რა არის კრიპტოს „შიშის და სიხარბის ინდექსი“?

რა არის კრიპტოს „შიშის და სიხარბის ინდექსი“?

განახლებული Apr 20, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსის განსაზღვრისას ხდება კრიპტო ბაზრის განწყობის შეფასება 0-დან 100-მდე შკალით. აღნიშნული ინდექსი დაფუძნებულია ხუთ შეწონილ ფაქტორზე, რომელიც მოიცავს მერყეობის, ბაზრის იმპულსის, სოციალურ მედიაში აქტივობის, Bitcoin-ის დომინირებისა და Google Trends-ის მონაცემებს.

  • „შიში“ (0–49) შესაძლოა აქტივების არასათანადო შეფასებაზე მიუთითებდეს, ხოლო „სიხარბე“ (50–100) - გადაჭარბებულ შეფასებაზე ან ბაზარზე „საპნის ბუშტის“ გაჩენის რისკზე. ცალკე აღებული არც ერთი მაჩვენებელი არ წარმოადგენს ყიდვის ან გაყიდვის სანდო ინდიკატორს.

  • რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის Alternative.me, CoinMarketCap და Coinglass, ინდექსის საკუთარ ვერსიებს განსხვავებული მეთოდოლოგიების გამოყენებით აქვეყნებს. შესაბამისად, სხვადასხვა პროვაიდერის მიერ ერთსა და იმავე დღეს გამოქვეყნებული ინდექსის მნიშვნელობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

  • ინდექსი ყველაზე ხშირად ბაზრის მოკლე და საშუალოვადიანი განწყობის შეფასების მიზნით გამოიყენება. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, რეკომენდებულია მისი სხვა ინდიკატორებთან და DYOR ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენება.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

კრიპტო ბაზრების ანალიზისას ტრეიდერები და ინვესტორები, როგორც წესი, ფასების გრაფიკებს, on-chain მონაცემებს და ბაზრის განწყობას აკვირდებიან. აღნიშნულ მაჩვენებლებზე ერთდროულად დაკვირვება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი განწყობასა და ბაზართან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტორს ერთ, მარტივად აღსაქმელ მაჩვენებელში აერთიანებს.

რა არის ინდექსი?

ინდექსი მონაცემთა მრავალ წერტილს ერთიან სტატისტიკურ მაჩვენებლად აერთიანებს. მაგალითად, დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი (DJIA) საფონდო ბაზარს აშშ-ის 30 მსხვილი კომპანიის აქციების ფასების შეწონვის საფუძველზე აკვირდება. ინვესტორებს ამ აქციებზე წვდომის მოპოვება DJIA-სთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის გზით შეუძლიათ.

კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსიც ბაზრის მონაცემების შეწონილ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, ის არ არის ფინანსური ინსტრუმენტი და მისი შეძენა შეუძლებელია. ეს გახლავთ საბაზრო ინდიკატორი, რომელიც ბაზრის ანალიზის ფარგლებში დამატებითი ინსტრუმენტის სახით გამოიყენება და არ ანაცვლებს უკვე გამოყენებულ რომელიმე სხვა ინსტრუმენტს.

რა არის ბაზრის ინდიკატორი?

ბაზრის ინდიკატორები ტრეიდერებს და ინვესტორებს ეხმარება მონაცემთა ანალიზის უფრო ეფექტურად განხორციელებაში. არსებობს მათი სამი ფორმა:

  1. 1. ტექნიკური ანალიზი (TA): აკვირდება ფასის ცვლილებებს, ვაჭრობის მოცულობასა და სტატისტიკურ ტენდენციებს, ისეთი TA ინდიკატორების მეშვეობით, როგორიცაა მოძრავი საშუალოები და ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI).

  2. 2. ფუნდამენტური ანალიზი (FA): აფასებს აქტივის რეალურ ღირებულებას ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა მომხმარებელთა შორის გავრცელება და ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია.

  3. 3. განწყობის ანალიზი: განსაზღვრავს ინვესტორთა განწყობას სოციალური მედიის, საზოგადოების წევრებს შორის მიმდინარე დისკუსიებისა და გავრცელებული მოსაზრებების საფუძველზე.

კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი, პირველ რიგში, ბაზრის განწყობის ინდიკატორია. სხვა მაგალითებს მიეკუთვნება Augmento-ს Bull & Bear ინდექსი და WhaleAlert, რომელიც კრიპტოვალუტების ბაზრებზე „ვეშაპების“ მიერ განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციებს აკვირდება.

