ტექნიკური ანალიზის ფარგლებში გამოყენებული 5 ძირითადი ინდიკატორი

ტექნიკური ანალიზის ფარგლებში გამოყენებული 5 ძირითადი ინდიკატორი

განახლებული Jun 18, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • ტექნიკური ანალიზის (TA) მეშვეობით ხდება ბაზრის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღება ფასისა და მოცულობის მონაცემების საფუძველზე. ტექნიკური ანალიზის ზემოხსენებული ინდიკატორები ტრეიდერებს ეხმარება შაბლონებისა და პოტენციური სავაჭრო სიგნალების ამოცნობაში და სავაჭრო პოზიციის დახურვისთვის ან გახსნისთვის სწორი მომენტის შერჩევაში.

  • ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI) წარმოადგენს იმპულსის ინდიკატორს და მიუთითებს გადაჭარბებული ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევებზე, აღნიშნული მონაცემის აღნიშვნისთვის 0-100 მნიშვნელობის შკალა გამოიყენება.

  • მოძრავი საშუალოები, MACD და სტოქასტიკური RSI ხშირად გამოიყენება RSI-სთან ერთად, ბაზარზე არსებული პირობების შესახებ უფრო საფუძვლიანი ინფორმაციის მიღების მიზნით.

  • ბოლინჯერის ზოლებით იზომება ბაზრის მერყეობის მაჩვენებელი და ფასების უმაღლეს მაჩვენებლებთან მიახლოების შემთხვევები, ცვლილებების ბოლოდროინდელი ისტორიის საფუძველზე.

  • არ არსებობს ზუსტი ინფორმაციის მიღების გარანტია ზემოხსენებული ინდიკატორების ინდივიდუალურად გამოყენების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ტრეიდერები ხშირად მიმართავენ რამდენიმე სხვადასხვა ინდიკატორის გაერთიანების და სხვა ისეთ მეთოდებთან ერთად გამოყენების პრაქტიკას, როგორიცაა ფუნდამენტური ანალიზი, რაც ამცირებს სიგნალების არასწორად ინტერპრეტირებასთან დაკავშირებულ რისკებს.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები გახლავთ ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ტრეიდერები აკვირდებიან ფასებისა და ბაზრის პირობების ცვლილებებს. აღნიშნული ინდიკატორები დაფუძნებულია მათემატიკურ ფორმულებზე, რომლებიც გამოიყენება ფასისა და მოცულობის მონაცემებთან მიმართებაში, მიღებული შედეგები კი დიაგრამაზე ხაზების, ოსცილატორების ან ზოლების სახით აისახება. ტრეიდერები აღნიშნული მეთოდების მეშვეობით მიღებულ მონაცემებს შაბლონებისა და პოტენციური სიგნალების ამოცნობის მიზნით იყენებენ.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ტექნიკური ანალიზის ხუთი ყველაზე პოპულარული ინდიკატორი: RSI (ფარდობითი სიძლიერის ინდექსი), მოძრავი საშუალი (MA), მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD), სტოქასტიკური RSI (Stochastic RSI) და ბოლინჯერის ზოლები.

აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ინდიკატორების მეშვეობით განსაზღვრული სიგნალები შესაძლოა სუბიექტურად იყოს აღქმული. მაგალითად, კონკრეტული სიგნალი ერთმა ტრეიდერმა შესაძლოა ყიდვის სიგნალად, მეორემ კი ბაზრის სტანდარტულ ხმაურად აღიქვას. ტრეიდერების უმეტესობა იყენებს ზემოხსენებული ინდიკატორების სხვადასხვა კომბინაციას და აერთიანებს მათ ფუნდამენტურ ანალიზთან (FA), რადგან არ არსებობს ზუსტი ინფორმაციის მიღების გარანტია მხოლოდ ერთი, კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში.

1. ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI)

ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI) წარმოადგენს იმპულსის ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს აქტივის გადაჭარბებულ ყიდვას ან გადაჭარბებულ გაყიდვას, რისთვისაც ბოლოს დაფიქსირებული ფასის ცვლილების დიაპაზონის გაზომვის მეთოდი გამოიყენება. სტანდარტული პარამეტრი გახლავთ გასული 14 ერთეული (მაგ., 14 დღე დღიური დიაგრამების შემთხვევაში). ეს მონაცემი ოსცილატორის სახით გამოისახება და გააჩნია მნიშვნელობა 0-სა და 100-ს შორის.

RSI-ის ილუსტრაცია

RSI-ის ტრადიციული ინტერპრეტაციის მიხედვით, როდესაც მისი მნიშვნელობა 70-ზე მაღალია, საქმე გვაქვს აქტივების სავარაუდო გადაჭარბებულ ყიდვასთან, ხოლო როდესაც 30-ზე დაბალია, სახეზეა სავარაუდო გადაჭარბებული გაყიდვა. თუმცა, უმჯობესია არ მოხდეს ამ მაჩვენებლების პირდაპირ ფასის შებრუნების სიგნალებად აღქმა, რადგან ისინი მიუთითებს არსებულ პირობებზე და არა შედეგებზე.

ტრეიდერები, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებიან ფასისა და RSI-ის დაშორების წერტილებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფასი და RSI საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. მაგალითად, თუ ფასი აღწევს შედარებით მაღალ მაქსიმალურ მაჩვენებელს, RSI კი პირიქით, ეს მიუთითებს აღმავალ ტენდენციაზე.

2. მოძრავი საშუალო (MA)

მოძრავი საშუალოს მეშვეობით ხდება აქტივის საშუალო ფასის განსაზღვრა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, მიღებული შედეგი კი დიაგრამაზე ხაზის სახით აისახება. აღნიშნული ინდიკატორი გამოიყენება ფასების მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებისა და საერთო ტენდენციის უკეთესად აღქმის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ეფუძნება ფასის წარსულ მონაცემებს, მოძრავი საშუალოები ითვლება დაყოვნების ინდიკატორებად.

MA-ის ილუსტრაცია

მოძრავი საშუალოს ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია მარტივი მოძრავი საშუალო (SMA ან MA) და ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA). SMA-ის გამოსახვისთვის, ხდება კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული ფასის მონაცემების აღება და საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა. მეორეს მხრივ, EMA-ს გამოთვლის დროს, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ფასის უახლეს მონაცემებს. გაიგეთ, როგორ ხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება მოძრავ საშუალოებთან ერთად.

ტრეიდერები ხშირად იყენებენ ფასის კონკრეტულ მოძრავ საშუალოსთან კავშირს ბაზრის არსებული ტენდენციის შესაფასებლად. მაგალითად, თუ ფასი ხანგრძლივი პერიოდით რჩება 200-დღიან SMA-ზე მაღლა, ბევრი ტრეიდერი თვლის, რომ სახეზე გვაქვს აღმავალი ტენდენცია. კიდევ ერთი გავრცელებული სიგნალია მოძრავი საშუალოების გადაკვეთის წერტილები. თუ შედარებით მოკლე დროის პერიოდისთვის გამოთვლილი მოძრავი საშუალო ქვედა მიმართულებით კვეთს შედარებით ხანგრძლივი დროის პერიოდისთვის გამოთვლილ მოძრავ საშუალოს, ეს შეიძლება ჩაითვალოს ტენდენციის დაღმასვლის სიგნალად.

რაც უფრო ხანგრძლივი დროის პერიოდისთვის გამოითვლება მოძრავი საშუალო, მით უფრო ნაკლებია ფასზე რეაგირების სისწრაფეც. მაგალითად, 200-დღიანი SMA უფრო ნელა რეაგირებს მიმდინარე ფასის მოძრაობაზე, ვიდრე 20-დღიანი SMA. ტრეიდერების მიერ დროის პერიოდის შერჩევა მათი სავაჭრო სტრატეგიისა და ვაჭრობის პერიოდის შესაბამისად ხდება.

3. მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD)

MACD ინდიკატორი იყენებს ორ EMA-ს იმპულსის და ტენდენციების პოტენციური ცვლილებების განსაზღვრის მიზნით. MACD-ის ხაზის გამოსათვლელად, 12 EMA-ს უნდა გამოვაკლოთ 26 EMA. ამის შემდეგ, უნდა მოხდეს მისი დატანა MACD-ის ხაზის 9 EMA-ზე – სიგნალის ხაზზე. გარდა ამისა არსებობს დიაგრამების შექმნის უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც ჰისტოგრამის მეშვეობით MACD-ის ხაზსა და სიგნალის ხაზს შორის მანძილის გამოსახვის საშუალებას იძლევა.

MACD-ის ილუსტრაცია

თუ MACD-ის ხაზი სიგნალის ხაზს ზედა მიმართულებით კვეთს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს bullish სიგნალზე. ხოლო, თუ MACD-ის ხაზი სიგნალს ქვედა მიმართულებით კვეთს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს bearish სიგნალზე. აღნიშნულ გადაკვეთის წერტილებთან დაკავშირებით ტრეიდერები მაქსიმალურ ყურადღებას იჩენენ, თუმცა შესაძლოა ადგილი ქონდეს შეფერხებებს ფასის რეალურ მოძრაობასთან შედარებით.

MACD-სა და ფასის მოძრაობას შორის დაშორება ტრეიდერების მიერ ხშირად გამოყენებული კიდევ ერთი კონცეფციაა. მაგალითად, თუ ფასი აღწევს უფრო მაღალ უმაღლეს ნიშნულს, ვიდრე MACD, ტენდენციის შესუსტების ალბათობა. იგივე პრინციპი მოქმედებს საპირისპირო სიტუაციაშიც. გასული წლების განმავლობაში მოხდა ანალიზის ამ მეთოდის უფრო საფუძვლიანად ინტეგრირება ავტომატური ვაჭრობისა და ალგორითმული სტრატეგიების მოდელებში.

რადგან MACD-ის მეშვეობით იმპულსის განსაზღვრა მოძრავი საშუალოების საფუძველზე ხდება, ის ხშირად გამოიყენება RSI-სთან კომბინაციაში, რათა მოხდეს იმპულსის სხვა მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა. სავარაუდოა, რომ ორივე მათგანის ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ბაზრის პირობებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი ინფორმაციის მიღება.

4. სტოქასტიკური RSI (StochRSI)

სტოქასტიკური RSI გახლავთ იმპულსის ოსცილატორი, რომელიც დაფუძნებულია არა უშუალოდ ფასის მონაცემებზე, არამედ RSI ღირებულების მაჩვენებლებზე. მისი შექმნა ხდება სტოქასტიკური ოსცილატორის ფორმულის სახელით ცნობილი ფორმულის მორგებით სტანდარტულ RSI მნიშვნელობებზე. როგორც წესი, სტოქასტიკური ოსცილატორების მნიშვნელობები მერყეობს 0-დან 1-მდე (ან 0-დან 100-მდე). ნაგულისხმევი პარამეტრებით, დროის განსაზღვრული პერიოდი გახლავთ 14 ერთეული.

StochRSI-ის ილუსტრაცია

რადგან StochRSI დაფუძნებულია RSI მაჩვენებელზე, იგი გამოირჩევა უფრო მაღალი მგრძნობელობით ცვლილებების მიმართ და უფრო სწრაფად მოძრაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მეშვეობით ხდება უფრო მეტი სიგნალის ამოცნობა, თუმცა ხშირია ცრუ სიგნალებზე მითითების შემთხვევებიც, რაც იშვიათად ხდება სტანდარტული RSI-ს გამოყენებისას. თუ StochRSI სცდება 0.8-ს, ეს როგორც წესი მიიჩნევა გადაჭარბებულ ყიდვად, ხოლო 0.2-ზე ნაკლები მაჩვენებელი მიჩნეულია გადაჭარბებულ გაყიდვად.

