ბაზრის ციკლების ფსიქოლოგია
მთავარი
სტატიები
ბაზრის ციკლების ფსიქოლოგია

ბაზრის ციკლების ფსიქოლოგია

გამოქვეყნებული Oct 14, 2019განახლებული Jan 28, 2025
8m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • ოპტიმიზმი, სიხარბე, შიში და პანიკა, რომლებსაც საფუძვლად ნეიროლოგიური პროცესები უდევს, განსაზღვრავს ბაზრის განწყობას და პირდაპირ არის დაკავშირებული აღმავალ და დაღმავალ ტენდენციებთან. 

  • ფსიქოლოგიური ეფექტები, როგორიცაა FOMO, ზარალის შიში და კოგნიტური დისონანსი, ხშირად ტრეიდერებს და ინვესტორებს ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. 

  • სოციალური პლატფორმები კიდევ უფრო აძლიერებს ემოციურ ეფექტს, ხოლო სარკისებრი ნეირონები განსაზღვრავს კოლექტიურ ქცევას, ჯოგურ ინსტინქტს და სპეკულაციურ ვაჭრობას.

შესავალი

უორენ ბაფეტმა ერთხელ აღნიშნა: „ბაზარი არის პროცესი, რომლის დროსაც მოთმინების უნარის მქონე ადამიანები ფულს გამოიმუშავებენ მოუთმენელი ადამიანების ხარჯზე“. ეს მარტივი ფრაზა ხაზს უსვამს ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ბაზრის ქცევაზე. ამ იდეას საფუძვლად უდევს ბაზრის ფსიქოლოგია - ქცევითი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც შეისწავლის ბაზრის მონაწილეების კოლექტიური ემოციების გავლენას ფინანსური ბაზრების ფორმირებაზე. თუმცა რა ვიცით ნეირობიოლოგიაზე, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ბაზრის ფსიქოლოგიის ფორმირებას? 

ნეირომეცნიერება ამტკიცებს, რომ ჩვენი ტვინი არც ისე რაციონალურია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. ემოციები, კოგნიტური მიკერძოება და ფსიქოლოგიური პროცესები ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ გადაწყვეტილებებს და ხშირად ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. 

მაგალითად, ამიგდალა არის ჩვენი ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია შიშის ემოციის დამუშავებაზე და ააქტიურებს „ბრძოლის ან გაქცევის“ რეაქციებს. მას შეუძლია გვაიძულოს იმპულსური გადაწყვეტილების მიღება ბაზრის ვარდნის პერიოდებში. მეორე მხრივ, ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქის ზონა, რომელიც ჯილდოების შეფასებაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება გახდეს თქვენი ზედმეტად თავდაჯერებულობის მიზეზი bull ბაზრის პერიოდში. 

ტვინის ეს მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია გადარჩენისთვის, ვაჭრობის და ინვესტირების დროს ხშირად გვიბიძგებს ვიმოქმედოთ ინსტინქტების და არა რაციონალური გადაწყვეტილებების საფუძველზე.

როგორ წარმართავს ფსიქოლოგია ბაზრის ციკლებს

აღმავალი ტენდენცია

bull ბაზრის პერიოდებში ოპტიმიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა. ნეირობიოლოგია გვეუბნება, რომ ფასების მატება განაპირობებს აღფრთოვანებას, რაც ააქტიურებს ტვინის დაჯილდოების სისტემას და ამ დროს გამოიყოფა ნეირომედიატორი, სახელწოდებით დოფამინი. 

ემოციური ფენომენები, როგორიცაა FOMO (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში), კიდევ უფრო აძლიერებს ამ ტენდენციას. FOMO-ს გააქტიურება ხდება ტვინის სოციალური ჯილდოების სისტემის მეშვეობით, რადგან ჩვენ ფიზიკურად ვართ მიდრეკილნი სოციალური ჩართულობისკენ და ვცდილობთ ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობები. FOMO-ს გაძლიერებას ხელს უწყობს სოციალური მედიის პლატფორმები, როგორებიცაა X და Reddit, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია და ისტორიები კონკრეტული აქტივებით მიღებული დიდი შემოსავლების შესახებ, რის გამოც სხვებსაც უჩნდებათ სურვილი შეიძინონ ეს აქტივები მათთან დაკავშირებული რისკების სრულად გააზრების გარეშე.

