მთავარი დეტალები
ლიკვიდურობა ასახავს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივის ყიდვა ან გაყიდვა, მისი ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.
ლიკვიდური ბაზარი გამოირჩევა აქტიური მყიდველებისა და გამყიდველების სიმრავლით, მინიმალური სპრედითა და შეკვეთების აღსრულების სისწრაფით. არალიკვიდურ ბაზარზე კი მონაწილეთა რაოდენობა მცირეა, სპრედი შედარებით ფართოა და ამასთან, მაღალია ფასების მკვეთრი ცვალებადობის ალბათობაც.
ყველაზე ლიკვიდურ აქტივად ნაღდი ფული მიიჩნევა, ვინაიდან მისი დახარჯვა და გადაცვლა მომენტალურადაა შესაძლებელი. უძრავი ქონება და იშვიათი საკოლექციო ნივთები კი დაბალი ლიკვიდურობით გამოირჩევა.
კრიპტოვალუტების სივრცეში ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნების ან on-chain ლიკვიდურობის პულების მეშვეობით ხდება, რომლებიც დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
შესავალი
ლიკვიდურობის ცნებას სავაჭრო და საინვესტიციო სივრცეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. მარტივად რომ ვთქვათ, ლიკვიდურობა მიუთითებს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივის გადაცვლა ნაღდ ფულზე, ან სხვა აქტივზე სვოპის განხორციელება, მიმდინარე ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. კრიპტოვალუტებით, აქციებით, ან სავალუტო წყვილებით ვაჭრობისას, სწორედ ლიკვიდურობა განსაზღვრავს ტრანზაქციის ღირებულებას, შეკვეთის შევსების სისწრაფესა და ფასის სტაბილურობას.
წინამდებარე სტატიაში განმარტებულია ლიკვიდურობის არსი, მუშაობის პრინციპი, განსაზღვრის მეთოდები და მნიშვნელობა.
რა არის ლიკვიდურობა?
ლიკვიდურობა მიუთითებს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივის ნაღდ ფულზე ან სხვა აქტივზე სტაბილური ფასით გადაცვლა. აქტივი მაღალი ლიკვიდურობის მქონედ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ნებისმიერ დროს არსებობს მისი ყიდვის ან გაყიდვის სურვილის მქონე ტრეიდერების დიდი რაოდენობა. ამის საპირისპიროდ, აქტივი არალიკვიდურად მიიჩნევა მაშინ, როდესაც შემხვედრი მხარის მოძიება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და არსებობს ვაჭრობის ზეგავლენით ფასების მნიშვნელოვანი ცვლილების ალბათობა.
როგორც წესი, ყველაზე მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივად ნაღდი ფული მიიჩნევა, რადგან ის თავადვე წარმოადგენს საზომ ერთეულს, რომელთან მიმართებაშიც ხდება სხვა აქტივების შეფასება და რომლის გამოყენებაც მომენტალურადაა შესაძლებელი. აღნიშნულის საპირისპირო ცნებას წარმოადგენს უძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშები ან იშვიათი საკოლექციო ნივთები – მათ გაყიდვას შესაძლოა კვირები ან თვეები დასჭირდეს, ხოლო საბოლოო ფასი ხშირად არსებითად განსხვავდება დასაწყისში მოთხოვნილი ფასისგან. ასეთი აქტივები დაბალი ლიკვიდურობით გამოირჩევა.
როგორ მუშაობს ლიკვიდურობა
სავაჭრო პლატფორმების უმეტესობის შემთხვევაში, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა შეკვეთების წიგნში არსებული ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების მეშვეობით ხდება. მყიდველები განათავსებენ შეთავაზებებს, ხოლო გამყიდველები მოთხოვნებს. თანმხვედრი შეთავაზებისა და მოთხოვნის მოძიების შემდეგ ხდება ვაჭრობის აღსრულება. რაც უფრო მეტი შეკვეთაა განთავსებული მიმდინარე ფასთან ახლოს, მით უფრო ღრმაა ბაზარი და მით უფრო მარტივია დიდი ოდენობით აქტივებით ვაჭრობა ფასების მკვეთრი ცვლილებების გარეშე.
მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ძლიერ დატვირთული ბაზარი, სადაც მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და სადაც თქვენ გაქვთ კონკრეტული ერთეულის სწრაფად და სამართლიან ფასად გაყიდვის შესაძლებლობა, რადგან ნებისმიერ მომენტში არსებობს თუნდაც ერთი მხარე, რომელიც მზად არის ვაჭრობისთვის. შედარებით ნაკლებად დატვირთული ბაზრის შემთხვევაში კი, შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო დაბალ ფასზე დათანხმება მყიდველის მოზიდვის მიზნით, ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოდინი გაყიდვის განსახორციელებლად. ფინანსური ბაზრებიც ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს.
როგორ განისაზღვრება ლიკვიდურობის დონე
არ არსებობს ერთი კონკრეტული მაჩვენებელი, რომელიც ლიკვიდურობას სრულყოფილად ასახავს და სწორედ ამიტომ, ზუსტი სურათის მისაღებად, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენება.
