დროებითი ზარალის განმარტება

დროებითი ზარალის განმარტება

გამოქვეყნებული Oct 19, 2020განახლებული Aug 12, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • დროებით ზარალს ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც თქვენი ტოკენის ფასი იცვლება ლიკვიდურობის პულში მისი დამატების შემდეგ.

  • რაც უფრო დიდია ეს ცვლილება, მით მაღალია პოტენციური ზარალი იმ შემთხვევასთან შედარებით, თუ მას უბრალოდ შეინახავდით (HODLing).

  • ეს იმას ნიშნავს, რომ DeFi პულებისთვის ლიკვიდურობის მიწოდებით თქვენ შეიძლება დაკარგოთ ფული. ეს დაკავშირებულია კონკრეტული ტიპის ბაზრის თავისებურებასთან, რომელსაც ეწოდება ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM).

  • ლიკვიდურობის პულისთვის ლიკვიდურობის მიწოდება შეიძლება მომგებიანი იყოს, თუმცა პოტენციური ზარალის თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კონცეფცია, რომელსაც დროებითი ზარალი ეწოდება.

დროებითი ზარალი cta ბანერი

შესავალი

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლების პოპულარობა ხშირად იწვევდა მათი მოცულობის და ლიკვიდურობის მკვეთრ ზრდას. ისინი ნებისმიერ ადამიანს აძლევს საკუთარი თანხების პულში განთავსების და ვაჭრობის საკომისიოების გამომუშავების შესაძლებლობას. მარკეტ-მეიკინგის დემოკრატიზაციის წყალობით, კრიპტო სივრცეში უამრავი ეკონომიკური აქტივობების მარტივად განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდა.

რა უნდა იცოდეთ ამ პლატფორმებისთვის ლიკვიდურობის მიწოდებამდე? ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონცეფციას წარმოადგენს დროებითი ზარალი—სწორედ მას განვიხილავთ ამ სტატიაში.

რა არის დროებითი ზარალი?

დროებით ზარალს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ლიკვიდურობას აწვდით პულს, რის შემდეგაც დეპონირებული აქტივის ფასი იცვლება. 

რაც უფრო დიდია ეს ცვლილება, მით მეტია თქვენი დროებითი ზარალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აქტივის გატანისას მისი ღირებულება დოლარში უფრო ნაკლები იქნება იმ შემთხვევასთან შედარებით, თუ პულში მის დეპონირებას არ განახორციელებდით.

პულების შემთხვევაში, რომლებშიც განთავსებულია შედარებით სტაბილური ფასის თანაფარდობის მქონე აქტივები—მაგალითად, იმავე ვალუტაზე მიბმული სტეიბლკოინები ან მონეტის სხვა შეფუთული ვერსიები—დროებითი ზარალის რისკი გაცილებით დაბალია. თუმცა სტეიბლკოინების შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხდეს მიბმის გაუქმება, რამაც შესაძლოა დროებით გაზარდოს რისკი.

თუ მსგავსი რისკი არსებობს, რატომ მონაწილეობენ ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები) ამ პროცესში? იმიტომ, რომ სავაჭრო საკომისიოებით მიღებულმა მოგებამ შესაძლოა შეამციროს ან სრულად აანაზღაუროს დროებითი ზარალით მიღებული დანაკარგი.

მაგალითად, Uniswap-ზე ვაჭრობისას მომხმარებელი იხდის საკომისიოს, რომელიც პირდაპირ ლიკვიდურობის პროვაიდერებს გადაეცემა. საკმარისი დონის ვაჭრობის მოცულობის შემთხვევაში, ლიკვიდურობის მიწოდება მომგებიანი საქმიანობაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პულებში ფიქსირდება დროებითი ზარალი. მომგებიანობა დამოკიდებულია პროტოკოლზე, კონკრეტულ პულზე, აქტივებზე და ზოგადად ბაზრის პირობებზე.

რას წარმოადგენს დროებითი ზარალი?

