მთავარი დეტალები
ვაჭრობის ფსიქოლოგია გულისხმობს ემოციურ და კოგნიტურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სავაჭრო გადაწყვეტილებების ფორმირებაზე; შიში და სიხარბე კი ორი დომინანტური ძალაა ნებისმიერ ბაზარზე.
შიშის და სიხარბის ფაქტორების გარდა არსებობს ქცევითი მიკერძოებების სხვა ტიპები, როგორიცაა ზარალის მიუღებლობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, დადასტურების მიკერძოება და უახლესი მოვლენის მიკერძოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემატური შეცდომები, რომლებისგან დაზღვეულნი გამოცდილი ტრეიდერებიც არ არიან.
ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა ვაჭრობის გეგმები, stop-loss შეკვეთები, ვაჭრობის ჟურნალების წარმოება და რეგულარული შესვენებები წარმოადგენს ემოციების მართვის საიმედო სტრატეგიებს.
ტრადიციული აქტივებით ვაჭრობისგან განსხვავებით, კრიპტო ბაზრებზე ვაჭრობა უნიკალურ ფსიქოლოგიურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რის მიზეზსაც წარმოადგენს ამ ბაზრების თავისებურებები, როგორიცაა 24/7 რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა, უკიდურესად მერყევი ფასები და სოციალური მედიის მაღალი ზეგავლენა.
შესავალი
ვაჭრობის ფსიქოლოგია ასახავს ტრეიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ემოციურ ასპექტს. ამა თუ იმ დონის ემოციური ტრიგერი ნებისმიერი ტრეიდერისთვისაა დამახასიათებელი. შიში და სიხარბე არის ორი ძირითადი ემოცია, რომლებიც გავლენას ახდენს ტრეიდერზე: ორივე შეიძლება გახდეს არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, როგორიცაა ვა-ბანკზე წასვლა ან აქტივების პანიკური გაყიდვა.
თუ ტრეიდერის ფსიქიკა სუსტია და მასზე ადვილად ახდენს გავლენას ემოციები, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის პორტფოლიოზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტური ანალიზის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ არასტაბილურ ბაზრებზე ვაჭრობისას, როგორიცაა კრიპტო.
რა არის ვაჭრობის ფსიქოლოგია?
ვაჭრობის ფსიქოლოგია გულისხმობს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების მიერ სხვადასხვა ბაზრებზე, მაგალითად კრიპტოს ან აქციების ბაზრებზე ვაჭრობაზე. ის ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც ემოციებს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ტრეიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
სიხარბემ შესაძლოა ტრეიდერი აიძულოს სარისკო გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, კრიპტოვალუტის ფასის სწრაფად ზრდის გამო მან შეიძლება ის მაქსიმალურ ფასად იყიდოს. შიშმა კი პირიქით, შეიძლება ტრეიდერს უბიძგოს პოზიციის დროზე ადრე დახურვისკენ.
FOMO (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში) განსაკუთრებით ხშირია იმ დროს, როდესაც აქტივის ფასი მნიშვნელოვნად იზრდება დროის მცირე მონაკვეთში. ამ ფაქტორის გავლენით ადამიანმა შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღოს არა ლოგიკური განსჯის, არამედ ემოციების საფუძველზე.
ემოციები გავლენას ყველა ტრეიდერზე ახდენს. ადამიანთა უმეტესობისთვის ფულის დაკარგვა მტკივნეულ ემოციას იწვევს, ფულის გამომუშავება კი სასიამოვნო შეგრძნებასთანაა დაკავშირებული.
რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი ფსიქოლოგიის ცოდნა ვაჭრობის დროს
შიში და სიხარბე ვაჭრობასთან დაკავშირებული ორი ძირითადი ემოციაა. ბაზრის განწყობის შესაფასებლად გამოიყენება ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება შიშის და სიხარბის ინდექსი, რომელიც აერთიანებს ფასების მერყეობის, ბაზრის იმპულსის, სოციალური მედიის და კვლევების სიგნალებს.
შიში ტრეიდერს აიძულებს რისკისთვის თავის არიდებას, რის გამოც მან შესაძლოა ხელიდან გაუშვას წარმატებული ვაჭრობის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, სიხარბემ შეიძლება მას რისკზე წასვლისკენ უბიძგოს და აიძულოს აქტივის ყიდვა პიკური ფასის პერიოდში.