ვაჭრობის მოცულობა
ვაჭრობის მოცულობა წარმოადგენს კონკრეტული დროის პერიოდში (მაგალითად, 24 საათის განმავლობაში) ვაჭრობისთვის გამოყენებული აქტივების ჯამურ რაოდენობას. შედარებით მაღალი მოცულობა, როგორც წესი, უფრო აქტიურ ჩართულობასა და მაღალ ლიკვიდურობაზე მიუთითებს, თუმცა მომატებული ყურადღების პერიოდში შესაძლოა მისი დროებითი მკვეთრი ზრდაც დაფიქსირდეს.
შეთავაზება-მოთხოვნის სპრედი და ფასის ცურვა
შეთავაზება-მოთხოვნის სპრედი და ფასის ცურვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინდიკატორებია. სპრედი წარმოადგენს სხვაობას მყიდველის მიერ შემოთავაზებულ ყველაზე მაღალ ფასსა და გამყიდველისთვის მისაღებ ყველაზე დაბალ ფასს შორის. ლიკვიდურ ბაზრებზე სპრედი, როგორც წესი, მცირეა. რაც შეეხება ფასის ცურვას, იგი წარმოადგენს სხვაობას მოსალოდნელ და რეალურ ფასს შორის. დაბალი ლიკვიდურობის მქონე ბაზარზე განთავსებული საბაზრო შეკვეთის შევსება შესაძლოა მოსალოდნელზე დაბალი ფასით მოხდეს, რაც დაბალი ლიკვიდურობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინდიკატორადაა მიჩნეული.
ბაზრის სიღრმე
ბაზრის სიღრმე მიუთითებს ფასების სხვადასხვა დონეზე განთავსებული შეკვეთების რაოდენობაზე. ღრმა ბაზარზე შესაძლებელია დიდი მოცულობის შეკვეთების ფასზე მინიმალური ზეგავლენით დამუშავება და აღსრულება, მაშინ როდესაც ნაკლებად ღრმა ბაზარზე დიდი მოცულობის შეკვეთის განთავსებამ შესაძლოა ფასების მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს.
რატომ არის ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი?
ლიკვიდურობა ზეგავლენას ახდენს ვაჭრობის თითქმის ყველა ასპექტზე. ლიკვიდურ ბაზრებზე, როგორც წესი, შესაძლებელია სავაჭრო პოზიციების სწრაფად გახსნა და დახურვა, ვიწრო სპრედით სარგებლობა და ფასის ცურვის ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირება. აღნიშნული უზრუნველყოფს ვაჭრობის საერთო ხარჯების შემცირებას და ფასების პროგნოზირების შესაძლებლობას.
რაც შეეხება არალიკვიდურ ბაზრებს, აქ პროცესები სრულიად საპირისპიროდ მიმდინარეობს. სპრედი ფართოა, ცურვის დონე მაღალია და დიდი მოცულობის მქონე ერთი შეკვეთაც კი შეიძლება გახდეს ფასების არასასურველი მიმართულებით ცვლილების გამომწვევი. გარდა ამისა, აქტივების ფასები შედარებით მაღალი მერყეობით გამოირჩევა, რადგან ბაზარზე არსებული პირობების შეცვლის მიზეზი შესაძლოა მცირე რაოდენობით შეკვეთების განთავსებაც კი გახდეს. აღნიშნული მიზეზების გამო, ბევრი ტრეიდერი პოზიციის გახსნამდე ამოწმებს ლიკვიდურობას, განსაკუთრებით შედარებით მცირე აქტივებით ვაჭრობის ან დიდი მოცულობის შეკვეთების განთავსების შემთხვევაში.
ლიკვიდურობა და კრიპტოვალუტების ბაზრები
კრიპტოვალუტების ლიკვიდურობის განსაზღვრის მიზნით, როგორც წესი სპოტ ბაზარი გამოიყენება, სადაც აქტივებით ვაჭრობა მყისიერი ანგარიშსწორების პირობით მიმდინარეობს. მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქტივები, როგორიცაა Bitcoin და Ether, როგორც წესი, ასევე მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა. შედარებით მცირე ტოკენების შემთხვევაში ლიკვიდურობის დონე საგრძნობლად დაბალია, რის გამოც ისინი ფასების მკვეთრი ცვლილების მიმართ უფრო მგრძნობიარეა.
დღესდღეობით, სტეიბლკოინები on-chain ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებადაა მიჩნეული. სტეიბლკოინების ჯამური მარაგის მაჩვენებელმა 2025 წელს 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნული მაჩვენებელი 2026 წელსაც უცვლელად შენარჩუნდა. ვინაიდან სტეიბლკოინები სტაბილურ ღირებულებას ინარჩუნებს, მათ ხშირად იყენებენ საბაზისო სავაჭრო წყვილის და პლატფორმებს შორის ლიკვიდურობის გადატანის საშუალების სახით.
