მთავარი დეტალები
London hard fork გაეშვა 2021 წლის აგვისტოში და მისი მეშვეობით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება: დაინერგა გაზის საკომისიოების დამუშავების ახალი მეთოდი (EIP-1559) და შენელდა Ethereum-ის მაინინგის „დაყოვნებული მოქმედების ბომბის“ აქტივაცია (EIP-3238).
ამ განახლების მეშვეობით, ტრანზაქციების გაგზავნა უფრო მარტივი და ნაკლებ დამაბნეველი გახდა, განსაკუთრებით ქსელის მაღალი დატვირთვის პერიოდებში.
ამ განახლებამ ასევე საფუძველი მოამზადა 2022 წელს დაგეგმილი Merge განახლებისთვის, რომლის გაშვების შემდეგ Ethereum ოფიციალურად გადავიდა Proof of Stake მექანიზმზე.
შესავალი
2021 წლის აგვისტოში გაშვებულ Ethereum London hard fork-ს წინ უძღოდა ერთი წლის წინ გაშვებული Berlin განახლება. ამ განახლების მეშვეობით შეიცვალა Ethereum-ის ტრანზაქციების საკომისიოების სისტემა და ბლოკის სირთულის გრაფიკი, რამაც ქსელი მოამზადა Proof of Work-დან (PoW) Proof of Stake-ზე (PoS) გადასვლისთვის.
აღნიშნულმა განახლებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან მან რადიკალურად შეცვალა მომხმარებლების Ethereum-თან ურთიერთქმედების და მაინერების მიერ მოგების მიღების მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, თუ რა გავლენას მოახდენდა ის ქსელზე, London განახლებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა Ethereum-ის PoS მექანიზმზე გადასვლის პროცესში, რომელიც საბოლოოდ 2022 წელს, Merge განახლების გამოსვლის შემდეგ დასრულდა.
რა შეცვალა Ethereum London განახლებამ?
London განახლება წარმოადგენდა hard fork-ს, რომელიც შეიცავდა Ethereum-ის გაუმჯობესების რამდენიმე შემოთავაზებას (EIP-ს), რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ორი შემოთავაზებაა:
EIP-1559: შეიცვალა Ethereum-ის ტრანზაქციების საკომისიოების სისტემა - დაინერგა საბაზისო საკომისიოს მოდელი და საკომისიოს „წვის“ მექანიზმი.
EIP-3238: გადაიდო სირთულის ბომბის აქტივაცია, რამაც Ethereum-ს მეტი დრო მისცა Proof of Stake მექანიზმზე გადასვლისთვის მოსამზადებლად.
ეს შემოთავაზებები წარმოადგენდა Ethereum-ის ტრანსფორმაციის სტრატეგიის ნაწილს, რაშიც მოიაზრება Ethereum 2.0 ვერსიაზე გადასვლა (დღეისათვის ამ პროცესს უწოდებენ Ethereum Merge-ს ან PoS-ზე გადასვლას).
რა არის EIP?
Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებები (EIP-ები) წარმოადგენს ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რომელთა მეშვეობით Ethereum-ის ბლოკჩეინზე ახალი ფუნქციები ემატება. საკუთარი შემოთავაზებების მომზადებისას, დეველოპერები ითვალისწინებენ Ethereum-ის საზოგადოების რეკომენდაციებს. ნებისმიერს შეუძლია შექმნას EIP და წარუდგინოს ის საზოგადოებას განსახილველად და დასამტკიცებლად.
თითოეული EIP-ის შექმნისას დეველოპერები ხელმძღვანელობენ EIP-1-ში გაწერილი გაიდლაინებით:
„EIP-ში ზუსტად უნდა იყოს წარმოდგენილი შემოთავაზებული ფუნქციის ტექნიკური სპეციფიკაციები და ამ ფუნქციის საჭიროების დასაბუთება. EIP-ის ავტორი პასუხისმგებელია საზოგადოების წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე და განსხვავებული მოსაზრებების დოკუმენტირებაზე.“
EIP-ის დამტკიცებამდე, მისმა ავტორმა უნდა გაიაროს დადგენილი პროცედურა, რაც მოიცავს ექსპერტების მიერ განხილვას და მონახაზების მომზადებას. თუ საზოგადოება მოიწონებს შემოთავაზებას, უკვე შეიძლება მისი გასაშვებად მომზადება.