გამოცდილმა ტრეიდერებმა იციან, თუ როგორ უნდა დაიცვან ბალანსი შიშსა და სიხარბეს შორის. შიში ტრეიდერებს იცავს არასაჭირო რისკისგან, ხოლო სიხარბე მათ შესაძლებლობების რეალიზაციის მოტივაციას აძლევს. ჩვეულებრივ, ამ ემოციებს შორის არსებული ბალანსის დარღვევას მივყავართ ირაციონალური სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
ვაჭრობის დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფუნდამენტური ანალიზის ჩატარების ან დიაგრამის წაკითხვის ცოდნა. ემოციების სწორად შეფასება და კონტროლი ტრეიდერებს აძლევს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და ზარალის მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, ვაჭრობა ემოციების გარეშე წარმოუდგენელია. ტრეიდერებს ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება, რაც მათში გარკვეულ ემოციებს იწვევს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.
არარეალისტური მოლოდინები: ვაჭრობა არ წარმოადგენს სწრაფად გამდიდრების გზას. ადამიანები, რომლებიც ამ განწყობით იწყებენ ვაჭრობას, მალე დგებიან მკაცრი რეალობის წინაშე. ნებისმიერი უნარის მსგავსად, ვაჭრობაც წლობით ვარჯიშსა და დისციპლინას მოითხოვს.
ზარალი: საუკეთესო ტრეიდერებსაც აქვთ უიღბლო დღეები. დამწყები ტრეიდერებისთვის წაგება რთულად აღსაქმელი კონცეფციაა, რაც მათ უფრო აქტიური ვაჭრობისკენ უბიძგებს, რასაც ხშირად კიდევ უფრო დიდი ზარალისკენ მივყავართ.
ვაჭრობა რევანშის მიზნით
განსაკუთრებით სახიფათო პატერნს წარმოადგენს რევანშის მიზნით ვაჭრობა, რა დროსაც ტრეიდერი დაუყოვნებლივ ხსნის პოზიციებს დაკარგული თანხის უკან დაბრუნების მიზნით. ამ ქმედებას წინ არ უძღვის რაიმე ანალიტიკური პროცესი და თითქმის მთლიანად ეფუძნება ფრუსტრაციას და ეგოს. როგორც წესი, რევანშის მიზნით ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის ზარალს და ის წარმოადგენს ვაჭრობის ფსიქოლოგიის კვლევებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოხსენიებულ პატერნს.
მოგება: მოგება სასიამოვნო ემოციებს იწვევს, თუმცა ამან შესაძლოა ტრეიდერში ზედმეტი თავდაჯერებულობის ან უძლეველობის გრძნობა გააჩინოს და მან ჩათვალოს, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია, ეს კი თავის მხრივ შეიძლება უფრო სარისკო გადაწყვეტილებების მიღების და, საბოლოოდ, ზარალის მიზეზი გახდეს.
ბაზრის განწყობა და სოციალური მედია: ახალბედა ტრეიდერი ადვილად ექცევა ინტერნეტში გამოთქმული მოსაზრებების გავლენის ქვეშ. სოციალურ მედიაში დაფიქსირებული უარყოფითი განწყობა შეიძლება პანიკური გაყიდვების მიზეზი გახდეს. ანალოგიურად არაგონივრულია ინფლუენსერის რჩევის ბრმად შესრულება, რომელიც კონკრეტული ტოკენის ყიდვას გთავაზობთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფლუენსერის ტოკენის პროექტი წარმოადგენს.
FUD და სოციალური მედია
FUD (შიში, გაურკვევლობა და ეჭვი) მსგავს პატერნს წარმოადგენს, რაც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში უარყოფითი ან შეცდომაში შემყვანი ნარატივების სწრაფად გავრცელებასთან, რაც პანიკას იწვევს იმ ტრეიდერებში, რომელთაც არ აქვთ ამ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. კრიპტო ბაზრებზე FUD-მა შეიძლება ფასის მოკლევადიანი ვარდნა გამოიწვიოს, რასაც მოჰყვება ფასის შებრუნება ნარატივის კორექტირების შემდეგ. ემოციური რეაქციების მართვისთვის აუცილებელია შეგეძლოთ სანდო საბაზრო ინფორმაციის და FUD-ის, როგორც ფსიქოლოგიური ტრიგერის ერთმანეთისგან განსხვავება.
