მთავარი დეტალები
ოფციონებით ვაჭრობა ტრეიდერებს და ინვესტორებს სთავაზობს არჩევანს (და არა ვალდებულებას) იყიდონ ან გაყიდონ კრიპტოვალუტა და აქციები ფიქსირებულ ფასად.
ოფციონებით ვაჭრობისას, სავაჭრო აქტივობების უმეტესობა და მოგების მიღება ხდება ოფციონების კონტრაქტებით ყიდვისა და გაყიდვის საშუალებით და არა მათი საბაზისო აქტივით ვაჭრობით.
ამერიკული ოფციონების აღსრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მათი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ევროპული ოფციონებისა - მათი მოქმედების ვადის გასვლის ან აღსრულების თარიღზე.
ქოლების, ფუთების, პრემიუმების, მოქმედების ვადების და სტრაიკ ფასების გააზრება არსებითი მნიშვნელობისაა ოფციონებით ვაჭრობისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
შესავალი
ოფციონებით ვაჭრობა გაძლევთ შანსს იყიდოთ ან გაყიდოთ საბაზისო აქტივები ფიქსირებულ ფასად კონკრეტულ დღეს. სიტყვა არჩევანი აქ არსებითი მნიშვნელობისაა, ვინაიდან ოფციონებით ვაჭრობა უნიკალური იმითაა, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული გაყიდოთ ან იყიდოთ კონკრეტული აქტივი. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ სურვილი გექნებათ.
ეს პროცესი უფრო გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ წიგნს, სადაც თქვენ ირჩევთ თავგადასავალს. კონკრეტულ მომენტში თქვენ მიაღწიეთ ისტორიის ერთგვარ განშტოებამდე, სადაც მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: A ან B ვარიანტის არჩევა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღების ნაცვლად, მონიშნეთ ეს ფურცელი სანიშნის გამოყენებით. შემდეგ აგრძელებთ კითხვას, ხედავთ როგორ ვითარდება სიუჟეტი და მოგვიანებით ბრუნდებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილზე.
სწორედ ეს კონცეფცია დგას ოფციონებით ვაჭრობის უკან. ტრეიდერები არ არიან ვალდებულნი მაშინვე იყიდონ ან გაყიდონ აქტივი . ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ შეიძინონ ოფციონი, რომელიც ერთგვარ ფინანსურ სანიშნად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომელიც მისცემს მათ მოგვიანებით აქტივის ყიდვის ან გაყიდვის უფლებას, მოქმედების ვადის გასვლამდე, თუმცა არ აკისრებს ამის ვალდებულებას. ამისათვის მათ უნდა გადაიხადონ პრემიუმი, რაც შეგიძლიათ სანიშნის ღირებულებად წარმოიდგინოთ.
თქვენ შეგიძლიათ მიჰყიდოთ ოფციონის კონტრაქტი სხვა ტრეიდერს კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლამდე, ისევე, როგორც თქვენ მიჰყიდიდით სანიშნს სხვა მკითხველს. ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მოგება ოფციონების ღირებულების ცვლილებიდან ისე, რომ არ გაყიდოთ ან იყიდოთ საბაზისო აქტივი.
როგორც იმ წიგნებში, სადაც თქვენ თავად ირჩევთ თავგადასავალს და შესაძლოა სიუჟეტი მოულოდნელად განვითარდეს, ოფციონებით ვაჭრობაც მოიცავს გარკვეულ რისკს. ამიტომ სანამ დაიწყებთ ვაჭრობას, მნიშვნელოვანია გაიაზროთ, თუ როგორ მუშაობს ოფციონების კონტრაქტები.
რა არის ოფციონებით ვაჭრობა?
ოფციონებით ვაჭრობა არის ოფციონების კონტრაქტების ყიდვის და გაყიდვის პროცესი. მოდით განვიხილოთ ძირითადი ელემენტები, რათა უკეთ გაიაზროთ ოფციონებით ვაჭრობის პრინციპი:
რა არის ოფციონები?
ოფციონები წარმოადგენს კონტრაქტებს, რომლებიც გაძლევთ უფლებას (თუმცა არ გაკისრებთ ვალდებულებას) შეიძინოთ ან გაყიდოთ აქტივი ფიქსირებულ ფასად, სტრაიკ ფასად ვადის გასვლამდე ან გასვლის დღეს.
