მთავარი დეტალები
ტექნიკური ანალიზი (TA) წარმოადგენს მეთოდს, რომელიც იძლევა ბაზრის ტენდენციების პროგნოზირების საშუალებას ფასის მოძრაობებთან და ვაჭრობის მოცულობებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემების საფუძველზე.
ტექნიკური ანალიზის განხორციელება შესაძლებელია უბრალოდ მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეებზე დაკვირვებით ან დიაგრამის ინდიკატორების, მაგალითად მოძრავი საშუალოების, RSI-ს, MACD-ის და ბოლინჯერის ზოლების კომბინაციების გამოყენებით.
ვაჭრობის სიგნალები გვეხმარება ყიდვის და გაყიდვის შესაძლებლობების იდენტიფიკაციაში, თუმცა სავაჭრო ინდიკატორებმა შეიძლება მოგვაწოდოს ყალბი სიგნალები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება დროის მოკლე ინტერვალებისთვის ან დაბალი ლიკვიდურობის ბაზრებზე.
ზარალის ალბათობის შესამცირებლად აუცილებელია რისკის მართვა და ამ სიგნალების სხვა მეთოდებით გადამოწმება.
შესავალი
ტექნიკური ანალიზი (TA) წარმოადგენს დიაგრამის მეთოდს, რომელიც გამოიყენება აქტივის ფასის მოძრაობების პროგნოზირებისთვის ფასის მოძრაობებთან და ვაჭრობის მოცულობებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ფუნდამენტური ანალიზისგან (FA) განსხვავებით, რომლის დროსაც გათვალისწინებულია აქტივის ფასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორი, ტექნიკური ანალიზი ფოკუსირებულია მხოლოდ ფასის ისტორიულ მონაცემებზე და დიაგრამის შაბლონებზე. ტრეიდერები ტექნიკურ ანალიზს იყენებენ ტენდენციების, მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეების და სავაჭრო პოზიციაზე შესვლისა და გამოსვლისთვის ხელსაყრელი მომენტების იდენტიფიკაციისთვის.
როდის შეიქმნა ტექნიკური ანალიზი?
ტექნიკური ანალიზის პრიმიტიული ფორმები გაჩნდა მე-17 საუკუნის ამსტერდამში და მე-18 საუკუნის იაპონიაში, თუმცა მისი თანამედროვე ვარიანტის შექმნას ხშირად უკავშირებენ ჩარლზ დოუს ნაშრომს.
დოუ იყო ფინანსური სფეროს ჟურნალისტი და The Wall Street Journal-ის დამფუძნებელი. მან ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია, რომ ინდივიდუალური აქტივების და ბაზრების ფასების მოძრაობაში შეინიშნება გარკვეული ტენდენციები, რომელთა სეგმენტებად დაყოფა და ანალიზია შესაძლებელი. მისი ნაშრომი საფუძვლად დაედო დოუს თეორიას, რომელმაც ხელი შეუწყო ტექნიკური ანალიზის შემდგომ განვითარებას.
ადრეულ ეტაპებზე, ტექნიკური ანალიზისთვის გამოიყენებოდა ხელით მომზადებული ცხრილები და მარტივი გამოთვლები, თუმცა ტექნოლოგიის განვითარების და თანამედროვე კომპიუტერების გაჩენის პარალელურად, ტექნიკური ანალიზის პოპულარობა გაიზარდა და ის გადაიქცა ინვესტორებისთვის და ტრეიდერებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტად.
როგორ მუშაობს ტექნიკური ანალიზი?
ტექნიკური ანალიზის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ვარაუდს, რომ აქტივის ფასი უკვე მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას. ამგვარად, ფასის მოძრაობის შაბლონების და ვაჭრობის მოცულობების შესწავლა ტრეიდერებს აძლევს ფასის სამომავლო ცვლილებების პროგნოზირების შესაძლებლობას.
თავისი არსით, ტექნიკური ანალიზი წარმოადგენს მოთხოვნის და მიწოდების საბაზრო ძალების ანალიზის პროცესს, რაც ასახავს ბაზრის საერთო განწყობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტივის ფასი არის გაყიდვის და ყიდვის ძალების დაპირისპირების რეპრეზენტაცია. თავის მხრივ, ეს ძალები მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრეიდერების და ინვესტორების განწყობასთან (კერძოდ შიშთან და სიხარბესთან).