გავრცელებული კოგნიტური მიკერძოებები, რომლებიც გავლებნას ახდენს ვაჭრობებზე
შიშის და სიხარბის გარდა არსებობს ქცევითი მიკერძოების უამრავი სხვა დოკუმენტირებული ტიპი, რომლებიც გავლენას ახდენს სავაჭრო გადაწყვეტილებებზე. მსგავსი მიკერძოებების ამოცნობა შედარებით რთულია, რადგან მოცემულ მომენტში შეიძლება რაციონალურად მოგეჩვენოთ. მსგავსი მიკერძოებების მოქმედების პრინციპის ცოდნა ტრეიდერებს ეხმარება მათ დროულად იდენტიფიცირებაში.
ზარალის მიუღებლობა
ზარალის მიუღებლობა აღნიშნავს ტენდენციას, რა დროსაც ტრეიდერი ზარალით გამოწვეულ ტკივილს ორჯერ უფრო ძლიერად აღიქვამს, ვიდრე იმავე თანხის მოგებით მიღებულ სიამოვნებას. ეს ტრეიდერებს აიძულებს წამგებიან პოზიციებზე ზედმეტად ხანგრძლივად დარჩენას ფასის შემობრუნების იმედით, ხოლო მომგებიანი პოზიციების დროზე ადრე დახურვას, რაც დადებითი ემოციების შენარჩუნების სურვილითაა გამოწვეული. გრძელვადიან პერიოდში, მსგავსი ქცევა ამცირებს მოგების მიღების ალბათობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრეიდერი სწორად განსაზღვრავს ბაზრის მიმართულებას.
ზედმეტი თავდაჯერებულობა
ზედმეტი თავდაჯერებულობა არის მიკერძოების ფორმა, რა დროსაც ტრეიდერი ზედმეტად არის დარწმუნებული საკუთარი ანალიზის სიზუსტეში ან ბაზრის პროგნოზირებადობაში, რაც უფრო ხშირად წარმატებული ვაჭრობის შემდეგ ფიქსირდება. ეს შეიძლება გახდეს ზედმეტად დიდი ზომის პოზიციების გახსნის, რისკის მართვის წესების ან გამაფრთხილებელი სიგნალების უგულებელყოფის მიზეზი. ეს პატერნი განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება bull ბაზრებზე, სადაც აქტივების ფასების ზრდის გამო შესაძლოა ტრეიდერმა საკუთარი გადაწყვეტილებები იმაზე გონივრულად ჩათვალოს, ვიდრე რეალურად არის.
დადასტურების მიკერძოება
დადასტურების მიკერძოება არის ტენდენცია, როდესაც ტრეიდერი ცდილობს მოიძიოს საკუთარი ვარაუდის დამადასტურებელი ინფორმაცია და იგნორირებას უკეთებს საწინააღმდეგო მოსაზრების მტკიცებულებას. ტრეიდერი, რომელმაც უკვე შეიძინა აქტივი, შეიძლება კითხულობდეს მხოლოდ bullish კომენტარებს და ყურადღებას არ აქცევდეს bearish სიგნალებს. ეს ქმნის უკუკავშირის ციკლს, რის გამოც, ფაქტების ობიექტურად შეფასების ნაცვლად, ტრეიდერი რწმუნდება საკუთარი ვარაუდის სისწორეში.
უახლესი მოვლენის მიკერძოება
უახლესი მოვლენის მიკერძოება აღნიშნავს ტენდენციას, რა დროსაც ტრეიდერები უახლეს მოვლენებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ისტორიულ მონაცემებს. ხანგრძლივი bull პერიოდის შემდეგ ტრეიდერმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ფასი უსასრულოდ გაიზრდება. ფასის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში კი ტრეიდერმა შეიძლება ივარაუდოს, რომ bearish პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებით ეს ვარაუდი არ დასტურდება. უახლესი მოვლენის მიკერძოება განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს კრიპტო სივრცეში, რადგან ამ ბაზარზე ხშირია ფასის სწრაფად შებრუნების შემთხვევები.
