TL;DR
კრიპტო ვეშაპები არიან ინდივიდები ან ორგანიზაციები, რომლებიც კრიპტოვალუტის დიდ რაოდენობას ფლობენ და ვაჭრობით ბაზარზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ვეშაპების საპოვნად შეამოწმეთ დიდი ტრანზაქციები ბლოკჩეინ ექსპლორერში, ასევე გაეცანით სოციალური მედია პლატფორმების სიახლეებს ვეშაპებისგან და მათი საქმიანობის აღმწერი ანგარიშებისგან.
ვეშაპების აქტივობას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგრამ სავაჭრო გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ამ ცოდნაზე დაყრდნობა დიდ რისკს შეიცავს.
შესავალი
კრიპტო ვეშაპები არიან ინდივიდები ან ორგანიზაციები, რომლებმაც ადრეული ინვესტიციებით, მაინინგით ან სხვა გზებით კრიპტოს დიდი ოდენობა დააგროვეს. დაგროვილი კრიპტოს რაოდენობის გამო ვეშაპები ბევრი აქტივის ყიდვით ან გაყიდვით ბაზარზე გავლენას ახდენენ და ფასების მერყეობას იწვევენ.
კრიპტო სამყაროში ვეშაპები ასოცირდებიან მერყეობის მაღალ დონესთან. ტრეიდერები და ინვესტორები მათ ქმედებას ყურადღებით აკვირდებიან — ამას „ვეშაპებზე დაკვირვება“ ეწოდება — რათა არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები და მიიღონ ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები.
რა აქცევს კრიპტოვალუტის მფლობელს „ვეშაპად“?
ვეშაპები არიან ინდივიდები ან ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტას ფლობენ, მაგრამ არ არსებობს განსაზღვრული რაოდენობა, რომლის მფლობელიც ვეშაპად მიიჩნევა. ეს ტერმინი შეფარდებითია და კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ რაოდენობას ეფუძნება.
კრიპტოს მფლობელი ვეშაპად ჩაითვლება თუ ის კონკრეტული კრიპტოვალუტის საერთო მარაგის მნიშვნელოვან წილს ფლობს და ვაჭრობით ფასზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
მაგალითად თუ ვინმე 100 მილიონი აშშ დოლარის ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე აქტივის 1 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს ფლობს, მაშინ ის ვეშაპია, თუმცა 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბაზრის კაპიტალიზაციის შემთხვევაში ვეშაპობისთვის საკმარისი შესაძლოა არ აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში მფლობელს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები აქვს, პირველი ბაზარზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს, ვიდრე მეორე.
როგორ შევნიშნოთ კრიპტო ვეშაპი
ბლოკჩეინის გამჭვირვალე, უცვლელი და ღია ტექნოლოგიის დამსახურებით, ვეშაპების შესამჩნევად რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა ეს ყოველთვის მარტივი სულაც არ არის. ვეშაპები თანხის ფარულად გადაადგილებისთვის ინოვაციურ ტაქტიკებს იყენებენ, რათა დამალონ თავისი ვინაობა და ქონების მოცულობა. პოტენციური კრიპტო ვეშაპების და მათი აქტივობის შესამჩნევად რამდენიმე ინდიკატორი მაინც არსებობს.
ამ გზაზე კარგი საწყისი წერტილია სავაჭრო შაბლონების ანალიზი. ვეშაპები ბაზარზე გავლენას ახდენენ ვაჭრობით, რომელსაც ფასების სწრაფი აწევა და დაწევა შეუძლია. პოტენციური ვეშაპების აქტივობის შესამჩნევად უჩვეულო შაბლონებს დააკვირდით.
დაკვირვება შეგიძლიათ დიდ ტრანზაქციებზეც ბლოკჩეინ ექსპლორერების გამოყენებით, მაგალითად Etherscan ან Blockchain.com. როცა შეამჩნევთ რომ კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობა მოძრაობს, ეს შესაძლოა ვეშაპის აქტივობის ნიშანი იყოს.
ვეშაპების აქტივობის გამოსავლენად ყურადღება მიაქციეთ სოციალური მედიის პლატფორმებს, განსაკუთრებით კი Twitter-ს. სოციალურ მედიაში ვეშაპები ხშირად აზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს კრიპტოვალუტების, ბაზრის ტენდენციების და საინვესტიციო სტრატეგიების შესახებ. ვეშაპების ქმედებებზე ინფორმაციას მიიღებთ მსგავსი ანგარიშების პოსტებსა და კომენტარებში.
