როგორ მუშაობს გაზის საკომისიოები Ethereum-ზე?

როგორ მუშაობს გაზის საკომისიოები Ethereum-ზე?

განახლებული Jul 24, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • გაზის საკომისიოები წამოადგენს ტრანზაქციის საკომისიოებს, რომელთა გადახდა საჭიროა ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის ბლოკჩეინის ქსელებზე, მაგალითად Ethereum-ზე.

  • ეს საკომისოები გადაეცემა ვალიდატორების ტრანზაქციების ვერიფიკაციისთვის და სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის გამოყენებული გამომთვლელი სიმძლავრის მიწოდების სანაცვლოდ.

  • ხშირ შემთხვევაში გაზის საკომისიოების გადახდა ხდება ბლოკჩეინის ადგილობრივ ტოკენში. Ethereum-ზე მათი ოდენობა იზომება gwei-ში, რომელიც წარმოადგენს ether-ის (ETH) უმცირეს დანაყოფს.

  • ტრანზაქციის საერთო ღირებულება დამოკიდებულია გამოყენებული გაზის ოდენობასა და მომხმარებლის მიერ დაწესებულ გაზის ფასზე. გაზის საკომისიოები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქსელის დატვირთვაზე და მოთხოვნაზე.

შესავალი

თუ ოდესმე გაგიგზავნიათ კრიპტოვალუტა ან გამოგიყენებიათ დეცენტრალიზებული აპლიკაცია (DApp) ბლოკჩეინის ქსელზე, მაგალითად Ethereum-ზე ან BNB Chain, სავარაუდოდ თქვენ უკვე გქონიათ შეხება გაზის საკომისიოებთან. ეს საკომისიოები წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელების მუშაობის ფუნდამენტურ კომპონენტს. ფაქტიურად ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც „საწვავი“, რომელიც ქსელის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.

გაზის საკომისიოების ოდენობის განსაზღვრის მექანიზმი პირველად Ethereum-ის ქსელში იქნა გამოყენებული, ხოლო ტერმინი „გაზი“ ჩვეულებრივ გამოიყენება Ethereum-ის ტრანზაქციებთან და სმარტ კონტრაქტებთან მიმართებით. 

ამ სტატიაში განხილულია Ethereum-ის გაზის სისტემა, თუმცა ტერმინს „გაზის საკომისიოები“ ბევრი მომხმარებელი სხვა ბლოკჩეინებზე განხორციელებული ტრანზაქციის საფასურის აღსანიშნადაც იყენებს.

რა არის გაზის საკომისიოები?

გაზის საკომისიო არის ბლოკჩეინზე ოპერაციების განხორციელებისთვის დაწესებული გადასახადი. როდესაც თქვენ აგზავნით ან იღებთ კრიპტოვალუტას, მაგალითად ETH-ს ან BNB-ს, თითოეული ამ ტრანზაქციის ვალიდაციისთვის და ბლოკჩეინის ლეჯერში დამატებისთვის საჭიროა გამომთვლელი სიმძლავრის გამოყენება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაზი გულისხმობს ფასების განსაზღვრის მექანიზმს, რომელიც ზომავს გარკვეული მოქმედების შესრულებაზე დახარჯულ გამომთვლელ სიმძლავრეს—ეს მოქმედება შეიძლება იყოს უბრალოდ ETH-ის გადარიცხვა ან კომპლექსური პროცესი, როგორიცაა სმარტ კონტრაქტის აღსრულება. გაზი შეგვიძლია შევადაროთ „ენერგიას“, რომელიც გამოიყენება თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისთვის.

როგორ მუშაობს გაზის საკომისიოები?

როდესაც თქვენ ახორციელებთ ტრანზაქციას ან სმარტ კონტრაქტის აღსრულებას, თქვენი მოქმედება საჭიროებს გარკვეული ოდენობის გამომთვლელ სიმძლავრეს. თითოეული ეტაპი მოიხმარს გაზს, ბუნებრივია, რაც უფრო კომპლექსურია ტრანზაქცია, მით მეტ გაზს მოიხმარს ის.

გაზის საკომისიოს გადასახდელად გამოიყენება gwei, ether-ის (ETH) უმცირესი დენომინაცია. ერთი ETH შედგება 1 მილიარდი gwei-სგან. გაზის საკომისიოების გადახდით, თქვენ ვალიდატორებს სთავაზობთ სტიმულს, რათა მან თქვენი ტრანზაქცია მომდევნო ბლოკში დაამატოს.

გაზის საკომისიოების გამოთვლა

სიმარტივისთვის წარმოიდგინეთ, რომ ტრანზაქციის გაგზავნამდე უნდა განსაზღვროთ ორი რამ:

  • გაზის ლიმიტი: გაზის მაქსიმალური ოდენობა, რომლის საფასურის გადახდისთვისაც მზად ხართ.