ფიქსაციის მიკერძოება
ფიქსაციის მიკერძოება აღნიშნავს შემთხვევას, როდესაც ტრეიდერი საკუთარ მოლოდინებს უკავშირებს კონკრეტულ საორიენტაციო ფასს, მაგალითად მის მიერ შეძენილი აქტივის ფასის ისტორიულ მაქსიმუმს. ამის გამო მან შეიძლება თავი შეიკავოს აქტივის გაყიდვისგან და დაელოდოს ფასის აღნიშნულ დონეზე დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის პირობებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ფიქსაციის ფაქტორმა შეიძლება ტრეიდერს ხელი შეუშალოს რეალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
როგორ გავხდეთ უკეთესი ტრეიდერი ვაჭრობის ფსიქოლოგიის გამოყენებით
იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში
დასახეთ მიღწევადი მიზნები. თქვენი მიზნების შესასრულებლად რეალისტური გეგმის დასახვა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არასაჭირო ვაჭრობას ან არარეალისტური მოლოდინებით გამოწვეულ იმედგაცრუებას. ის ასევე დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ გრძელვადიან მიზნებზე და არა მოკლევადიან მოგებაზე ან ზარალზე.
აიღეთ შესვენება
რეგულარული შესვენებები საშუალებას გაძლევთ სწორად შეაფასოთ სიტუაცია. წარმატებული ვაჭრობების სერიის შემდეგ აიღეთ შესვენება, სანამ ეს გადაჭარბებულ ვაჭრობაში არ გადაიზრდება. გარდა ამისა, ღამეების თენება იწვევს გადაღლას, რისი შედეგიც შეიძლება გახდეს არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. შესვენებები სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენი პორტფოლიოსთვის, არამედ თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ისწავლეთ შეცდომებიდან
ვაჭრობის დროს ყველა უშვებს შეცდომებს. საკუთარ თავზე გაბრაზების, ან კიდევ უარესი, ზარალის დასაბრუნებლად უფრო დიდ რისკზე წასვლის ნაცვლად გააკეთეთ პაუზა და გააანალიზეთ თქვენი შეცდომები. შეიმუშავეთ ახალი სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადრე დაშვებული შეცდომები და მიღებული გამოცდილება, რაც დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ მომდევნო ვაჭრობებისთვის.
განსაზღვრეთ წესები
მოამზადეთ ვაჭრობის დეტალური გეგმა და მიჰყევით მას. ამ გეგმაში აღწერილი უნდა იყოს სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების პროცესი, რაც დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი რეაქციები სტრესულ პირობებში. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ stop-loss და take-profit შეკვეთები, დააწესოთ მოგების ან ზარალის დღიური ლიმიტი და შეიმუშაოთ თქვენს ვითარებაზე მორგებული რისკის მართვის სტრატეგია.
მკაფიო გეგმა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ მოქმედების საფეხურები, არ მისცეთ ემოციურ ფაქტორს უფლება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებებზე და არ გადაუხვიოთ პოზიციის გახსნამდე შემუშავებულ სამოქმედო კურსს.
აწარმოეთ სავაჭრო ჟურნალი
სავაჭრო ჟურნალი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტია ფსიქოლოგიური დისციპლინის ჩამოყალიბებისთვის. ჩაიწერეთ არა მარტო პოზიციის გახსნის და დახურვის ფასები, არამედ ასევე აღწერეთ თითოეული ვაჭრობის მიზანი და თქვენი ემოციური მდგომარეობა ვაჭრობის დროს. თქვენი ჟურნალის რეგულარულად გადახედვის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ დააფიქსიროთ პატერნები, მაგალითად, ბაზრის მდგომარეობა, რომელიც გაიძულებთ მიიღოთ ზედმეტად თავდაჯერებული გადაწყვეტილებები ან დიდი დანაკარგს შემდეგ დაფიქსირებული წარმატებული ვაჭრობების სერია. საკუთარი თავის შესახებ მსგავსი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია მხოლოდ თქვენი მეხსიერებიდან აღდგენილი მონაცემების საფუძველზე. გარდა ამისა, ეს ინსტრუმენტი ამარტივებს ემოციური ტრიგერების იდენტიფიცირებას, რაც დაგეხმარებათ მომდევნო ვაჭრობების სწორად წარმართვაში.
შეასრულეთ გონებრივი ვარჯიშები
სავაჭრო სესიების წინ და მათ შემდეგ მოკლე გონებრივი ვარჯიშების შესრულება დაგეხმარებათ შეამციროთ რეაქტიულობა და გააუმჯობესოთ გადაწყვეტილებების ხარისხი. ხანმოკლე რუტინული სავარჯიშოები, მაგალითად, პოზიციების შემოწმების ან ვაჭრობის აღსრულების წინ რამდენიმე წუთით სუნთქვაზე ფოკუსირება დაგეხმარებათ ერთმანეთისგან განაცალკევოთ ემოციური და ანალიტიკური ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ვარჯიშების მიზანი არა ემოციების დათრგუნვა, არამედ მათი იდენტიფიცირებაა.
განსხვავებულია სავაჭრო ფსიქოლოგია კრიპტო სფეროში?
ტრედინგის ფსიქოლოგია ვრცელდება ნებისმიერ აქტივების კლასზე, მათ შორის კრიპტოზეც. ადამიანები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგვანან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას არ უყვარს ფულის დაკარგვა და უყვარს მისი მოგება. წარმატებული ვაჭრობების შემდეგ ყველა ტრეიდერი ერთნაირად განიცდის სიხარულს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბაზარზე ვაჭრობენ ისინი.
თუმცა არსებობს რამდენიმე უნიკალური ფსიქოლოგიური გამოწვევა, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ კრიპტო ტრეიდერებს უწევთ.
საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, რომელიც შაბათ-კვირას დახურულია, კრიპტოვალუტის ბაზარი 24/7 რეჟიმში მუშაობს, ამიტომ კრიპტო ტრეიდერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წვდომა სავაჭრო ინსტრუმენტებზე, საკუთარ აქტივებზე და, რაც მთავარია, პოტენციურ შესაძლებლობებზე. იმ ტრეიდერებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, 24/7 რეჟიმში ვაჭრობაზე წვდომა შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ.
ამასთანავე, კრიპტო ბაზარი მაღალი მერყეობით გამოირჩევა, ამიტომ მკაცრი დისციპლინის შენარჩუნებისთვის ტრეიდერებს ესაჭიროებათ სწრაფად ფიქრის უნარი.
მაგალითად, პროფესიონალი ტრეიდერი არ შეიძენს სწრაფად მზარდ აქტივს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა მასზე საუბრობს ან არ დააბანდებს მთელს თანხას აქტივით ვაჭრობის დღის წარმატებით დასრულების გამო.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ვაჭრობის ფსიქოლოგია?
ვაჭრობის ფსიქოლოგია გულისხმობს ემოციურ და მენტალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე ტრეიდერების გადაწყვეტილებების ფორმირებაზე. ის მოიცავს ემოციებს, როგორებიცაა შიში და სიხარბე, ასევე კოგნიტური მიკერძოებები, მაგალითად ზარალის მიუღებლობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა და დადასტურების მიკერძოება. ვაჭრობის ფსიქოლოგიის ცოდნა ტრეიდერებს ეხმარება იმის დადგენაში, მათი გადაწყვეტილებები ემოციებზეა დაფუძნებული თუ ანალიზის შედეგებზე.
რომელია ყველაზე გავრცელებული ემოციები, რომლებიც ტრეიდერებზე მოქმედებს?
შიში და სიხარბე წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ემოციებს. შიშმა შეიძლება ტრეიდერი აიძულოს პოზიციის ვადაზე ადრე დახურვა ან ან სულაც ვაჭრობებზე უარის თქმა. სიხარბე კი შეიძლება გახდეს მომგებიანი პოზიციების ზედმეტად დიდხანს შენარჩუნების ან გაუმართლებელი რისკის გაწევის მიზეზი. ამ ორი ემოციის გარდა, ვაჭრობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს FOMO (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში). კვლევებით დადგენილია, რომ ის წარმოადგენს მთავარ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდუალურ ტრეიდერებზე კრიპტოვალუტაში ინვესტირების გადაწყვეტილებების მიღების დროს.