RSI-ის გამოყენების პრინციპის მსგავსად, გადაჭარბებული ყიდვის ან გადაჭარბებული გაყიდვის StochRSI-ის მნიშვნელობაც არ უნდა მიუთითებდეს ფასის აუცილებელ შებრუნებაზე. ის მიუთითებს მხოლოდ RSI მნიშვნელობების ზედა და ქვედა ზღვართან მიახლოებაზე, ბოლოდროინდელი მონაცემების საფუძველზე. სტოქასტიკური RSI უფრო ეფექტურია ზედა და ქვედა ზღვართან ახლოს, თუმცა არა დიაპაზონის შუა ნაწილში არსებული წერტილების იდენტიფიკაციისთვის.

სტოქასტიკური RSI ინდიკატორისთვის დამახასიათებელი მაღალი მგრძნობელობის გამო, ტრეიდერები ხშირად მიმართავენ მის სხვა ინდიკატორებთან ერთად გამოყენების პრაქტიკას, ბაზრის ხმაურის გაფილტვრის და ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე სიგნალების სიზუსტის დადასტურების მიზნით.

5. ბოლინჯერის ზოლები (BB)

ბოლინჯერის ზოლები გახლავთ ბაზრის მერყეობის ინდიკატორი, რომელიც სამი ხაზისგან შედგება: შუა (მარტივი მოძრავი საშუალო). ზედა და ქვედა ხაზები, რომლებიც აღნიშნავს შუა ზოლიდან ორ სტანდარტულ გადახრას. არასტაბილურობის ზრდის ან შემცირების პარალელურად, იზრდება ან მცირდება ხაზებს შორის მანძილი. სტანდარტული პარამეტრებით გამოიყენება 20 SMA და ორი ზოლი სტანდარტული გადახრით.

ბოლინჯერის ზოლების ილუსტრაცია

მერყეობის დონის ზრდის შემთხვევაში ხდება ზოლების გაფართოება, ხოლო შემცირების შემთხვევაში - შეკუმშვა. აღნიშნული მეთოდი სასარგებლოა იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენადაა გადახრილი აქტივის მიმდინარე ფასი მისი ბოლოდროინდელი საშუალოდან. ზოგადად, რაც უფრო ახლოსაა ფასი ზედა ხაზთან, მით ახლოსაა დიაგრამაზე გამოსახული აქტივი გადაჭარბებული ყიდვის პირობებთან. და პირიქით, რაც ახლოსაა ფასი ქვედა ხაზთან, მით ახლოსაა ის გადაჭარბებული გაყიდვის პირობებთან.

BB-ებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონცეფციას წარმოადგენს შეკუმშვა. ის აღნიშნავს ფასის დაბალი მერყეობის პერიოდს, სადაც ყველა ზოლი ერთმანეთს ძალიან უახლოვდება. ეს შეიძლება წარმოადგენდეს ფასების პოტენციურ მკვეთრ ცვლილებას მომავალში, თუმცა ცვლილების მიმართულების წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები?

ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები წარმოადგენს აქტივის ფასისა და მოცულობის მონაცემებზე დაფუძნებულ მათემატიკურ გამოთვლებს. ისინი დიაგრამებზე ვიზუალური შრეების ან ცალკეული პანელების სახით არის გამოსახული ტრეიდერები აღნიშნულ ინდიკატორებს ბაზრის ტენდენციების, იმპულსების, აქტივის მერყეობის დონისა და სავაჭრო პოზიციის დახურვის ან გახსნის სწორი მომენტის განსაზღვრის მიზნით იყენებენ.

რამდენად ეფექტურია ინდიკატორების ინდივიდუალურად გამოყენება?