რა არის EIP-1559?
EIP-1559-მა შეცვალა Ethereum-ის ქსელზე მომხმარებლების მიერ გაზის საკომისიოების გადახდის მექანიზმი. ეს EIP მომზადდა Ethereum-ის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის და დეველოპერების გუნდის მიერ.
EIP-1559-ის გაშვებამდე მომხმარებელს ხელით უწევდათ ტრანზაქციის ბლოკში დამატების საკომისიოს ოდენობის დაანგარიშება, რაც ხშირად ზედმეტი თანხის გადახდით ან ტრანზაქციების „გაჭედვით“ სრულდებოდა. ეს სისტემა განსაკუთრებით პრობლემური ხდებოდა მაღალი დატვირთვის პერიოდებში.
მაგალითად, თუ ქსელის საკომისიო 20 აშშ დოლარია (USD), მცირე ოდენობის თანხის გაგზავნა უბრალოდ არ ღირს. მსგავსი მაღალი საკომისიოების გამო ქსელი ნაკლებად მიმზიდველი ხდება, განსაკუთრებით ახალბედებისთვის.
EIP-1559 შემოთავაზება გულისხმობდა ტრანზაქციების ფასების განსაზღვრის ახალი მექანიზმის დანერგვას, რაც მოიცავდა თითოეული ბლოკისთვის საბაზისო საკომისიოს დაწესებას. ბლოკჩეინი „წვავს“ საკომისიოს ამ ნაწილს, რაც ამცირებს ether-ის (ETH) საერთო მარაგს. ეს ეფექტი ქმნის დეფლაციურ ზეწოლას კრიპტოვალუტაზე.
თითოეული ბლოკისთვის განსაზღვრული საბაზისო საკომისიო იცვლება ქსელზე მოთხოვნის ცვლილების პარალელურად. თუ ბლოკში ტრანზაქციების რაოდენობა 50%-ს აჭარბებს, საბაზისო საკომისიო იზრდება და პირიქით. ეს მექანიზმი წარმოადგენს ბლოკების უმრავლესობის ნახევრად შევსებულ მდგომარეობაში შენარჩუნების მცდელობას.
თუ გსურთ თქვენი ტრანზაქცია უფრო სწრაფად დამუშავდეს, შეგიძლიათ საკომისიოს დაამატოთ პრიორიტეტულობის გასამრჯელო. საბაზისო საკომისიოს მექანიზმის წყალობით, საფულეების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) უმეტესობაში დაემატა ფუნქცია, რამაც გაზის გამოთვლა უკეთ პროგნოზირებადი და მარტივი გახადა.
რა არის EIP-3238?
London hard fork-თან ერთად გაშვებული EIP-3238-ის მეშვეობით შენელდა Ethereum-ის მაინინგის სირთულის ზრდის მექანიზმის - „დაყოვნებული მოქმედების ბომბის“ აქტივაცია, რაც წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს PoW მაინინგის მექანიზმის სირთულის ეტაპობრივ ზრდას. „დაყოვნებული მოქმედების ბომბის“ მიზანია PoW კონსენსუსის მექანიზმის მომგებიანობის შემცირება ქსელის PoS მექანიზმზე გადასვლის ხელშეწყობა.
