რა არის და როგორ გამოვიყენოთ Etherscan?

რა არის და როგორ გამოვიყენოთ Etherscan?

განახლებული Apr 9, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Etherscan არის Ethereum-ის ქსელისთვის შექმნილი უფასო ბლოკჩეინ-ექსპლორერი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს ტრანზაქციების, საფულის მისამართების, სმარტ კონტრაქტების და ბლოკჩეინის სხვა მონაცემების მოძიების საშუალებას.

  • მისი საბაზისო ინსტრუმენტების გამოსაყენებლად ანგარიშის გახსნა საჭირო არ არის, თუმცა რეგისტრაცია გაძლევთ დამატებითი ფუნქციებით სარგებლობის საშუალებას, როგორიცაა ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებები და დეველოპერის API-ზე წვდომა.

  • Etherscan V2-ს, რომელიც გაეშვა 2024 წელს, აქვს განახლებული ინტერფეისი და გაერთიანებული საძიებო სისტემა, რომელიც გვაძლევს როგორც Ethereum-ზე, ასევე მასთან დაკავშირებულ მე-2 დონის ქსელებზე განთავსებული მონაცემების მოძებნის შესაძლებლობას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

Etherscan არის ბლოკ-ექსპლორერი, რომელიც შეიქმნა Ethereum-ის ბლოკჩეინისთვის. თუ გსურთ შეამოწმოთ, განხორციელდა თუ არა ტრანზაქცია, სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედებამდე გადაამოწმოთ, თუ რა მოქმედებების შესრულებისთვისაა ის შექმნილი ან რომელ პროტოკოლს აქვს თქვენი ტოკენების ხარჯვის ნებართვა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Etherscan, რომელიც უფასოდ გთავაზობთ წვდომას ბლოკჩეინის საჯარო მონაცემებზე. ამ გზამკვლევში განხილულია მისი ძირითადი ფუნქციები და თითოეული მათგანის გამოყენების გზები.

რა არის Etherscan?

Etherscan ახდენს Ethereum-ის ქსელზე განხორციელებული ყველა საჯარო აქტივობის ინდექსირებას მათი მარტივად მოძებნის შემოთავაზების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ტრანზაქცია, საფულის მისამართი, სმარტ კონტრაქტი ან ტოკენი ტრანზაქციის ჰეშის, საფულის მისამართის ან კონტრაქტის მისამართის გამოყენებით. Ethereum-ის ყველა აქტივობა საჯაროდაა ხელმისაწვდომი, Etherscan კი ასრულებს ამ მონაცემების საძიებო სისტემის ფუნქციას.

Etherscan V2-ს, რომელიც გაეშვა 2024 წელს, აქვს განახლებული ინტერფეისი და გაერთიანებული საძიებო სისტემა. მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია ერთი პლატფორმის გამოყენებით მოძებნოს Ethereum-ის mainnet-ზე და მასთან დაკავშირებულ მე-2 დონის ქსელებზე არსებული მონაცემები, რაც ამარტივებს აქტივობებზე თვალის დევნებას Ethereum-ის მთელს ეკოსისტემაში.

მჭირდება თუ არა ანგარიშის გახსნა Etherscan-ის გამოყენებისთვის?

Etherscan-ის ფუნქციების უმეტესობით სარგებლობა ანგარიშის გარეშე შეგიძლიათ. საბაზისო პარამეტრებით ძიებისთვის საჭიროა მხოლოდ საფულის მისამართი, ტრანზაქციის ID (TXID) ან კონტრაქტის მისამართი.

Etherscan-ის უფასო ანგარიშის გახსნით თქვენ მიიღებთ წვდომას დამატებით ფუნქციებზე, როგორიცაა კონკრეტულ საფულის მისამართებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებები, დეველოპერის API-ზე წვდომა და მონაცემთა არხის კონფიგურაციის შესაძლებლობა.

Etherscan არ წარმოადგენს კრიპტო საფულეს. Ethereum-ზე ტრანზაქციების განხორციელებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ცალკე საფულე, როგორიცაა MetaMask ან Binance Wallet.

რატომ უნდა გამოვიყენო Etherscan?

