მთავარი დეტალები
short ვაჭრობა (ანუ shorting) აღნიშნავს აქტივის გაყიდვის პროცესს იმ იმედით, რომ იმავე აქტივის ყიდვას მოგვიანებით უფრო დაბალ ფასად შეძლებთ.
ჩვეულებრივ shorting ხორციელდება ნასესხები თანხით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს საჭიროა პირველადი მარჟა (უზრუნველყოფა) შენარჩუნების მარჟა და სესხის პროცენტის გადახდა.
short ვაჭრობა ფართოდ გამოიყენება ტრეიდერების და ინვესტორების მიერ, რომელთაც სურთ ბაზრებზე სპეკულაციური ვაჭრობა ან საკუთარი სტრატეგიის ჰეჯირება, სხვა აქტივებით გამოწვეული პოტენციური ზარალის კომპენსაციის მიზნით.
shorting-ის უარყოფით მხარეებს შორისაა შეუზღუდავი ზარალის ალბათობა ფასის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, ლიკვიდაციის შანსი, short squeeze-ების რისკი და დამატებითი ხარჯები, მაგალითად სესხების საკომისიოები.
შესავალი
ფინანსურ ბაზრებზე შემოსავლის გენერირების უამრავი გზა არსებობს. ზოგიერთი ტრეიდერი ფოკუსირებულია ტექნიკურ ანალიზზე, ხოლო სხვები ირჩევენ კომპანიებში და პროექტებში ინვესტირებას ფუნდამენტური ანალიზის შედეგების საფუძველზე.
ჩვეულებრივ, ტრეიდერები ცდილობენ შეიძინონ აქტივები დაბალ ფასად, დაელოდონ ფასის ზრდას, მოგვიანებით გაყიდონ და ამით მოგება მიიღონ. თუმცა რა უნდა გავაკეთოთ, თუ სახეზეა bear ბაზრის ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ფასები მუდმივად ეცემა?
shorting ტრეიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მოგება ფასის ვარდნის პერიოდში. short პოზიციაზე შესვლა ასევე რისკის მართვის და არსებული ჰოლდინგების ფასის ცვლილების რისკისგან დაცვის შესანიშნავი გზაა.
short ვაჭრობა პირველად დაფიქსირდა მე-17 საუკუნეში, ჰოლანდიის საფონდო ბირჟაზე, თუმცა ამ ტერმინის პოპულარობა გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის და 2021 წლის GameStop short squeeze-ის დროს, როდესაც ინდივიდუალურმა ინვესტორებმა short ტრეიდერების შევიწროება გადაწყვიტეს.
რა არის short ვაჭრობა?
short ვაჭრობა (ანუ shorting) აღნიშნავს აქტივის გაყიდვას იმავე აქტივის მოგვიანებით უფრო დაბალ ფასად ყიდვის იმედით. short პოზიციაზე შესვლით, ტრეიდერი ელის აქტივის ფასის კლებას, რაც ამ აქტივთან მიმართებით „bearish“ განწყობაზე მიუთითებს.
ამგვარად, აქტივის შენახვის და ლოდინის ნაცვლად, ზოგი ტრეიდერი ირჩევს short ვაჭრობის სტრატეგიით მოქმედებას, რათა მოგება მიიღოს აქტივის ფასის ვარდნით. სწორედ ამიტომ, short ვაჭრობა ბაზრის დაღმავალი ტენდენციის დროს კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესანიშნავი გზაა.
Shorting გავრცელებულია ფაქტიურად ყველა ტიპის ფინანსურ ბაზარზე, მათ შორის საფონდო ბირჟაზე, სასაქონლო ბაზრებზე, ფორექსზე და კრიპტოვალუტის ბაზარზე. Short ვაჭრობის სტრატეგიები ფართოდ გამოიყენება ინდივიდუალური ინვესტორების და პროფესიონალი სავაჭრო ფირმების, მაგალითად ჰეჯ-ფონდების მიერ.
short პოზიციის საპირისპიროა long პოზიცია, რა დროსაც ტრეიდერები ყიდულობენ აქტივს იმ იმედით, რომ მოგვიანებით შეძლებენ მის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას.
short ვაჭრობა ძირითადად ორი დანიშნულებით გამოიყენება:
სპეკულაცია: ფასის ვარდნაზე ფსონის დადება მოგების გენერირების მიზნით.
ჰეჯირება: სხვა ინვესტიციებით, მაგალითად იმავე ან მსგავსი აქტივის long პოზიციით გამოწვეული პოტენციური ზარალის კომპენსაცია.
short ვაჭრობა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია აქციებით ვაჭრობასთან, თუმცა ეს სტრატეგია ასევე გამოიყენება სხვა აქტივებით, მაგალითად კრიპტოვალუტით, ობლიგაციებით ან საქონლით ვაჭრობისას.