რა არის ზარალის მიუღებლობა ვაჭრობაში?
ზარალის მიუღებლობა წარმოადგენს კოგნიტურ მიკერძოებას, რა დროსაც ტრეიდერი ზარალით გამოწვეულ ტკივილს ორჯერ უფრო ძლიერად აღიქვამს, ვიდრე იმავე თანხის მოგებით მიღებულ სიამოვნებას. ეს ტრეიდერებს აიძულებს წამგებიან პოზიციებზე ზედმეტად ხანგრძლივად დარჩენას ფასის შემობრუნების იმედით, ხოლო მომგებიანი პოზიციების დროზე ადრე დახურვას. ზარალის მიუღებლობის არსის გაგება მისი პრევენციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან კრიპტოთი და აქციებით ვაჭრობის ფსიქოლოგია?
ამ ორ სფეროსთან დაკავშირებული ძირითადი ფსიქოლოგიური პატერნები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა კრიპტოთი ვაჭრობა დამატებით გამოწვევებთანაა დაკავშირებული: კრიპტო ბაზარზე 24/7 რეჟიმში წვდომის შესაძლებლობის გამო არ არსებობს ბუნებრივი პაუზა, რაც აქციებით მოვაჭრე ტრეიდერებს დასვენების საშუალებას აძლევს. ფასების მაღალი მერყეობა აძლიერებს ემოციურ რეაქციებს. გარდა ამისა, კრიპტო საზოგადოებებზე სოციალური მედიის გავლენა შედარებით ძლიერია. ამ ფაქტორების ერთობლიობა ემოციური დისციპლინის შენარჩუნებას კრიპტოში უფრო რთულს ხდის, ვიდრე ტრადიციულ ბაზრებზე.
რომელი პრაქტიკული საფეხურები ეხმარება ტრეიდერებს ემოციების მართვაში?
ყველაზე ხშირად რეკომენდებული პრაქტიკა მოიცავს შემდეგს: დეტალური სავაჭრო გეგმის მომზადება პოზიციის გახსნამდე; stop-loss და take-profit დონეების წინასწარ დაყენება; შესვენებების რეგულარულად აღება, განსაკუთრებით მოგებების ან წაგებების სერიის შემდეგ; ვაჭრობის ჟურნალის წარმოება, სადაც დაფიქსირდება როგორც ვაჭრობის მონაცემები, ასევე ტრეიდერის ემოციური მდგომარეობა; და მოკლე გონებრივი და სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება სავაჭრო სესიების წინ. ეს ჩვევები შეამცირებს ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას.
შეჯამება
ემოცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს კრიპტოთი ვაჭრობაზე. საკუთარი ემოციების კონტროლი ფსიქოლოგიური მდგომარეობის და ემოციური ტრიგერების ანალიზის მეშვეობით წარმოადგენს მნიშვნელოვან უნარს, რომელიც გეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუმართლებელი რისკები ან პანიკური შიში, რამაც შესაძლოა თქვენი პორტფოლიოს ლიკვიდაცია გამოიწვიოს. შიშის და სიხარბის ემოციების მართვის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად ქცევითი მიკერძოებების ამოცნობის შესწავლა, როგორიცაა ზარალის მიუღებლობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა და დადასტურების მიკერძოება, დაგეხმარებათ საკუთარი ფსიქოლოგიის უკეთ გაცნობაში.
იმისათვის, რომ გახდეთ კარგი ტრეიდერი, საჭიროა მრავალწლიანი სწავლა და ვარჯიში. არ არსებობს მოკლე გზა, რომელიც ვაჭრობის მეშვეობით გამდიდრების საშუალებას მოგცემთ. გამოიყენეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე მორგებული სტრტატეგია, ივარჯიშეთ რეგულარულად და არ მისცეთ შიშსა და სიხარბეს გაიძულოთ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება.
დამატებითი საკითხავი
რა არის ქცევითი მიკერძოებები და როგორ ავიცილოთ თავიდან ისინი?
რა არის Stop-Loss და Take-Profit დონეები და როგორ გამოვთვალოთ ისინი?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესაებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.