რა არის „შიშის და სიხარბის“ ინდექსი?

CNNMoney-მ „შიშის და სიხარბის“ ინდექსი საფონდო ბაზრის განწყობის ანალიზის მიზნით შეიმუშავა. მოგვიანებით ვებსაიტმა Alternative.me-მ ეს კონცეფცია კრიპტო ბაზარს მოარგო და კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი შექმნა.

ინდექსი აერთიანებს ბაზრის ტენდენციებსა და ინდიკატორებს და აანალიზებს მათ იმის დასადგენად, თუ როგორი განწყობა ჭარბობს ბაზრის მონაწილეთა შორის - შიში თუ სიხარბე. 0 ქულა უკიდურეს შიშზე მიუთითებს, ხოლო 100 ქულა - უკიდურეს სიხარბეზე. 50-თან მიახლოებული ქულა ბაზრის შედარებით ნეიტრალურ განწყობას ასახავს.

ბაზარზე შიშის არსებობა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ კრიპტოვალუტები სათანადოდ არ არის შეფასებული და ბაზრის ზოგიერთი მონაწილე პანიკური გაყიდვის რეჟიმშია. შიში აუცილებლად გრძელვადიან დაღმავალ ტენდენციაზე არ მიუთითებს - ის შესაძლოა ბაზრის განწყობის მოკლე ან საშუალოვადიან ცვლილებებს ასახავდეს. FUD (შიში, გაურკვევლობა და ეჭვი) ხშირად აძლიერებს შიშის მაჩვენებლებს მაშინაც კი, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელი რჩება.

სიხარბე საპირისპირო ვითარებას ასახავს. როდესაც ტრეიდერებსა და ინვესტორებს შორის სიხარბე ჭარბობს, არსებობს აქტივების გადაჭარბებული შეფასებისა და ბაზარზე „საპნის ბუშტის“ წარმოქმნის რისკი. FOMO-მ (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში) შესაძლოა მოთხოვნის სწრაფი ზრდა გამოიწვიოს და ფასები მათ ფუნდამენტურ ღირებულებაზე მეტად გაზარდოს.

როგორ მუშაობს კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი?

ინდექსის ახალი მნიშვნელობა ყოველდღიურად გამოითვლება 0-დან 100-მდე შკალის მეშვეობით. გამოთვლისთვის გამოიყენება Bitcoin-ისა და სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების მონაცემები, ვინაიდან ისტორიული მონაცემების მიხედვით, BTC მჭიდროდაა დაკავშირებული კრიპტო ბაზრის საერთო განწყობასთან.

ინდექსის შკალა ოთხ კატეგორიად იყოფა:

  • 0–24: უკიდურესი შიში

  • 25–49: შიში

  • 50–74: სიხარბე

  • 75–100: უკიდურესი სიხარბე

ინდექსის მნიშვნელობა ხუთი შეწონილი ფაქტორის გაერთიანებით გამოითვლება:

1. მერყეობა (25%)

მერყეობა Bitcoin-ის მიმდინარე ფასს მის 30- და 90-დღიან საშუალო მაჩვენებლებთან მიმართებით აფასებს. მერყეობის უჩვეულოდ მკვეთრი ზრდა, როგორც წესი, ბაზარზე შიშის სიგნალად განიხილება.

2. ბაზრის იმპულსი/ვაჭრობის მოცულობა (25%)

ხდება ვაჭრობის მიმდინარე მოცულობისა და ბაზრის იმპულსის 30- და 90-დღიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარება. ყიდვის სტაბილურად მაღალი მოცულობა, როგორც წესი, სიხარბეზე ან ბაზრის დადებით განწყობაზე მიუთითებს.

3. სოციალური მედია (15%)

აღნიშნული ფაქტორი X-ზე (ყოფილი Twitter) Bitcoin-თან დაკავშირებული ჰეშთეგების რაოდენობისა და მათთან ინტერაქციის მაჩვენებლების საფუძველზე განისაზღვრება. უჩვეულოდ მაღალი ჩართულობა, როგორც წესი, სიხარბეზე უფრო მიუთითებს, ვიდრე შიშზე.

4. Bitcoin-ის დომინირება (10%)

აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს BTC-ის წილზე ჯამურ საბაზრო კაპიტალიზაციაში. Bitcoin-ის დომინირების მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა მიუთითებდეს კაპიტალის ალტკოინებიდან Bitcoin-ზე გადასვლის ტენდენციაზე, რაც ხშირად რისკის შემცირებისკენ მიმართულ ქცევასთან არის დაკავშირებული. დომინირების შემცირება კი, თავის მხრივ, შესაძლოა ალტკოინების მიმართ ინტერესის განახლებაზე მიუთითებდეს.

Google Trends-ის მონაცემები Bitcoin-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნების საფუძველზე საზოგადოების განწყობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ისეთი მოთხოვნების რაოდენობის ზრდა, როგორიცაა „Bitcoin თაღლითობა“ ან „Bitcoin-ის ფასით მანიპულირება“, როგორც წესი, ბაზარზე შიშის დონის მომატებაზე მიუთითებს.

6. გამოკითხვის შედეგები (ამჟამად შეჩერებულია)

თავდაპირველად ამ ფაქტორის წონა 15%-ს შეადგენდა და ის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგების საფუძველზე განისაზღვრებოდა. მისი გამოყენება უკვე დიდი ხანია შეწყდა. როდესაც ფაქტორი აღარ არის აქტიური, მისი წონა დარჩენილ აქტიურ ფაქტორებს შორის პროპორციულად ნაწილდება.

სხვადასხვა პროვაიდერი, განსხვავებული მაჩვენებლები

Alternative.me-ის ინდექსმა აღნიშნული კონცეფციის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, თუმცა დღესდღეობით იგი აღარ წარმოადგენს ერთადერთ ხელმისაწვდომ ვერსიას. CoinMarketCap და Coinglass „შიშის და სიხარბის“ საკუთარ ინდექსებს აქვეყნებენ და მონაცემთა განსხვავებულ წყაროებსა და მეთოდოლოგიებს იყენებენ. მაგალითად, CoinMarketCap-ის ვერსია ტრადიციულ ფაქტორებთან ერთად დერივატივების ბაზრის მონაცემებსაც ითვალისწინებს, მათ შორის put და call ოფციონების თანაფარდობასა და სტეიბლკოინების მიწოდების კოეფიციენტს (SSR).

მეთოდოლოგიებს შორის არსებული განსხვავებების გამო, სხვადასხვა პროვაიდერის მიერ ერთსა და იმავე დღეს წარმოდგენილი ინდექსის მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ინდექსზე მითითებისას მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომელი პროვაიდერის მონაცემებია გამოყენებული.

ისტორიული კონტექსტი (2025–2026)

2025 წლიდან ინდექსი ძირითადად ბაზარზე შიშის დომინირებას ასახავდა. 2025 წელს ინდექსის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 43-ს შეადგენდა („შიშის“ დიაპაზონი), ხოლო 2025 წლის I კვარტალში, მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 28 იყო („უკიდურესი შიშის“ დიაპაზონი). 2025 წლის შუა პერიოდიდან წლის მეორე ნახევრამდე, უფრო მკაფიო მარეგულირებელი მოთხოვნების შემუშავების ფონზე, ბაზრის განწყობა ნეიტრალური მაჩვენებლებისკენ შეიცვალა.

2026 წლის პირველ თვეებში დაფიქსირდა 2022 წლის Terra-ს კრახის შემდეგ „უკიდურესი შიშის“ ინდექსის დომინირების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი - ზედიზედ 60 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 17-ს არ აღემატებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფასების ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაშიც კი ინდექსი შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „უკიდურესი შიშის“ დიაპაზონში დარჩეს.

არის თუ არა ამ ინდექსის გამოყენება შესაძლებელი გრძელვადიანი ანალიზის ფარგლებში?

ინდექსი ნაკლებად ეფექტურია ნაზრის ციკლების გრძელვადიანი ანალიზის წარმოების მიზნით გამოსაყენებლად. Bull ან Bear ტენდენციების ფარგლებში შესაძლოა შიშისა და სიხარბის რამდენიმე ციკლი დაფიქსირდეს. ამგვარი ცვლილებები შეიძლება სასარგებლო საორიენტაციო მაჩვენებელი იყოს სვინგ-ტრეიდერებისთვის. თუმცა, ინვესტორებისთვის, რომლებიც HODL სტრატეგიას ანიჭებენ უპირატესობას, ინდექსი არ მიიჩნევა bull ბაზრიდან bear ბაზარზე გადასვლის საიმედო ინდიკატორად. გრძელვადიანი პერსპექტივის ჩამოყალიბების მიზნით დამატებითი ანალიზის განხორციელებაა საჭირო.

