მთავარი დეტალები
რისკის მართვა მოიცავს ვაჭრობის დაწყებამდე ან კაპიტალის ინვესტირებამდე მკაფიო მიზნების და რისკის დასაშვები დონის განსაზღვრას.
კრიპტო სფეროში რისკები დაკავშირებულია ბაზრის მერყეობასთან, პლატფორმის გადახდისუუნარობასთან, მომხმარებლის შეცდომასთან და სმარტ კონტრაქტში არსებულ ექსპლოიტებთან.
ზარალის მართვისთვის გამოიყენეთ პოზიციის ზომის კორექტირება (მაგ., 1%-ის წესი), Stop-loss/Take-profit შეკვეთები და რისკის და ჯილდოს თანაფარდობის დაგეგმვა.
კრიპტო სფეროში ჭეშმარიტი დივერსიფიკაციისთვის საჭიროა, რომ თქვენი პორტფოლიო შეიცავდეს არა მხოლოდ რამდენიმე სხვადასხვა ალტკოინს, არამედ ასევე განსხვავებული ტიპის აქტივებს, როგორიცაა სტეიბლკოინები და ფიატ-ვალუტა.
რა არის რისკების მართვა?
ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს რისკების მართვა – ავტომობილის მართვისას, სადაზღვევო პოლისის შეძენისას ან სამედიცინო ხარჯების დაგეგმვისას. არსებითად, რისკის მართვა წარმოადგენს პოტენციური საფრთხეების შეფასებას და მათზე რეაგირებას.
ეკონომიკაში რისკის მართვა არის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ან ინვესტორის მიერ ფინანსური რისკების კონტროლის მეთოდებს. ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის, ეს სტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა კლასის აქტივებთან ექსპოზიციის მართვას, როგორიცაა კრიპტოვალუტები, DeFi პროტოკოლები, Forex, საქონელი, აქციები, ინდექსები და უძრავი ქონება.
ამ სტატიაში წარმოდგენილია რისკის მართვის პროცესის მიმოხილვა და სტრატეგიები, რომლებიც ტრეიდერებს და ინვესტორებს ეხმარება ფინანსური რისკების შემცირებაში.
რისკების მართვის პროცესი
ჩვეულებრივ, რისკის მართვის პროცესი ხუთი საფეხურისგან შედგება: მიზნების განსაზღვრა, რისკების იდენტიფიკაცია, რისკების შეფასება, რეაგირების ზომების დაგეგმვა და მონიტორინგი.
მიზნების განსაზღვრა
პირველი საფეხური მოიცავს თქვენი ძირითადი მიზნების განსაზღვრას. ეს პირდაპირ კავშირშია თქვენს დასაშვებ რისკის დონესთან. მაღალი რისკის ბაზრებზე დიდი მოგების მიღებას ამჯობინებთ თუ კაპიტალის უსაფრთხოებას და დაბალ შემოსავალს?
რისკების იდენტიფიკაცია
მეორე საფეხურს წარმოადგენს პოტენციური საფრთხეების განსაზღვრა. კრიპტო სფეროში ეს მხოლოდ ფასის მოძრაობის კონტროლს არ გულისხმობს. ეს ასევე მოიცავს სავაჭრო ბირჟის გადახდისუნარიანობასთან, სმარტ კონტრაქტების ბაგებთან და რეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაციას.
რისკების შეფასება
რისკების იდენტიფიკაციის შემდეგ, მესამე საფეხურზე უნდა განახორციელოთ ამ რისკების ალბათობის და სიმწვავის შეფასება. მაგალითად, ბაზრის ვარდნა გავრცელებული მოვლენაა (მაღალი ალბათობის, სხვადასხვა დონის სიმწვავის), ჰაკერების მიერ საფულის გატეხვის შედეგი კი კატასტროფულია (დაბალი ალბათობის, უკიდურესად მაღალი დონის სიმწვავის).