Etherscan გთავაზობთ როგორც საკუთარი, ასევე ზოგადად Ethereum-ის ეკოსისტემის ბლოკჩეინ-აქტივობების მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას. ქვემოთ მოცემულია მისი გამოყენების მაგალითები:

  • ტრანზაქციის მიღების და დასრულების შემოწმება

  • DApp-ის სმარტ კონტრაქტის გადამოწმება მასთან ურთიერთქმედებამდე

  • ტოკენის ნებართვების შემოწმება და გაუქმება კონტრაქტის ექსპლოიტებთან ურთიერთქმედების რისკის შესამცირებლად

  • ტოკენების შეძენამდე მოკვლევის ჩატარება, მათ შორის კონტრაქტის მისამართების და მფლობელების შესახებ ინფორმაციის მოგროვება

  • პოტენციური rug pull-ების აღმოჩენა ტოკენის პროექტის დეველოპერების მოქმედებების შესწავლის მეშვეობით

  • შემოწმება, ხომ არ არის საფულის მისამართი დაკავშირებული თაღლითობასთან ან ფიშინგთან

როგორ მოვძებნოთ ტრანზაქცია ან საფულე Etherscan-ზე

Etherscan-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ტრანზაქციებზე თვალის დევნებაა:

  1. გადადით ბმულზე etherscan.io და გვერდის ზედა ნაწილში არსებულ საძიებო ველში ჩასვით ტრანზაქციის ჰეში. ამ გზამკვლევში ჩვენ გამოვიყენებთ საჯარო TXID-ს: 0xf248c7e015245926f150006c8a5584d84259a23a8c5171282c95e3c2e2a1c292

Etherscan-ის საძიებო ველი

  1. ტრანზაქციის დეტალების გვერდის გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს „enter“.

Etherscan TXID ტრანზაქციის დეტალების გვერდი, ნაწილი 1

Etherscan TXID ტრანზაქციის დეტალების გვერდი, ნაწილი 2

ტრანზაქციის დეტალების გვერდის ძირითადი ველები:

  • ტრანზაქციის ჰეში: ამ ტრანზაქციის უნიკალური იდენტიფიკატორი

  • სტატუსი: ტრანზაქცია წარმატებულია, წარუმატებელია თუ ლოდინის რეჟიმშია

  • ბლოკი: ბლოკის ნომერი, რომელშიც დაემატა ტრანზაქცია, ასევე დადასტურებების რაოდენობა

  • დროის ნიშნული: ამ ტრანზაქციის შემცველი ბლოკის ბლოკჩეინზე დამატების დრო

  • საიდან / სად: გამგზავნი მისამართი და მიმღები მისამართი ან სმარტ კონტრაქტი

  • ღირებულება: გადარიცხული ETH-ის რაოდენობა

  • ტრანზაქციის საკომისიო: ტრანზაქციის დამუშავებისთვის გადახდილი საკომისიოს საერთო ოდენობა

  • გაზის ფასი: ამ ტრანზაქციისთვის გადახდილი გაზის ერთეულის ფასი

ცალკეული ტრანზაქციის ნაცვლად მთლიანი საფულის შესამოწმებლად საძიებო ველში ჩასვით საფულის მისამართი. ჩვენ გამოვიყენებთ ზემოთ მოყვანილ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ საფულის მისამართს: 0x52a94197CCCB021c930aC17EA1b309296dA16ea1

Etherscan-ის საფულის მისამართის დეტალები

საფულის მონაცემების გვერდზე ნაჩვენებია ETH-ის მიმდინარე ბალანსი, ტოკენის ჰოლდინგები, ტრანზაქციების სრული ისტორია. ქვემოთ გამოჩნდება ჩვენს მაგალითში მოყვანილი ტრანზაქცია.  Etherscan-ის ტრანზაქციის დეტალები, საფულის ისტორია

გაითვალისწინეთ: 2024 წლის მარტში Dencun განახლების გაშვების შემდეგ Ethereum-ს დაემატა ტრანზაქციების ახალი ტიპი, რაც EIP-4844 შემოთავაზების ნაწილს წარმოადგენდა. თუ Etherscan-ში ნავიგაციისას შეამჩნევთ ტრანზაქციას, რომელიც მონიშნულია, როგორც blob-ის შემცველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის Ethereum-ზე გამოქვეყნებულია მე-2 დონის ქსელის მიერ და არ არის დაკავშირებული ETH-ის სტანდარტულ გადარიცხვასთან.