როგორ მუშაობს short ვაჭრობა
დავუშვათ კონკრეტული ფინანსური აქტივის მიმართ თქვენი განწყობა არის bearish. თქვენ ახორციელებთ საჭირო უზრუნველყოფის დეპოზიტს, სესხულობთ კონკრეტული ოდენობის აქტივს და დაუყოვნებლივ ყიდით მას. ახლა თქვენ გაქვთ ღია short პოზიცია. თუ ბაზარი თქვენი მოლოდინების შესაბამისად შეიცვლება და აქტივის ფასი დაიწევს, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენ მიერ ნასესხები ოდენობის აქტივი და დაუბრუნოთ ის გამსესხებელს (პროცენტთან ერთად). თქვენი მოგების ოდენობა იქნება თავდაპირველად გაყიდული და მოგვიანებით შეძენილი აქტივის ფასს შორის სხვაობა.
მაგალითები
short ვაჭრობა Bitcoin-ით
თქვენ სესხულობთ 1 BTC-ს და ყიდით მას 100 000 აშშ დოლარად. ახლა თქვენ 1 BTC განთავსებული გაქვთ short პოზიციაზე, რომლის სესხებისთვის პროცენტის გადახდა მოგიწევთ. Bitcoin-ის საბაზრო ფასი დაეცა 95 000 აშშ დოლარამდე. თქვენ ყიდულობთ 1 BTC-ს და უბრუნებთ მას მსესხებელს (რომელსაც ჩვეულებრივ სავაჭრო ბირჟა) წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, თქვენი მოგება შეადგენს 5000 აშშ დოლარს (მინუს პროცენტი და საკომისიოები). თუმცა, თუ ფასი გაიზრდება 105 000 აშშ დოლარამდე, სესხის დასაბრუნებლად 1 BTC-ის ყიდვის შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ 5 000 აშშ დოლარს, პლიუს საკომისიოებს და პროცენტებს.
short ვაჭრობა აქციებით
დავუშვათ ინვესტორი ფიქრობს, რომ კორპორაცია XYZ-ის აქციების ფასი დაეცემა, რომელიც ამჟამად თითო აქციაზე 50 აშშ დოლარს შეადგენს. ის სესხულობს 100 აქციას და ყიდის 5000 აშშ დოლარად. თუ ფასი 40 აშშ დოლარამდე დაეცემა, გამსესხებლისთვის დასაბრუნებელი აქციების შესაძენად მას მოუწევს 4000 აშშ დოლარის გადახდა, რის შემდეგაც მისი მოგება იქნება1000 აშშ დოლარი (მინუს საკომისიოები). თუმცა თუ აქციის ფასი 60 აშშ დოლარამდე გაიზრდება, აქციების ხელახლა შეძენისთვის მას მოუწევს 6000 აშშ დოლარის გადახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაკარგავს 1000 აშშ დოლარს და ასევე მოუწევს სესხების საკომისიოების ან პროცენტის გადახდა.
short ვაჭრობის ტიპები
არსებობს short ვაჭრობის ორი ძირითადი ტიპი:
„დაფარული“ short ვაჭრობა: გულისხმობს რეალური აქციების სესხებას და გაყიდვას, რაც სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.
„შიშველი“ short ვაჭრობა: აქციების გაყიდვა მათი სესხების გარეშე, რაც უფრო სარისკოა და ბაზრის მანიპულაციის ალბათობის გამო, ხშირად ის იზღუდება და უკანონოდ ითვლება.
short ვაჭრობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
რადგან short ვაჭრობა მოიცავს აქტივების სესხებას, ტრეიდერებს მოეთხოვებათ მარჟის ან ფიუჩერსების ანგარიშზე უზრუნველყოფის თანხის ქონა. თუ აპირებთ short ვაჭრობას მარჟით ვაჭრობის ბროკერის ან სავაჭრო ბირჟის მეშვეობით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი:
საწყისი მარჟა: ტრადიციულ ბაზრებზე, საწყისი მარჟის ოდენობა ჩვეულებრივ შეადგენს short პოზიციაზე განსათავსებელი აქციების ღირებულების 50%-ს. კრიპტო ბაზრებზე, ამ თანხის ოდენობა დამოკიდებულია პლატფორმაზე და გამოყენებული ლევერიჯის დონეზე. მაგალითად, თუ იყენებთ 5x ლევერიჯს, 1000 აშშ დოლარის ღირებულების პოზიციის გახსნისთვის საჭირო უზრუნველყოფის თანხა იქნება 200 აშშ დოლარი.
შენარჩუნების მარჟა: შენარჩუნების მარჟა უზრუნველყოფს თქვენს ანგარიშზე სათანადო რაოდენობის თანხის ქონას, რაც გამოყენებული იქნება პოტენციური ზარალის დასაფარად. ხშირად ის იანგარიშება ტრეიდერის მარჟის დონის საფუძველზე (მთლიანი აქტივები / მთლიანი ვალდებულებები).