რეაგირების ზომების დაგეგმვა
მეოთხე საფეხური მოიცავს თითოეული ტიპის რისკზე რეაგირების ზომების დაგეგმვას. ეს შეიძლება მოიცავდეს Stop-loss შეკვეთების დაყენებას, აპარატურული საფულეების გამოყენებას ან თქვენი პორტფოლიოს რებალანსირებას.
მონიტორინგი
ბოლო საფეხურს წარმოადგენს სტრატეგიის ეფექტურობაზე მონიტორინგი. კრიპტო ბაზარი 24/7 რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ის საჭიროებს უწყვეტ მონიტორინგს და ადაპტაციას. სტრატეგია, რომელიც კარგად მუშაობს bull ბაზარზე, შეიძლება არ იყოს ეფექტური bear ბაზარზე.
ფინანსური რისკების ტიპები
სტრატეგიის წარუმატებლობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ტრეიდერმა შეიძლება თანხა დაკარგოს ბაზრის მისი ფიუჩერსების პოზიციების საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ან ბაზრის ვარდნით გამოწვეული პანიკური გაყიდვების გამო. ქვემოთ მოცემულია ფინანსური რისკების და მათი შემცირების გზების მაგალითები.
საბაზრო რისკი: ეს რისკი დაკავშირებულია აქტივის ღირებულების კლებასთან, რაც გამოწვეულია ბაზრის დინამიკით. ამ რისკის შემცირება შესაძლებელია თითოეულ სავაჭრო პოზიციაზე Stop-loss შეკვეთების დაყენებით, რომლებიც ავტომატურად ხურავს პოზიციებს დიდი ზარალის თავიდან აცილების მიზნით.
ლიკვიდურობის რისკი: ეს რისკი დაკავშირებულია შემთხვევასთან, როდესაც ვერ ახერხებთ აქტივის სწრაფად ყიდვას ან გაყიდვას (ფასის ცურვის) მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე. ამ რისკის შემცირება შესაძლებელია მაღალი მოცულობის ბაზრებზე ვაჭრობის მეშვეობით. მოერიდეთ დაბალი კაპიტალიზაციის მქონე „meme მონეტებს“ ან ახალ ტოკენებს, რომლებიც ხასიათდება დაბალი ლიკვიდურობით და ფასის ცურვის მაღალი მაჩვენებლით.
კრედიტთან და შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი: ისტორიულად, ეს რისკი დაკავშირებული იყო მსესხებლის გადახდისუუნარობასთან. კრიპტოში ეს მოიცავს „პლატფორმის რისკს“, რაც დაკავშირებულია სავაჭრო ბირჟის ან სესხების გაცემის პლატფორმის გადახდისუუნარობის რისკებთან (ამის მაგალითებია FTX და Celsius). ამ რისკის შემცირება შესაძლებელია იმ სავაჭრო ბირჟების გამოყენებით, რომლებიც გვთავაზობს გამჭვირვალე რეზერვების მტკიცებულებას, ასევე თქვენი აქტივების შენახვისთვის არაკასტოდიალური საფულეების (აპარატურული საფულეების) გამოყენებით, რაც გამორიცხავს მესამე მხარის ნდობის საჭიროებას.
საოპერაციო და ტექნიკური რისკი: ეს მოიცავს არა მხოლოდ კომპანიის წარუმატებლობას, ასევე მომხმარებლის შეცდომას და ტექნიკურ ხარვეზს. ამ რისკის შესამცირებლად ინვესტორებმა უნდა გადაამოწმონ საფულის მისამართები თანხების გაგზავნამდე, უნდა გამოიყენონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) და უნდა გაიაზრონ, რომ ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქცია შეუქცევადია.