წარმოიდგინეთ, რომ დაინტერესებული ხართ სახლით, მაგრამ ჯერ არ ხართ მზად მისი ყიდვისთვის. ამის ნაცვლად, თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებას გამყიდველთან ისეთ ვარიანტზე, რომელიც უფლებას გაძლევთ შეიძინოთ სახლი შეთანხმებულ ფასად განსაზღვრულ დროში. ამ უფლების მისაღებად, თქვენ უნდა გადაიხადოთ მცირეოდენი ბე, პრემიუმი.
თუ სახლის საბაზრო ღირებულება გაიზრდება, ამ კონტრაქტის საფუძველზე თქვენ მოგიწევთ უფრო დაბალი, შეთანხმებული ფასის გადახდა. თუ საბაზრო ღირებულება შემცირდება, შეგიძლიათ უბრალოდ გადაიფიქროთ შეძენა და მხოლოდ ბეს დაკარგავთ.
სტრაიკ ფასი შეიძლება ფიქსირებული იყოს, თუმცა ოფციონის ღირებულება არა. ფასი შეიძლება მერყეობდეს ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა სახლის საბაზრო ფასი, კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო და საბაზრო მოთხოვნა. თუ სახლის საბაზრო ფასი გაიზარდა, თქვენი ოფციონის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს, რაც საშუალებას მოგცემთ გაყიდოთ ის მოგების მიზნით, სახლის შეძენის გარეშე.
რა არის ქოლ-ოფციონები?
ქოლ-ოფციონი უფლებას გაძლევთ შეიძინოთ საბაზისო აქტივი სტრაიკ ფასად კონტრაქტის ვადის გასვლამდე ან ვადის გასვლის დღეს.
თუ აქტივის საბაზრო ღირებულება გაიზრდება, თქვენ უფრო მეტ მოგებას მიიღებთ. ამგვარად, თქვენ შეიძლება შეიძინოთ ქოლ-ოფციონი, თუ ფიქრობთ, რომ კონკრეტული აქტივის ფასი გაიზრდება. თუ ასე მოხდება, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აქტივი სტრაიკ ფასად და გაყიდოთ ის უფრო მაღალ საბაზრო ფასად, რაც მოგებას მოგიტანთ.
თუ ქოლ-ოფციონის ღირებულება გაიზრდება კონტრაქტის ვადის გასვლამდე, თქვენ ასევე შეგეძლებათ გაყიდოთ ის მოგების მიზნით, კონტრაქტის აღსრულების გარეშე. ამ გზით, თქვენ ვაჭრობთ თავად კონტრაქტით და არა აქტივით.
რა არის ფუთ-ოფციონები?
ფუთ-ოფციონი უფლებას გაძლევთ გაყიდოთ საბაზისო აქტივი სტრაიკ ფასად კონტრაქტის ვადის გასვლამდე ან ვადის გასვლის დღეს.
თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ ფუთ-ოფციონის ყიდვა, თუ ფიქრობთ, რომ აქტივის საბაზრო ფასი დაეცემა. თუ ფასი სტრაიკ ფასზე დაბლა დაეცა, შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი აქტივი უფრო მაღალ სტრაიკ ფასად. რაც უფრო ეცემა საბაზრო ფასი, მით უფრო მეტი მოგების მიღება შეგიძლიათ. ეს ასევე გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ აქტივი უფრო დაბალ საბაზრო ფასად.
ქოლ-ოფციონების მსგავსად, ფუთ-ოფციონები შეიძლება გაიყიდოს კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლამდე, თუ მათი ღირებულება გაიზრდება. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მოგება ოფციონის გამოყენების გარეშე. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება ქოლ და ფუთ-ოფციონებით ვაჭრობა.
საბაზისო აქტივები
ჩვენ განვიხილეთ საბაზისო აქტივები და ოფციონები, რომლებიც წარმოადგენს კონტრაქტებს, რომლებიც უფლებას გაძლევთ შეიძინოთ ან გაყიდოთ ისინი, თუმცა არ გაკისრებთ ამის ვალდებულებას. ჩვენს ანალოგიაში, საბაზისო აქტივი არის სახლი. თუმცა ფინანსურ ბაზრებზე აქტივები, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს:
კრიპტოვალუტები: თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კრიპტოს ოფციონები, მაგალითად bitcoin (BTC), ether (ETH), BNB და Tether (USDT).
აქციები: თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კომპანიების აქციების ოფციონები, როგორიცაა Apple (AAPL), Microsoft (MSFT) და Amazon (AMZN).
ინდექსები: თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საფონდო ბაზრის ინდექსების ოფციონები, როგორიცაა S&P 500 და Nasdaq 100.
საქონელი: თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ოქროს, ნავთობის და სხვა საქონლის ოფციონები.