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ანალიზი უფრო საიმედო და ეფექტურია, თუ ის გამოიყენება ისეთ ბაზრებთან მიმართებაში, რომელთათვისაც დამახასიათებელია ვაჭრობის მაღალი მოცულობა და ლიკვიდურობა. ფასებზე მანიპულაციის და გარე ფაქტორების ზეგავლენის ალბათობა, რამაც შეიძლება ყალბი სიგნალების გენერირება გამოიწვიოს და შეამციროს ტექნიკური ანალიზის ეფექტურობა, გაცილებით ნაკლებია ვაჭრობის მაღალი მოცულობის მქონე ბაზრებზე.
ტექნიკური ანალიზის პოპულარული ინდიკატორები
ფასების მოძრაობის ანალიზისთვის და ვაჭრობისთვის ხელსაყრელი მომენტების იდენტიფიკაციისთვის ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ინდიკატორები. ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ინდიკატორები:
1. მოძრავი საშუალოები (MA-ები)
მარტივი მოძრავი საშუალო (SMA): მისი მეშვეობით ხდება დროის კონკრეტულ ინტერვალში დაფიქსირებული ფასების საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა. ამ დროს არ ხდება ფასის მოკლევადიანი რყევების გათვალისწინება.
ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA): ამ დროს მეტი წონა ენიჭება ბოლოს დაფიქსირებულ ფასს, შესაბამისად, ის ორიენტირებულია უახლეს ინფორმაციაზე.
მოძრავი საშუალოები გვეხმარება ტენდენციის მიმართულების და პოტენციური მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეების იდენტიფიკაციაში. მაგალითად, ხშირად გამოიყენება სტრატეგია, რაც მოიცავს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოძრავი საშუალოების გადაკვეთის წერტილებზე დაკვირვებას ყიდვის ან გაყიდვის შესაძლებლობების სიგნალების იდენტიფიკაციის მიზნით.
2. შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI)
RSI წარმოადგენს იმპულსის ოსცილატორს, რომელიც ზომავს ფასის მოძრაობის სიჩქარეს და ცვლილების დიაპაზონს, რისთვისაც იყენებს 0-დან 100-მდე შკალას. ტრადიციულად, თუ RSI არის 70-ზე მეტი, ეს მიანიშნებს გადაჭარბებული ყიდვის პირობებზე, ხოლო როდესაც RSI არის 30-ზე ნაკლები, ეს შეიძლება მიუთითებდეს გადაჭარბებული გაყიდვის პირობების არსებობაზე.
3. ბოლინჯერის ზოლები (BB)
ბოლინჯერის ზოლების (BB) ინდიკატორი შედგება მოძრავი საშუალოს ხაზის ზევით და ქვევით გამოსახული ორი ხაზისგან. ეს ზოლები გამოიყენება ბაზრის მერყეობის გაზომვისთვის და გადაჭარბებული ყიდვის და გაყიდვის პირობების იდენტიფიკაციისთვის.
4. მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD)
MACD არის ტენდენციაზე ორიენტირებული იმპულსის ინდიკატორი, რომელიც ასახავს ორ EMA-ს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ის შედგება MACD ხაზისგან, სიგნალის ხაზისგან და ჰისტოგრამისგან, რაც გვეხმარება პოტენციური ყიდვის ან გაყიდვის სიგნალების იდენტიფიკაციაში.
ვაჭრობის სიგნალები
ინდიკატორები გვეხმარება ზოგადი ტენდენციების იდენტიფიკაციაში, თუმცა მათი საშუალებით ასევე შესაძლებელია ვაჭრობის სიგნალების გენერირება, რომლითაც ხდება პოზიციაზე შესვლისთვის და გამოსვლისთვის ხელსაყრელი დროების განსაზღვრა:
გადაჭარბებული ყიდვის/გაყიდვის პირობები: RSI-ს მსგავსი ინდიკატორებით შესაძლებელია სიგნალების გენერირება, რომლებითაც აღინიშნება აქტივის გადაჭარბებული ყიდვის (გაყიდვისთვის ხელსაყრელი) ან გადაჭარბებული გაყიდვის (ყიდვისთვის ხელსაყრელი) მომენტები.
მოძრავი საშუალოების გადაკვეთის წერტილები: bullish სიგნალად ითვლება წერტილი, სადაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო ზემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს (ოქროს კვეთა), ხოლო bearish სიგნალად ითვლება წერტილი, სადაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო ქვემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს (სიკვდილის კვეთა).