ლიკვიდურობა და DeFi
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში ლიკვიდურობის უზრუნველყოფის სრულიად ახლებური მეთოდი გამოიყენება. შეკვეთების წიგნში მყიდველებისა და გამყიდველების მიერ განთავსებული თანმხვედრი მოთხოვნებისა და შეთავაზებების მოძიების ნაცვლად, დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX), ხშირ შემთხვევაში, ლიკვიდურობის პულებს იყენებს. ეს გახლავთ სმარტ კონტრაქტები, რომლებშიც ლიკვიდურობის პროვაიდერების სახელით ცნობილი მომხმარებლების მიერ შეტანილი ტოკენების წყვილები ინახება.
პულთან მიმართებაში განხორციელებული ტრანზაქციების ფასი ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მეშვეობით განისაზღვრება. ეს არის ფორმულა, რომლის მეშვეობითაც ხდება ფასების პულში არსებული ტოკენების თანაფარდობის მიხედვით კორექტირება. ლიკვიდურობის პროვაიდერებს ეძლევათ სავაჭრო საკომისიოების წილის მიღების შესაძლებლობა, თუმცა, ამავდროულად უწევთ ისეთ რისკებთან გამკლავებაც, როგორიცაა დროებითი ზარალი, რომელიც პულში არსებული ტოკენების ფასების ერთმანეთთან მიმართებაში ცვლილების შემთხვევაში წარმოიშობა.
ხშირად დასმული შეკითხვები
მარტივი სიტყვებით, რას ნიშნავს ლიკვიდურობა?
ლიკვიდურობა გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი აქტივის ყიდვა ან გაყიდვა მისი ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. აქტივი ლიკვიდურად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი რაოდენობა მზადაა მისი მეშვეობით ვაჭრობისთვის. ხოლო თუ მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მცირეა, აქტივი არალიკვიდურად მიიჩნევა და შესაბამისად, რთულდება სამართლიანი ფასით ვაჭრობაც.
რატომ არის მაღალი ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი ტრეიდერებისთვის?
მაღალი ლიკვიდურობა, როგორც წესი, ვიწრო სპრედზე შეკვეთების უფრო სწრაფად აღსრულების შესაძლებლობასა და ფასის ცურვის დაბალ დონეზე მიუთითებს. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა უზრუნველყოფს სავაჭრო ხარჯების შემცირებასა და ფასების სტაბილურობას, რის გამოც ბევრი ტრეიდერი უპირატესობას სწორედ ლიკვიდურ ბაზრებს ანიჭებს.
რა კრიტერიუმების საფუძველზე მიიჩნევა აქტივი არალიკვიდურად?
აქტივი შესაძლოა მივიჩნიოთ არალიკვიდურად, როდესაც მისი მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა მცირეა, დაბალია სავაჭრო მოცულობა ან ლისტინგის მაჩვენებელი. აღნიშნულ კატეგორიას ხშირად მიაკუთვნებენ შედარებით ახალ ან მეტისმეტად მცირე მოცულობის მქონე ტოკენებს, ხოლო ასეთ ბაზრებზე დიდი მოცულობის შეკვეთების განთავსება შესაძლოა ფასების მკვეთრი ცვლილების გამომწვევ მიზეზად იქცეს.
როგორ ხდება დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ლიკვიდურობის უზრუნველყოფა?
დეცენტრალიზებული ბირჟების უმეტესობის შემთხვევაში, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა შეკვეთების წიგნის ნაცვლად მომხმარებელთა მიერ შეტანილი ტოკენების პულების მეშვეობით ხდება. ავტომატური მარკეტ-მეიკერი განსაზღვრავს აღნიშნულ პულებთან მიმართებაში განხორციელებული ტრანზაქციების ღირებულებას, ხოლო ლიკვიდურობის პროვაიდერები გარკვეული რისკების სანაცვლოდ საკომისიოების წილს მოიპოვებენ.
არის თუ არა ნაღდი ფული რეალურად ყველაზე ლიკვიდური აქტივი?
ნაღდი ფული, როგორც წესი, ყველაზე ლიკვიდურ აქტივად მიიჩნევა, ვინაიდან მისი დახარჯვა ან გადაცვლა თითქმის მყისიერადაა შესაძლებელი და წარმოადგენს სტანდარტს, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვა აქტივების შეფასება. ისეთი აქტივები, როგორებიცაა უძრავი ქონება ან საკოლექციო ნივთები, ნაკლებად ლიკვიდურია, რადგან მათ გაყიდვას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.
შეჯამება
ლიკვიდურობა განსაზღვრავს ვაჭრობის სიმარტივეს, ღირებულებასა და სტაბილური ფასების შენარჩუნების ალბათობას. ლიკვიდურ ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ვიწრო სპრედებითა და აღსრულების მაღალი სისწრაფის შესაძლებლობით სარგებლობა, ხოლო არალიკვიდური ბაზრები პირიქით, ფართო სპრედითა და ფასების მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევა.
არ აქვს მნიშვნელობა, ლიკვიდურობის მოპოვების მიზნით ცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟის შეკვეთების წიგნს იყენებთ, თუ on-chain ლიკვიდურობის პულს, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მისი არსის შესწავლა ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ.