მთავარი დეტალები
ლიკვიდურობის პულები წარმოადგენს სმარტ კონტრაქტებში დაბლოკილი ტოკენების რეზერვებს, რომლებიც გამოიყენება დეცენტრალიზებულ ბირჟებსა (DEX-ები) და სხვა DeFi აპლიკაციებში.
შესაბამისი მყიდველების ან გამყიდველების მოძიების ნაცვლად, მომხმარებლები ვაჭრობენ პირდაპირ პულში განთავსებული აქტივებით, ავტომატური მარკეტ-მეიკერების (AMM-ების) მეშვეობით.
ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ებს) შეუძლიათ გამოიმუშაონ საკომისიოები და ჯილდოები, თუმცა ამ დროს საჭიროა ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება, როგორიცაა დროებითი ზარალი ან სმარტ კონტრაქტის კოდში არსებული ბაგები.
ისეთი სტრატეგიების მეშვეობით, როგორიცაა შემოსავლის ფარმინგი ან ლიკვიდურობის მაინინგი, მომხმარებელს შეუძლია ლიკვიდურობის მიწოდებით მიიღოს დამატებითი სარგებელი.
შესავალი
დეცენტრალიზებულმა ფინანსებმა (DeFi) შეცვალა მომხმარებლის მიერ აქტივებით ვაჭრობის, თანხის სესხების და სარგებლის გამომუშავების გზები—ამ ყველაფრის გაკეთება ტრადიციული შუამავლების გარეშე გახდა შესაძლებელი. ამ ეკოსისტემის ცენტრალურ კომპონენტს ლიკვიდურობის პულები წარმოადგენს.
ლიკვიდურობის პულების წყალობით შესაძლებელი გახდა დეცენტრალიზებული ბირჟების და სხვა DeFi აპლიკაციების შექმნა. წინამდებარე სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს ლიკვიდურობის პული, როგორ მუშაობს ის, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ მისი გამოყენების გადაწყვეტილებას მივიღებთ.
რა არის ლიკვიდურობის პულები?
ლიკვიდურობის პული წარმოადგენს კრიპტოვალუტების ან ტოკენების საცავს, რომლებიც დაბლოკილია სმარტ კონტრაქტში და უზრუნველყოფს ლიკვიდურობას დეცენტრალიზებული ვაჭრობისთვის, სესხების გაცემისთვის და სხვა ფინანსური ოპერაციებისთვის. ტრადიციული შეკვეთების წიგნების ან ცენტრალიზებული მარკეტ-მეიკერების ნაცვლად, DeFi პლატფორმა, როგორიცაა Uniswap ან PancakeSwap, ტოკენების სვოპისთვის იყენებს ლიკვიდურობის პულებს და ავტომატურ მარკეტ-მეიკერებს (AMM-ებს).
ლიკვიდურობის პულების წყალობით აღარაა საჭირო ინდივიდუალური მყიდველების და გამყიდველების თანმხვედრი შეკვეთების მოძიება. ამის ნაცვლად, ნებისმიერს შეუძლია გადაცვალოს საკუთარი აქტივი პულში განთავსებულ ტოკენებზე, რომლის ფასი ავტომატურად კორექტირდება პულში არსებული ტოკენების თანაფარდობის საფუძველზე.
როგორ მუშაობს ლიკვიდურობის პულები?
ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები)
მომხმარებელი, რომელიც საკუთარ ტოკენს პულში განათავსებს, ეწოდება ლიკვიდურობის პროვაიდერი, ანუ LP. ჩვეულებრივ, LP-ები პულში განათავსებენ ორი სხვადასხვა ტიპის ტოკენებს, მაგალითად ETH-ს და USDC-ს, რომელთა საერთო ღირებულება ტოლია. სანაცვლოდ ისინი იღებენ LP ტოკენებს, რომლებიც წარმოადგენს მათ წილს პულში.
პულში განხორციელებული ყოველი სვოპის შემდეგ, ისინი იღებენ საკომისიოებს მათი წილის შესაბამისად. ეს წარმოადგენს პასიური შემოსავლის მიღების გზას. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, LP ტოკენების გამოყენება შესაძლებელია სტეიკინგზე, რაც დამატებითი ჯილდოების გამომუშავების საშუალებას გაძლევთ (ამას უწოდებენ შემოსავლის ფარმინგს ან ლიკვიდურობის მაინინგს).
ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM-ები)
AMM-ები წარმოადგენს სმარტ კონტრაქტებს, რომელთა მეშვეობით ხდება ფასების განსაზღვრა. ჩვეულებრივ, ამისთვის გამოიყენება Uniswap-ის ფორმულა:
x * y = k
x და y აღნიშნავს ტოკენების ბალანსებს პულში, ხოლო k არის მუდმივა. ყოველი ვაჭრობის შემდეგ ბალანსები იცვლება და ფასი ავტომატურად კორექტირდება. ეს მომხმარებელს აძლევს პირდაპირ ლიკვიდურობის პულის გამოყენებით ვაჭრობის საშუალებას, ტრადიციული შეკვეთების წიგნის საჭიროების გარეშე.
ლიკვიდურობის პულების უპირატესობები
ღიაა ნებისმიერისთვის: არავითარი წვდომის კონტროლი. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ყოველთვის ხელმისაწვდომია: ლიკვიდურობა ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, ვაჭრობისთვის არ არის საჭირო შემხვედრი მხარის მოძებნა.
მომენტალური ვაჭრობები: არ არის საჭირო მყიდველების ან გამყიდველების ლოდინი.