გამოცდილი ტრეიდერების უმეტესობა, ხშირ შემთხვევაში, თავს არიდებს ცალკეული ინდიკატორების ინდივიდუალურად გამოყენებას. თითოეული ინდიკატორი ფასის მოძრაობის სხვადასხვა ასპექტის განსაზღვრისთვის გამოიყენება და ბაზრის კონკრეტულ პირობებში, შესაძლოა მცდარ სიგნალებზეც მიუთითებდეს. სხვადასხვა ასპექტის განსაზღვრისთვის განკუთვნილი ინდიკატორების, მაგალითად იმპულსის ინდიკატორის (RSI) და მერყეობის ინდიკატორის (ბოლინჯერის ზოლები) ერთობლივად გამოყენება, დაგეხმარებათ მცდარ სიგნალებზე დაყრდნობით მოქმედების რისკების შემცირებაში.

როდის ხდება ინდიკატორების დაშორება?

ინდიკატორებს შორის დაშორებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ინდიკატორი და ფასი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით. მაგალითად, თუ ფასი აღწევს ახალ უმაღლეს ნიშნულს და RSI არა, ადგილი აქვს bearish დაშორებას. ეს შესაძლოა მიუთითებდეს აღმავალი ტენდენციის შესუსტებაზე. ინდიკატორების დაშორება არ წარმოადგენს ზუსტ სიგნალს, თუმცა მასზე დაკვირვება ხშირად ხდება იმ ტრეიდერების მიერ, რომლებიც იყენებენ RSI და MACD ინდიკატორების კომბინაციას.

როგორ მივხვდე, რომელი ინდიკატორის პარამეტრების გამოყენებაა უმჯობესი კონკრეტულ სიტუაციაში?

საწყის ეტაპზე, ტრეიდერები ხშირად იყენებენ ინდიკატორების ნაგულისხმევ პარამეტრებს (მაგალითად, 14 ერთეული RSI-ს შემთხვევაში ან 20 ერთეული ბოლინჯერის ზოლების შემთხვევაში). თუმცა, ტრეიდერების უმეტესობა აღნიშნულ პარამეტრებს საკუთარი სტრატეგიისა და ვაჭრობის პერიოდის შესაბამისად ცვლის. შედარებით მოკლე დროის პერიოდისთვის გამოყენებული ინდიკატორები გამოირჩევა მეტი მგრძნობელობითა და რეაგირების სისწრაფით; ხოლო ხანგრძლივი პერიოდისთვის გამოყენებული ინდიკატორები უფრო ნელი და ნაკლებ ცვალებადია. ყველაზე ეფექტურ მიდგომად მიიჩნევა სხვადასხვა პარამეტრის საცდელი გამოყენებისა და მათი სიგნალებზე ზემოქმედებაზე დაკვირვების პრაქტიკა.

რა ზემოქმედებას ახდენს ვაჭრობის ფსიქოლოგია ინდიკატორების გამოყენებაზე?

ყველაზე სანდო ინდიკატორების გამოყენების შემთხვევაშიც კი, საბოლოო შედეგების განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს ვაჭრობის ფსიქოლოგია. ტრეიდერების სუბიექტურმა შეხედულებებმა შესაძლოა მათ მიერ სიგნალების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირება გამოიწვიოს. აღნიშნული ტენდენციის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის ფლობა და ინდიკატორების სიგნალებისადმი ობიექტური მიდგომის ჩამოყალიბება დაგეხმარებათ ეფექტური სავაჭრო სტრატეგიის შემუშავებაში.

შეჯამება

ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები წარმოადგენს ბაზრის ტენდენციების განსაზღვრის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. თუმცა, მათი გამოყენებისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნული ინდიკატორები მიუთითებს მხოლოდ წარსულ და მიმდინარე მონაცემებზე და შეუძლებელია მათი მეშვეობით სამომავლო შედეგების ზუსტი განსაზღვრა.

ნებისმიერი ინდიკატორის ეფექტურად გამოყენების გარანტიას მაქსიმალური პრაქტიკული ცოდნის მიღება წარმოადგენს. გამოცდილება, რომელიც დროსთან ერთად მოდის, ტრეიდერებს საშუალებას აძლევს უკეთ განსაზღვრონ, თუ რა ზემოქმედებას ახდენს თითოეულ ინსტრუმენტზე ცვალებადი ბაზრის პირობები, რაც მათი უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.