ლიკვიდაციის რისკი: თუ მარჟის დონე ძალიან დაეცემა, ბროკერმა ან სავაჭრო ბირჟამ შეიძლება ტრეიდერს გაუგზავნოს მარჟინ-ქოლი და მოსთხოვოს მას თანხის დამატება ან უბრალოდ მოახდინოს პოზიციების ლიკვიდაცია სესხის დაფარვის მიზნით, რაც პოტენციურად მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს.
short ვაჭრობის უპირატესობები
short ვაჭრობა ბევრ უპირატესობას სთავაზობს ინვესტორებს და ტრეიდერებს:
მოგების მიღება ფასის ვარდნის პერიოდებში: ტრეიდერებს საშუალებას აძლევს მოგება მიიღონ ფასების ვარდნის დროს, რითაც ის განსხვავდება ტრადიციული სტრატეგიებისგან, რომლის დროსაც მხოლოდ long პოზიციები გამოიყენება.
ჰეჯირება: უზრუნველყოფს პორტფოლიოს უსაფრთხოებას long პოზიციებით მიღებული ზარალის კომპენსაციის მეშვეობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მერყევ ბაზრებზე.
ფასის განსაზღვრა: ზოგი თვლის, რომ რადგან short ვაჭრობა ნეგატიურ ინფორმაციას მოიცავს, ის ხელს უწყობს რეალურზე მაღალი ღირებულების მქონე აქციების ფასების კორექტირებას, რაც აუმჯობესებს ბაზრის ეფექტურობას.
ლიკვიდურობა: ხელს უწყობს სავაჭრო აქტივობების ზრდას, რაც მყიდველებს და გამყიდველებს უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელებას.
shorting-თან დაკავშირებული რისკები
short პოზიციაზე შესვლის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული რისკები. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ თეორიულად, short პოზიცით გამოწვეული პოტენციური ზარალი შეუზღუდავია.
უამრავი პროფესიონალი ტრეიდერი გაკოტრდა აქციებით short ვაჭრობის გამო. მოულოდნელი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა აქციის ფასის სწრაფი მატება გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა short მოვაჭრეები „ხაფანგში“ გააბას (რაც ასევე ცნობილია short squeeze-ის სახელწოდებით).
short ვაჭრობის პოტენციური უარყოფითი მხარეები ასევე მოიცავს შემდეგს:
სესხების ხარჯები: სესხების საკომისიოების და პროცენტების ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, განსაკუთრებით იმაზე, თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა კონკრეტულ აქციებზე.
დივიდენდის გადახდები: საფონდო ბირჟებზე short პოზიციით მოვაჭრემ უნდა გადაიხადოს shorting-ის პერიოდში გაცემული დივიდენდები.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები: ბაზრის კრიზისის პერიოდებში დაწესებული დროებითი აკრძალვების ან შეზღუდვების გამო, short პოზიციით მოვაჭრეს შეიძლება პოზიციის დახურვა არახელსაყრელ ფასად მოუწიოს.
ბაზარი და ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები
short ვაჭრობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მას შეუძლია გაამწვავოს ბაზრის ვარდნა ან პოტენციურად დააზარალოს კომპანიები ან მისი თანამშრომლები და აქციონერები. მაგალითად, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირებული აგრესიული short ვაჭრობის გამო, რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა ამ ტიპის ვაჭრობა. თუმცა short ვაჭრობის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ის ხელს უწყობს ბაზრის გამჭვირვალობას, რადგან მისი საშუალებით ხდება აქტივებით რეალურზე მაღალ ფასად ვაჭრობის ფაქტების ან თაღლითური კომპანიების გამოვლენა.
ამ საკითხების დაბალანსებას მარეგულირებელი უწყებები გარკვეულ წესების შემოღებით ცდილობენ, რომელთა შორისაა uptick rule (short ვაჭრობის აკრძალვა ფასების სწრაფი ვარდნის პერიოდებში) მსხვილი short პოზიციების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრა. აშშ-ში, ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის რეგულაცია SHO (short ვაჭრობის რეგულაცია) განსაზღვრავს short ვაჭრობის წესებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მანიპულაციები, როგორიცაა „შიშველი“ shorting.
შეჯამება
შეჯამებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ short ვაჭრობა პოპულარული სტრატეგიაა, რომელიც ტრეიდერებს აძლევს მოგების მიღების შესაძლებლობას ფასის ვარდნის პერიოდებში. მიუხედავად იმისა, სპეკულაციისთვის იყენებთ მას თუ ჰეჯირებისთვის, short ვაჭრობა რჩება ტრადიციული და კრიპტო ბაზრების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. თუმცა საჭიროა short ვაჭრობის უარყოფითი მხარეების და მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება, როგორიცაა შეუზღუდავი ზარალი, short squeeze-ები და ტრანზაქციის ხარჯები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.