ჯილდოები: LP-ები გამოიმუშავებენ საკომისიოებს, ზოგჯერ კი ბონუსებს.
ნაკლები ბარიერები პროექტებისთვის: ახალი ტოკენებით ლიკვიდურობის შექმნა მარტივად, ცენტრალიზებული ბირჟების საჭიროების გარეშე არის შესაძლებელი.
DeFi-ს ლიკვიდურობის პულების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები
ლიკვიდურობის პულების წყალობით, DeFi სივრცემ საფუძველი დაუდო ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციურ გზებს. თუმცა ლიკვიდურობის პულების გამოყენებამდე, საჭიროა მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება.
დროებითი ზარალი
დროებით ზარალს ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც თქვენი ტოკენის ფასი იცვლება ლიკვიდურობის პულში მისი დამატების შემდეგ. რაც უფრო დიდია ეს ცვლილება, მით უფრო მაღალია პოტენციური ზარალი იმ შემთხვევასთან შედარებით, თუ მას უბრალოდ შეინახავდით. ამის მიზეზია პულის მიერ ტოკენების თანაფარდობის ავტომატური რებალანსირება, რის შემდეგაც თქვენი ტოკენების რაოდენობა მცირდება მისი ფასის ზრდის გამო.
სმარტ კონტრაქტების სისუსტეები
რადგან ლიკვიდურობის პულების მუშაობა სმარტ კონტრაქტებზეა დამოკიდებული, მათში ბაგების ან ექსპლოიტების არსებობის გამო, თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი თანხა. მაღალი რეპუტაციის პლატფორმების გამოყენებამ, რომელთა აუდიტი რეგულარულად ტარდება, შესაძლოა შეამციროს ეს რისკი, თუმცა მისი სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
Rug pull-ები და თაღლითობები
ზოგჯერ თაღლითები ქმნიან ყალბ პულებს და ლიკვიდურობის მოზიდვის შემდეგ უჩინარდებიან მომხმარებელთა თანხებთან ერთად. ტოკენების განთავსებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ პროექტის ლეგიტიმურობა და ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მის სანდოობაში, დაიწყეთ მცირე თანხებით ვაჭრობა.
ლიკვიდურობის პულების პოპულარული ტიპები
ტრადიციული პულები: ორი ტოკენისგან შემდგარი პულები, რომელშიც ეს ტოკენები 50/50 თანაფარდობითაა წარმოდგენილი (მაგ., Uniswap v2).
სტეიბლკოინის პულები: პულები, რომლებშიც განთავსებულია სტეიბლკოინები ან მსგავსი ღირებულების აქტივები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფასის ცურვას (მაგ., Curve Finance).
შერეული აქტივების პულები: პულები, რომლებიც შედგება რამდენიმე ტიპის აქტივისგან და შეწონვის კონფიგურირებადი მექანიზმისგან.
ერთტოკენიანი პულები: LP-ებს საშუალებას აძლევს განათავსონ ერთი ტიპის ტოკენი, რაც ამცირებს დროებითი ზარალის რისკს.
კონცენტრირებული ლიკვიდურობის პულები: LP-ები პულებს აწვდიან ლიკვიდურობას ფასის კონკრეტული დიაპაზონის ფარგლებში, რაც აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას (მაგ., Uniswap v3 და v4).
როგორ მივიღოთ მონაწილეობა ლიკვიდურობის პულში
1. აირჩიეთ პლატფორმა: თქვენი აქტივის და რისკის დასაშვებობის დონის გათვალისწინებით, აირჩიეთ კარგი რეპუტაციის მქონე DeFi პლატფორმა, როგორიცაა Uniswap ან PancakeSwap.
2. დააკავშირეთ თქვენი საფულე: პლატფორმასთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენეთ თავსებადი კრიპტო საფულე (მაგალითად MetaMask). გაითვალისწინეთ, რომ DeFi-ს ლიკვიდურობის პულებზე წვდომა ასევე შესაძლებელია Binance Alpha ფუნქციის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია Binance Wallet-ზე.
3. აირჩიეთ პული და გადარიცხეთ ტოკენები: ტოკენების დეპონირების სანაცვლოდ მიიღებთ LP ტოკენებს.
4. გამოიმუშავეთ ჯილდოები: მიიღეთ პასიური შემოსავალი ტრანზაქციის საკომისიოებისა და სტეიკინგის ჯილდოების სახით.
5. გაიტანეთ ლიკვიდურობა: დააბრუნეთ LP ტოკენები და გაიტანეთ თქვენი აქტივები გამომუშავებულ სარგებელთან ერთად (მისი არსებობის შემთხვევაში).
შეჯამება
ლიკვიდურობის პულები DeFi-ს ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. მათი მეშვეობით შესაძლებელია დეცენტრალიზებული ვაჭრობა, სესხების გაცემა და სარგებლის გენერირების სტრატეგიების გამოყენება, რაც მომხმარებელს აძლევს პასიური შემოსავლის გამომუშავების საშუალებას. თუმცა ისევე, როგორც ნებისმიერი ინვესტიცია, ისიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, როგორებიცაა დროებითი ზარალი, კოდის ექსპლოიტები, rug pull-ები და თაღლითობები. თუ იყენებთ სანდო პლატფორმას, მუდმივად თვალყურს ადევნებთ სიახლეებს და გონივრულად მართავთ რისკებს, ლიკვიდურობის პულები, ლიკვიდურობის პულები DeFi-ს ეკოსისტემაში მონაწილეობის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.