ამის თვალსაჩინო მაგალითებია Dogecoin, Shiba Inu და ახლახან გამოშვებული TRUMP და MELANIA meme მონეტები. უმეტეს შემთხვევაში, meme მონეტების ფასს განსაზღვრავს არა მათი რეალური ღირებულება, არამედ მათ გარშემო ატეხილი სპეკულაციური აჟიოტაჟი და ვირუსული ტრენდები. ტრეიდერები ხშირად ექცევიან ამ ეიფორიის გავლენის ქვეშ და უგულებელყოფენ გამაფრთხილებელ სიგნალებს, როგორიცაა გადაჭარბებული ღირებულება და ფასის არარაციონალური ზრდა.

რამდენიმე ნეირობიოლოგიური პროცესის თანხვედრა იწვევს დაუსაბუთებელ ოპტიმიზმს, რაც ფინანსური ბუშტების შექმნას უწყობს ხელს, რა დროსაც აქტივების ფასები მნიშვნელოვნად აღემატება მათ რეალურ ღირებულებას. როდესაც ბუშტი სკდება, ბაზრის ფასები ეცემა, რაც იწვევს ნეგატიური ემოციების კასკადს.

დაღმავალი ტენდენცია

ბაზრის შემობრუნების დროს იცვლება ემოციები და ოპტიმიზმს ცვლის უარყოფა და შიში. ამ დროს საქმეში ერთვება ტვინის ამიგდალა, რომელიც შიშის ემოციების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი, რასაც მოჰყვება ინსტინქტური რეაქციები, მაგალითად პანიკური გაყიდვა. ნევროლოგიური თვალსაზრისით, ამ შიშს აძლიერებს ზარალის შიში, რის გამოც ეს ემოცია გაცილებით ძლიერია იმავე დონის მოგებით გამოწვეულ სიხარულის განცდასთან შედარებით.

ფასის ვარდნის გაგრძელების პარალელურად, შიში გადაიქცევა პანიკად, რასაც მოსდევს კაპიტულაცია, რაც წარმოადგენს მომენტს, როდესაც ინვესტორი მასიურად იწყებს საკუთარი აქტივების გაყიდვას, ხშირად მნიშვნელოვანი ზარალის ფასად. მსგავსი ქცევა განსაკუთრებით შეინიშნება bear ბაზრების პერიოდებში. ამგვარ შემთხვევას ადგილი ჰქონდა Bitcoin-ის ფასის მკვეთრი ცვლილებების დროს, 2022 წლის ბაზრის ციკლის პერიოდში.

როდესაც პესიმიზმი პიკს აღწევს, ბაზარი სტაბილურდება, რასაც ხშირად თან მოსდევს აკუმულაციის ფაზა, რომლის დროსაც ფიქსირდება ფასების ჰორიზონტალური მოძრაობა. ამ მომენტისთვის ზოგიერთ ინვესტორს შეიძლება დაეუფლოს იმედის და ოპტიმიზმის გრძნობა და ფრთხილად დაუბრუნდეს ბაზარს.

ბაზრის ფსიქოლოგია და ნეირობიოლოგია

ბაზრის ტენდენციების ფორმირებას განაპირობებს კომპლექსური ნეირობიოლოგიური პროცესების სერია. ერთ-ერთი ასეთი პროცესია ჯილდოების სისტემა, რაც მოიცავს სხვადასხვა ნეირომედიატორს და ტვინის სტრუქტურას.

დოფამინი ჯილდოებთან და სიამოვნებასთან ასოცირებული მთავარი ნეირომედიატორია. დაჯილდოების სტიმულზე რეაგირებისას ტვინი იწყებს დოფამინის მომეტებული რაოდენობით გამოყოფას. ჩვეულებრივ ეს ხდება bull ბაზრის პერიოდში, როდესაც ტვინის დოფამინის გენერირების სისტემა აქტიურდება ფინანსური ჯილდოების მოლოდინში, რის შედეგადაც ყალიბდება უკუკავშირის კონტური. 

დოფამინი და ბაზრის ფსიქოლოგია

დოფამინი ძირითადად სინთეზირდება შავ ნივთიერებაში და ვენტრალურ ტეგმენტურ არეში. როგორც ზემოთ ვნახეთ, დოფამინი წარმოიქმნება ტვინის სხვადასხვა რეგიონში.