მოდით განვიხილოთ მაგალითი, სადაც აღწერილია ლიკვიდურობის პროვაიდერის მიერ განცდილი დროებითი ზარალი.

ელისმა ლიკვიდურობის პულში განათავსა 1 ETH და100 USDC. ამ კონკრეტული ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) შემთხვევაში, განთავსების მომენტში დეპონირებული ტოკენების ღირებულება დოლართან მიმართებით უნდა იყოს თანაბარი. ამ შემთხვევაში 1 ETH-ის ფასი არის 100 USDC, რაც იმას ნიშნავს, რომ ელისმა პულში განათავსა 200 აშშ დოლარის ღირებულების აქტივები.

პულში აქტივების საერთო ოდენობაა 10 ETH და 1000 USDC – რომლებიც განთავსებულია ელისის მსგავსი ლიკვიდურობის პროვაიდერების მიერ. ამგვარად, ელისის წილი პულში არის 10%, ხოლო პულის საერთო ლიკვიდურობა შეადგენს 10 000-ს.

დავუშვათ ETH-ის ფასი გაიზარდა 400 USDC-მდე. ამ დროს, არბიტრაჟით მოვაჭრე ტრეიდერები პულში დაამატებენ USDC-ს და გაიტანენ ETH-ს, სანამ ეს თანაფარდობა მიმდინარე ფასზე არ აისახება. გაითვალისწინეთ, რომ AMM-ებში არ გამოიყენება შეკვეთების წიგნები; ფასების განსაზღვრა ხდება პულში ტოკენების თანაფარდობის გათვალისწინებით.

რადგან AMM იყენებს რეზერვების გამოთვლის ფორმულას (x * y = k), პულში არსებული ტოკენების რაოდენობების ცვლილება აისახება ფასზე. ამ მომენტისთვის პულში არის დაახლოებით 5 ETH და 2000 USDC, რაც არბიტრაჟით მოვაჭრე ტრეიდერების დამსახურებაა.

როდესაც ელისი გაიტანს საკუთარ 10%-იან წილს, ის მიიღებს 0,5 ETH-ს და 200 USDC-ს. რაც საერთო ჯამში 400 აშშ დოლარის ღირებულებისაა. შესანიშნავია! თუ გავითვალისწინებთ, რომ საწყისი დეპოზიტი 200 აშშ დოლარის ღირებულების იყო, მოგება შეადგენს 100%-ს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ელისი საკუთარ 1 ETH-ს და 100 USDC-ს უბრალოდ შეინახავდა, მისი ჰოლდინგების ღირებულება ახლა იქნებოდა 500 აშშ დოლარი.

როგორც ვხედავთ, ელისი HODLing-ის მეშვეობით უფრო მეტ მოგებას მიიღებდა, საკუთარი აქტივები ლიკვიდურობის პულში რომ არ განეთავსებინა. სწორედ ამას უწოდებენ დროებით ზარალს. ზარალი „დროებითად“ იმიტომ ითვლება, რომ ფასების თანაფარდობის საწყის მნიშვნელობაზე დაბრუნების შემთხვევაში, ეს ზარალი ლიკვიდირებული იქნება.

როგორც ხედავთ, ამ მაგალითში არ არის გათვალისწინებული ვაჭრობის საკომისიოები. ელისის მიერ გამომუშავებულმა საკომისიოებმა შესაძლოა მოახდინოს ზარალის კომპენსაცია ან სულაც გადააჭარბოს მის ოდენობას, რაც ლიკვიდურობის მიწოდებას მომგებიან საქმიანობად ხდის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დროებითი ზარალი შესაძლოა სერიოზული დანაკარგის მიზეზი გახდეს (რაც შეიძლება მოიცავდეს საწყისი დეპოზიტის მნიშვნელოვანი ნაწილს).

დროებითი ზარალის გამოთვლა

ამგვარად, დროებით ზარალს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება პულში განთავსებული აქტივების ფასები. როგორ უნდა გამოვთვალოთ ის? შეგვიძლია ეს მონაცემები დიაგრამაზე დავიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის მოცემული ლიკვიდურობის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული საკომისიოები.