როგორ მოვძებნოთ ტოკენის კონტრაქტის მისამართი Etherscan-ზე

თუ გსურთ ტოკენი ხელით დაამატოთ თქვენს საფულეში ან დარწმუნდეთ, რომ ურთიერთქმედებას სწორ კონტრაქტთან ახორციელებთ, მის მოსაძებნად შეასრულეთ შემდეგი მოქმედება:

  1. მთავარი მენიუდან გახსენით გახსენით Etherscan-ის ტოკენების ტრეკერის გვერდი.

  2. ნაგულისხმევი პარამეტრებით, ტოკენები დალაგებულია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. საძიებო ველის გამოყენებით მოძებნეთ სასურველი ტოკენი.

Etherscan-ის ტოკენების ტრეკერის მთავარი გვერდი

  1. დააწკაპუნეთ ტოკენზე მისი დეტალების გვერდის გასახსნელად. კონტრაქტის მისამართი მოცემულია განყოფილებაში „სხვა ინფორმაცია“.

USDT ტოკენის დეტალები Etherscan-ზე

ტოკენის კონტრაქტის მისამართის შედარებით პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე ან სანდო წყაროებში მოცემულ ინფორმაციასთან შეამცირებთ ყალბ ტოკენებთან ურთიერთქმედების რისკს.

როგორ მოვძებნოთ სმარტ კონტრაქტები Etherscan-ზე

სმარტ კონტრაქტების წაკითხვა ან მათთან ურთიერთქმედება პირდაპირ Etherscan-ზე შეგიძლიათ. მაგალითისთვის განვიხილოთ Uniswap ERC-20 ტოკენის კონტრაქტი, რომლის მისამართია 0x1f9840a85d5aF5bf1D1762F925BDADdC4201F984:

  1. ჩასვით ეს კონტრაქტის მისამართი Etherscan-ის საძიებო ველში. 

  2. კონტრაქტის მონაცემების გვერდზე დააწკაპუნეთ ჩანართზე [კონტრაქტი].

Etherscan-ის სმარტ კონტრაქტის დეტალები

[კონტრაქტის წაკითხვის] ჩანართი საშუალებას მოგცემთ მოითხოვოთ კონტრაქტის საჯარო მონაცემები, მაგალითად, შეამოწმოთ ტოკენის ბალანსი კონკრეტულ საფულეში ან იხილოთ თუ ხარჯვის რა ნებართვებია მისთვის გაცემული.

სმარტ კონტრაქტი, კონტრაქტის წაკითხვის ჩანართი

[კონტრაქტის წერის] ჩანართი გაძლევთ კონტრაქტთან პირდაპირ ურთიერთქმედების საშუალებას. ეს ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც DeFi პლატფორმის ვებსაიტი არ არის ხელმისაწვდომი და გჭირდებათ წვდომა თანხებთან ან გსურთ გარკვეული ქმედების განხორციელება ამ კონტრაქტის მეშეობით. ამ ფუნქციის გამოყენებამდე დააკავშირეთ რომელიმე საფულე, მაგალითად MetaMask ან Binance Web3 Wallet, რისთვისაც დააწკაპუნეთ ღილაკზე [Web3-თან დაკავშირება].

სმარტ კონტრაქტი, კონტრაქტის წერა და Web3-თან დაკავშირება

Etherscan ასევე გვთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კოდის წამკითხველს, რაც იძლევა სმარტ კონტრაქტის კოდის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. 

Etherscan-ის კოდის წამკითხველი (ხელოვნური ინტელექტი)

ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ გსურთ შეიწავლოთ კონტრაქტის ქცევა მასთან ურთიერთქმედების დაწყებამდე, თუმცა არ იცნობთ Solidity პროგრამირების ენას.