ბაზრის ფსიქოლოგიასთან უმეტესწილად ასოცირდება მეზოლიმბური სისტემა. მეზოლიმბური სისტემა ვენტრალურ ტეგმენტურ არეს აკავშირებს ლიმბურ სისტემასთან, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ამიგდალა. ეს სისტემა ცენტრალურ როლს ასრულებს სიამოვნების და დაჯილდოების განცდაში. ფინანსური მოგების მიღების მოლოდინისას, ეს სისტემა გამოყოფს დოფამინს, რაც ამაღლებს მოტივაციას და კმაყოფილების გრძნობას.

შიშსა და შფოთვაზე პასუხისმგებელ მთავარ სტრუქტურას კი ამიგდალა წარმოადგენს. bear ბაზრების დროს აქტიურდება ამიგდალა, ხოლო bull ბაზრების დროს კი დოფამინის გენერირების სისტემები. „ბრძოლის ან გაქცევის“ რეაქციები, რომლებიც ჩვეულებრივ გადარჩენის მექანიზმს წარმოადგენს, ფინანსურ კონტექსტში შესაძლოა იმპულსური გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს, რაც ხშირად ზარალს იწვევს.

ამიგდალას რეაქცია ბაზრის დაღმავალ ტენდენციაზე

ამიგდალას მიერ გამოწვეულმა შიშმა და შფოთვამ შეიძლება მიგვიყვანოს იმპულსური, მაგალითად პანიკური გაყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა კოგნიტურ დისონანსს ასევე შეუძლია ინვესტორები აიძულოს თავი შეიკავონ აქტივების გაყიდვისგან ბაზრის დასტაბილურების იმედით. 

კოგნიტურ დისონანსს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ტრეიდერების წარმოდგენა ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება რეალობას. კოგნიტური დისონანსი ძირითადად ასოცირდება პრეფრონტალურ ქერქთან, რომელიც პასუხისმგებელია მაღალი დონის კოგნიტურ ფუნქციებზე და ლიმბურ სისტემასთან, რაც მოიცავს ამიგდალას და ლიმბურ სისტემას.

ნეირობიოლოგიის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზრის ფსიქოლოგიაზე, არის სარკისებრი ნეირონები. ეს ნეირონები გვხვდება ტვინის რამდენიმე ზონაში, მათ შორის პრემოტორულ ქერქში, დამატებით მოტორულ არეში, პარიეტულ ნაწილში და ქვედა პარიეტულ ნაწილში. სარკისებრი ნეირონები აქტიურდება, როდესაც პირი რაიმე მოქმედებას ასრულებს ან როდესაც უყურებს სხვების მიერ ამ მოქმედების შესრულებას.

სარკისებრი ნეირონების გავლენა ბაზრის ქცევაზე

ფაქტიურად, სარკისებრი ნეირონები საშუალებას გვაძლევს გამოვცადოთ სხვების ემოციები და ქმედებები. ეს ნეირონები დაკავშირებულია ემპათიასთან და სოციალურ გავლენასთან. სხვა ტრეიდერების წარმატებამ შეიძლება გაააქტიუროს ეს ნეირონები და ადამიანს გაუჩინოს იმიტაციის სურვილი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯოგური ინსტინქტის ჩამოყალიბების პროცესში.

TRUMP Meme მონეტა: საკითხის შესწავლა

1. ფასის სწრაფი ზრდა და დოფამინის გენერირების სისტემები

დიდი ალბათობით, Trump meme მონეტის ფასის მკვეთრი ზრდა დაკავშირებული იყო ტვინის ჯილდოების სისტემასთან. მისი ფასის თავდაპირველ ზრდას ხელი შეუწყო სხვადასხვა ფაქტორმა, მაგალითად იმ ფაქტმა, რომ ეს მონეტა ასოცირდებოდა დონალდ ტრამპთან, თავისი სიმდიდრით ცნობილ ადამიანთან, ასევე მასმედიაში მონეტის ფართოდ გაშუქებამ.

სავარაუდო ფაქტორებს ასევე წარმოადგენს FOMO და პოტენციური მოგების ხელიდან გაშვების გავრცელებული შიში. მონეტის ფასის თავდაპირველმა ზრდამ ტრეიდერებში გაააქტიურა დოფამინის გენერირების სისტემები, ფინანსური მოგების მოლოდინმა შექმნა აღფრთოვანების და სპეკულაციის უკუკავშირის კონტური. ეს ფაზა ასევე ცნობილია ეიფორიის ეტაპის სახელწოდებით, რომლის დროსაც ოპტიმიზმი და აღფრთოვანება ხელს უწყობს ფასის ზრდას.