ვაჭრობა კონტრაქტის ვადის გასვლამდე
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინვესტიციიდან მოგების მისაღებად კონტრაქტის ვადის ამოწურვის ლოდინი არ არის საჭირო. ამ დროს ვაჭრობისას თავად ოფციონების კონტრაქტები გამოიყენება.
ოფციონების კონტრაქტების ღირებულება მუდმივად იცვლება ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა ბაზრის პირობები და ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია შეიძინოთ ოფციონების კონტრაქტი და შემდეგ გაყიდოთ ის, რითიც მოგებას ან ზარალს ნახავთ. ოფციონებით ვაჭრობის უმეტესობა ასე ხდება - თქვენ ვაჭრობთ არა თავად აქტივით, არამედ აქტივის ყიდვის ან გაყიდვის უფლებით.
ოფციონების კონტრაქტები
თქვენ უკვე გაეცანით ოფციონებით ვაჭრობის პრინციპს და ახლა შეგვიძლია განვიხილოთ რეალური ოფციონების კონტრაქტის კომპონენტები.
ვადის გასვლის თარიღი
ვადის გასვლის თარიღი არის კონკრეტული დღე, როდესაც ოფციონის კონტრაქტის ვადა იწურება. ამ თარიღის გასვლის შემდეგ, ოფციონების კონტრაქტი აღარ იქნება მოქმედი და ვერ აღსრულდება. ოფციონებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ვადის გასვლის თარიღები, რომლებიც კვირებიდან წლებამდე მერყეობს.
განვაგრძოთ ანალოგიის განხილვა, სადაც ჩვენ განვიხილეთ სახლის შეძენის მიმართ თქვენი ინტერესი. წარმოიდგინეთ, რომ შეძენის თარიღამდე ერთი თვით ადრე იყიდეთ ოფციონი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ ერთი თვე იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა გამოიყენოთ თქვენი უფლება შეიძინოთ სახლი სტრაიკ ფასად.
სტრაიკ ფასი
სტრაიკ ფასი არის წინასწარ განსაზღვრული ფასი, რა ფასადაც შეგიძლიათ იყიდოთ (ქოლ-ოფციონებისთვის) ან გაყიდოთ (ფუთ ოფციონებისთვის) საბაზისო აქტივი.
ასე რომ, როდესაც სახლის გამყიდველთან მოლაპარაკებას აწარმოებთ, თუ სტრაიკ ფასად $300 000-ზე შეთანხმდებით, სწორედ ამ ფასის გადახდა მოგიწევთ, თუ ოფციონით სარგებლობას გადაწყვეტთ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა იქნება მიმდინარე საბაზრო ფასი, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში თქვენ გექნებათ უფლება შეიძინოთ სახლი ფიქსირებულ ფასად.
საბაზისო აქტივის სტრაიკ ფასისა და მიმდინარე საბაზრო ფასის ურთიერთკავშირი განსაზღვრავს ოფციონების კონტრაქტის ღირებულებას.
პრემიუმი
პრემიუმი არის ფასი, რომელსაც იხდით ოფციონების კონტრაქტისთვის. ამ ფასის გადახდა გაძლევთ საბაზისო აქტივის ყიდვის ან გაყიდვის უფლებას, თუმცა არ გაკისრებთ ვალდებულებას.
დასაწყისში პრემიუმი ბეს შევადარეთ. წარმოიდგინეთ, რომ სახლის ოფციონის შესაძენად გამყიდველს ბეს სახით $5000 უნდა გადაუხადოთ, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამ პრემიუმის გადახდა გაძლევთ უფლებას შეიძინოთ სახლი $300 000-ად, მნიშვნელობა არ აქვს მიმდინარე საბაზრო ფასს, დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში. თუ გადაწყვეტთ არ შეიძინოთ სახლი, თქვენ დაკარგავთ $5000 პრემიუმს.
პრემიუმის ოდენობაზე მოქმედებს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:
საბაზისო აქტივის მიმდინარე საბაზრო ფასი.
საბაზისო აქტივის ფასის მერყეობა.
სტრაიკ ფასი.
კონტრაქტის ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო.
კონტრაქტის ზომა
ჩვეულებრივ ოფციონების კონტრაქტი აქციებისთვის მოიცავს საბაზისო აქტივის 100 აქციას. თუმცა, სხვა ტიპის ოფციონებისთვის, როგორიცაა ინდექსებთან ან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოფციონები, კონტრაქტის მოცულობა შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვაჭრობის დაწყებამდე ყურადღებით შეამოწმოთ კონტრაქტის პირობები, რათა ზუსტად იცოდეთ, თუ რამდენ საბაზისო აქტივთან გაქვთ საქმე.