  • გაზის ფასი: ETH-ის (gwei-ში) რაოდენობა, რომლის გადახდაც გსურთ გაზის თითოეული ერთეულისთვის.

თქვენ მიერ გადასახდელი საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია გამოყენებული გაზის საერთო ოდენობაზე (რაც ყოველთვის იქნება გაზის ლიმიტის ტოლი ან მასზე ნაკლები) და გაზის ფასზე:

საერთო გაზის საკომისიო = გამოყენებული გაზი x გაზის ფასი

გაზის ლიმიტი გიცავთ საჭიროზე მეტი ETH-ის გადახდისგან. თუ ტრანზაქციისას თქვენ მიერ მითითებულ ლიმიტზე ნაკლები გაზი გამოიყენება, დარჩენილი გაზის ღირებულება დაგიბრუნდებათ. თუ გაზი ტრანზაქციის დასრულებამდე ამოგეწურათ, ტრანზაქცია ვერ შესრულდება, თუმცა ვალიდატორები მაინც მიიღებენ საკომისიოს გაზის ამოწურვის მომენტამდე შესრულებული სამუშაოსთვის.

2021 წელს Ethereum-ზე London განახლების გაშვების შემდეგ, გაზის ფასის განსაზღვრის მექანიზმი გაცილებით რთული გახდა. გაზის ფასის გამოთვლის ფორმულა ასე გამოიყურება:

მთლიანი გაზის საკომისიო = გამოყენებული გასი x (საბაზისო საკომისიო + პრიორიტეტულობის საკომისიოები)

EIP-1559

London hard fork შეიცავდა შემოთავაზებას EIP-1559, რის შემდეგაც შეიცვალა გაზის საკომისიოს გამოთვლის ფორმულა და მას დაემატა:

  • საბაზისო საკომისიო: გაზის მინიმალური საფასური, რომლის გადახდაც საჭიროა თითოეული ტრანზაქციისთვის. ეს თანხა „იწვება“ (ხდება მისი ამოღება მიმოქცევიდან), რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ether-ის მთლიან მარაგს.

  • გასამრჯელო (პრიორიტეტულობის საკომისიო): არასავალდებულო დამატებითი გადასახადი, რომელიც პირდაპირ ვალიდატორს გადაეცემა, რათა მან თქვენს ტრანზაქციას პრიორიტეტი მიანიჭოს.

ამ განახლებამდე მთელი გაზის საკომისიო პირდაპირ ვალიდატორს გადაეცემოდა და მომხმარებელს თავად უნდა გამოეთვალა, თუ რა თანხის გადახდა სჭირდებოდა. ამ ვარაუდზე დაფუძნებული გამოთვლის შედეგი ხშირად ზედმეტი თანხის გადახდა ან ტრანზაქციების დაყოვნება იყო. EIP-1559 შემოთავაზების რეალიზაციის შემდეგ, საბაზისო საკომისიო ავტომატურად კორექტირდება ქსელის დატვირთვის შესაბამისად, რაც ამარტივებს საკომისიოების გამოთვლის პროცესს ხელს უწყობს ხარჯების დასტაბილურებას.

რატომ იცვლება გაზის საკომისიოები?

მთლიანი გაზის საკომისიოს ოდენობის ცვლილება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: ქსელის დატვირთვაზე და ტრანზაქციის სირთულეზე

Ethereum-ის ქსელი დეცენტრალიზებულია და მას მთელს მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელი იყენებს. თითოეული ტრანზაქცია საჭიროებს დამუშავებას და ვერიფიკაციას ვალიდატორების მიერ. ბუნებრივია, რომ ვალიდატორებს ურჩევნიათ დაამუშაონ ის ტრანზაქციები, რომელთათვისაც მომხმარებელი მეტ გაზის საკომისიოს იხდის და შესაბამისად, მეტი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი.

ამგვარად, გაზის საკომისიოები იცვლება ტრანზაქციის სირთულის და ასევე მიწოდების და მოთხოვნის შესაბამისად:

  • მაღალი მოთხოვნის პერიოდებში: როდესაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად აგზავნის თანხას ან იყენებს პოპულარულ DApp-ებს, ქსელი შეიძლება გადაიტვირთოს. კონკურენციის გამო გაზის ფასი იზრდება, რადგან მომხმარებელი ცდილობს საკუთარ ტრანზაქციას მეტი პრიორიტეტი მიენიჭოს და უფრო სწრაფად შესრულდეს.

  • დაბალი მოთხოვნის პერიოდებში: როდესაც ქსელის აქტივობა დაბალია, გაზის საკომისიოები მცირდება, რის გამოც ტრანზაქციები უფრო იაფი და ხელმისაწვდომია.

ფასების განსაზღვრის ეს დინამიური მექანიზმი უზრუნველყოფს ქსელის შეზღუდული რესურსების ეფექტურად გამოყენებას, თუმცა, მაღალი დატვირთვის პერიოდებში ტრანზაქციის განხორციელება შესაძლოა ძალიან ძვირი დაჯდეს.

მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქსელი არ არის გადატვირთული, კომპლექსური ტრანზაქციის განხორციელებისთვის, რომელიც მრავალი დავალების შესრულებას ან სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებას მოითხოვს, მაღალი გაზის საკომისიოს გადახდაა საჭირო.

რატომ არის მნიშვნელოვანი გაზის საკომისიოები

გაზის საკომისიო არ არის უბრალოდ დაბრკოლება ან მისი გადალახვისთვის დაწესებული გადასახადი—ის უმნიშვნელო როლს ასრულებს Ethereum-ის ეკოსისტემის ან სხვა მსგავსი ბლოკჩეინების მუშაობაში:

  • ქსელის უსაფრთხოება: საკომისიოების წყალობით, ნებისმიერი მოქმედება დაკავშირებულია გადასახადთან, რაც უზრუნველყოფს თაღლითობის ან ქსელის არასათანადოდ გამოყენების პრევენციას და ასევე იცავს მას გადატვირთვისგან.

  • ეკონომიკური სტიმული: ვალიდატორები გაზის საკომისიოებს იღებენ ჯილდოების სახით, რაც მათ აძლევს ტრანზაქციების დამუშავების და ქსელის ფუნქციონირების მხარდაჭერის მოტივაციას.

  • რესურსების სამართლიანად მართვა: გამომთვლელი რესურსების გამოყენებაზე საკომისიოების დაწესებით, ბლოკჩეინები აიძულებენ დეველოპერებს შექმნან ეფექტური სმარტ კონტრაქტები და თავი აარიდონ ზედმეტი რესურსების გამოყენებას.

  • ტრანზაქციების პრიორიტიზება: დატვირთულ პერიოდში საკუთარი ტრანზაქციების აღსრულების დასაჩქარებლად, მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს დამატებითი თანხა, რის საშუალებასაც იძლევა საბაზრო მოთხოვნაზე დაფუძნებული პრიორიტიზაციის სისტემა.

რჩევები გაზის საკომისიოების მართვასთან დაკავშირებით

გაზის საკომისიოების სისტემის მუშაობის პრინციპის ცოდნა დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში და თქვენი ტრანზაქციების უპრობლემოდ აღსრულებაში. ქვემოთ მოცემულია საკომისიოების მართვასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები:

  • აირჩიეთ ისეთი საფულეები ან აპლიკაციები, რომლებიც გთავაზობთ გაზის საკომისიოების რეალურ დროში გამოთვლის ფუნქციას, რათა ტრანზაქციის განხორციელებამდე იცოდეთ, თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. გაზის ფასების რეალურ დროში შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლოკჩეინ-ექსპლორერები, როგორიცაა Etherscan ან Bscscan.

  • თუ არ გეჩქარებათ, თანხის დასაზოგად მიუთითეთ გაზის ფასის დაბალი მნიშვნელობა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი ტრანზაქციის განხორციელებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.

  • უფრო რთული ტრანზაქციებს, მაგალითად სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებას, ჩვეულებრივ უფრო მეტი გაზი ესაჭიროება, შესაბამისად საკომისიოებიც უფრო მაღალი იქნება.

  • ეცადეთ ტრანზაქციები განახორციელოთ ქსელის დაბალი დატვირთვის პერიოდებში, რადგან ამ დროს გაზის საკომისიოები შედარებით დაბალია.

  • თვალი ადევნეთ ქსელის განახლებების გამოსვლას ან გაითვალისწინეთ მეორე დონის ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა დანიშნულებაა გაზის საკომისიოების შემცირება და ტრანზაქციების სიჩქარის გაუმჯობესება.

შეჯამება

გაზის საკომისიოები ფუნდამენტური ელემენტია, რომელიც საფუძვლად უდევს Ethereum-ის და სხვა მსგავსი ბლოკჩეინების მუშაობას. ისინი უზრუნველყოფს ქსელის დეცენტრალიზაციას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას და იძლევა ტრანზაქციების დამუშავებისთვის და ვალიდაციისთვის გამოყენებული გამომთვლელი სიმძლავრის მომწოდებლებისთვის კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას.

გაზის საკომისიოები იცვლება ქსელზე მოთხოვნის ცვლილებების შესაბამისად, თუმცა ბოლო განახლებების წყალობით, როგორიცაა EIP-1559, საკომისიოები უფრო პროგნოზირებადი და ნაკლებად არასტაბილური გახდა. Ethereum-ის ან მასზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), NFT-ების ან DApp-ების გამოყენების დროს საჭიროა კარგად გესმოდეთ გაზის საკომისიოების მუშაობის პრინციპი, რაც დაგეხმარებათ თანხის დაზოგვაში და ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.