2. ჯოგური ინსტინქტი და სარკისებრი ნეირონები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარკისებრი ნეირონები ხშირად ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჯოგური ინსტინქტის ჩამოყალიბებაში და, შესაბამისად, განსაზღვრავს ბაზრის ფსიქოლოგიას. მონეტის ფასის სწრაფი ზრდა შეიძლება ამ ნეირონების მოქმედების მაგალითად ჩაითვალოს, რადგან ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ არა რაციონალური, დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, არამედ კოლექტიური განწყობის ზეგავლენით, რომელიც დაფუძნებულია ემოციებზე და სხვების წარმატების მაგალითზე. TRUMP მონეტის შემთხვევაში:

  • მიმების კულტურა: მიმები და სოციალური მედიის აქტივობები იწვევს ვირუსულ აჟიოტაჟს, რაც ადამიანებს აიძულებს შეუერთდნენ ამ ტრენდს. სარკისებრ ნეირონებს შეუძლია გააძლიეროს ტრეიდერების და ინვესტორების პოზიტიური ემოციები. 

  • პოლიტიკური მხარდამჭერების და გულშემატკივრების ჩართულობა: ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერები და გულშემატკივრები ხელს უწყობენ მონეტის ხილვადობის და პოპულარობის ზრდას. ბაზრის პოზიტიური განწყობა სწრაფად ვრცელდება სოციალური ურთიერთობების დროს. 

ეს წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ ახდენს ბაზრის ქცევის ფორმირებას სარკისებრი ნეირონების მოქმედებაზე დაფუძნებული და სოციალური ზეგავლენით, მაგალითად მიმების კულტურით გაძლიერებული ჯოგური ინსტიქტი.

3. არასტაბილურობა, პანიკური გაყიდვა და ამიგდალა

ისევე, როგორც meme მონეტების უმეტესობის შემთხვევაში, TRUMP მონეტის ფასის თავდაპირველ ზრდას მოჰყვა არასტაბილურობის ფაზა და მისი ფასი მკვეთრად დაეცა. ამ ეტაპზე, ტრეიდერების ემოციები მოიცავდა უარყოფას, შიშს და შფოთვას. 

კოგნიტურმა დისონანსმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბევრმა ადამიანმა არ გაყიდოს საკუთარი აქტივები ბაზრის დაღმასვლის პერიოდშიც კი, იმის მოლოდინით, რომ მდგომარეობა გამოსწორდება ან იმის რწმენით, რომ მაჩვენებლები დასტაბილურდება. აღნიშნულმა შეუსაბამობამ რეალობასა და პირად მოსაზრებას შორის შეიძლება გამოიწვიოს არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და ფინანსური ზარალი.

ამ დროს, ამიგდალამ, რომელიც პასუხისმგებელია „ბრძოლის ან გაქცევის“ რეაქციაზე, შეიძლება გააძლიეროს შიში და შფოთვა და, შესაბამისად, გამოიწვიოს პანიკური გაყიდვები. კონკურენტული MELANIA მონეტის გამოშვებამ გაამძაფრა აღნიშნული ემოციური რეაქციები და ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს გარე ფაქტორებს ინდივიდუალური ინვესტორების ქცევაზე და, შესაბამისად, ბაზრის ტენდენციებზე.

შეჯამება

ბაზრის ციკლების ფსიქოლოგიის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ტრეიდერებს და ინვესტორებს ბაზრის ტენდენციების უკეთ აღქმაში ეხმარება. მაგალითად, შეგიძლიათ დააკვირდეთ ემოციურ ტენდენციებს, რათა დააფიქსიროთ ინტენსიური პესიმიზმის ან ოპტიმიზმის პერიოდები და ნახოთ, თუ როგორ მოქმედებს ასეთი ემოციები საბაზრო ფასებზე.

ემოციური ტენდენციების განმაპირობებელი ნეირობიოლოგიური პროცესების, მათ შორის დოფამინის გენერირების სისტემების, ამიგდალის მსგავსი სტრუქტურების და სარკისებრი ნეირონების ფუნქციის გააზრება დაგეხმარებათ უფრო დეტალურად შეისწავლოთ ბაზრის ფსიქოლოგია. ეს შეიძლება დაგეხმაროთ გავრცელებული ფსიქოლოგიური ხაფანგების, როგორიცაა კოგნიტური მიკერძოება, FOMO, პანიკური გაყიდვა და კოგნიტური დისონანსი, თავიდან აცილებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.