გარდა იმ ვეშაპებისა, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ ინფორმაციას თავისი ქონების შესახებ, არიან ისეთებიც, რომლებიც ფარულად მოქმედებენ ან კრიპტოს რამდენიმე საფულეში ანაწილებენ, რათა მათმა აქტივებმა ყურადღება არ მიიქციოს.
ვეშაპებზე თვალის დევნება: უნდა გაიმეორონ თუ არა ვეშაპების ქმედებები კრიპტო ინვესტორებმა?
კრიპტო ვეშაპებზე თვალის დევნება ინვესტორებისთვის შესაძლოა სარგებლიანი აღმოჩნდეს. ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა ბაზრის განწყობის შესახებ დეტალების გაგება. ვეშაპები დიდ ვაჭრობას ახორციელებენ, ამიტომ მათი ქმედება გავლენას ახდენს კონკრეტული აქტივის შესახებ შექმნილ აზრზე.
თუ ვეშაპები მათ მფლობელობაში არსებული რომელიმე აქტივის დიდი ნაწილის გაყიდვას დაიწყებენ, ინვესტორების თავდაჯერებულობა შესუსტდება და აქტივის ფასი დაიწევს. ვეშაპებს შეუძლიათ აქტივის ფასის აწევა და ინვესტორებს შორის bullish განწყობის გაჩენა. ვეშაპების სავაჭრო აქტივობის შესახებ ინფორმაციის ქონა სხვებთან შედარებით უპირატესობას მოგანიჭებთ.
ბაზრის განწყობისა და პოტენციური მოგების შესაძლებლობის გარდა, ვეშაპების აქტივობა ასევე მიანიშნებს არასაჯარო დეტალებზე, რომლებსაც შეუძლია ბაზარი შეცვალოს. ვეშაპების ქცევაზე დაკვირვება მსგავსი მოვლენების ადრეულად შემჩნევის საშუალებას იძლევა, რაც ინვესტორებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
მაგალითად ვეშაპს შესაძლოა ჰქონდეს არასაჯარო ინფორმაცია DeFi პროექტსა და დიდ სამომხმარებლო ბრენდს შორის მოსალოდნელი პარტნიორობის შესახებ. ამით წახალისებულმა ვეშაპმა შესაძლოა ბევრი ტოკენი იყიდოს, რითაც აქტივის ფასს გაზრდის. ინვესტორი, რომელიც ამას შეამჩნევს დაფიქრდება ეს მართლაც პოტენციური პარტნიორობის გამო მოხდა, თუ ვეშაპმა სხვა მიზეზების გამო ივაჭრა.
გახსოვდეთ, რომ ინვესტორები მხოლოდ ვეშაპების ქმედებაზე არ უნდა იყონ დამოკიდებული, რადგან ეს რისკიანი მიდგომაა. ვეშაპებმა შესაძლოა ბაზარზე გავლენა პირადი მოგების მიზნით, სხვების ხარჯზე მოახდინონ. მათ შეიძლება ბევრი ტოკენი იყიდონ, ფასი აწიონ და შემდეგ ტოკენები იქამდე გაყიდონ, ვიდრე სხვა ამ ტაქტიკას შეამჩნევს.
ვეშაპებზე დაკვირვების კიდევ ერთი შესაძლო ნაკლოვანებაა ინფორმაციული ასიმეტრიულობა, რომელიც მცირე მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებს უარეს მდგომარეობაში აყენებს. ვეშაპები ფლობენ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც მცირე ტრეიდერებისთვის ცნობილი არ არის, ამიტომ ინვესტორმა წინასწარ უნდა გამოიკვლიოს სიტუაცია რათა pump-and-dump სქემის მსხვერპლი არ გახდეს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ ვეშაპები, ისევე, როგორც სხვა ინვესტორები ხანდახან არა რაციონალურ ანალიზზე დაფუძნებულ, არამედ ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ ვეშაპებზე თვალის დევნება ადეკვატური კვლევის გარეშე, შესაძლოა არასწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი აღმოჩნდეს.
შეჯამება
ვეშაპებზე თვალის დევნება შესაძლოა ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. მისი დახმარებით ასევე შესაძლებელია მიიღოთ მონაცემები ფასის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ან გაიგოთ ექსკლუზიური ინფორმაცია.
თუმცა ვეშაპებზე თვალის დევნება ვერ შეცვლის ტოკენებისა და პროექტების დეტალურ მოკვლევის პროცესს. ინვესტორები, რომლებსაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა სურთ, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ვეშაპების აქტივობას არ უნდა დაეყრდნონ. კრიპტოს საფუძვლები, როგორიცაა ტოკენომიკა და ლიკვიდურობა კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ასპექტებია.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..