთა ყველაზე პრაქტიკული ვარიანტია.
მაღალი ლიკვიდურობის და მოთხოვნისა და შეთავაზების ფასებს შორის ვიწრო სპრედის მქონე ბაზრების შემთხვევაში, საბაზრო შეკვეთების აღსრულება ხდება მითითებულ ფასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფასით. შედარებით დაბალი ლიკვიდურობის მქონე აქტივების შემთხვევაში, სპრედისა და ფასების პოტენციური ცურვის დონე შედარებით მაღალია, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ლიმიტ-შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, შეძლოთ უკეთესი საშუალო ფასის მიღება.
თუ ფართომასშტაბიან ბირჟაზე ისეთი გავრცელებული აქტივებით ვაჭრობთ, როგორიცაა BTC ან ETH, საბაზრო შეკვეთა, როგორც წესი, ყველაზე მარტივი და საიმედო არჩევანია შედარებით მცირე მოცულობის ვაჭრობებისთვის.
საბაზრო შეკვეთების უპირატესობები და ნაკლოვანებები
უპირატესობები
სისწრაფე: საბაზრო შეკვეთების აღსრულება თითქმის მყისიერად ხდება, რაც საკმაოდ პრაქტიკულია სწრაფად ცვალებადი ბაზრების შემთხვევაში.
სიმარტივე: ფასის წინასწარ განსაზღვრა საჭირო არ არის. სავაჭრო ბირჟაზე ავტომატურად ხდება შესაბამისი ფასების მოძიება.
სრულად აღსრულების გარანტია: საბაზრო შეკვეთები თითქმის ყოველთვის სრულად ივსება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ არასაკმარისი ლიკვიდურობის არსებობის შემთხვევები.
ნაკლოვანებები
ფასების ცურვასთან დაკავშირებული რისკები: დაბალი მოცულობის ან ძლიერ მერყევი ბაზრების შემთხვევაში, თქვენი შეკვეთის შევსების ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს შეკვეთის განთავსებისას მითითებული ფასისგან.
წინასწარ დაგეგმვის შესაძლებლობის არარსებობა: საბაზრო შეკვეთები საჭიროებს პროცესებში უშუალო ჩართულობას. არ არსებობს აღსრულების კონკრეტული ფასის წინასწარ დაყენების შესაძლებლობა.
მაღალი საკომისიოები: ლიმიტ-შეკვეთის განთავსებისას, თქვენ, როგორც taker, როგორც წესი, ვალდებული ხართ, გადაიხადოთ maker-თან შედარებით მაღალი საკომისიო.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის საბაზრო შეკვეთა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში?
საბაზრო შეკვეთა გახლავთ პირდაპირი მითითება კრიპტოვალუტების საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად მყისიერად ყიდვასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ ტიპის შეკვეთების განთავსების შემთხვევაში ხდება მისი შესაბამისი, უკვე არსებული შეკვეთების მოძიება სავაჭრო ბირჟაზე არსებულ შეკვეთების წიგნში და მაქსიმალურად სწრაფად აღსრულება.
რა განსხვავებაა საბაზრო შეკვეთასა და ლიმიტ-შეკვეთას შორის?
საბაზრო შეკვეთების აღსრულება ხდება მყისიერად, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ფასით. რაც შეეხება ლიმიტ-შეკვეთას, ამ ტიპის შეკვეთების აღსრულება მხოლოდ წინასწარ მითითებული ფასით ხდება. საბაზრო შეკვეთების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სისწრაფეს, ხოლო ლიმიტ-შეკვეთების შემთხვევაში - ფასის კონტროლის შესაძლებლობას.
რა იწვევს ფასის ცურვას საბაზრო შეკვეთის შემთხვევაში?
ფასის ცურვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არ ხდება საბაზრო შეკვეთის შევსებისთვის საკმარისი ოდენობის შეკვეთების განთავსება მიმდინარე ფასად აღსრულებისთვის. ამ შემთხვევაში, ხდება ბირჟაზე შეკვეთის დარჩენილი ნაწილის შევსება მომდევნო ხელმისაწვდომი ფასებით, რაც საბოლოოდ გვაძლევს მოსალოდნელ ფასთან შედარებით მაღალ ყიდვის საშუალო ფასს, ან მოსალოდნელ ფასთან შედარებით დაბალ გაყიდვის საშუალო ფასს. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია შედარებით დიდი შეკვეთების შემთხვევაში, ან ისეთ ბაზრებზე, სადაც დაბალია ვაჭრობის მოცულობა.
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული საბაზრო შეკვეთების განთავსება?
საბაზრო შეკვეთის განთავსება არ არის რეკომენდებული ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაბალია აქტივების ლიკვიდურობა, მაღალია მერყეობის დონე, ან ფიქსირდება ფართო სპრედი მოთხოვნისა და შეთავაზების ფასებს შორის. ასეთ პირობებში, ფასის ცურვამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი სხვაობა თქვენი შეკვეთის აღსრულების ფასსა და მოსალოდნელ ფასს შორის. ლიმიტ-შეკვეთის შემთხვევაში ხელმისაწვდომია საბოლოო ფასის კონტროლის მეტი შესაძლებლობა.
შეჯამება
საბაზრო შეკვეთები მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის თვალსაზრისით. ამ ტიპის შეკვეთების შემთხვევაში უმთავრეს პრიორიტეტს სისწრაფე და შეკვეთის თითქმის გარანტირებული აღსრულება წარმოადგენს, თუმცა, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფასის სიზუსტეს. საბაზრო შეკვეთები განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებისა და შედარებით დიდი მოცულობის ვაჭრობებთან მიმართებაში გამოსაყენებლად. თუმცა, მაღალი მერყეობისა და დაბალი ლიკვიდურობის პირობებში, შესაძლოა თავი იჩინოს ამ ტიპის შეკვეთებისთვის დამახასიათებელმა მნიშვნელოვანმა ნაკლოვანებებმა, რომელთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებაში და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაშიც ლიმიტ-შეკვეთები დაგეხმარებათ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.