ზოგადი პრინციპი უცვლელია: ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ერთ ინდიკატორს. ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე ყოველთვის ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა (DYOR) და ინვესტიცია მხოლოდ იმ ოდენობის თანხით განახორციელეთ, რომლის დაკარგვის შესაძლებლობაც გაქვთ.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის კრიპტოს „შიშის და სიხარბის ინდექსი“?

კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი ბაზრის განწყობის ყოველდღიური ინდიკატორია, რომელიც კრიპტო ბაზარს 0-დან („უკიდურესი შიში“) 100-მდე („უკიდურესი სიხარბე“) შკალის მეშვეობით აფასებს. ის ხუთ შეწონილ ფაქტორს აერთიანებს: მერყეობას, ბაზრის იმპულსს/ვაჭრობის მოცულობას, სოციალურ მედიაში აქტივობას, Bitcoin-ის დომინირებას და Google Trends-ის მონაცემებს.

როგორ გამოითვლება კრიპტოს „შიშის და სიხარბის ინდექსი“?

ყოველდღიური მაჩვენებელი ხუთი შეწონილი ფაქტორის საფუძველზე გამოითვლება: მერყეობა (25%), ბაზრის იმპულსი/ვაჭრობის მოცულობა (25%), სოციალური მედია (15%), Bitcoin-ის დომინირება (10%) და Google Trends (10%). მეექვსე ფაქტორის - გამოკითხვების - თავდაპირველი წონა 15%-ს შეადგენდა, თუმცა დღესდღეობით ის აღარ გამოიყენება, ხოლო მისი წონა აქტიურ ფაქტორებს შორისაა გადანაწილებული.

რას ნიშნავს უკიდურესი შიში კრიპტოვალუტების ბაზრებზე?

„უკიდურესი შიში“ (0-დან 24-მდე ქულა) მიუთითებს, რომ ბაზრის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა პანიკურ გაყიდვებს ახორციელებდეს ან უკიდურესად ნეგატიურ განწყობას ამჟღავნებდეს. ისტორიულად, „უკიდურესი შიშის“ პერიოდები ზოგიერთ შემთხვევაში, ფასების აღდგენას უძღვოდა წინ, თუმცა ეს კანონზომიერება სანდო არ არის და წარსული შედეგები სამომავლო შედეგების პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა.

ზუსტია თუ არა კრიპტოს „შიშის და სიხარბის ინდექსი“?

ინდექსი ბაზრის განწყობის შესახებ სასარგებლო წარმოდგენას გვიქმნის, თუმცა მას გარკვეული შეზღუდვები აქვს. ის ძირითადად მოკლე და საშუალოვადიანი ანალიზისთვის არის განკუთვნილი. სხვადასხვა პროვაიდერი (Alternative.me, CoinMarketCap, Coinglass) განსხვავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს, რის გამოც მათ მიერ ერთსა და იმავე დრეს გამოქვეყნებული ინდექსის მაჩვენებლები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს. რეკომენდებულია ინდექსის, როგორც ერთ-ერთი და არა ინდივიდუალური ინდიკატორის გამოყენება.

როგორი იყო „შიშის და სიხარბის“ ინდექსის დინამიკა 2025 და 2026 წლებში?

2025 წელს ინდექსის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 43-ს შეადგენდა, რაც „შიშის“ დიაპაზონს შეესაბამება, ხოლო I კვარტალში განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი - დაახლოებით 28 („უკიდურესი შიში“) - დაფიქსირდა. 2026 წლის დასაწყისში ინდექსი ზედიზედ 60 დღეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „უკიდურესი შიშის“ დიაპაზონში რჩებოდა (17 ან ნაკლები), რაც 2022 წლის Terra-ს კრახის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს წარმოადგენდა.

შეჯამება

კრიპტოს „შიშის და სიხარბის“ ინდექსი განწყობასა და ბაზართან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს ერთ, ყოველდღიურ მაჩვენებელში აერთიანებს. სოციალურ მედიაში აქტივობის, Google Trends-ის მონაცემებისა და მერყეობის მაჩვენებლებზე ინდივიდუალურად დაკვირვების ნაცვლად, ინდექსი ბაზრის მიმდინარე განწყობის მარტივი შეფასების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამასთან, ის დამხმარე ინსტრუმენტია - მისი სხვა საბაზრო ინდიკატორებთან და ინდივიდუალური მოკვლევის ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენება ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ უფრო სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.