სმარტ კონტრაქტის რისკი: ეს რისკი მხოლოდ კრიპტო სფეროსთვისაა დამახასიათებელი და წარმოადგენს პროტოკოლის კოდში ბაგის ან ექსპლოიტის არსებობის რისკს, რომელიც შეიძლება ჰაკერებმა გამოიყენონ თანხების მითვისებისთვის. ამ რისკის შესამცირებლად გამოიყენეთ მხოლოდ ის DeFi პროტოკოლები, რომლებიც რეგულარულად გადის მესამე მხარის მიერ ჩატარებულ უსაფრთხოების მკაცრ აუდიტებს.
სისტემური რისკი: ეს არის რისკი, რომელიც მთლიანი ბაზრის ერთიანად ვარდნას უკავშირდება. კრიპტო სფეროში აქტივების უმეტესობა მჭიდროდ არის დაკავშირებული Bitcoin-თან. სისტემური რისკის შესამცირებლად განხორციელებული დივერსიფიკაცია ხშირად საჭიროებს კაპიტალის დაბანდებას არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ალტკოინებში, ასევე სტეიბლკოინებში (როგორიცაა USDT ან USDC), ტოკენიზებულ ოქროში ან ტრადიციულ ფიატ ვალუტებში.
რისკის მართვის გავრცელებული სტრატეგიები
რისკის მართვის მიდგომა მხოლოდ ერთი მეთოდით არ შემოიფარგლება. საკუთრი პორტფოლიოების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ინვესტორები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინაციას.
1%-ით ვაჭრობის წესი
1%-ით ვაჭრობის წესი წარმოადგენს მეთოდს, რომელსაც ტრეიდერები იყენებენ ზარალის შესამცირებლად. ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული ვაჭრობისას ზარალი უნდა შეადგენდეს ანგარიშზე არსებული კაპიტალის მაქსიმუმ 1%-ს.
მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში არ აგვერიოს „პოზიციის ზომა“ და „რისკის ოდენობა“.
პოზიციის ზომა: თანხის მთლიანი ოდენობა, რომელსაც აბანდებთ კონკრეტულ მონეტაში (მაგ., 1000 აშშ დოლარის ღირებულების BTC-ის ყიდვა).
რისკის ოდენობა: თანხის ოდენობა, რომელსაც დაკარგავთ Stop-loss შეკვეთის გააქტიურების შემთხვევაში.
1%-ის წესის მიხედვით, თუ თქვენს ანგარიშზე გაქვთ 10 000 აშშ დოლარი, თქვენი ვაჭრობის ორგანიზება ისე უნდა განახორციელოთ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგოთ მაქსიმუმ 100 აშშ დოლარი (1%). ამ წესის წყალობით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ანგარიშზე არსებული მთელი თანხის დაკარგვა.
თქვენს მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება გრძელვადიან პერსპექტივაში, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ზარალის ოდენობა მინიმალური იყოს.
Stop-loss და Take-profit შეკვეთები
Stop-loss შეკვეთების დანიშნულებაა ზარალის მინიმუმამდე შემცირება წარუმატებელი ვაჭრობის დროს, ხოლო Take-profit შეკვეთები უზრუნველყოფს თქვენი მოგების შენარჩუნებას. ამ შეკვეთების გამოყენება უნდა დაგეგმოთ ვაჭრობის დაწყებამდე, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებებზე ემოციების ზეგავლენის თავიდან აცილებაში.
არასტაბილურ კრიპტო ბაზრებზე ასევე ხშირად იყენებენ „Trailing stop-loss“ შეკვეთებს, რომლებიც წარმოადგენს Stop-loss შეკვეთების ტიპებს, რომლებიც ზევით იწევს აქტივის ფასის მატებისას, რაც გეხმარებათ მოგების გაზრდაში და ამავდროულად იცავს თქვენს მოგებას ტენდენციის მოულოდნელად შემობრუნების შემთხვევაში.