როგორ შევამოწმოთ გაზის ფასები Etherscan-ზე

Ethereum-ზე გაზის საკომისიოები იცვლება ქსელზე მოთხოვნის შესაბამისად. Etherscan-ის გაზის ტრეკერი გთავაზობთ მიმდინარე გაზის ფასებს სიჩქარის თითოეული დონისთვის, ასევე სავარაუდო ლოდინის დროებს. ეს დაგეხმარებათ ტრანზაქციის ღირებულების გამოთვლაში და ასევე იმის განსაზღვრაში, ახლავე სჯობს თანხის გაგზავნა თუ უმჯობესია დაელოდოთ ქსელის დატვირთვის შემცირებას.

გაზის ტრეკერი ასევე წარმოგიდგენთ გაზის ფასების ისტორიული მონაცემების დიაგრამას, რაც დაგეხმარებათ ქსელის დაბალი აქტივობის პერიოდების განსაზღვრაში.

Etherscan-ის გაზის ტრეკერი

როგორ შევამოწმოთ და გავაუქმოთ ტოკენის ნებართვები

DeFi პროტოკოლთან ან DApp-თან ურთიერთქმედებისას, თქვენ სმარტ კონტრაქტს აძლევთ თქვენს საფულეში არსებული ტოკენების ხარჯვის უფლებას, რასაც ტოკენის ნებართვებს უწოდებენ. ეს ნებართვები აქტიური რჩება, სანამ თქვენ არ გააუქმებთ მათ. შეუზღუდავი ნებართვების მქონე კონტრაქტებზე არასანქცირებულმა წვდომამ შესაძლოა თქვენი თანხები საფრთხის ქვეშ დააყენოს.

ქვემოთ მოცემულია Etherscan-ზე ტოკენის ნებართვების შემოწმების ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია:

  1. ტოკენის ნებართვების შემოწმების ფუნქციაზე გადასასვლელად გახსენით Etherscan-ის მთავარ გვერდზე მოცემული ჩანართი [მეტი]e.

ტოკენის ნებართვები მთავარ გვერდზე

  1. თქვენს მისამართთან დაკავშირებული ყველა აქტიური ნებართვის სანახავად დააკავშირეთ თქვენი საფულე.

ტოკენების ნებართვების ცარიელი გვერდი, საფულის დაკავშირება

  1. შეამოწმეთ, თუ რომელ კონტრაქტს აქვს თქვენი ტოკენების ხარჯვის უფლება და თანხის ლიმიტები თითოეული მათგანისთვის.

ტოკენის ნებართვების გვერდი საფულის დაკავშირების შემდეგ

  1. ნებართვის გასაუქმებლად დააჭირეთ მის გვერდით არსებულ ღილაკს „გაუქმება“ და დაადასტურეთ ტრანზაქცია თქვენს საფულეში.

ტოკენის დამტკიცების გაუქმება

თითოეული ნებართვის გაუქმებისთვის საჭიროა მცირე ოდენობის გაზის საკომისიოს გადახდა, რადგან თავად გაუქმების პროცესი წარმოადგენს Ethereum-ზე განხორციელებულ ტრანზაქციას. უსაფრთხოების მიზნით, პერიოდულად გადაამოწმეთ აქტიური ნებართვები, განსაკუთრებით ახალი DeFi პროტოკოლების გამოყენების ან airdrop-ებში მონაწილეობის შემდეგ.

დასკვნითი მოსაზრებები

Etherscan უფასო და მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ, ვიდრე უშუალოდ თქვენი საფულის ან სავაჭრო ბირჟის პლატფორმაზე გადასვლით. Etherscan-ის სტრუქტურა დაედო საფუძვლად სხვა ბლოკ-ექსპლორერების, მაგალითად BscScan-ის შექმნას, ამიტომ მისი მუშაობის პრინციპის შესწავლა სხვა ბლოკ-ექსპლორერებთან მუშაობაშიც დაგეხმარებათ. Etherscan უამრავი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაწყებული ტრანზაქციის სტატუსის დადასტურებით და დამთავრებული თქვენი რჩეული DApp-ის სმარტ კონტრაქტის შემოწმებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.