MACD სიგნალები: როდესაც MACD ხაზი ზემოდან კვეთს სიგნალის ხაზს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს bullish ტენდენციაზე; ქვემოდან კვეთა შეიძლება მიანიშნებდეს bearish ტენდენციაზე.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ტექნიკური ანალიზის დროს გამოვლენილი ვაჭრობის სიგნალები ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას არ გაწვდით. ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებით გენერირებული მონაცემები მნიშვნელოვანი რაოდენობით „ხმაურს“ (ცრუ სიგნალს) შეიცავს, განსაკუთრებით ეს ეხება მოკლევადიან ვაჭრობებს. ზარალის თავიდან ასაცილებლად, ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები უნდა გამოიყენოთ ანალიზის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში და რისკის მართვის სტრატეგიებთან ერთად.
კრიტიკა
ტექნიკურ ანალიზს ბევრი საკამათო და არასაიმედო მეთოდად მიიჩნევს და ხშირად მას „თვითასრულებად წინასწარმეტყველებას“ უწოდებენ, რადგან ხშირად პროგნოზი მართლდება მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს სჯერა მისი.
ამგვარად, მიუხედავად ტექნიკური ანალიზის პოპულარობისა, მას გარკვეული შეზღუდვები ახასიათებს:
თვითასრულებადი წინასწარმეტყველება: ამ მეთოდის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ტექნიკური ანალიზის ეფექტურობა იმითაა განპირობებული, რომ ბევრი ტრეიდერი იყენებს ამ ინდიკატორებს, რაც წარმოადგენს პროგნოზირებული შედეგის დადგომის მიზეზს.
სუბიექტურობა: დიაგრამების და შაბლონების ინტერპრეტაცია სუბიექტურია, ამიტომ მისი ანალიზის საშუალებით სხვადასხვა ტრეიდერი განსხვავებულ შედეგს იღებს.
ბაზრის ანომალიები: ტექნიკური ანალიზის შეიძლება ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს ბაზრის მაღალი მერყეობის პერიოდებში ან არაპროგნოზირებადი მოვლენების ზეგავლენის გამო.
ტექნიკური ანალიზის კრიტიკის მიუხედავად, ბევრი ტრეიდერი მას ეფექტურ საშუალებად თვლის, განსაკუთრებით ანალიზის სხვა ფორმებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. ტექნიკური ანალიზის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ თითოეული ტრეიდერი იყენებს დიაგრამების და ინდიკატორების ანალიზის საკუთარ მეთოდს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად შეუძლებელია, რომ ერთ კონკრეტულ სტრატეგიას დიდი რაოდენობით ტრეიდერი იყენებდეს.
ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტური ანალიზის შედარება
ტექნიკური ანალიზი ორიენტირებულია ფასების მოძრაობის ისტორიულ მონაცემებსა და შაბლონებზე, ხოლო ფუნდამენტური ანალიზის (FA) მეშვეობით ხდება აქტივის რეალური ღირებულების შეფასება, რაც დაფუძნებულია ფინანსურ ანგარიშებზე, ეკონიმიკურ ინდიკატორებზე და სხვა რაოდენობრივ ფაქტორებზე.
ტექნიკური ანალიზი: ეფექტურია ვაჭრობის მოკლევადიანი სტრატეგიებისთვის და გვეხმარება პოზიციაზე შესვლის და გამოსვლის ოპტიმალური დროების განსაზღვრაში.
ფუნდამენტური ანალიზი: უფრო ეფექტურია გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან მისი მეშვეობით ფასდება აქტივის საერთო მდგომარეობა და პოტენციალი.
ბევრი ინვესტორი იყენებს ამ ორი მიდგომის კომბინაციას, რაც იძლევა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და ორივე მეთოდის ძლიერი მხარეებით სარგებლობის შესაძლებლობას.
შეჯამება
ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტური ანალიზის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ტრეიდერი ამ ორი მეთოდის კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას. ფუნდამენტური ანალიზი გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიებზეა მორგებული, ხოლო ტექნიკური ანალიზი გვაწვდის ინფორმაციას მოკლევადიანი საბაზრო პირობების შესახებ, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ყველა სახის ტრეიდერისთვის და ინვესტორისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.