მნიშვნელოვანი ტერმინოლოგია
ოფციონებით ვაჭრობისას მნიშნელოვანია რამდენიმე ძირითადი კონცეფციის გააზრება.
მომგებიანობასთან დაკავშირებული ტერმინები
ტერმინები, როგორიცაა in the money (ITM), at the money (ATM) და on the money (OTM) ასახავს ურთიერთობას საბაზისო აქტივის სტრაიკ ფასსა და მიმდინარე საბაზრო ფასს შორის. ეს ტერმინები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არა მხოლოდ ოფციონის აღსრულების დროებზე მიგანიშნებთ, არამედ ასევე გაწვდით ინფორმაციას თავად ოფციონის კონტრაქტის ღირებულების შესახებ.
ბერძნული ასოები (Greek-ები)
ოფციონებით ვაჭრობისას Greek-ები წარმოადგენს რისკის საზომ მაჩვენებელს, რომელიც ტრეიდერებს ეხმარება გაიაზრონ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი ოფციონის ფასზე.
თითოეული Greek სენსიტიურობის განსხვავებულ დონეს აღნიშნავს, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს შეაფასონ პოტენციური რისკები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ხუთი ძირითადი Greek არის Delta, Gamma, Theta, Vega და Rho.
ამერიკული ოფციონები და ევროპული ოფციონები
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ოფციონებით ვაჭრობის პროცესი ამერიკული ბაზრების მაგალითზე, სადაც გამოიყენება ამერიკული ტიპის ოფციონები. თუმცა იმის მიხედვით, თუ რომელ ბაზარზე ვაჭრობთ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ევროპული ოფციონებიც. ამ ორი ტიპის ოფციონებს შორის ძირითადი სხვაობა მათი აღსრულების დროებია:
ამერიკული ოფციონები: მათი აღსრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს კონტრაქტის ვადის გასვლამდე, რაც მფლობელს უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს.
ევროპული ოფციონები: ეს ოფციონები მხოლოდ კონტრაქტის ვადის გასვლის დღეს შეიძლება აღსრულდეს.
Binance-ის ოფციონები ამერიკულია თუ ევროპული?
Binance-ის სავაჭრო პლატფორმაზე თქვენ მხოლოდ ევროპული ტიპის ოფციონებს შეხვდებით. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ვაჭრობთ ოფციონებით Binance-ზე, მხოლოდ კონტრაქტის ვადის გასვლის დღეს შეძლებთ მათ აღსრულებას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოფციონებით ვაჭრობის უმეტესი შემთხვევა მოიცავს კონტრაქტების შეძენას და გაყიდვას და არა მათ აღსრულებას, ეს განსხვავება ძირითადად იმაზე ახდენს ზეგავლენას, თუ როდის და როგორაა შესაძლებელი კონტრაქტის აღსრულება.
Binance-ზე ოფციონების აღსრულება ავტომატურად ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ კონტრაქტის ვადის გასვლის დროს თქვენი ოფციონი იქნება ITM, თქვენ მიიღებთ თანხას, მნიშვნელობა არ აქვს ოფციონის აღსრულებას თავად განახორციელებთ თუ არა.
ოფციონების კონტრაქტების ანგარიშსწორება ნარდი ფულითაც შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზისო აქტივის გადაცემის ნაცვლად მხარეს შეუძლია მეორე მხარეს მისი შესაბამისი თანხა გადასცეს. ეს ამარტივებს აქტივების გადაცემის პროცესს და აღმოფხვრის ამ პროცესის თანმხლებ გამოწვევებს.
შეჯამება
ოფციონებით ვაჭრობა, განსაკუთრებით ამერიკული ტიპის ოფციონებით, ტრეიდერებს და ინვესტორებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ან გაყიდონ საბაზისო აქტივი ფიქსირებულ ფასად კონტრაქტის ვადის გასვლამდე. დაუყოვნებლივ შეძენის ვალდებულების არარსებობა ნიშნავს, რომ უფრო მოქნილი ხართ ფინანსური ბაზრებზე ოპერირებისას.
თუმცა შეგიძლიათ ივაჭროთ ოფციონების კონტრაქტებით ისე, რომ არ აღასრულოთ ისინი. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მოგება კონტრაქტის ღირებულების ცვლილებების საფუძველზე. ოფციონების კონტრაქტები პოტენციურად მომგებიანი ინსტრუმენტებია, თუმცა ვაჭრობის დაწყებამდე საჭიროა სათანადოდ შეისწავლოთ მათი მუშაობის ძირითადი კონცეფციები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.