ჰეჯირება
ჰეჯირება გულისხმობს ორი პოზიციის გახსნას, რომლებიც ერთმანეთის ზარალის კომპენსაციას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ Bitcoin-ს ხანგრძლივი პერიოდით ინახავთ ცივ საფულეში, თუმცა შიშობთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი ფასის მოკლევადიან ვარდნას, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ მცირე ზომის short პოზიცია Binance Futures-ზე. ფასის ვარდნის შემთხვევაში თქვენი short პოზიციის მოგება დააკომპენსირებს გრძელვადიანი ჰოლდინგების ზარალს.
დივერსიფიკაცია და სტეიბლკოინები
„ყველა კვერცხს ერთ კალათაში ნუ მოათავსებთ“. თუმცა 100 სხვადასხვა სარისკო ალტკოინის ფლობა არ წარმოადგენს ჭეშმარიტ დივერსიფიკაციას, რადგან Bitcoin-ის ფასის კლების შემთხვევაში ყველა მათგანის ფასი დაეცემა. რეალური დივერსიფიკაცია გულისხმობს იმ აქტივების ფლობას, რომლებიც ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, როგორიცაა სტეიბლკოინები, ტოკენიზებული ოქრო ან სულაც გარკვეული ოდენობის ნაღდი ფული.
თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ „სტეიბლკოინის რისკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების ალბათობა. დივერსიფიკაციის დროს სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინების გამოყენება (მაგ., როგორც USDC-ის, ასევე USDT-ის ფლობა) დაგეხმარებათ ამ კონკრეტული ტიპის რისკის შემცირებაში.
დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA)
ინვესტორებს, რომელთაც არ სურთ აქტიური ვაჭრობა ან დიაგრამებზე მუდმივი მონიტორინგი, შეუძლიათ გამოიყენონ დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA), რომელიც რისკის მართვის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფიქსირებული ღირებულების აქტივის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირების წყალობით (მაგ., კვირაში ერთხელ დოლარის ღირებულების Bitcoin-ის ყიდვით), მიუხედავად მისი ფასის ცვლილებისა, თქვენ შეძლებთ გრძელვადიან პერსპექტივაში აქტივის საშუალო ფასის დარეგულირებას. ეს ამცირებს აქტივის მაღალ ფასად ყიდვის რისკს და გეხმარებათ გადაწყვეტილებების ემოციაზე დაფუძნებით მიღების თავიდან აცილებაში.
რისკის და ჯილდოს თანაფარდობა
რისკის და ჯილდოს თანაფარდობა გამოითვლება პოტენციური რისკის. პოტენციურ ჯილდოსთან შედარების მეშვეობით. გავრცელებული სტანდარტია 1:2 ან 1:3.
მაგალითად, თუ თქვენი პოტენციური ზარალია 100 აშშ დოლარი (თქვენი Stop-loss შეკვეთის გათვალისწინებით) ხოლო პოტენციური მოგებაა 300 აშშ დოლარი (თქვენი Take-profit შეკვეთის გათვალისწინებით), თანაფარდობა შეადგენს 1:3-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ვაჭრობების 50% იქნება წარუმატებელი, მაინც შეძლებთ მოგების მიღებას.
შეჯამება
კაპიტალის დაბანდებამდე, ტრეიდერებმა და ინვესტორებმა უნდა მოამზადონ რისკის მართვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია. ფინანსური რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა არსებობს მათი მართვის შესაძლებლობა.
რისკის მართვის თანამედროვე მიდგომა მხოლოდ Stop-loss შეკვეთების გამოყენებას არ გულისხმობს; ეს ასევე მოიცავს არასტაბილურ ბაზარზე ნავიგაციის უნარს, თქვენი აქტივების საიმედოდ დაცვას (თქვენი გასაღებების უსაფრთხოებას), სმარტ კონტრაქტების მუშაობის პრინციპის ცოდნას და ისეთი სტრატეგიების გამოყენებას, როგორიცაა DCA.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში მოხსენიებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი დეტალებისთვის სრულად გაეცანით ჩვენს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.