2021 წელს Merge განახლება ჯერ კიდევ არ იყო მზად, ამიტომ დეველოპერებმა წარმოადგინეს EIP-3238 შემოთავაზება „დაყოვნებული მოქმედების ბომბის“ აქტივაციის გადავადების მიზნით, რათა ქსელის არსებული მექანიზმის გათიშვა დროზე ადრე არ მომხდარიყო. ამან Ethereum-ს მეტი დრო მისცა PoS განახლების დასასრულებლად, რომელიც წარმატებით გაეშვა Merge განახლებასთან ერთად 2022 წლის სექტემბერში.
ახლა, როდესაც Ethereum სრულადაა გადასული PoS მექანიზმზე, აღნიშნული „სირთულის ბომბი“ დეაქტივებულია და მხოლოდ მოძველებულ ფუნქციად რჩება.
Ethereum-ის საზოგადოების რეაქცია
London განახლებამ მწვავე დებატები გამოიწვია. მაინერებს აღელვებდათ შემოსავლის დაკარგვა და არ მოსწონდათ საბაზისო საკომისიოს დაწვის მექანიზმი, მომხმარებლებმა კი ზოგადად დადებითი შეფასება მისცეს საკომისიოების სტაბილურობის გაზრდას. ასევე გაჩნდა ვარაუდი, რომ მხოლოდ მსხვილი მაინერები შეძლებდნენ მომგებიანობის შენარჩუნებას, რაც ცენტრალიზაციის გაზრდის საფრთხეს ქმნიდა.
თუმცა, Ethereum-ის PoS მექანიზმზე სრულად გადასვლის შემდეგ, მაინინგი უკვე აღარ არის სისტემის ნაწილი, ამიტომ მსგავსი ვარაუდები არ გამართლდა. EIP-1559-ის დეფლაციური ეფექტი უკვე სახეზეა - საკომისიოების „წვის“ მექანიზმის წყალობით, მილიონობით ETH სამუდამოდ იქნა ამოღებული მიმოქცევიდან.
რას ნიშნავს London განახლება მომხმარებლებისთვის?
ძველი მექანიზმი, რომელიც დღესაც გამოიყენება Bitcoin-ში, აუქციონის პრინციპზეა დაფუძნებული. რაც მეტ ტრანზაქციის საკომისიოს (ანუ გაზის საფასურს) გადაიხდით, მით მეტია იმის შანსი, რომ მაინერი თქვენი ტრანზაქციის დამუშავებას და ვალიდაციას უფრო მალე დაასრულებს. London განახლების გამოსვლის შემდეგ, Ethereum-ზე ტრანზაქციის განხორციელებისას თქვენ აღარ გჭირდებათ გაზის ფასის არჩევა.
ნაცვლად ამისა, თქვენ იხდით საბაზისო საკომისიოს, რომელიც იწვება (სამუდამოდ ხდება მიმოქცევიდან ამოღება), ასევე შეგიძლიათ დაამატოთ არასავალდებულო პრიორიტეტულობის საკომისიო (გასამრჯელო) თქვენი ტრანზაქციის სწრაფად დასამუშავებლად ვალიდატორების წახალისების მიზნით.
თუმცა, საბაზისო საკომისიო შეიძლება შეიცვალოს თქვენ მიერ ტრანზაქციის გაგზავნიდან მის ბლოკში დამატების მომენტამდე. ამის თავიდან ასაცილებლად თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკომისიოს ლიმიტი, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ თანხას, რომლის გადახდაც გსურთ. თუ მაინერი თქვენს ტრანზაქციას დაამატებს ბლოკში, რომლის საბაზისო საკომისიოც თქვენ მიერ მითითებულ საკომისიოს ლიმიტზე დაბალია, ქსელი დაგიბრუნებთ თანხის განსხვავებას.
შეჯამება
London hard fork-მა ხელი შეუწყო Ethereum-ის Proof of Stake მექანიზმზე გადასვლისთვის მომზადებას, რომელიც 2022 განხორციელდა და დღემდე გავლენას ახდენს ქსელის მუშაობაზე. ეს მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა Ethereum-ის ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებელზე მორგებული პლატფორმად ჩამოყალიბების გზაზე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.