დროებითი ზარალის გამოთვლის დიაგრამა

ამ გრაფიკის მიხედვით, ლიკვიდურობის მიწოდებით მიღებული ზარალი HODLing-თან შედარებით იქნება შემდეგი:

  • 1,25x ფასის ცვლილება = ~0,6% ზარალი

  • 1,50x ფასის ცვლილება = ~2,0% ზარალი

  • 1,75x ფასის ცვლილება = ~3,8% ზარალი

  • 2x ფასის ცვლილება = ~5,7% ზარალი

  • 3x ფასის ცვლილება = ~13,4% ზარალი

  • 4x ფასის ცვლილება = ~20,0% ზარალი

  • 5x ფასის ცვლილება = ~25,5% ზარალი

გაითვალისწინეთ, რომ დროებით ზარალს შეიძლება ადგილი ქონდეს მიუხედავად იმისა, თუ რომელი მიმართულებით იცვლება ფასი. ერთადერთი, რაც განსაზღვრავს დროებით ზარალს, არის ფასის თანაფარდობის ცვლილება დეპოზიტის განხორციელების მომენტიდან.

AMM-ისთვის ლიკვიდურობის მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები

ტერმინმა „დროებითი ზარალი“ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. სიტყვა „დროებითი“ ნიშნავს, რომ ზარალი რეალიზებული არ არის, სანამ თქვენს ტოკენებს პულიდან არ გაიტანთ. თუ გაგიმართლათ, ფასის თანაფარდობა შესაძლოა საპირისპირო მიმართულებით შეიცვალოს. თუმცა, როგორც კი თქვენს აქტივს პულიდან გაიტანთ, ზარალი მუდმივი გახდება.

ლიკვიდურობის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული ვაჭრობის საკომისიოების წყალობით შესაძლოა მოახერხოთ ზარალის კომპენსაცია ან სულაც მოგების მიღება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ რისკების შესახებ წინასწარ იყოთ ინფორმირებული. მოერიდეთ პულში ერთდროულად დიდი ოდენობით თანხის განთავსებას. დაიწყეთ მცირე თანხით, რაც დაგეხმარებათ სავარაუდო მოგების ოდენობის და რისკების შეფასებაში.

ასევე საჭიროა პულში არსებული აქტივების არასტაბილურობის დონის გათვალისწინება—რაც უფრო არასტაბილურია ტოკენების წყვილი, მით მეტია დროებითი ზარალის ალბათობა.

და ბოლოს, მოიძიეთ საიმედო AMM-ები. DeFi პროტოკოლების fork-ის შექმნა ან მათი მოდიფიცირება ძალიან მარტივია, ამიტომ ახალი ან შეუმოწმებელი AMM-ები შეიძლება შეიცავდეს ბაგებს, რამაც შესაძლოა თქვენი თანხის დაკარგვა გამოიწვიოს. ფრთხილად მოეკიდეთ პულებს, რომლებიც უჩვეულოდ მაღალ მოგებას გთავაზობთ.

რისკების შემცირება

თანამედროვე AMM-ები გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციებს, როგორიცაა კონცენტრირებული ლიკვიდურობა ან სტეიბლკოინით-ოპტიმიზებული პულები, რომელთა მიზანია დროებითი ზარალის რისკების შემცირება. ასევე პოპულარობას იძენს ლიკვიდურობის ერთტოკენიანი ვარიანტები. ამ ალტერნატივების შესწავლა მომხმარებელს დაეხმარება გავრცელებული რისკების შემცირებაში.

შეჯამება

დროებითი ზარალი წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონცეფციას, რომელსაც უნდა იცნობდეს ყველა, ვინც აპირებს AMM-ებისთვის ლიკვიდურობის მიწოდებით თანხის გამომუშავებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ დეპონირებული აქტივების ფასების თანაფარდობა შეიცვალა მათი პულში განთავსების შემდეგ, ამან შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ზარალი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.